ბოლოს სად მოისმინეთ ახალი განცხადება, რომ დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი აპირებენ პოლიტიკაში ჩართვას, ან დაინტერესებულნი არიან ქართული პოლიტიკით?! ირაკლი კობახიძის სიზმრებზე რთულია კომენტარების გაკეთება. თუ ვინმეს უნდა გამოჩენა, ამის პრობლემა არ ექნებათ და გამოჩნდებიან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამით ირაკლი ნადირაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ შემდეგ განცხადებას: „24 საათი ამაზე საუბრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივა არის არა ქართული ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ცალკეული ადამიანები, რომლებიც ჩემი აზრით, თუ არიან ამ პროცესებში ჩართულები, უნდა იყვნენ ავანსცენაზე და არა კულისებში. კულისებში როდესაც ხარ, ვინც არ უნდა იყო, მოწყვლადი ხდები“.
ირაკლი ნადირაძე განმარტავს, რომ შეთქმულების თეორიას უნდა შევეშვათ, რადგანაც ლევან ხაბეიშვილის უკან მისი მხარდამჭერები დგანან.
„ყველა უნდა მოვეშვათ შეთქმულების თეორიებს და „ქარის წისქვილთან“ ბრძოლას. ლევან ხაბეიშვილის უკან დგას ძალიან ბევრი მხარდამჭერი, რომელიც თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში მისგან მოელის ბრძოლას, ბრძოლას და ბრძოლას. ამ ადამიანმა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს თავი დაგვამახსოვრა მისი აქტიურობით, ბრძოლისუნარიანობით და დარწმუნებული ვარ, თავმჯდომარედ მისი არჩევის შემთხვევაში, პარტიას ახალი ენერგია და მუხტი შეემატება“-აცხადებს ირაკლი ნადირაძე.
ნადირაძემ ასევე უპასუხა კითხვას, გულისხმობს თუ არა მხარდამჭერებში კონკრეტულად დავით კეზერაშვილს და ვანო მერაბიშვილს.
„რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, ის არის ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თუ ის არის ამ პარტიის მხარდამჭერი, იყო და იქნება. ამაში მგონი, გასაკვირი არაფერია. კეზერაშვილს, მერაბიშვილსაც საჯაროდ აქვთ გაცხადებული, რომ არ ერევიან საჯარო პოლიტიკაში და არ აინტერესებთ. ბოლოს სად მოისმინეთ ახალი განცხადება, რომ ისინი აპირებენ პოლიტიკაში ჩართვას ან დაინტერესებულნი არიან ქართული პოლიტიკით?! ირაკლი კობახიძის სიზმრებზე რთულია კომენტარების გაკეთება. თუ ვინმეს უნდა გამოჩენა ამის პრობლემა არ ექნებათ და გამოჩნდებიან. ლევან ხაბეიშვილის უკან დგას მისი ძალიან ბევრი მხარდამჭერი, ასევე, მიხეილ სააკაშვილის და ამ პარტიის ძალიან ბევრი მხარდამჭერი“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.