ქალაქ ლანჩხუთის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში, ქალაქ ლანჩხუთის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა.
ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხელშეკრულებას ხელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „საბას“ დირექტორმა, არჩილ ხაბურძანიამ მოაწერეს.
„პროექტის მიხედვით, ქალაქ ლანჩხუთის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, ახალი ჭაბურღილები და სატუმბო სადგური მოეწყობა. რეაბილიტირდება არსებული საქლორატორო. გარდა ამისა, დანაკარგების აღმოფხვრის მიზნით, 22კმ-მდე წყალმომარაგების ქსელი და 11,5 კმ მაგისტრალური მილი მოეწყობა. დამატებით რეაბილიტირდება 1,5 კმ-მდე არსებული მაგისტრალური მილი.
სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 36 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
პროექტის დასრულების შედეგად, ქალაქ ლანჩხუთის მოსახლეობა, 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
























