მივიღე გადაწყვეტილება, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩაინიშნოს 11 დეკემბერს 15:00 საათზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ კიევში ჩაწერილი ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ნაყოფიას განცხადებით, პარტიის მთავარი მიზანი არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და დღევანდელი ხელისუფლების - „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის შეცვლა და არა ის, „თუ როდის ჩაინიშნება პოლიტსაბჭო, ეს იქნება ოთხშაბათს თუ ხუთშაბათს“.
ასევე, როგორც ნაყოფიამ აღნიშნა, უკრაინის პოლიტიკური ელიტა დაინტერესებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით.
„მე ახლა ვიმყოფები კიევში. აქ, უკრაინაში, დიდი თუ პატარა, განსაკუთრებით პოლიტიკური ელიტა დაინტერესებულია ერთი მთავარი საკითხით საქართველოსთან მიმართებით - ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველამ კარგად ვიცით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება და უარესდება. აქ ყველა სვამს მხოლოდ ამ კითხვას და ეს არ არის მხოლოდ კითხვის დასმა, არამედ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი.
ამ ფონზე ცოტა გაკვირვებული ვარ ჩვენი კოლეგების სიჩქარით. როგორც მოგეხსენებათ, დღეს გაიმართა ბრიფინგი ჩვენი კოლეგის და თანამებრძოლის იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა ჩაინიშნოს პოლიტსაბჭოს სხდომა. ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო კორექტული და კარგი იქნებოდა, თუ ეს მოხდებოდა კონსულტაციების შედეგად, უბრალოდ ერთი სართულით მაღლა იყო ასასვლელი პარტიის ოფისში და კოლეგებთან შეიძლებოდა საუბრის გამართვა და ერთიანად შეთანხმებულიყვნენ თარიღზე. ყველაზე მარტივი იქნებოდა სატელეფონო ზარი, რომელიც დღეს საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ მათ, ჩემდა სამწუხაროდ არჩიეს ეს გზა.
ძალიან კარგად მესმის, რომ არჩევნები პარტიაში უნდა ჩატარდეს ღიად, გამჭვირვალედ, არავის უნდა ჰქონდეს არანაირი ეჭვი მის შედეგზე და ა.შ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნების ჩატარების ფორმა და კამპანია იყოს ღირსეული და იყოს ისეთი, რომ გააძლიეროს ჩვენი პარტია მთავარ ბრძოლაში. მთავარი ბრძოლა არის წინ - ეს არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და დღევანდელი ხელისუფლების - „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის შეცვლა და ამ ქვეყნის მომავალზე ფიქრი და განვითარება. ეს ჩვენი მთავარი მიზანი და არა ის, თუ როდის ჩაინიშნება პოლიტსაბჭო, ეს იქნება ოთხშაბათს თუ ხუთშაბათს. მეგობრებო, მე, როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩაინიშნოს 2022 წლის 11 დეკემბერს 15:00 საათზე. პოლიტსაბჭოს ყველა წევრს ვთხოვ, რომ მობრძანდეს. ჩვენ აუცილებლად ვიმსჯელებთ ყველა იმ საკითხზე, რაც დაგროვდა და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რაც გააძლიერებს ჩვენ პარტიას მთავარ ბრძოლაში“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ.