ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022

მამუკა არეშიძე - “რუსეთის დეცენტრალიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია...”

რის სანაცვლოდ ტოვებენ რუსები ზაპოროჟიეს აეს-სა და ქალაქ ენერგოდარს - შეთანხმება თითქმის მიღწეულია

ალეკო ელისაშვილი - „ნამდვილი სლოგანი თუ უნდა კალაძეს, “რუსი დეზერტირებით სავსე ქალაქი” დააწეროს”

რა აჩვენა ხაბეიშვილის აქციამ და რატომ შეცვალა გადაწყვეტილება მელიამ

დავით უსუფაშვილი - “ჩვენ არა გვაქვს ილუზია, რომ დღევანდელ პროცესებში გარდატეხის შეტანა შეგვიძლია, ამიტომაც საიმედო პარტნიორებს ვეძებთ”

* * *

მამუკა არეშიძე - “რუსეთის დეცენტრალიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია....”

“ბოლო დროს საქართველოს მთავრობა მიზეზთა გამო მართლაც ცდილობს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობისას იფრთხილოს. ეს არ შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, თუმცა მავანი ამის დისკრედიტაციასაც ცდილობს. ისევ ნატოს თემას რომ დავუბრუნდეთ, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს არაერთი მხარე იბრძვის სამხრეთ კავკასიაზე გავლენის მოსაპოვებლად. ვითარება ბოლო დროს ამ რეგიონში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ვხედავთ, რაოდენ მზარდია თურქეთის გავლენა, რაც რეგიონის ზოგ ქვეყანაში უფრო მეტად თვალში საცემია, ზოგან კი ნაკლებად. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრია, ის საკუთარ თამაშს თამაშობს, თანაც არა მარტო სამხრეთ კავკასიაში. დღეს მსოფლიო წესრიგი თითქმის მოშლილია, რუსეთმა უზარმაზარი შეცდომა დაუშვა არა მარტო იმით, რომ უკრაინაში შეიჭრა, არამედ ყარაბაღში განვითარებული მოვლენების დროსაც, როდესაც ცდილობდა რეგიონზე გავლენის მეტად გაზრდას, შედეგად კი მნიშვნელოვნად ამოვარდა სამხრეთკავკასიური პოლიტიკიდან”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთის დეცენტრალიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია....”

“გავლენის გაძლიერებას ცდილობს ნატოც, რომელიც, ერთი მხრივ, მოწადინებულია, რომ რუსეთი შეაკავოს, იმავდროულად კი სურს თურქეთის ამბიციების მოთოკვაც. საქართველო კავკასიაში ნატოს ტრადიციული დასაყრდენია, ამიტომაც არის ჩვენი საკითხი ასე გააქტიურებული. რუსეთისთვის უაღრესად სუსტი წერტილია სამხრეთი კავკასია. მასზე გავლენის დაკარგვა ნიშნავს შავი ზღვის აკვატორიაზე რუსეთის გავლენის მაქსიმალურად შემცირებას. ის პრაქტიკულად ამოვარდება ე.წ. შავი ზღვის პოლიტიკიდან. ამის შემდეგ დროის საკითხიღა იქნება ჩრდილოეთ კავკასიის დაკარგვაც, მით უფრო ხედავთ, როგორი გააქტიურებულია ჩრდილოკავკასიური დიასპორა. 27 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართა კავკასიური დიასპორის თავყრილობა, სადაც დომინანტი იყო ჩეჩნური მხარე, მაგრამ იქ სხვებიც მასშტაბურად იყვნენ წარმოდგენილი. ისინი ორგანიზებულ სტრუქტურებს ქმნიან, ანუ რუსეთის მარცხისთვის ემზადებიან. ეს ჩანს უკრაინაშიც - თუ თავიდან იყო ერთი ჩეჩნური ბატალიონი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა, დღეს უკვე ხუთია, მათგან ოთხი ჩეჩნური და ერთი დაღესტნურია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“შეიძლება ძალიან მრავალრიცხოვანი ბატალიონები არ არის, მაგრამ უკვე მათ არსებობას აქვს დიდი გავლენა და მნიშვნელობა, მით უფრო ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც რუსეთის პერმანენტული მარცხისა და უამრავი ჩრდილოკავკასიელის დაღუპვის გამო განწყობები სულ უფრო რადიკალური ხდება. განსაკუთრებით დაღესტანშია უკმაყოფილება, სადაც უკრაინის ფრონტიდან უკვე ბევრი მებრძოლი ჩაასვენეს. ნატოს ხელმძღვანელობა ყოველივე ამას კარგად აანალიზებს, დასკვნებს აკეთებს და იმოქმედებს კიდეც შესაბამისად. საქართველოს ხელისუფლება იფრთხილებს თუ არა, ეს მთავარი თემა არ არის. ნატოსთვის მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში პროცესების გაკონტროლება და ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს სამომავლო პერსპექტივისთვის”, - განაგრძობს რესპონდენტი და კითხვაზე - “არსებობს ვარაუდი, რომ ხელისუფლება სააკაშვილის თემით ვაჭრობს დასავლეთთან და ცდილობს ამ საკითხის გადაწყვეტით რაც შეიძლება ბევრი დივიდენდი მიიღოს” - პასუხობს:

“ჩვენ ამის დამადასტურებელი ფაქტები არა გვაქვს და ვარაუდებზე კომენტარის გაკეთება არ მინდა. მესმის, ამ მოსაზრების ლოგიკა ასეთია: ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებს სთავაზობს, უკან დაიხიეთ ზოგიერთ საკითხზე და ამ პრობლემას გადავწყვეტთო. ასეთი რამ მსოფლიო პრაქტიკაში ყოფილა. შესაბამისად, ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არასწორად მიმაჩნია, სანამ არ გვექნება ფაქტობრივი მასალა. ვიმეორებ, ამგვარი პოლიტიკური ვაჭრობა კულუარულად ყოველთვის იყო და არის, თანაც არა მარტო პატიმრებთან დაკავშირებული”.

“პრეზიდენტების პატიმრობაში ყოფნა დანაშაულების გამო ახალი ამბავი მსოფლიოსთვის ნამდვილად არ არის, პერუდან სამხრეთ კორეამდე ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა, მათ შორის ევროპაშიც. ჩვენს შემთხვევაში შექმნილი ვითარება საკმაოდ მძიმეა, იმიტომაც, რომ გვაქვს ტრაგიკული გამოცდილება ვგულისხმობ, ზვიად გამსახურდიას დევნილობაში სიკვდილს. შესაბამისად, საზოგადოების დიდი ნაწილი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გულწრფელად შიშობს. ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება უნდა იყოს დაცული. თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ასეთი დამძიმებულია, არ უნდა დავუშვათ მისი უფრო გაუარესება. ამასთანავე, არ შეიძლება ამ საკითხის გამო ქვეყნის დისკრედიტაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს. რა და როგორ უნდა მოხდეს, უნდა გადაწყვიტონ სპეციალისტებმა და პოლიტიკოსებმა, რომელთაც ქვეყანაზე აქვთ აღებული პასუხისმგებლობა”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“რა არის თავად “ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირებების მიზეზი - პირადი ამბიცია, ერთმანეთის მიმართ ანტაგონიზმი, ფულის თემა თუ გარე ძალის ჩართულობა, რთული სათქმელია. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ყველა ეს კომპონენტი ერთადაც მუშაობდეს. ასე არეულ-დარეული “ნაციონალური მოძრაობა” არავის ახსოვს. ასეთი კონსოლიდირებული ძალა აქამდე თუ მივიდოდა, ვინ იფიქრებდა. სააკაშვილის პარტიიდან და ამ პროცესებიდან დისტანცირება უფრო ძაბავს და აფუჭებს ვითარებას. რაც შეეხება კეზერაშვილს, ის ოდიოზური ფიგურაა, რაზეც მელიას გუნდი საჯაროდ ლაპარაკობს. კარგად მახსოვს, რაც ხდებოდა 2008 წლამდე, ცოტა ადრე, 2008 წელსა და მის შემდგომ პერიოდში. ისიც მახსოვს, როგორ შეიცვალა მისი მდგომარეობა ჩვეულებრივი ჩინოსნიდან უმდიდრეს ადამიანამდე. ის სკანდალებიც მახსოვს, დაკავშირებული იარაღის უკანონო გაყიდვასთან მესამე ქვეყნებში. ჩემთვის მიუღებელია, რომ ადამიანების ერთი კატეგორია ცდილობს თავისი პოლიტიკური კარიერა შექმნას იმ პირისა და ისეთი ფულის მეშვეობით, რომელიც, ფაქტობრივად, ომის დროს მოჰპარეს ქვეყანას. არ ვიცი, ამ დაპირისპირების შემდეგ ახალი თავმჯდომარის არჩევა რომც მოახერხონ, როგორ შეძლებენ ეს ჯგუფები ერთ პარტიაში თანაცხოვრებას”, - თვლის მამუკა არეშიძე.

“რაც შეეხება უკრაინაში არსებულ ვითარებას, პროგნოზის გაკეთება ჯერ შეუძლებელია. ზამთრის გამო ინტენსიური ბრძოლები ვერ მიმდინარეობს. ერთადერთი ქალაქი ბახმუტია, რომლის გარშემოც სისხლისმღვრელი ბრძოლაა. გასულ კვირას უდიდესი ტრაგედია მოხდა. ჯერ 27 წლის ბიჭი, ჯაბა ხოფერია დაგვეღუპა, მერე 5 ქართველი დაეცა ბახმუტთან, ძალიან სამწუხაროა, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. მე მესმის ამ ბიჭების, თუ რატომ მიდიან და იბრძვიან სხვის მიწაზე საქართველოსთვის. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, ყველა მებრძოლი სიკვდილს ყოველდღიურად თვალებში უყურებს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ისინი `კადიროველების~“ ჩასაფრებას ემსხვერპლნენ, ამასწინათ ახმედ ზაკაევს ველაპარაკე და მან ასეთი რამ თქვა, - ესენი ჩეჩნები კი არა, ტურები არიან, რომლებიც რეჟიმს ემსახურებიანო... ამგვარი ტურები იბრძოდნენ აფხაზეთშიც ჩვენს წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ძალიან ვწუხვარ დაღუპულების გამო, ეს საქართველოსთვის უდიდესი დანაკლისია”, - ამბობს რესპონდენტი.

“დიდი მნიშვნელობა აქვს, რა რესურსები ექნებათ მხარეებს გადამწყვეტი ბრძოლის დაწყების წინ. უკრაინის თავდაცვის ძალებში რომ მორალური მდგომარეობა არსებითად არ შეიცვლება, ფაქტია. ქვეყანას სამხედრო რესურსიც აქვს. ამ ეტაპზე უკრაინისთვის ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ენერგეტიკული კრიზისია, რაც გარკვეულწილად მებრძოლებისა თუ მოქალაქეების მორალურ მდგრადობაზეც აისახება და ტექნოლოგიურადაც ქმნის პრობლემებს ფრონტის ხაზზე. რუსეთიც ცდილობს სამხედრო რეზერვების შევსებას, ირანიდან ინტენსიურად შედის იარაღი. მორალურად რუსეთის არმიაში უმძიმესი მდგომარეობაა. გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი ომში იძულებით წაიყვანეს, მთავარი მაინც ის არის, რაც გენერალიტეტში ხდება, რომელიც, ფაქტობრივად, სპეცსამსახურებს დაუქვემდებარეს. გარდა ამისა, გენერალიტეტისთვის მიუღებელია ის ვითარება, რაც ე.წ. კერძო არმიებთან დაკავშირებით ხდება. გარდა იმისა, რომ პრიგოჟინის `ვაგნერს~ პრეზიდენტის ბრძანებით უკვე ავიაციაც გადასცეს, დაიწყო სხვა კერძო არმიების შექმნაც. მაგალითად, ახლახან 2 მდიდარ სომეხს _ სარქისიანსა და კარაპეტიანს დაავალეს ახალი კერძო არმიის შექმნა. უკვე არაერთი სხვაც ფუნქციონირებს. ეს არმიები ნომინალურად გენერალიტეტს კი ექვემდებარებიან, მაგრამ რეალურად საკუთარ დამფუძნებლებს ემორჩილებიან. ეს ქმნის ქაოსს სამხედრო სტრუქტურებში”, - დაასკვნის ექსპერტი.

“რუსეთში სხვაც ბევრი პრობლემაა. მაგალითად, ეკონომიკური ვითარება ძალიან მძიმდება, განსაკუთრებით რუსეთის პროვინციებში. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა კი მაინც ის არის, რომ ხდება აშკარად დისტანცირება ცენტრსა და ავტონომიურ-რეგიონულ წარმონაქმნებს შორის. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ კავკასიისა და თათრეთის რესპუბლიკების მოსკოვთან ურთიერთობა, რაც ცოტა ხანში კიდევ უფრო სკანდალური გახდება. შეიძლება ითქვას, მორალურ დონეზე რუსეთის დეცენტრალიზაცია დაწყებულია. ამ ვითარებაში პოზიტიური ის არის, რომ პუტინმა და მედვედევმა შეწყვიტეს ატომური რიტორიკა, რაც, ჩემი აზრით, ჩინეთის მმართველ სი ძინპინის განცხადებამ განაპირობა. მან პირდაპირ მოუწოდა მოსკოვს, ამაზე ლაპარაკი უნდა შეწყდესო. რას მოესწრო რუსეთი, რომ ჩინეთი უფროსად ჰყავს! არ ვიცი, როგორ პატიობს ამ ყველაფერს რუსული პოლიტიკური ელიტა პუტინს, რომელმაც ქვეყანა, ფაქტობრივად, გააჩანაგა”, - დასძენს მამუკა არეშიძე.

რის სანაცვლოდ ტოვებენ რუსები ზაპოროჟიეს აეს-სა და ქალაქ ენერგოდარს - შეთანხმება თითქმის მიღწეულია

“ქალაქი ენერგოდარი და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც მარტიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული და რომელსაც მოსკოვი უკრაინასთან ომში შანტაჟის იარაღად იყენებდა, რუსებმა შესაძლოა ხერსონივით დათმონ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (“მაგატე”) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან და ეს შეთანხმება “შეიარაღების გაყვანასა და რუსული ნაწილების გასვლას”" გულისხმობს, რის შემდეგაც აეს-ზე კონტროლი “მაგატეს” გადაეცემა. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს დასავლეთსა და რუსეთს შორის გარკვეული ვაჭრობის შედეგია და სანაცლოდ მოსკოვი სერიოზულ ეკონომიკურ დათმობებს ელის. ზაპოროჟიეს აეს-ზე საუბარი უკვე ორ კვირაზე მეტია მიდის. რუსული მედია მთავრობასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით აქტიურად ავრცელებს ცნობებს, რომ კრემლი მზადაა სადგურიდან ჯარები გარანტიების სანაცვლოდ გაიყვანოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რის სანაცვლოდ ტოვებენ რუსები ზაპოროჟიეს აეს-სა და ქალაქ ენერგოდარს - შეთანხმება თითქმის მიღწეულია.

“რუსი მიმომხილველების ნაწილი კი ამას კრემლის ისეთივე მასშტაბურ ჩავარდნად აფასებს, როგორიც თავის დროზე ხერსონიდან რუსული ნაწილების გაყვანა იყო. მათი ვარაუდით, ენერგოდარსა და ზაპოროჟიეს აეს-ის “მაგატესათვის” გადაცემის შემდეგ ეს ტერიტორიები ავტომატურად აღმოჩნდება უკრაინული მხარის კონტროლის ქვეშ. დამაიმედებელი განცხადება მოლაპარაკებისას მიღწეული პროგრესის შესახებ “მაგატეს” გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ შაბათს გააკეთა. იგი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე რუსეთთან და უკრაინასთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვაზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდება. იგი არ გამორიცხავს, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს მალე შეხვდება. “ორივე მხარე თანხმდება რამდენიმე ძირითად პრინციპზე. პირველი არის დაცვა. მეორე არის იმის აღიარება, რომ “მაგატე” ერთადერთი შესაძლო გზაა. რუსეთი არ ეწინააღმდეგება შეთანხმებას და სადგურის დაცვის პრინციპს”, - აღნიშნა აგროსიმ. მისივე თქმით, ზაპოროჟიეს აეს-ის ირგვლივ უსაფრთხო ზონის შექმნის შეთანხმების მიზანი, ბირთვული ავარიის თავიდან აცილებაა და “არა ერთის ან მეორესთვის სამხედრო თვალსაზრისით ხელსაყრელი სიტუაციის შექმნა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამასთან, როგორც გროსი ამბობს, ორივე მხარე ელექტროსადგურების დაცვის შესახებ შეთანხმების მომხრეა და უარს ამბობს ზაპოროჟიეს აეს-ის დაბომბვაზე და ამ ლოკაციიდან სროლაზე. ამასთან, მისი თქმით, აეს-დან შეიარაღების გაყვანა და რუსული ნაწილების გასვლა ელექტროსადგურის დაცვის საერთო შეთანხმების ნაწილი გახდება. ამ წარმატებული მოლაპარაკების პარალელურად კი გაირკვა, რომ ასევე წარმატებით მიდის მოლაპარაკება რუსული სასუქების მსოფლიო ბაზარზე გატანასა და ომის გამო გაჩერებული ტოლიატი-ოდესის ამიაკსადენის ამუშავებაზე. ხოლო რუსულ ნავთობზე დასავლეთის მიერ დაწესებული ზღვრული ფასი მოსკოვისათვის სრულიად მისაღები აღმოჩნდა. 30 ნოემბერს გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა, რომ რუსული სასუქების პირველი პარტია, რომელიც ევროპის პორტებში იყო გაჩერებული, აფრიკისკენ დაიძრა. დიუჟარიკმა ხაზი გაუსვა, რომ გაერო “ინტენსიურ დიპლომატიურ ძალისხმევებს” ახორციელებს იმისთვის, რათა უკრაინიდან და რუსეთიდან მსოფლიო ბაზრებზე კრიტიკულად აუცილებელი საკვები პროდუქტებისა და სასუქების შეუფერხებელი ექსპორტი უზრუნველყოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტსმა კი პარასკევს განაცხადა, რომ ტოლიატი-ოდესა ამიაკსადენიდან, რომლის ნაწილი უკრაინის ტერიტორიაზე გადის, რუსული ამიაკის ექსპორტი მსოფლიოში ორ კვირაში განახდება. მისი თქმით, ექსპორტის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიდის და შესაძლოა მალე დასრულდეს. 5 დეკემბერს რუსეთის წინააღმდეგ ნავთობზე ემბარგო ძალაში შევა და უკვე ოფიციალურად ცნობილია რუსული ნავთობისთვის დაწესებული ზღვრული ფასი - 60 დოლარი ერთ ბარელზე. ეს სავსებით მისაღებია კრემლისთვის, რადგანაც რუსეთის მომავალი წლის ბიუჯეტი ნავთობის სწორედ ასეთ ფასზეა მორგებული. აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს კიევში. “თუ რუსულ ნავთობზე ფასის შეზღუდვა 60 დოლარია ნაცვლად, მაგალითად, 30-ისა, რომელზეც ამბობდნენ, კერძოდ პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები, მაშინ რუსეთის ბიუჯეტი წელიწადში დაახლოებით, 100 მილიარდ დოლარს მიიღებს... ეს ფული წავა ზუსტად იმ ქვეყნების შემდგომ დესტაბილიზაციაზეც, რომლებიც ახლა სერიოზული გადაწყვეტილებების არიდებას ცდილობენ”, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ”, - დასძენს გამოცემა.

“როგორც საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, მითქმა-მოთქმა, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან გასვლის სანაცვლოდ დასავლეთი რაიმეს დათმობს, არასწორია. “ამაში შეთანხმების რაიმე ლოგიკას ვერ ვხედავ. უბრალოდ, დასავლეთის ქვეყნები ნაბიჯ-ნაბიჯ იმ სტრატეგიის რეალიზაციას ახდენენ, რომელიც გამოცხადდა რუსეთის ენერგოშემოსავლების შეზღუდვის შესახებ და რუსული ექსპორტის კონტროლის თაობაზე. ყველაფერი, რაც ამასთან დაკავშირებით მოხდა, ფასების დაწესებიდან დაწყებული, დასრულებული ყველა დანარჩენით, ამაზე მეტყველებს”, - ამბობს მენაღარიშვილი, რომლის თქმით “რაღაც დათმობებზე ამ მითქმა-მოთქმის კარგად არ ესმის”, - წერს სტატიის ავტორი.

“დათმობის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ რუსეთი აეს-ს უბრალოდ ვერ აკონტროლებს, თავად სადგურს და მის ირგვლივ ტერიტორიას რესურსები სჭირდება - შეიარაღებული ძალა, ტექნიკა, შესაბამისი სპეციალისტები და ა.შ. რუსეთს იმედი ჰქონდა, რომ ის შანტაჟი, რომელიც მან ამ სადგურით დაკავებით წამოიწყო, თავის შედეგს გამოიღებდა და დასავლეთი მას რაღაცას დაუთმობდა. როგორც დავინახეთ, არავის არაფერი არ დაუთმო და მე მგონი მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ეს ყველაფერი მათთვის უფრო ხარჯია, ვიდრე რაიმე სიკეთის მომტანი და მემგონი ამ შემთხვევაში ეს მარტივი ლოგიკა მუშაობს”, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა. იგივეს ფიქრობს ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძეც. იგი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ რუსების მიერ ზაპოროჟიეს აეს-ის დატოვება იძულებითი ნაბიჯია და არა დასავლეთთან რაიმე გარიგების შედეგი”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“ეს რუსეთის მხრიდან თითქოს იმის წარმოჩენა იქნება, რომ პასუხისმგებლობა მოიხსნას და მეორეს მხრივ, ისეთი აღქმა შექმნას, თითქოს მას სიტუაცია კონტროლიდან არ გაურბის და უბრალოდ რაციონალური, პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღო. ასე გააფორმებს, თორემ სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს მარცხი იქნება. ამ წუთას ენერგოდარი იმ პრობლემურ წერტილს არ წარმოადგენს, რომელშიც შეიძლება რაიმე შეთანხმებას აზრი ჰქონდეს. მეტსაც გეტყვით, რუსეთი ახლა უკრაინის ელექტროსისტემას ურტყამს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ელექტროსისტემის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი უკრაინას უბრძოლველად დაუბრუნოს. შესაძლოა ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება მართლაც კრიტიკულთან მიახლოებული იყოს. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ რუსების საუბრები შესაძლო გასვლაზე პროპაგანდის ნაწილი იყოს და რეალურად არც არაფერს აპირებდნენ. რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედება იმის მანიშნებელია, რომ ენერგოდარზე ისეთი ეფექტური კონტროლი არ აქვთ, რომელიც საინჟინროს კონტროლს გულისხმობს. ანუ შესაძლოა მართლაც ისეთი გამოვლინებები იყოს, რომელიც დააზიანებს როგორც რუსეთს, ისე უკრაინას. შესაბამისად, რუსებს უბრალოდ ეშინიათ, რომ ამის კონტროლს ხანგრძლივად ვერ შეძლებენ და ამ ნაბიჯს ამიტომ დგამენ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“სამხედრო თვალსაზრისით, ერთადერთი რაცაა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსები მუქარისთვის იყენებდბნენ და ეს მუქარა რომ შემცირდება, მსოფლიოს ამოსუნთქვის საშუალება მიეცემა. ცხადია ეს რუსეთის კიდევ ერთი მარცხი იქნება, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მოკლე ხანში არ მოხდება. ჯერ მხოლოდ საუბარია და იმის ხაზგასმა, რომ ისინი გასვლისთვის მზად არიან. ამით პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობენ და მთელ მსოფლიოს აჩვენებენ, რომ თითქოს რაღაცა კორექტული ძალებია, რომლებთანაც მოლაპარაკება შეიძლება. მაგრამ არა მგონია, რომ ამას რეალურად განახორციელებენ, ჩემი აზრით, ეს უბრალოდ რუსული პროპაგანდის ნაწილია”, - დაასკვნის გიორგი კობერიძე.

ალეკო ელისაშვილი - „ნამდვილი სლოგანი თუ უნდა კალაძეს, “რუსი დეზერტირებით სავსე ქალაქი” დააწეროს”

“ჯერ ის არის გაუგებარი, რა წვლილი აქვს შეტანილი კალაძეს მშვიდობაში?! რა საჭიროა სლოგანი ნაძვის ხეზე, საარჩევნო ბანერი ხომ არაა?! გაანათე, ჩამოკიდე სათამაშოები და მორჩა. კალაძე კიევში გახდა კარგი ფეხბურთელი, წლების განმავლობაში ცხოვრობდა იქ, ნატამალი სოლიდარობა ხომ უნდა ჰქონდეს?! კიევი დაბომბილია, ხალხს შუქი არა აქვს, გათბობა და ამ დროს შენ თითქოს ნიშნის მოგებით აწერ ამას, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს. ნამდვილი სლოგანი თუ უნდა კალაძეს, “რუსი დეზერტირებით სავსე ქალაქი” დააწეროს. ყოველ ნაბიჯზე არიან და იმაზე ლაპარაკი, ჩვენ მშვიდობა გვაქვსო, სამარცხვინოა. სულ კალაძის გამო გვაქვს მშვიდობა, რა! მშვიდობა იმიტომ გვაქვს, რომ პუტინს ჯერ არ გადაუწყვეტია თავს დაგვესხას, და არა იმის გამო, რომ კალაძეს იმისთანა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აქვს დაყენებული, მათ შორის ნაძვის ხეზეც, რომ ვერ ბედავენ თავდასხმას”, - აცხადებს “მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი გაზეთი “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „ნამდვილი სლოგანი თუ უნდა კალაძეს, “რუსი დეზერტირებით სავსე ქალაქი” დააწეროს”.

“მე რომ მერი ვყოფილიყავი, ნაძვის ხეს საქართველოსა და უკრაინის დროშებით მოვრთავდი. მეგობარ უკრაინელებს რომ თავი დავანებოთ, აბა, გავიდნენ თბილისიდან 40 კილომეტრში და ნახონ, თუ არის იქ მშვიდობა. ბაღ-ბოსტნები შეუღობეს ხალხს და შემთხვევით ფეხი თუ გადაუცდათ, ცხინვალის იზოლატორში მიარბენინებენ. მწყემსი რომ აღარ დარჩა ახალგორში, ცხინვალის ციხეში რომ არ იყოს ნაჯდომი, ეს მშვიდობაა?! ჩვენი ტერიტორიის 20% რუსეთს რომ აქვს ოკუპირებული, დაავიწყდათ?! 24 თებერვლის მერე 28 საუკეთესო ქართველი რომ დავკარგეთ (ინტერვიუ უკვე ჩაწერილი იყო, როდესაც ცნობილი გახდა კიდევ ხუთი ქართველის დაღუპვის ამბავი), ეს არის მშვიდობა?!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალეკო ელისაშვილი და შეკითხვაზე - “ვიცი, რომ უკრაინაში გმირულად დაღუპულ ოცდამერვე ქართველს, ჯამბულატ ხოფერიას, პირადად იცნობდით” - პასუხობს:

“ჯაბა კიევში გავიცანი. მანამდე მამამისს, არჩილ ხოფერიას ვიცნობდი. ლეგენდარული მეომარი იყო. აფხაზეთის ომის შესახებ ძალიან საინტერესო ამბებს წერდა. აჩიკო ხოფერია აფხაზეთშიც იბრძოდა და ყველგან, სადაც საქართველოს დასჭირდა. ძმა სწორედ აფხაზეთში დაკარგა. უკრაინაში წასვლამდე შეხვედრა ვთხოვე, მისი აზრი მაინტერესებდა. პარლამენტთან რომ კაფეა, იქ შევხვდი. ცდილობდა ჩემთვის უკრაინაში წასვლა გადაეფიქრებინა. ბოლოს მითხრა, ჩემი შვილია­ იქო, და ტელეფონის ნომერიც მომცა”.

“კიევში რომ ჩავედით მე და ჩემი მეგობარი, იქ ერთი ქართველი მორაგბე ბიჭი დაგვხვდა, დიმა. კიევში სახაჭაპურე ჰქონდა და ომის დაწყებისთანავე დახმარების პუნქტად გადააკეთა. იქ ვიყავი, როცა უცებ ვიღაც ორმეტრიანი ავტომატიანი ბიჭი შემოვარდა, ალეკოო, ყვიროდა. გაოცებულმა შევხედე, სიცილით მითხრა, აჩიკოს შვილი ვარო, და გადავეხვიეთ ერთმანეთს, პურიც გავტეხეთ. ჯაბა უკრაინულ დანაყოფში იყო, მე საერთაშორისო ლეგიონში მოვხვდი. სულ მირეკავდა და მკითხულობდა. გაიგო, რომ ჩემს დანაყოფში ჯავშანჟილეტების ნაკლებობა იყო და საჩუქრად გამომიგზავნა. ვინც ომშია ნამყოფი, იცის, როგორი საჩუქარია ჯავშანჟილეტი. ძალიან მაგარი მეომარი იყო, ყველაზე მაგარი ბრძოლა სადაც არის, იქ დაიღუპა, ბახმუტთან, ლუგანსკისკენ. ცრემლებს ვერ ვიკავებ... ძალიან მაგარი ვაჟკაცი ბიჭი იყო, მეთაურად დაბადებული. მე რომ შემხვდა, უკრაინელი თანამებრძოლები ახლდნენ, ისე უყურებდნენ, როგორც ღმერთს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება სააკაშვილს, ღმერთმა ნუ ქნას, რამე დაემართოს, ეს კატასტროფა იქნება, სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას მისი ჯანმრთელობის გაუარესება, მით უფრო სიკვდილი. არც ერთ პატიმარს არ უნდა მოექცე ასე, მით უმეტეს, სააკაშვილს, რომელიც პრეზიდენტი იყო. ყველაფერია გასაკეთებელი, უცხოელი ექიმი კი არა, ვინც უნდათ, ის ჩამოიყვანონ და ფეხზე დააყენონ. შეიძლება ადვოკატები რაღაცას აბუქებენ, მაგრამ არაფერი რომ არ სჭირდეს, ვერ მოიგონებენ ამას... უცხოეთში სამკურნალოდ იმიტომ არ უშვებენ ეშინიათ, რომ სააკაშვილი ისევ ძველ გზას დაადგება და “ოცნებას” ისევ შემოუტევს. მმართველმა გუნდმა ამის შიში უნდა დასძლიოს. არ უნდა დაუშვან, რომ ამის გამო ქვეყანა სკანდალში აღმოჩნდეს”, - დასძენს ალეკო ელისაშვილი.

რა აჩვენა ხაბეიშვილის აქციამ და რატომ შეცვალა გადაწყვეტილება მელიამ

“პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სურვილის მიუხედავად, ენმ-ის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებული აქცია “ქართული ოცნების” ოფისთან მაინც გაიმართა. როგორც ხაბეიშვილმა აქციაზე განაცხადა, ეს იყო სოლიდარობის აქცა, რომელსაც პოლიტიკური დღის წესრიგი არ ჰქონდა. მოთხოვნა კი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა იყო. თუმცა, ანალიტიკოსთა შეფასებით, ხაბეიშვილის მთავარი მიზანი, სავარაუდოდ, ენმ-ში მოახლოებული არჩევნების წინ სწორედ სააკაშვილის მხარდამჭერთა გულის მოგება იყო. ლევან ხაბეიშვილის მიერ გამართულ აქციაზე ნიკა მელია მისვლას არ აპირებდა, თუმცა მან გადაწყვეტილება ბოლო წუთს შეცვალა. ის აქციაზე მხარდამჭერებთან ერთად მივიდა, თუმცა სიტყვით არ გამოსულა. ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები ორბელიანის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით წავიდნენ “ქართული ოცნების” ოფისის მიმართულებით, ხოლო ნიკა მელია თავის მხარდამჭერებთან ერთად უშუალოდ “ოცნების” ოფისთან შეიკრიბნენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა აჩვენა ხაბეიშვილის აქციამ და რატომ შეცვალა გადაწყვეტილება მელიამ.

“როგორც ანალიტიკოსები “რეზონანსთან” ამბობენ, ეს იყო არა სოლიდარობის, არამედ სუფთა წყლის პოლიტიკური აქცია, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა წინასაარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების გულის მოსაგებად დაგეგმა. თუმცა ფაქტი ისაა, რომ ენმ-ის რეიტინგი მილევადია და პარტიაში არსებულმა დაპირისპირებამ მათ ამომრჩეველზეც იმოქმედა. ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია თავის მხარდამჭერებთან ერთად ცალკე მივიდა აქციაზე, თუმცა მიტინგისას სიტყვით არ გამოსულა და მხოლოდ ჟურნალისტებთან გაკეთებული განცხადებით შემოიფარგლა. მისი თქმით, ენმ-ს ჰქონდა რადიკალური აქციების გამართვის საშუალება, მაგრამ ეს არ მოემსახურებოდა სააკაშილის ინტერესებს. ამიტომაც ბოლო 5 თვის განმავლობაში პარტიამ თავისი მოქმედებები თანხვედრაში მოიყვანა მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარესთან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნის ზურგშექცევის მდგომარეობაში იქნება ჩაყენებული და საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებას ყურს არ უგდებენ, ბუნებრივია, ვერაფერი ძველებურად ვერ გაგრძელდება. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ საუბრები ამ ჩიხური მდგომარეობიდან ვერ გამოგვიყვანს. ვისაც გულწრფელად აწუხებს, მან უნდა გადაწყვიტოს რამდენად და რა ხარისხის თავდადებისთვის არის მზად. ფაქტია, დავინახეთ, რომ ამ ტიპის აქციებმა შედეგი არ გამოიღო. გვქონდა ჩვენ ალტერნატივა დაგვეწყო არა მშვიდობიანი და არა არაძალადობრივი აქციები, არამედ სხვა ტიპის, რადიკალური აქციები, რაც, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს არ მოემსახურებოდა. ამის შემდეგ ჩვენ თითქმის 5 თვის განმავლობაში ჩვენი ქმედებები მოვიყვანეთ თანხვედრაში მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარესთან და ეს ბუნებრივად მოხდა. ახლა უკვე დაიდო დასკვნა ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომელიც საუბრობს, რომ ადამიანი არ ექვემდებარება გამოჯანმრთელებას იქ, სადაც არის”, - განაცხადა მელიამ, რომლის აზრით, “ახლა თუ ამასაც ზურგს შეაქცევს ბიძინა ივანიშვილი, ყველამ გადაწყვიტოს ინდივიდუალურად რისთვის არის მზად, ეგუება სიკვდილს თუ არ ეგუება”, -განაგრძობს გამოცემა.

“ეს არის სოლიდარობის აქცია და მთელმა ქვეყანამ და ქვეყნის გარეთაც უნდა დაინახონ, რომ პრეზიდენტების სასაკლაოდ არ გადავაქცევთ ჩვენს ქვეყანას”, - ამის შესახებ კი ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აქცია პოლიტიკური შინაარსის არ არის, თუმცა ერთი მოთხოვნა აქვს - პოლიტიკისგან დაცლილი იყოს სასამართლო პროცესი. “ეს არ არის პოლიტიკური შინაარსის აქცია, თუმცა ერთი მოთხოვნა გვაქვს - რომ პოლიტიკისგან იყოს დაცლილი სასამართლო პროცესი, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე დღეში გაიმართება და თუ სამართლებრივი იქნება ეს გადაწყვეტილება, პრეზიდენტ სააკაშვილს აუცილებლად გადაიყვანენ სხვა ქვეყანაში. ეს არ არის არც ვიწროპარტიული საქმე და არც პოლიტიკური შინაარსის მატარებელი, ეს არის ქვეყნის ღირსების საკითხი, რომ პრეზიდენტი არ მოკვდეს ციხეში|, - განაცხადა ხაბეიშვილმა. კითხვაზე, მსვლელობისას რატომ არ იდგენენ ერთად ის და პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ მთავარია აქციაზე არის ყველა, ვინც სააკაშვილს გულშემატკივრობს. ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ამ აქციამ ის მაქსიმუმი აჩვენა, რისი რესურსიც გახლეჩილ “ნაციონალურ მოძრაობას” გააჩნია”, - დასძენს გამოცემა.

“აქციის ჩატარების უფლება კანონით ყველას აქვს, მაგრამ ეს აქცია რისთვის ტარდება და რეალური მიზანი რა არის, ესაა მთავარი. ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიამაც კარგად იციან, რომ მსგავსი აქციები არაფრის მომცემია. მით უმეტეს რა რაოდენობის ხალხი მივიდა კარგად დავინახეთ. ეს არის უბრალოდ ორ კანდიდატს შორის შეჯიბრი, სადაც მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მიზეზია. ფაქტია, “ნაციონალების” მხარდაჭერა მილევადია. ბუნებრივია, როდესაც ნებისმიერ სტრუქტურაში განხეთქილება არსებობს, მხარდამჭერები ეკარგებათ და სხვა ალტერნატივას ეძებენ. ზუსტად ასე ხდება ენმ-ის შემთხვევაშიც, რაც გამართულმა აქციამ ნათლად დაგვანახა. პარტიაში რღვევის პროცესი გაგრძელდება. ნაწილი მელიას გაყვება და ნაწილი ხაბეიშვილის მხარეს დარჩება. თუმცა, პოლიტიკურად პარტია უფრო დასუსტდება. რაც შეეხება მელიას და მის ქცევას, ამ ადამიანის პრინციპულობაზე წარმოდგენა უკვე დიდი ხანია გვაქვს. მელია და ხაბეიშვილი ერთმანეთის კონკურენტები არიან და ერთმანეთს იმაში ეჯიბრებიან, ვინ უფრო ერთგულია სააკაშვილის, ხოლო საპროტესტო აქციების ორგანიზებაში ვინ უფრო რადიკალური იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“თუმცა მელია, რომელიც თავისი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით არის ცნობილი, აქაც უპრინციპობას ავლენს, ამბობს ერთს და მეორეს აკეთებს. სწორედ ეს ვიხილეთ, როდესაც ჯერ ერთს ამბობდა, რომ აქციაზე არ მივიდოდა და მერე გადაიფიქრა და მაინც მივიდა”, - დასძენს აბაშიძე. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ ეს არ იყო სოლიდარობის აქცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გაიმართა. ეს იყო წინასაარჩევნო პოლიტიკური აქცია, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა გამართა. როგორც ძაბირაძე “რეზონანსთან” ამბობს, ახლა “ნაციონალურ მოძრაობაში” გააფთრებული ბრძოლა მიდის არა სააკაშვილისთვის, არამედ მისი მომხრეების გადმოსაბირებლად”, - წერს სტატიის ავტორი.

“ორივე მხარემ აქციაზე დააანონსა, რომ აი, ჯერ ვნახოთ სასამართლოზე რა მოხდება და მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებსო... სასამართლოსთან შეიკრიბებიან და ა.შ. ეს არ აღიქმება ისე, რომ ისინი სასამართლოზე ზეწოლას აპირებენ. მელიამ დააანონსა, რომ ისე ვეღარ იქნება ვერაფერი, როგორც აქამდე იყო და უფრო რადიკალურ ნაბიჯებს მიმართავენ. ამიტომ იმაზე სუაბრი, რომ ეს სოლიდარობის აქციაა, რბილად რომ ვთქვათ, საკუთარი ამომრჩევლის გასულელების მცდელობაა. რაც შეეხება მელიას აქციაზე მისვლას და სიტყვით არ გამოსვლას, სწორი გადაწყვეტილებაა, რადგანაც სხვის მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით ვერ გამოვიდოდა. ამ მხრივ სწორი გადაწყვეტილება მიიღო”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ეს იყო მისი ოპონენტის მიერ დაანონსებული აქცია, სადაც, მე თუ მკითხავთ, საერთოდ არ უნდა მისულიყო. თუმცა, რადგან ხმებზე ბრძოლა მიდის და ორივე მათგანი სააკაშვილის ამომრჩეველზე ნადირობს, სწორი გადაწყვეტილება მიიღო - ალბათ ვიღაცამ ურჩია, რომ ესე სჯობდა. რაც შეეხება ხაბეიშვილთან მუმლაძის გამოჩენას, ეს ალბათ გასაკვირი არავისთვის იყო, რადგანაც მუმლაძესა და მელიას შორის ვიცით, რომ კონფლიქტი მოხდა. ამიტომ მუმლაძე მაინც კეზერაშვილის მხარედ ითვლებოდა. ამიტომაც მგონია, რომ ის კანდიდატურას ხაბეიშვილის სასარგებლოდ მოხსნის. ეს ყველაფერი მხოლოდ თამაშის ნაწილია და არავის სააკაშვილის ბედი რეალურად არ ანაღვლებს. რა მოხდება და როგორ განვითარდება მოვლენები, ამას უკვე დრო გვიჩვენებს“, - დაასკვნის ძაბირაძე.

დავით უსუფაშვილი - “ჩვენ არა გვაქვს ილუზია, რომ დღევანდელ პროცესებში გარდატეხის შეტანა შეგვიძლია, ამიტომაც საიმედო პარტნიორებს ვეძებთ”

“ლელოში~ პროცესები ძალიან მშვიდად და სტაბილურად ვითარდება, ვმუშაობთ პარლამენტში და მომავალ კვირას გასული წლის მუშაობას შევაჯამებთ. ვმუშაობთ საკრებულოებსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტშიც. ჩვენი ლიდერები, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია, ბრატისლავაში არიან, სადაც ევროპულ პარტიებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს კონფერენციები. ჩვენ არა გვაქვს ილუზია, რომ დღევანდელ პროცესებში გარდატეხის შეტანა შეგვიძლია, ამიტომაც საიმედო და გრძელვადიან პარტნიორებს ვეძებთ. უკვე შემოგვიერთდა არა ერთი და ორი, კიდევ მეტ აქტიურობას ველოდებით. გვინდა “ლელოს” თანამონაწილეობით ქვეყანაში იყოს ძლიერი გუნდი და არა სუსტი ძალების სუსტი ერთობა, მომავალი არჩევნებისთვის თავისი სახელითა და შესაბამისად, რისკით უნდა გავიდეს, ამიტომ წვრილ-წვრილი პარტიების შექმნა და მათი გაერთიანებით ბლოკებზე გაკეთებული გათვლა, ჩვენთვის საინტერესო არ არის”, - აცხადებს “ლელოს” წევრი დავით უსუფაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენ არა გვაქვს ილუზია, რომ დღევანდელ პროცესებში გარდატეხის შეტანა შეგვიძლია, ამიტომაც საიმედო პარტნიორებს ვეძებთ”.

“ამიტომ ვცდილობთ გავიზარდოთ, თუ ამის სურვილი სხვა ორგანიზაციებსაც ექნებათ. ამ ქვეყანაში საჭიროა ისეთი პოლიტიკური პარტიების გააქტიურება, რომლებიც არსებულ სიმახინჯეებს მოსპობენ და ახალ, ევროპულ პოლიტიკურ კულტურას დაამკვიდრებენ. ვგულისხმობ ერთმანეთთან ურთიერთობას, თანამშრომლობას, დებატებს, დისკუსიას. რადიკალიზმსა და პრინციპულობას შორის ზღვარი უნდა არსებობდეს, რაც ბევრს ერთმანეთში ერევა. თუ ვიღაც მკაცრი სახით პრინციპულად გამოთქვამს აზრს, რადიკალი ჰგონიათ, თუ სხვა საშინელებებს სიცილ-კისკისით სჩადის, ლოიალურია. თუ ვიღაც რადიკალურად ხარჯავს და ჯიბეში იდებს ბიუჯეტს, მას სწორედ რადიკალურად და პრინციპულად უნდა შეუტიო, ოღონდ მხოლოდ შეტევა არ არის პოლიტიკური პარტიის ფუნქცია, ჩვენ ქვეყანასაც ვემსახურებით, მათ შორის იმათაც, ვინც მხარს არ გვიჭერენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით უსუფაშვილი.

“ოცნებასთან” პარტიულ ბლოკსა და პარტნიორობას არ განვიხილავთ, მაგრამ ის არსებობს და მის წევრებთან ურთიერთობა მოგვიწევს. არსებობს უმთავრესი პრიორიტეტებიც - დასავლური გზა და ქვეყნის ევროინტეგრაცია, რა დროსაც ჩვენ პარტიაში მიმდინარე პროცესების გარჩევას არ დავიწყებთ. თუმცა ეს სუპერსტრატეგიული საკითხია და სხვა თემებზე თანამშრომლობას არ განვიხილავთ. გრძელვადიან პერიოდში ჩვენთვის საინტერესო პარტიასთან გვექნება ისეთი ტიპის თანამშრომლობა, როგორსაც ჩვენი პარტიული პრიორიტეტები გვიკარნახებს. თემატურ საკითხებზე თანამშრომლობისას მაღალ და დაბალრეიტინგულ პარტიებს არასდროს განვასხვავებდით. “ნაცმოძრაობაზე” მეტად, ნაკლებად რეიტინგულ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობდით. თუ “ნაციონალები” აუცილებელი განახლების ნაცვლად, წარსულისკენ მიბრუნდებიან, თუ დავინახეთ, რომშიდა აურზაურის შედეგი ის იქნება, რომ პარტიის მართვას ხელისუფლებაში ყოფნის წლებში “ნაცმოძრაობის” ოდიოზური პირები აიღებენ ხელში, თანამშრომლობის შანსი დაიკარგება. პარტია, რომლის არსებობა ერთ პირზეა დამოკიდებული, პარტია არ არის”, - მიიჩნევს “ლელოს” წევრი.

“გასაგებია, რომ “ნაცმოძრაობა” რეიტინგული პარტიაა, მაგრამ უმისოდ ქვეყანა არ დაიქცევა. ამ გუნდის ნაცვლად სხვა პარტიები გაჩნდებიან. ახალი ძლიერი კონკურენტის გამოჩენა გაგვიხარდება თუ არა, ეს სხვა საკითხია... თუ გამოჩნდება, კონკურენციის გაწევას შევეცდებით, თუმცა ჩვენი ამოცანაა თავად ვიყოთ ძლიერები. |”ნაციონალების” თავსატეხი ჩვენი საფიქრალი არ არის. მრავალპარტიულობა დინამიკური პროცესია. ყველანი ვთანხმდებით, რომ ახალი ხელისუფლება აუცილებელია და ყველა პარტია ამას უნდა ესწრაფოდეს. ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიას ვუსურვებ დემოკრატიული პროცესების შედეგად ჩამოყალიბდნენ და გადაწყვეტილებაც ასე მიიღონ... ნიკა მელია ამ პარტიის თავმჯდომარე იყო და არის, მასთან საქმიანი და ცივილიზებული ურთიერთობა მქონდა და მაქვს, მერე რა იქნება, ვნახოთ. “ნაცმოძრაობა” არც ქვეყნის და არც ოპოზიციის გადარჩენის საუკეთესო საშუალება არ არის, ამისთვის “ლელოს” უფრო განვიხილავ”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადრეც ვამბობდით და იმედია, ახლა მაინც იღებენ ყურად - აუცილებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცხოელმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა შეაფასონ, რის საფუძველზეც სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რათა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერ სხვა ფორმატში განხილვა - პოლიტიკურ ჭრილში, რევანშისა და სამაგიეროს გადახდისთვის - მიუტევებელი შეცდომაა როგორც პოლიტიკურად, ისე ადამიანურად. გასაგებია, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ თემებთან, მაგრამ ადამიანური ფაქტორები, მისი სიცოცხლე ყველაფერზე მნიშვნელოვანია. სახელისუფლებო თუ ოპოზიციური წრეების, თავად სააკაშვილის პარტიის წევრების ქმედებაში ექსპრეზიდენტის მდგომარეობით პოლიტიკური საკითხების მოგვარების ცდა უფრო იგრძნობა, რაც ზნეობრივად მიუღებელია”, - დასძენს დავით უსუფაშვილი და შეკითხვაზე - “რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ თემით მისი თანაგუნდელებიც სპეკულირებენ?” - პასუხობს:

“ძალიან ხშირად ხან ერთი, მეორე თუ მეშვიდე მხრიდან გზავნილები ნამდვილად ტოვებს ასეთ შთაბეჭდილებას. ყველას ვურჩევდი, ორიენტირად სააკაშვილი კი არა, მისი ვაჟი, ზრდასრული, გონიერი, განათლებული და მართლაც ყველა თვალსაზრისით სამაგალითო ახალგაზრდა, ედუარდი გაიხადონ. მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა მისთვის მტკივნეული და დელიკატურია, საჯაროდ გააკეთა მხოლოდ სააკაშვილის გამო კი არა, საზოგადოდ, პოლიტიკური პროცესების ძალიან საღი ანალიზი. ხელისუფლებას, “ნაცმოძრაობის” წევრებსა და ყველა მოქალაქეს მოკრძალებით ვურჩევ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, იქნებ ედუარდ სააკაშვილს დავუჯეროთ, რა არის სწორი და მისაღები”...

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით