ზარდიაანთკარში რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზიანებულ 28 სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.

გორის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანებულ 28 საცხოვრებელ სახლს და რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი სავარაუდო თანხა 1 793 900 ლარია.

მათივე ცნობით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვეში უნდა დასრულდეს.

„სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზიანებული 28 საცხოვრებელი სახლის აღდგენის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, გორის მუნიციპალიტეტს გამოუყო 1 800 000 ლარი.

სახლების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ 4 ოქტომბერს მიიღო.

ზარდიაანთკარში მოსახლეობას სახლები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსული აგრესიის შედეგად დაუზიანდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა