ანა ნაცვლიშვილი - იუსტიციის მინისტრი, დეპუტატები, პარტიის თავმჯდომარე ვერ აიცილებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, თუ სააკაშვილთან დაკავშირებით მძიმე შედეგები დადგება

ვერც იუსტიციის მინისტრი, ვერც დეპუტატები, ვერც პარტიის თავმჯდომარე ვერ აიცილებენ პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით პოლიტიკურს, თუ შედეგები დადგება მძიმე, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც მან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეაფასა.

ნაცვლიშვილის შეფასებით, პოლიტიკური თვალსაზრისითაც სწორი იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილი უცხოურ კლინიკაში გადაიყვანო, რათა „დასრულდეს ეს ცინიზმი და უგულებელყოფა“.

„შესაძლოა, მიზნად ჰქონდეთ, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა აირიდონ მძიმე შედეგებიდან, მაგრამ ეს არ გამოვა - არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად, რადგან ისინი არიან ფორმალურად გადაწყვეტილების მიმღები პირები. ვერც იუსტიციის მინისტრი, ვერც დეპუტატები, ვერც პარტიის თავმჯდომარე ვერ აიცილებენ პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით პოლიტიკურს, თუ მძიმე შედეგები დადგება და რამდენადაც ექიმები გვეუბნებიან, თუ ასე გაგრძელდა, არ მოხდა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, ამისგან დიდი მანძილი არ გვაშორებს. პოლიტიკური თვალსაზრისითაც სწორია, რომ მოხდეს მისი გადაყვანა და დასრულდეს ეს ცინიზმი და უგულებელყოფა.

ამ საკითხის ჰუმანიტარული და ჯანმრთელობის ასპექტი ვერ გადაწყდება საქართველოში. რაც უფრო მეტი დრო გავიდა, კიდევ უფრო მეტი უნდობლობა გამოიწვია ამ პროცესმა. საერთაშორისო სამედიცინო კონსილიუმი უნდა იყოს მოწვეული და მისი დასკვნის საფუძველზე უნდა გადაწყდეს გადაყვანა რომელიმე საერთაშორისო კლინიკაში.

რაც აქამდე მოვისმინეთ ძალიან კვალიფიციური სამედიცინო დარგის სპეციალისტებისგან არის ის, რომ ქართულ სამედიცინო სისტემას ამ ტიპის პაციენტის მკურნალობა არ შეუძლია. არ მაქვს არანაირი საფუძველი ეჭვი შევიტანო ამ ადამიანების გულწრფელობაში, ან კომპეტენციაში. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ არ გვინახავს ამის რაიმე ალტერნატიული რაიმე ტიპის დასკვნა - მაგალითად, დასკვნა „ვივამედის“ ან პენიტენციური სისტემის მხრიდან, სადაც იქნებოდა დაწერილი, რომ ამ პაციენტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ის არ არის მძიმე მდგომარეობაში და კონკრეტული სახელის და გვარის ხელის მოწერა, თუ ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ხვალ არ გახდება უკიდურესად მძიმე“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, დეპუტატის თქმით, თუ სახელმწიფო არ დაასაბუთებს, რომ სააკაშვილს საფრთხე არ ემუქრება, მაშინ ეს საკითხი საზოგადოების სამსჯავროზე გამოდის.

„რაც ჩვენ გვესმის ექიმების მხრიდან, ეს აჩვენებს, რომ ქართულ სივრცეში მისი დარჩენის შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა ვერ ამბობს, რომ შეუძლია მისი მკურნალობა - ამის საპირწონედ სახელმწიფოს არ წარმოუდგენია რაიმე სახის დასკვნა, რომელშიც აღწერილი იქნებოდა, თუ რატომ დამძიმდა მისი მდგომარეობა, რატომ აქვს ნეგატიური დინამიკა და ვერავინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში არ მივალთ ფატალურ შემთხვევამდე. სასამართლო ამიტომ არის მნიშვნელოვანი - მე არ ველოდები, რომ მოსამართლე იქნება ის, ვინც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა სასამართლო მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მას დაესწრებიან ადამიანები, გადაიცემა ეთერში და ყველასთვის იქნება ნათელი და გასაგები. თუ სახელმწიფო არ დაასაბუთებს, რომ სააკაშვილს საფრთხე არ ემუქრება, ანუ სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფი პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მაშინ ეს საკითხი საზოგადოების სამსჯავროზე გამოდის.

წმინდა სამართლებრივად რომ შევხედოთ, თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს პატიმარს, ამაზე პასუხისმგებლობა ყველგან და ყოველთვის აქვს სახელმწიფოს, რადგან პატიმარი, თავისუფალი ადამიანისგან განსხვავებით არის სრულად სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ. თვითდაზიანებასაც რომ იყენებს პატიმარი, ესეც სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა სამართლებრივად, რადგან სახელმწიფო უნდა იცავდეს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო