ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ

უკრაინის ომის ფონზე რუსეთში არსებულ ვითარებაზე, ასევე იმაზე, უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე რამდენად დაწყებულია რუსეთის დეცენრალიზაციის პროცესი, ახლა რა ვითარებაა უკრაინაში, რატომ მოიცალა რუსეთის სათათბიროს დელეგაციამ სოხუმში ჩასასვლელად და როგორი ვითარებაა აფხაზეთში. ასევე იმაზე, სავარაუდოდ, რატომ მონაწილეობენ ქართველი მეომრები უკრაინის ომში, განსაკუთრებით აფხაზეთიდან დევნილები, „ინტერპრესნიუსი“ რონდელის ფონდის მკვლევარს, კონფლიქტოლოგ ბადრი ბელქანიას ესაუბრა.

- ბატონო ბადრი, 10 თვეა გრძელდება უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია, რომლის ფონზე მნიშვნელოვნად შეიცვალა მსოფლიო.

იმის ფონზე რომ უკრაინა თავგანწირვით იბრძვის აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე მოვლენები დრამატულადაც კი ვითარდება, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოქმედებს, რაც რუსეთის ეკონომიკაზე აისახება. რუსეთმა დაკარგა გაზის ევროპული ბაზარი და ჭირს იმაზე საუბარი იგი როდის დაიბრუნებს მას.

გარდა ამისა, ვხედავთ, რომ გუშინდელი დღიდან ძალაში შევიდა რუსულ ნავთობზე ზღვით იმპორტზე ემბარგო, რაც ასევე რთულ დღეში ჩააგდებს რუსეთის ნავთობის მოპოვების სფეროს.

დღე არ გავა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე არ აფეთქდეს არა მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომლიდანაც ფრინდებიან რუსული სამხედრო თვითმფრინავები, არამედ ხან ერთი ობიექტი იწვის, ხან მეორე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში შემცირებულია რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიის დაბომბვები, უკრაინა-რუსეთის ომს ბოლო არ უჩანს.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე სავარაუდოდ, როგორი ვითარებაა თავად რუსეთში? იგულისხმება საზოგადოების განწყობები, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ასე შემდეგ...

- რუსეთში საზოგადოებრივი განწყობების შესახებ სანდო სოციოლოგიური კვლევები ფაქტობრივად, აღარ არსებობს, რადგანაც მმართველმა ძალამ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრები ეტაპობრივად მოაშთო, უკრაინაში წამოწყებული ომის შემდეგ კი ამ მხრივ სახელმწიფო ზეწოლა უკიდურესობამდე გააძლიერა.

ქვეყანაში ობიექტური სოციოლოგიური კვლევების ჩატარებას ისიც უშლის ხელს, რომ რეჟიმისგან დაშინებულ მოსახლეობას საკუთარი გულწრფელი პოზიციის დაფიქსირების ეშინია, მნიშვნელოვანი ნაწილი კი გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარს ამბობს, რაც სრული სურათის ჩამოყალიბების საშუალებას არ იძლევა. ხელისუფლება დღითიდღე უფრო და უფრო მეტ ძალისხმევას დებს საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებასა და მის კვლევაში სრული ჰეგემონი იყოს, რასაც შესაბამისი პოლიტიკური, საკანონმდებლო და საინფორმაციო წნეხის საშუალებით ახერხებს.

თუმცა, მაინც არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც რუსეთში ამ საქმიანობას ეწევა. მათ შორის ყველაზე ცნობილი ალბათ „ლევადა-ცენტრია“, რომელსაც 2016 წლიდან „უცხო ქვეყნის აგენტის“ სტატუსი აქვს მინიჭებული, რაც სახელმწიფოდან ზეწოლის ერთ-ერთი ნიშანია.

ლევადა-ცენტრი“ რამდენჯერმე გამხდარა კრიტიკის ობიექტი დასავლურ აკადემიურ წრეებშიც, მათ შორის იმ მეთოდოლოგიის გამო, რომელსაც ეს კვლევითი ორგანიზაცია იყენებს და ასევე იმ ხალხის პროცენტული წილის არ გასაჯაროების გამო, რომელთაც გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარი თქვეს. სოციოლოგიაში ეს მდგენელი კვლევის შედეგების სანდოობის შეფასებაში მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება.

მიუხედავად ამისა, არჩევანის სიმწირის გათვალისწინებით, „ლევადა-ცენტრის“ საზოგადოებრივ კვლევებს მეტ-ნაკლებად ყურადღება მაინც ექცევა, - განსაკუთრებით, სხვა არსებული ორგანიზაციების ფონზე.

სწორედ „ლევადა-ცენტრის“ უახლესი, დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რუსეთში გასულ თვეებთან შედარებით, ფაქტობრივად, უცვლელია იმ ხალხის რაოდენობა, რომელიც „რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებებს უჭერს მხარს უკრაინაში“ - 42%-მდე. ასევე, დიდად არ შეცვლილა არც იმ ხალხის რაოდენობა, რომელთაც რუსეთის „სპეცოპერაციის“ მიმდინარეობა წარმატებული ჰგონია -54%.

დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რუსეთში გასულ თვეებთან შედარებით, ფაქტობრივად, უცვლელია იმ ხალხის რაოდენობა, რომელიცრუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებებს უჭერს მხარს უკრაინაში“ - 42%-მდე. ასევე, დიდად არ შეცვლილა არც იმ ხალხის რაოდენობა, რომელთაც რუსეთისსპეცოპერაციისმიმდინარეობა წარმატებული ჰგონია -54%

ეს მონაცემები, რა თქმა უნდა, ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, რომ რუსეთში ხელისუფლების წინააღმდეგ ხალხის უკმაყოფილება მკვეთრად იზრდება. თუმცა, როგორც ვთქვი, სოციოლოგიურ კვლევებს რუსეთში დიდი ფასი აღარ აქვს და მსგავსი საკითხებით დაინტერესებული ადამიანები, მათ შორის მკვლევრები, უფრო მეტად სხვა წყაროებს ვეყრდნობით.

მათ შორის კონკრეტულ საჯარო პირებს, რომლებიც ფლობენ ინფორმაციის ფართო სპექტრს (მათ შორის ინსაიდერულს), პოლიტიკურ მოვლენებისა და ტენდენციების ანალიზს, სოციალურ ქსელებზე პირად დაკვირვებას, რუსული პროპაგანდისტული გზავნილების დინამიკის შესწავლას, გადაწყვეტილების მიმღები პირების ქცევებსა და განცხადებებზე დაკვირვებას და ა.შ.

სწორედ ამ საკითხებზე დაკვირვებით, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ რუსული რეჟიმისთვის პოლიტიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, რადგანაც პუტინის ხელისუფლების ბედი მთლიანად არის მიბმული უკრაინაში მიმდინარე ომთან - სადაც, ცხადია, რომ რუსეთი მიახლოებითაც ვერ აღწევს იმ წარმატებას, რაც თავიდან იყო დასახული.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ რუსული რეჟიმისთვის პოლიტიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, რადგანაც პუტინის ხელისუფლების ბედი მთლიანად არის მიბმული უკრაინაში მიმდინარე ომთან - სადაც, ცხადია, რომ რუსეთი მიახლოებითაც ვერ აღწევს იმ წარმატებას, რაც თავიდან იყო დასახული

ამის ნიშანია, თუნდაც უკვე გაწელილი ომი, რომელიც, უახლოეს მომავალში ნამდვილად არ დასრულდება. ამის ნიშანია ასევე ხარკოვის მიმართულებით უკრაინის ძალიან წარმატებული სპეცოპერაცია, რომელსაც ერთგვარი შოკური ეფექტი ჰქონდა რუსეთზე. ამის ნიშანია რუსეთის ნაწილად საზეიმოდ გამოცხადებული ხერსონის დათმობა; ამის ნიშანია მობილიზაციის გამოცხადება, სამხედრო ძალების არასათანადო მომზადება და მომარაგება, მანამდე გმირებად გამოცხადებული გენერლების გადაყენება და გაშავება და მათ შორის ის სოციალ-ეკონომიკური ფაქტორებიც, რომელიც თქვენ კითხვაში ჩამოთვალეთ.

ცნობისთვის, ბოლო გადაწყვეტილებით, პუტინმა კანონით აკრძალა საპროტესტო აქციების გამართვა ისეთ ადგილებთან, როგორებიცაა სამთავრობო შენობები, უნივერსიტეტები, ეკლესიები და სხვა, რითაც საპროტესტო გამოსვლების ჩატარება კიდევ უფრო მეტად გაართულა.

ესეც ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ მას საზოგადოების პოტენციური საპროტესტო განწყობები აღელვებს და შესაძლო გართულებების თავიდან არიდებას ცდილობს.

ცხადია, თითოეული ეს მოვლენა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რუსეთის მოსახლეობაზე, განსაკუთრებით კი რეჟიმისა და უკრაინაში აგრესიული ომის მხარდამჭერებზე, რომელთა თვალწინ ინგრევა პუტინის საკვანძო მითი - თავისი პირადი და რუსეთის სამხედრო უძლეველობის შესახებ.

პროცესი მიმდინარეობს, თუმცა, ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს მითი ასე მოკლე დროში მთლიანად ჩამოინგრევა.

პროცესი მიმდინარეობს, თუმცა, ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს მითი ასე მოკლე დროში მთლიანად ჩამოინგრევა

- მიუხედავად იმისა, რომ პუტინის ხელისუფლება ვითარებას აკონტროლებს, დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ „რუსეთში დეცენტრალიზაციის პროცესი დაწყებულია“.

იმავე დამკვირვებელთა თქმით, ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ თავად რუსეთში „არავინ იცის როდის დასრულდება ომი, მათ შორის, არც პუტინმა“, რომელიც ცდილობს კიევთან მოლაპარაკებების დაწყებას. კიევის პოზიცია მარტივია - დატოვონ რუსებმა უკრაინის ტერიტორია და ომის დასრულდება. მაგრამ, ცხადია, რომ კრემლი ამგვარი ნაბიჯებზე წამსვლელი არაა.

ასეა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე ვითარება რთულია და კრემლს სულ უფრო უჭირს რეგიონების მართვა. ამის მაგალითები რომ მრავლადაა, ამასაც ვხედავთ მიუხედავად იმისა, რომ რუსული პროპაგანდა მომრავლებულ დიდ თუ პატარა ბუნტებს ეთნიკურად არარუსულ რეგიონებში, არა მარტო ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ სათათრეთში და სხვაგანაც გამართლებას უძებნის.

რამდენად შეესაბამება სინამდვილეს მოსაზრება, რომ უკრაინის ომის ფონზე რუსეთში დაწყებულია ქვეყნის დეცენტრალიზაციის პროცესი? გითხრათ სიმართლე, პირადად მე, ამგვარი მტკიცება ჯერ აშკარად გადაჭარბებულადაც კი მეჩვენება...

- მე ვიზიარებ იმ დამკვირვებლების პოზიციას, რომლებიც ფიქრობენ, რომ როდის დასრულდება ომი, ეს თავად პუტინმაც კი არ იცის. პუტინის, როგორც პოლიტიკური ფიგურის, მთელი არსი უკრაინის ომზე აღმოჩნდა მიბმული.

შეიძლება ითქვას, რომ ის საკუთარი თავისა და იმიჯის მსხვერპლიც არის, რადგანაც მთელი თავისი პოლიტიკური ცხოვრებითა და უშუალოდ ომის პირობებში მიღებული გადაწყვეტილებებითა და განცხადებებით, საკუთარ თავსვე მოუსპო უკან დახევის ყველანაირი შანსი. პუტინისთვის ომის გაგრძელება სამხედრო მარცხს ნიშნავს, ომზე უარის თქმა კი პოლიტიკურ მარცხს - ამ ორივე მარცხს კი, სავარაუდოდ, მისთვის ერთი, სავალალო დასასრული ექნება.

პუტინისთვის ომის გაგრძელება სამხედრო მარცხს ნიშნავს, ომზე უარის თქმა კი პოლიტიკურ მარცხს - ამ ორივე მარცხს კი, სავარაუდოდ, მისთვის ერთი, სავალალო დასასრული ექნება

სწორედ ამიტომ ცდილობს კრემლი მოლაპარაკებების თემის წინ წამოწევას, რადგანაც ომის დაწყების წინ დასახული მიზნების შესრულება უკვე არარეალურია. როგორ შეიძლება ქვეყნის ე.წ. „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“ იმ ხელისუფლებისა და გენერალიტეტის შეცვლისა და დასჯის გარეშე, რომელსაც „ნაცისტებს“ და „დამნაშავე რეჟიმს“ ეძახი?

ისევ რუსული გადმოსახედიდან რომ შევაფასოთ, როგორ იქნებოდა შესაძლებელი ნაცისტური გერმანიის „დენაციფიკაცია“, მაგალითად, ჰიტლერის, კეიტელის, ჰიმლერისა და სხვების ხელისუფლებაში დატოვებით?

ან როგორ შეიძლება უკრაინის დემილიტარიზაციაზე საუბარი, როდესაც კიევი იმაზე მეტად ზრდის სამხედრო პოტენციალს, ვიდრე ეს ომამდე გააჩნდა და იღებს შეიარაღების სახეობებს, რომლებიც მანამდე არასოდეს ჰქონია?

ძალიან რთული ჩანს ამ გადმოსახედიდან ასევე იმ უკრაინულ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება, რომლებიც რუსეთმა საკუთარ ნაწილად გამოაცხადა, მათ შორის ნაწილის დატოვება კი საკუთარ ტერიტორიად გამოცხადების შემდეგ მოუწია. შესაბამისად, ეს კრემლისთვის აბსოლუტურად ჩიხური ვითარებაა.

უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებზე უარის თქმა კი იმის ნიშანია, რომ კიევი იაზრებს - ამ ისტორიული პრობლემის საბოლოოდ გადასაჭრელად მომენტუმის დაკარგვა აღარ შეიძლება. რა თქმა უნდა, ამისთვის უკრაინას ჯერ კიდევ ძალიან მძიმე ბრძოლები და დიდი მსხვერპლის გაღება მოუწევს, გარანტირებული კი არაფერი არ არის.

უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებზე უარის თქმა კი იმის ნიშანია, რომ კიევი იაზრებს - ამ ისტორიული პრობლემის საბოლოოდ გადასაჭრელად მომენტუმის დაკარგვა აღარ შეიძლება. რა თქმა უნდა, ამისთვის უკრაინას ჯერ კიდევ ძალიან მძიმე ბრძოლები და დიდი მსხვერპლის გაღება მოუწევს, გარანტირებული კი არაფერი არ არის

რაც შეეხება რუსეთის დეცენტრალიზაციას, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევი მგონია. სიმართლეა, რომ, მაგალითად, თუნდაც ჩრდილოეთ კავკასიაში საინტერესო პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ ის ოპოზიციური ძალებიც, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიური რესპუბლიკების, მათ შორის ჩეჩნეთისა და დაღესტნის თავისუფლებისთვის აპირებენ ბრძოლას, ჯერ უკრაინაში არიან ჩართული სამხედრო მოქმედებებში რუსეთის წინააღმდეგ.

ისინი ხშირად აღნიშნავენ, რომ მათი მთავარი ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გამარჯვების შემდეგ დაიწყება და ასევე აანონსებენ გარკვეული იატაკქვეშეთის მოძრაობების დაარსებას უშუალოდ რეგიონებში.

საკმაოდ აქტიურობს ოპოზიციური სოციალური მედია, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიური Telegram და YouTube არხები, აქტიურობენ ცალკეული დევნილი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები, თუმცა ეს ყველაფერი ჯერჯერობით რუსეთის ფარგლებს მიღმა ხდება.

როგორც უკრაინის მხარეს მებრძოლი „შეიხ მანსურის ბატალიონის“ ლიდერი მუსლიმ ჩებერლოევსკი ამბობს, რუსეთთან ბრძოლის ხაზი, მათ შორის კავკასიელებისთვის, ახლა უკრაინის ფრონტზე გადის. შესაბამისად, მთელი კონცენტრაცია და ფოკუსი ახლა უკრაინაზეა და უშუალოდ რუსეთის დეცენტრალიზაციის პროცესებში ეს ძალები უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ჩაერთვებიან.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში წარმატების მისაღწევად მათ იმაზე მეტი ერთიანობა დასჭირდებათ, ვიდრე ახლა ვხედავთ. სამწუხაროდ, ამ ოპოზიციურ ძალებს შორისაც მიმდინარეობს შიდა გაურკვევლობები, რაც მხოლოდ კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს - მასხადოვისა და ზაკაევის ფლანგებს შორის უთანხმოებაც ამის ერთ-ერთი მაგალითია.

აღსანიშნავია, რომ რეგიონული ოპოზიციური ძალების, მათ შორის დევნილობაში მყოფი ჩრდილოეთ კავკასიელი პოლიტიკოსების, ბლოგერებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ ბრძოლას კრემლი და ადგილობრივი რეჟიმები უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებშიც აგრძელებენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ მხრივ მომდინარე საფრთხეს ისინი მძიმე ვითარებაშიც არ უგულებელყოფენ.

სწორედ ამას უკავშირდება სამწუხარო ცნობები უდავოდ ყველაზე ცნობილი და პოპულარული ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერის ტუმსო აბდურაჰმანოვის მკვლელობის შესახებ, რომელსაც „კადიროვის მთავარ კრიტიკოსს“ ეძახდნენ და რომლის არხებსაც სხვადასხვა სოციალურ ქსელში მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა.

მთელი კონცენტრაცია და ფოკუსი ახლა უკრაინაზეა და უშუალოდ რუსეთის დეცენტრალიზაციის პროცესებში ეს ძალები უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ჩაერთვებიან

მთლიანობაში, ცალკეული ფიგურების აქტივობა მნიშვნელოვანია, მაგრამ „დეცენტრალიზაციის“ პროცესში საბოლოო სიტყვა ხალხზე იქნება. რუსეთის რეგიონებში, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ კავკასიაში, დიდი ხანია არსებობს და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე კიდევ უფრო მეტად იზრდება უსამართლობის განცდა, რომ სახელმწიფოსგან სოციალური და ეკონომიკური სიკეთეების მიღების თვალსაზრისით ეს რეგიონები აუტსაიდერები არიან, ხოლო როდესაც საქმე ომში მებრძოლების გაგზავნაზე მიდგება, მათ ცენტრალურ ტერიტორიებთან შედარებით, არაპროპორციულად დიდი ადამიანური მსხვერპლის გაღება უწევთ.

სწორედ ამას უკავშირდება მობილიზაციის საწინააღმდეგო, რეგიონისთვის უჩვეულო დემონსტრაციები ჩრდილოეთ კავკასიაში, განსაკუთრებით კი დაღესტანში, სადაც კრემლისთვის ისეთი სახიფათო გზავნილები გავრცელდა, როგორებიცაა, მაგალითად, „ეს ჩვენი ომი არ არის“ და „რისთვის იხოცებიან ჩვენი ბიჭები“.

ეს ყველაფერი ჯერ ცენტრალური ხელისუფლებისთვის საშიშ ფორმებს ნამდვილად არ იღებს, მაგრამ მათ მტკიცე რეგიონულ პოლიტიკაზე გაჩენილ პატარა ბზარს ჰგავს. ამ რეგიონების მძიმე ისტორიული მემკვიდრეობისა და უკრაინაში მიმდინარე სამხედრო პროცესების გათვალისწინებით კი, ამ ბზარს გაღრმავების საგრძნობი შესაძლებლობები აქვს.

- უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ყოველ დღე უამრავ ინფორმაციას ვეცნობით. სამწუხაროდ, ორივე მხრიდან საინფორმაციო ნაკადი დიდი კია, მაგრამ აშკარად პროპაგანდას უფრო ჰგავს. ამით რომ რუსი პროპაგანდისტები აშკარად გამოირჩევიან, ეგეც ფაქტია.

თუმცა, ვხედავთ, რომ რაც მეტი დრო გადის, კრემლის პროპაგანდისტებს სულ მეტად უჭირთ პროპაგანდის წარმოება. ამის მიზეზი კი ბრძოლის ველზე უკრაინელების თავგანწირული ბრძოლაა.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა უკრაინის ფრონტებზე ხდება?

- რუსულ პროპაგანდისტულ არხებს თვალყურს აქტიურად ვადევნებ და გეთანხმებით, რომ რაც დრო გადის, მათთვის უფრო მეტად რთული ხდება გზავნილების წარმოება.

ჩვენ კარგად გვახსოვს სკაბეევას, სალავიოვის, სიმონიანის, ქეოსაიანისა და სხვათა საუბრები ომის დაწყებამდე, რომ კიევის აღებას რამდენიმე დღე დასჭირდებოდა და რუსეთის არმიის მიზანი არა კიევი, არამედ მეორე მსოფლიო ომის შედეგის გამეორება და ბერლინამდე ჩასვლა იყო.

ომის მიმდინარეობასთან ერთად, პროპაგანდისტების რიტორიკა მკვეთრად შეიცვალა და მათ თავადვე მოუწიათ იმის აღიარება, რომ ომი რუსეთისთვის იმაზე რთული და ხანგრძლივი გამოდგა, ვიდრე ელოდნენ. ამჟამინდელი გზავნილების ძირითადი ხაზი ისაა, რომ რუსეთი არა უკრაინას, არამედ ნატოს ებრძვის.

ომის მიმდინარეობასთან ერთად, პროპაგანდისტების რიტორიკა მკვეთრად შეიცვალა და მათ თავადვე მოუწიათ იმის აღიარება, რომ ომი რუსეთისთვის იმაზე რთული და ხანგრძლივი გამოდგა, ვიდრე ელოდნენ. ამჟამინდელი გზავნილების ძირითადი ხაზი ისაა, რომ რუსეთი არა უკრაინას, არამედ ნატოს ებრძვის

პროპაგანდისტები ასევე „მოუწოდებენ“ ხელისუფლებას, უფრო მკაცრ მეთოდებს მიმართოს და „ძალები სრულად გამოიყენოს“, რითაც ფონს ქმნიან, რომ თითქოს რუსეთი ჯერ სრული პოტენციალით არ იბრძვის.

პროპაგანდისტების მხრიდან კრიტიკის და გაშავების ობიექტია როგორც უკრაინა და უკრაინის ხელისუფლება, ასევე დასავლეთი და შიგადაშიგ რუსეთის ხელისუფლების ცალკეული უწყებებიც - მუდმივად ხელშეუხებელი რჩებიან მხოლოდ პუტინი და ამ ეტაპზე შოიგუ, სურავიკინი და მიშუსტინი. თუმცა, კარგად იგრძნობა, ზემოდან მოსული მითითების შემთხვევაში, პუტინის გარდა ნებისმიერი ფიგურის გასაწირად არსებობს მზაობა.

თუმცა, კარგად იგრძნობა, ზემოდან მოსული მითითების შემთხვევაში, პუტინის გარდა ნებისმიერი ფიგურის გასაწირად არსებობს მზაობა

რუსეთის პროპაგანდისტულ მანქანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე პასუხისმგებელი, ძირითადად, ფრონტის ხაზია, სადაც რუსეთი ვერ აღწევს წარმატებას. ამ მომენტისთვის განსაკუთრებული ბრძოლები ბახმუტთან მიმდინარეობს, რომელიც სულ რაღაც 70 ათასიანი ქალაქია - არც ისე დიდი უკრაინული მასშტაბებისთვის.

უკვე რამდენიმე თვეა რუსული სამხედრო ფორმირებების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ქალაქის აღებას ცდილობს, თუმცა წარუმატებლად. მათი დანაკარგი იმდენად დიდია, რომ ბახმუტის აღების შემთხვევაშიც კი სუფთა სამხედრო თვალსაზრისით ეს წარმატებად რთულია ჩაითვალოს.

უკვე რამდენიმე თვეა რუსული სამხედრო ფორმირებების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ქალაქის აღებას ცდილობს, თუმცა წარუმატებლად. მათი დანაკარგი იმდენად დიდია, რომ ბახმუტის აღების შემთხვევაშიც კი სუფთა სამხედრო თვალსაზრისით ეს წარმატებად რთულია ჩაითვალოს

რუსეთი ამ მიმართულებით შეტევას მაინც არ შეწყვეტს, რადგანაც რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, რომელიმე ქალაქის აღების სახით, მორალურ და პოლიტიკურ წახალისებას საჭიროებს.

- მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის პოზიცია უკრაინა-რუსეთის ომში აშკარად კონსოლიდირებულია უკრაინის სასარგებლოდ, როგორც გაირკვა, ვაშინგტონში საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის ვიზიტი შემთხვევითი სულაც არ ყოფილა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა საუბარი დაიწყო უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების აუცილებლობაზე. გერმანიის კანცლერი შოლციც ესაუბრა ტელეფონით პრეზიდენტ პუტინს, მაგრამ როგორც ვიცით, მან ამ საუბრისას კიდევ ერთხელ გაუმეორა პრეზიდენტ პუტინს, რომ გერმანია კვლავაც გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.

უკრაინის ფრონტებზე არსებული ვითარების გათვალისწინებით რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები დაიწყოს?

- დასავლეთში არსებობს ძალები, რომელთაც დროდადრო ისევ უჩნდებათ სურვილი მიახლოებით ომამდელი სტატუს-კვო დააბრუნონ და რუსეთთან „business as usual“ რეჟიმში დაბრუნდნენ.

თუმცა, ფრონტზე ამჟამად არსებული ვითარებისა და უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებების მიხედვით, კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების პერსპექტივა არ არსებობს. უკრაინა სამხედრო ძალით აპირებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და როგორც ჩანს, ეს მოსაზრება საზოგადოებრივ დისკურსშიც ღრმად არის ფესვგადგმული.

უკრაინა სამხედრო ძალით აპირებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და როგორც ჩანს, ეს მოსაზრება საზოგადოებრივ დისკურსშიც ღრმად არის ფესვგადგმული

- უკრაინის ომის მიუხედავად რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთისთვის იცლის. გასულ კვირას სოხუმში ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის სათათბიროს სპიკერი ვოლოდინი.

გითხრათ სიმართლე, ეს ვიზიტი არ გამკვირვებია, რადგან დღეის მონაცემებით ძნელად თუ მოიძებნება ქვეყანა, რომელშიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დელეგაციას აქვს შესაძლებლობა ჩავიდეს.

ვიცით, რომ ვოლოდინის ვიზიტს აფხაზეთში წინ უძღოდა აფხაზეთში დიდი ვნებათაღელვა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, იმის გამო რომ ენგურჰესზე წყლის დონე მნიშვნელოვნად დაწეულია, აფხაზეთს ახლა დიდი პრობლემები აქვს მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის მიწოდებაში.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორი ვითარებაა დღეისათვის აფხაზეთში და სავარაუდოდ, რა შედეგით დასრულდა აფხაზეთში რუსეთის სათათბიროს დელეგაციის ვიზიტი?

- სწორად აღნიშნეთ, რომ აფხაზეთში ბიჭვინთის თემასთან დაკავშირებით დიდი ვნებათაღელვაა და ამას თან გაღრმავებული ენერგოკრიზისი ერთვის. შეიძლება ითქვას, რომ აფხაზური საზოგადოება ამ მომენტისთვის სწორედ ბიჭვინთისა და ელექტროენერგიის საკითხებს შორის ცხოვრობს და არც იმის პერსპექტივა ჩანს, რომ ამ ორი საკითხიდან რომელიმე მაინც მოსახლეობის სურვილების მიხედვით გადაწყდება.

ბიჭვინთის გადაცემის კანონპროექტი ე.წ. პარლამენტის რატიფიცირებისთვის უკვე მზად არის და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ ე.წ. დეპუტატებმა, ვითარებას უფრო მეტად დაამძიმებს. თუ ისინი ამ კანონპროექტს მიიღებენ, მოსალოდნელია აფხაზური საზოგადოების საპროტესტო ტალღა, რომელიც ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას ეწინააღმდეგება - ამ მომენტს ელოდება ოპოზიციაც.

თუ ეს კანონპროექტი ვერ გავიდა, ამან სოხუმს შეიძლება მკვეთრად გაუფუჭოს ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც მისი ერთადერთი რეალური მხარდამჭერია მსოფლიო რუკაზე.

ბიჭვინთის გადაცემის კანონპროექტი .. პარლამენტის რატიფიცირებისთვის უკვე მზად არის და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ .. დეპუტატებმა, ვითარებას უფრო მეტად დაამძიმებს

მეორე მხრივ, საზოგადოებას ძალიან აღელვებს ენერგოკრიზისი, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე პირდაპირ აისახება - ელექტროენერგიაზე არის მიბმული წყალიც და გათბობაც, რადგანაც რეგიონს ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება.

7 დეკემბრიდან აფხაზეთს დენი ისევ გრაფიკით ექნება, რადგანაც რეგიონი იმაზე მეტს მოიხმარს, ვიდრე ენგურჰესი გამოიმუშავებს. ასევე აღსანიშნია, რომ პრობლემა გაცილებით სიღრმისეულია - აფხაზეთის ენერგოინფრასტრუქტურას სჭირდება რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულების რეკონსტრუქცია, რისი საშუალებაც სოხუმს არ გააჩნია.

აფხაზური საზოგადოება ეწინააღმდეგება სტრატეგიული ობიექტების კერძო პირებზე გასხვისებას, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ მხრივაც დათმობაზე მოუწევს წასვლა. როგორც მათი დე-ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია აღნიშნავს, რუსული კერძო ინვესტიციის გარეშე ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია.

სწორედ ამისკენ მოუწოდებს აფხაზეთს რუსული მხარეც, რომელიც, დიდი ხანია, ცდილობს რეგიონს მოქალაქეობის გაცემა, მიწის გასხვისება, სტრატეგიული ობიექტების პრივატიზაცია და სხვა მისთვის მნიშვნელოვანი თემები დაათმობინოს. ვოლოდინის ვიზიტიც შეიძლება ამის ნაწილი იყოს.

სწორედ ამისკენ მოუწოდებს აფხაზეთს რუსული მხარეც, რომელიც, დიდი ხანია, ცდილობს რეგიონს მოქალაქეობის გაცემა, მიწის გასხვისება, სტრატეგიული ობიექტების პრივატიზაცია და სხვა მისთვის მნიშვნელოვანი თემები დაათმობინოს. ვოლოდინის ვიზიტიც შეიძლება ამის ნაწილი იყოს

2020 წელს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთს შორის გაფორმებული ე.წ. „საკანონმდებლო ჰარმონიზაციის“ დოკუმენტიც ამისკენ არის მიმართული. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ აფხაზური საზოგადოების გარკვეულ პრინციპებთან წინააღმდეგობაშია, მაგრამ, მეორე მხრივ, აფხაზეთს სხვა მხარდამჭერი საერთაშორისო არენაზე არ ჰყავს.

ეს აფხაზურ საზოგადოებაში ქმნის ერთგვარი დაბნეულობისა და ნიჰილიზმის განცდას, რადგანაც მოვლენების ნებისმიერი შესაძლო განვითარება მათ არასახარბიელოდ ეჩვენებათ.

უკრაინაში მიმდინარე ომმა, სადაც სოციალურ ქსელებში კარგად გაცნობიერებული აფხაზური საზოგადოებისთვისაც კი ნათლად გამოჩნდა რუსეთის აგრესიის მასშტაბები, ეს გაურკვევლობის განცდა კიდევ უფრო მეტად გააღრმავა.

რეგიონში ბევრისთვის ისიც გახდა ნათელი, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, „აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხი“ რუსეთის ზოგად აგრესიულ საგარეო პოლიტიკას კიდევ უფრო მეტად შეერწყა და ამით ისედაც მყიფე აღიარების პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად გართულდა. სწორედ ეს არის რეგიონში უპერსპექტივობის განცდის გაღრმავების მიზეზთა ნაწილი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზეაფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხიკიდევ უფრო მეტად გართულდა, სწორედ ეს არის რეგიონში უპერსპექტივობის განცდის გაღრმავების მიზეზთა ნაწილი

- ცნობილია, რომ უკრაინა-რუსეთის ომში რუსეთის მხარეს ერთი აფხაზური და ერთი სამხრეთ ოსური ბატალიონებიც იბრძვიან. აფხაზურ ბატალიონში უკვე არის ორი დაღუპული და რამდენიმე მძიმედ დაჭრილი. დაახლოებით ასეთივე მდგომარეობაა სამხრეთ ოსურ ბატალიონში.

ფაქტია, რომ უკრაინა-რუსეთის ომში უკრაინის მხარეს აქტიურად იბრძვიან ქართველებიც. სამწუხაროდ, უკვე 33 ქართველი მებრძოლია დაღუპული ამ ომში.

ფაქტია, რომ უკრაინის ომში ბევრი აფხაზეთიდან დევნილებიც მონაწილეობენ. უკრაინის ფრონტებზე დაღუპულ ქართველთა შორის მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია. ორი დღეა უკრაინის გულშემატკივარი ქართული საზოგადოება გლოვობს მათ დაღუპვას და ელოდება დაღუპულთა სამშობლოში ჩამოსვენებას.

ცალკე საუბრის თემაა, მათ მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება, მაგრამ, როგორადაც არ უნდა იყოს, ფაქტი ფაქტად რჩება - უკრაინა-რუსეთის ომში ქართველები მონაწილეობენ, თან ისეთივე თავგანწირვით, როგორც უკრაინელი მათი თანამებრძოლები.

თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინა-რუსეთის ომში ზოგადად ქართველი მეომრების, განსაკუთრებით კი აფხაზეთიდან დევნილი მეომრების მონაწილეობას და თქვენი აზრით, სავარაუდოდ ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?

- როგორც თავად აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლები აღნიშნავენ, მათთვის უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა იმ ომის გაგრძელებაა, რომელიც ჯერ კიდევ 90-იან წლებში საქართველოში დაიწყო.

დღეს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ არამხოლოდ ქართველები, არამედ სხვა იმ ერების წარმომადგენლებიც იბრძვიან, რომელთაც საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი რუსული აგრესია. გარდა უკრაინის მიმართ სოლიდარობისა, მათთვის რუსეთის მარცხი ამ ომში ერთგვარი შესაძლებლობაც არის, ამით საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ.

აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემი სამძიმარი გამოვთქვა უკრაინაში დაღუპული თითოეული ქართველის ოჯახებისა და ახლობლების მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ მათი მსხვერპლი აუცილებლად გამოიღებს საბოლოო და შეუქცევად შედეგს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს