„ნიკორამ“ 35 მლნ ლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა - კომპანია მიღებული ფინანსური რესურსის გამოყენების შესახებ

სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3-წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა. აღნიშნული ობლიგაციების ტრანზაქცია „ნიკორა ჯგუფის“ რიგით მე-6 წარმატებული განთავსებაა ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე, საიდანაც ოთხი უკვე წარმატებით ჩაიხურა და ორი დადგენილ გრაფიკს მიყვება. ჯამურად, 2016 წლიდან, „ნიკორა ჯგუფს“ ლარში, 123 მილიონი ლარის ოდენობის, ხოლო დოლარში, 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციები აქვს გამოშვებული.

უკანასკნელ ემისიაში ინვესტიცია საპენსიო სააგენტომ განახორციელა, რაც მის მიერ შეძენილი პირველი ადგილობრივი კორპორაციული ფასიანი ქაღალდებია.

წლების წინ „ნიკორა“ პირველი კომპანია იყო, რომელმაც TIBR-ზე მიბმული ობლიგაციები განათავსა. ამჯერად კი პირველი კომპანიაა, რომლის ობლიგაციების ლისტინგი ერთდროულად, ორი კომპანიის - თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის დახმარებით განხორციელდა.

სს „ნიკორას“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბოქოლიშვილი ობლიგაციების განთავსებასა და მიღებული ფინანსური რესურსის გამოყენების გეგმებზე დეტალურად გვესაუბრება.

35 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები წარმატებით განთავსდა. მოგვიყევით ლისტინგის დეტალები.

ობლიგაციები ეროვნულ ვალუტაში განთავსდა, რაც საშუალებას გვაძლევს, თავიდან იქნეს არიდებული სავალუტო რისკები. ობლიგაციები ნომინალური ღირებულების 100%-ით, სრულად განთავსდა. მათი წლიური საპროცენტო განაკვეთი კი თბილისის ბანკთაშორის 3-თვიან საპროცენტო განაკვეთს (TIBR3M) დამატებული 3.5%-ით განისაზღვრა.

აღნიშნული ობლიგაციების ტრანზაქცია „ნიკორა ჯგუფის“ რიგით მე-6 წარმატებული განთავსებაა ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე. ობლიგაციების მიმართ, ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან, მაღალი ინტერესი დაფიქსირდა, განთავსება კი მოკლე დროში დასრულდა. ლარის სხვა საჯარო ობლიგაციების მსგავსად, ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკში იქნება დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციულ ბანკებს ლარის დამატებითი რესურსის ხელმისაწვდომ ფასში მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.

რატომ არის მნიშვნელოვანი დიდი მოცულობის ობლიგაციების განთავსება კომპანიისთვის?

წლებია, „ნიკორა“ პარტნიორებთან ერთად, აქტიურად მუშაობს ფინანსური რესურსების მოზიდვის დივერსიფიცირებული წყაროების განვითარებაზე და წარმატებით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებს. ყოველ ჯერზე დაინტერესება ძალიან მაღალია. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ პირველ ჯერზე 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციები გამოვუშვით, ახლა კი - 35 მილიონი ლარის. ფასიანი ქაღალდების გამოშვება საშუალებას გვაძლევს მოზიდული რესურსი ისევ კომპანიის განვითარებას მოვახმაროთ, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს ჩართულობისა და წარმატებული საქმიანობისთვის.

როგორ გამოიყენებს „ნიკორა“ მიღებულ ფინანსებს?

ობლიგაციების განთავსების შედეგად მიღებულ სახსრებს არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისთვის და კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმების დასაფინანსებლად გამოვიყენებთ.

ახალ წარმოებაში ჩადებული ინვესტიცია საკმაოდ მასშტაბურია და ის 30 მილიონ ლარს უტოლდება. საწარმო 6 000 კვ.მ. ფართზე განთავსდება. ეს იქნება არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის ყველაზე მაღალი დონის და მაღალტექნოლოგიური საწარმო. შედეგად, წარმოების მასშტაბი მინიმუმ 40%-ით გაიზრდება. დაგეგმილია ახალი და განსხვავებული პროდუქტების წარმოება, რის საშუალებასაც ჩვენი დღევანდელი საწარმო არ იძლევა. გაიზრდება დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც.

სს „ნიკორამ“ საკრედიტო რეიტინგი Scope Ratings-ისგან მიიღო და ის BB- დონით განისაზღვრა. რა როლი ითამაშა რეიტინგმა ობლიგაციების განთავსებაში?

დიახ, „ნიკორა“ საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის მფლობელია (BB- სტაბილური პერსპექტივით), რაც კომპანიის საუკეთესო შეფასებაა, როგორც სანდოობის, ასევე ფინანსური გამჭირვალობის კუთხით. ჩვენ უკვე 6 წელია, მონიჭებული გვაქვს საერთაშორისო რეიტინგი, რომელიც წლიდან წლამდე უმჯობესდება. ჩვენი ამჟამინდელი რეიტინგი ქვეყნისას უტოლდება. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, დიდ როლს თამაშობს ჩვენი ობლიგაციებით დაინტერესებაში. ამის დასტურია, რომ პირველად საქართველოში, საპენსიო სააგენტომ, სწორედ „ნიკორას“ ობლიგაციებში განახორციელა ინვესტიცია. ეს ჩვენი კომპანიისადმი დიდი ნდობას ადასტურებს.

ზოგადად, საერთაშორისო რეიტინგი აუცილებელია, რომ ლარში ობლიგაციების გამოშვება მოახდინო და ბანკებსა თუ სხვა ორგანიზაციებს უფლება ჰქონდეთ, შენი ობლიგაციები იყიდონ.

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ობლიგაციებში ინვესტიცია ფინანსური ორგანიზაციების გარდა საპენსიო სააგენტომაც განახორციელა?

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპენსიო ფონდის თანხები არა მხოლოდ საბანკო დეპოზიტებზე იდოს, არამედ ფასიან ქაღალდებშიც იყოს განთავსებული. ეს დამატებითი სახსრების მოძიების საშუალებას იძლევა. ჩვენ წლების განმავლობაში გამჭვირვალე და სტაბილურად განვითარებადი კომპანია ვართ და ალბათ სწორედ ამიტომ დაინტერესდა საპენსიო სააგენტო ჩვენს ობლიგაციებში ინვესტირებით.

რაც მეტი კომპანია გაჩნდება, რომლის ქაღალდების მიმართაც იქნება მსგავსი ნდობა, მით უფრო სწრაფად განვითარდება საფონდო ბირჟა და ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზარი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა