სალომე ზურაბიშვილი - მადლიერი ვართ, რადგან უკრაინის ბრძოლა რომ არა, ამგვარად არ იქნებოდა დაჩქარებული ჩვენი, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის გზა

მადლიერი ვართ, რადგან უკრაინის ბრძოლა რომ არა, ამგვარად არ იქნებოდა დაჩქარებული ჩვენი, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირის ინტეგრაციის გზა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში ვიზიტისას, პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა „და ეს ბევრს ნიშნავს“.

„საქართველოს ევროპული პერსპექტივა იმას ნიშნავს, რომ აღარ დარჩა ის ძველი ხედვის ნაშთი, რასაც ერქვა გეოგრაფიული მიდგომა, თითქოს იყო თუ არა საქართველო ევროპა. ეს დისკუსია დამთავრებულია და ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა.

შემდეგი ეტაპი არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რომელიც სამწუხაროდ ვერ მივიღეთ პირველ ეტაპზე უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. ამის მიზეზები სხვადასხვაგვარი იყო, მაგრამ ჩვენ ამას უნდა დავუბრუნდეთ. ვიცი, რომ შეგვიძლია ჩვენი მეგობარი პოლონეთის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს. მას შემდეგ, რაც დაწყებული არის ჩვენი გზა ევროპის ინტეგრაციისკენ, ჩვენ მივიღეთ პოლონეთის მხარდაჭერა ყველაფერში. ეს არის სურვილი ჩვენი მოსახლეობის 80%-ის და ეს მაჩვენებელი არ შეცვლილა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენ ამ გზაზე გავაგრძელებთ სვლას. ვიცით, რომ პოლონეთი შემდეგ დისკუსიებშიც მხარს დაგვიჭერს.

მინდა გამოვხატო საქართველოს მადლიერება იმისთვის, რომ არამხოლოდ ბოლო 30 წლის განმავლობაში, არამედ ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში პოლონეთი ყოველთვის იყო ჩვენი მხარდამჭერი, მაგალითად, 1921 წელს, როდესაც ჩვენი ოფიცრები სტამბოლიდან წამოიყვანა, და აქაურ კადეტთა სკოლაში მიიღო - ის ოფიცრები, რომლებიც გამოექცნენ იმდროინდელ რუსულ აგრესიას და ოკუპაციას. ეს არის ჩვენი ორი ქვეყნის დაუვიწყარი ისტორია და არის ის, რაც ნამდვილად ქმნის ჩვენს ერთიან წარსულს და დარწმუნებული ვარ, რომ ასევე ერთიან მომავალს ევროპაში.

პოლონეთი მუდამ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 2008 წელს ჩვენ გვერდით იდგა პოლონეთი და ძალიან სწორად შეაფასა იმდროინდელი საფრთხე მომავლისთვის, როდესაც არ მივიღეთ ის საერთაშორისო რეაგირება, რომელიც საჭირო იქნებოდა. დღეს პოლონეთი დგას ჩვენ გვერდით - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი არის პოლონელი და 22 პოლონელი დამკვირვებელი მონაწილეობს ამ მისიაში.

მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მადლიერება ამ ყველაფრისთვის და ჩვენი დიდი იმედი, რომ მომავალში, როდესაც ჩვენც ვიქნებით სრულყოფილი წევრი ამ გაერთიანების, რასაც ევროკავშირი ჰქვია, ჩვენც ვიქნებით პოლონეთის სანდო მეგობარი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო