ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა - სალომე ზურაბიშვილი თუ არჩევანს სიმშვიდესა და არეულობას შორის, არეულობის სასარგებლოდ გააკეთებს, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს

სააკაშვილის შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა. სალომე ზურაბიშვილი თუ არჩევანს სიმშვიდესა და არეულობას შორის, არეულობის სასარგებლოდ გააკეთებს, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ადამიანების, ვინც ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვს, მთავარი მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობაა.

„ერთადერთი, რაც ამ ადამიანებს ამოძრავებთ, ვინც სააკაშვილის გათავისუფლებაზე საუბრობს, ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ, არის ქვეყანაში არეულობის შექმნის ინტერესი. თქვენ იცით, რომ სწორედ ამ მიზნით ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში მუნიციპალური არჩევნების წინ და ზუსტად იგივე მიზნით სურთ სააკაშვილის გათავისუფლება. ეს ინტერესი, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს და ამის მიხედვით უნდა გააკეთოს დასკვნები. სალომე ზურაბიშვილი თუ არჩევანს სიმშვიდესა და არეულობას შორის, არეულობის სასარგებლოდ გააკეთებს, ესეც უნდა შეაფასოს საზოგადოებამ. მე იმედი მაქვს, რომ ამას პრეზიდენტი არ გააკეთებს,“ - აცხადებს კობახიძე.

მისივე თქმით, ოპოზიციას სინამდვილეში სააკაშვილის ჯანმრთელობა არ ადარდებს და ერთადერთი რაზეც ისინი ფიქრობენ, სააკაშვილის გათავისუფლებით ქვეყნის არევაა.

„როდესაც კონკრეტული ადამიანები ვითომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დარდობენ, მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც სააკაშვილი საქართველოში ქვეყნის ასარევად ჩამოიყვანეს და რომლებიც სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ პირდაპირ მოუწოდებდნენ,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, არ შეიძლება სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყოს.

„საზღვარგარეთ გადაყვანა არის გათავისუფლების ერთ-ერთი ფორმა. ნებისმიერ თემაზე, რომელიც პატიმარს უკავშირდება, გადაწყვეტილებას სახელმწიფო უწყებები იღებენ და ეს გადაწყვეტილება არ შეიძლება პოლიტიკური იყოს და როდესაც რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობს, რომ ეს საკითხი პოლიტიკური გავხადოთ, ეს მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე კანონისა და სამართლის მიმართ,“ - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს