საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თეიმურაზ ტუღუშის განცხადებით, ხუთი მოსამართლის სარჩელი „საერთო სასამართლოების შესახებ“კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში ამ დროისათვის განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზეა.
როგორც მოსამართლემ განმარტა, ეს ნიშნავს იმას, რომ განმწესრიგებელ ეტაპზე მოწმდება რამდენად დასაშვებია ეს სარჩელი განსახილველად და რამდენად საფუძვლიანია მასში დასმული მოთხოვნები.
“საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე ქვეყნდება, შემდეგ შედის ძალაში. ანუ ეს საქმე ჯერ განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზეა. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოში ვერ ხდება საქმეების განხილვა ძალიან სწრაფად და მარტო ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს ტკივილი არ არის. საზოგადოებაში საქმეების რიგითობასთან დაკავშირებით ინტერპრეტაცია რომ არ იყოს, რომელია რიგითი და რომელი არ არის, ამასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში მოცემული გვაქვს პრიორიტეტების განსაზღვრის წესი. თუკი რომელიმე მოსარჩელე ასაბუთებს თავის მოთხოვნას, რატომ უნდა იქნეს პრიორიტეტულად განხილული [მისი სარჩელი].
შეიძლება პრიორიტეტი მინიჭოს და სხვა საქმეზე ადრე იქნეს განხილული. ამ საქმის შემთხვევაში ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა გაკეთებული.
საქმე განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზეა. ეს ნიშნავს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ორი ეტაპია, ერთი არის განმწესრიგებელი ეტაპი, მეორე კი საქმის არსებითი განხილვა. ანუ განმწესრიგებელ ეტაპზე მოწმდება რამდენად დასაშვებია ეს სარჩელო განსახილველად, მასში დასმული მოთხოვნები რამდენად საფუძვლიანია. თუკი ეს ყველაფერი დადასტურდება განხილვა უკვე შემდეგ ეტაპზე გადადის”,- განაცხადა თეიმურაზ ტუღუშმა.
შეგახსენებთ, ხუთმა მოსამართლემ: ეკა არეშიძემ, ქეთევან მესხიშვილმა, მადონა მაისურაძემ, მამუკა წიკლაურმა და თამარ ხაჟომიამ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე თვის წინ მიმართეს. ამგვარად მათ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები გაასაჩივრეს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"