ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2022

სანდრო თვალჭრელიძე - "ქართველ მებრძოლებს მთავრობა განიხილავს მომავლის ოპონენტურ პოლიტიკურ ძალად, რომლისაც ეშინიათ. ჰოდა, ადგნენ და აგინებენ...”

რუსებმა შეგვაქეს და კიდევ ერთხელ დაგვპირდნენ ავიამიმოსვლის აღდგენას - “ამგვარ საკენკზე არ უნდა წამოვეგოთ”

რატი ამაღლობელი - “აუცილებლად აივსება მოთმინების ფიალა”

გაეხსნა თუ არა ხელ-ფეხი უკრაინას - გაუქმებული შეზღუდვა და სისხლისმღვრელი ბრძოლა ბახმუტისთვის

თენგიზ ფხალაძე - როგორია ქართულ-უკრაინული ურთიერთობის ძველ კალაპოტში დაბრუნების შანსი და პერსპექტივა

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - "ქართველ მებრძოლებს მთავრობა განიხილავს მომავლის ოპონენტურ პოლიტიკურ ძალად, რომლისაც ეშინიათ. ჰოდა, ადგნენ და აგინებენ...”

“სტოლტენბერგის გარდა, მსგავსი რამ ჯერ არც ერთი დიდი ქვეყნის ლიდერს არ უთქვამს, არც ბაიდენს, არც შოლცსა და არც მაკრონს, რომელიც, როგორც წესი, ყველაზე შეშფოთებულია ხოლმე - სამხედრო ექსპერტი არა ვარ და შეიძლება მიამიტურად ვაფასებ ვითარებას, მაგრამ ნატო-რუსეთის ომი ვერ წარმომიდგენია უპირველესად რუსეთის გამო, მიმაჩნია, რომ ამის ყველაზე მეტად პუტინის რეჟიმს ეშინია. ოფიციალური მოსკოვის ბირთვული რიტორიკა ამჯერად შეჩერებულია, აშკარაა, რომ რაღაცებს უწევენ ანგარიშს. ნატო-რუსეთის ომი ნიშნავს, რომ რუსეთი აღარ იარსებებს. მეეჭვება, ამაზე წავიდნენ თეთრი სახლი და კრემლი”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დაიწყება თუ არა ომი ნატოსა და რუსეთს შორის?!

“ღარიბაშვილისგან ახალი არაფერი მოგვისმენია. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ აკეთებენ ასეთ ფრთხილ განცხადებებს, არ ვიცი, რა ჰგონიათ, თუ მშვიდობის ნაცვლად გამარჯვებას უსურვებენ უკრაინას, რუსეთი ომს გამოგვიცხადებს? მშვიდობა უკრაინაში მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის დამარცხების შემდეგ შეიძლება დამყარდეს, ასე რომ, გამარჯვებას ახსენებენ თუ არა, ეს მათ ნათქვამში მაინც იგულისხმება. ყველაზე არასწორი განცხადებები ჩვენმა პრემიერმა უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრების შესახებ გააკეთა. ეს იყო ყოვლად მიუღებელი პოზიცია, რასაც მოჰყვა კიდეც ჩვენი საზოგადოების ძალიან მძიმე რეაქცია. ღარიბაშვილს ამოჩემებული აქვს, საქართველო არ ჩაერევა კონფლიქტშიო, და რაც უნდა, იმას ლაპარაკობს, აქაოდა, მე ვარ და ჩემი ნაბადიო. ამგვარი ეროვნული ეგოიზმი აძლევს საშუალებას გადაიტანოს მთელი პოლიტიკური პროცესი კონკრეტულ დისკურსში და აქციოს ფსევდოსამყაროდ. ამისთვის “ქართულ ოცნებას” ორი თემა აქვს: ერთი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მეორე - უკრაინასთან დამოკიდებულება, სხვა უმნიშვნელოვანესი პრობლემები ამ თემების გააქტიურებით იჩქმალება, რითაც ხელისუფლება კარგად ხეირობს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“საქმე ისაა, რომ ღარიბაშვილი და ეს ხელისუფლება არ ფიქრობენ უკრაინაზე, ისინი ფიქრობენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ძალაუფლების შენარჩუნებაზე. ომის პირველ დღეებში თითქოს ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდეს და ესეც ჩვენი საზოგადოების დიდი აქტიურობის გამოძახილი იყო. ახლაც, ჩემი აზრით, საზოგადოების განწყობამ იმოქმედა. ისე კი, იმ უდიდესი დახმარების ფონზე, რასაც მთელი მსოფლიო უწევს უკრაინას, ჩვენი ხელისუფლება გაგზავნის თუ არა გენერატორებს, დიდი მნიშვნელობა არც ექნებოდა, რომ არა პოლიტიკური კონტექსტი და ჩვენი სტრატეგიული მეგობრობა ამ ქვეყანასთან... სამწუხაროდ, ეს ახასიათებს ყველა იმ ხელისუფლებას, რომლებიც ძალაუფლებას ორჯერ მეტი ვადით ინარჩუნებენ. სწორედ ამის მერე ჩნდება ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის უზარმაზარი ბზარი. მთავრობა უკვე ვეღარ გრძნობს და ხედავს, რით ცხოვრობს ხალხი. ისინი იჯერებენ, რომ ძალიან მაგრები არიან და მთელმა ქვეყანამ მათი შეთავაზებული დღის წესრიგით უნდა იცხოვროს. ეს მოუვიდა შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებებს და "ქართულ ოცნებასაც" იგივე სჭირს. არ იციან და არც აინტერესებთ, თუ რით ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“სამწუხაროდ, ამაში გარკვეულწილად წვლილი მიუძღვის მასმედიასაც, რომელმაც ერთგვარი ფსევდოსამყარო შექმნა და ისე წარმოაჩენს ვითარებას, თითქოს მხოლოდ პოლიტიკაა ჩვენი ინტერესის საგანი, არადა, საზოგადოებას აქვს სულ სხვა ინტერესები. კიდევ კარგი, გაჩნდა სოციალური მედია, სადაც ხალხი თავის ფიქრებს უზიარებს ერთმანეთს. ეს რომ არ ყოფილიყო, იგივე იქნებოდა, რაც შევარდნაძის დროს იყო - ერთ მხარეს საზოგადოება, მეორე მხარეს კი მთავრობა. დღეს ზოგჯერ სწორედ სოციალური მედიის წყალობით მისწვდება ხოლმე ხელისუფლის ყურს პოლიტიკის გარდა სხვა მნიშვნელოვანი თემებიც. როგორც წესი, ამგვარი დამოკიდებულება ხელისუფლებებისთვის კრახით მთავრდება ხოლმე”, - თვლის ექსპერტი.

“ქართული ლეგიონი” ამ ხელისუფლებისადმი მკვეთრად კრიტიკულად განწყობილი პირებისგან შეიქმნა. სამწუხაროდ, მათთვის ვერ მოინახა ადგილი ქართულ ჯარში და იძულებულები გახდნენ საკუთარი შესაძლებლობების, მრწამსისა და მისწრაფებების რეალიზაცია უკრაინაში ეძებნათ. ეს ვაჟკაცი მეომრები დღეს უკრაინაში საქართველოსთვისაც იბრძვიან. შესაბამისად, მათი იმიჯი და რეიტინგი ჩვენს საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო იზრდება. დიდი ალბათობით, ჩვენი მთავრობა სწორედ ამიტომ განიხილავს მათ მომავლის ოპონენტ პოლიტიკურ ძალად, რომლისაც ეშინიათ. ჰოდა, ადგნენ და აგინებენ, ვისიც ეშინიათ. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც არასწორად იქცევიან - ჯობს სულ არაფერი თქვან, ვიდრე ამგვარი, მათთვისვე დამაზიანებელი განცხადებები გააკეთონ. არა მგონია, ვინმემ გაბედოს და რომელიმე მათგანს მოქალაქეობა ჩამოართვას. მე არ მქონია საშუალება ჩვენი დაღუპული მებრძოლების ახლობლებისთვის საჯაროდ მეთქვა სამძიმარი. ძალიან განვიცდი, ნებისმიერი ქართველის დაღუპვა ჩემთვის პირადი ტრაგედიაა, მით უფრო მათი, ვინც თავი შესწირეს ბოროტებასთან ბრძოლას. უკრაინა და ეს ბიჭები ებრძვიან დრაკონს და ეს ბრძოლა ძალიან მძიმეა”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მაქვს განცდა, რომ ლამის მთელი წელია მართლაც მიდის ვაჭრობა. დიდი ალბათობით, ეს პროცესი ძალიან კონფიდენციალურია და სხვადასხვა დონეზე მიმდინარეობს. ვნახოთ, რას გადაწყვეტს სასამართლო. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენი დასავლელი პარტნიორები ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ. პირადად მე არ მახსენდება, რომ რომელიმე ქვეყნის ამგვარი დონის პატიმარი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაეთავისუფლებინოთ და უცხოეთში წაეყვანოთ სამკურნალოდ. მხოლოდ პინოჩეტი მახსენდება, ისიც უიმედო ავადმყოფი იყო და ციხიდან გამოშვებიდან 20 დღეში გარდაიცვალა. სანამ მისი მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდა, მისი გათავისუფლება არავის მოუთხოვია”- განმარტავს რესპონდენტი.

“ჩვენს ეკონომიკური ზრდაზე ვიტყვი, რომ ცოტა არ იყოს, ბლეფია და გეტყვით, რატომაც. ჩვენ კი ვამბობთ, რომ 10%-იანი ზრდა გვაქვს, მაგრამ ეს ასახულია ლარებში. შესაბამისად, დავფიქრდეთ, რამხელაა დღეს ლარის ინფლაცია, ისიც ორნიშნა - ანუ თუ ამას გადავიტანთ 2019 წლის ფასებში, გამოდის, ეკონომიკური ზრდა დღეს სულ 2-3%-იანია. არა აქვს მნიშვნელობა, როგორია გაცვლითი კურსი, ლარის მსყიდველუნარიანობაა დაქვეითებული. ამასთან, უნდა ვიკითხოთ, ეკონომიკური ზრდა რითაა გამოწვეული? - რით და ფულის შემოდინებით და არა ქვეყნის შინაგანი რესურსების ამოქმედებით, თან ეს ფული შემოდის, ძირითადად, რუსეთიდან, რომლის დიდ წილს შეადგენს რუსეთში მცხოვრები იმ ქართველების ფული, რომლებიც გამალებით ცდილობენ ბიზნესების საქართველოში გადმოტანას”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“რაც შეეხება ემიგრაციას, საინტერესოა, როგორია შრომის ბაზარი და ვინ მიდის ქვეყნიდან? დღეს საქართველოში კვალიფიციური კადრების უდიდესი პრობლემაა, განსაკუთრებით მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, სადაც ანაზღაურება მაღალია, მაგრამ შესაფერის კადრებს ვერ პოულობენ. ამ სფეროსგან განსხვავებით, დაბალია ანაზღაურება, მაგალითად, მომსახურე ბიზნესის სფეროში და ამის გამო ადამიანები ამბობენ უარს იქ დასაქმებაზე და ამჯობინებენ ქვეყნიდან წასვლას. მაგრამ ხელახლა ცხოვრების დაწყება არსად არ არის იოლი. ჩვენში ჰგონიათ, სადაც არა ვართ, იქ სამოთხეა, მაგრამ ცდებიან. უცხოეთში უმრავლესობა სეზონურ მუშებად ან მოხუცების მოსავლელად მუშაობს. მაღალკვალიფიციური კადრების ქვეყნიდან გადინება დიდი ხანია დაიწყო. შრომის ბაზრის მოუწესრიგებლობა ძალიან დიდი პრობლემაა, ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევა კი არასწორი. ვითომ გააჩინეს სამუშაო ადგილები, არადა, ხალხს 300 ლარს უხდიან, რაც ზღვაში წვეთია. აუცილებელია მივიღოთ კანონი ხელფასების ქვედა ზღვრის შესახებ. ისევე როგორც ევროპაში, ეს საქართველოშიც სავალდებულო უნდა იყოს, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე.

რუსებმა შეგვაქეს და კიდევ ერთხელ დაგვპირდნენ ავიამიმოსვლის აღდგენას - “ამგვარ საკენკზე არ უნდა წამოვეგოთ”

“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვმა შესაძლოა, საქართველოსთან პირდაპირი ფრენები განაახლოს, ასევე, განიხილება საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაუქმება. თუმცა, ამავდროულად, მოსკოვისთვის პრიორიტეტულად რჩება საქართველოს მიერ ე.წ. ძალის გამოუყენებლობის დოკუმეტის ხელმოწერა და ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთ ოსური “საზღვრების” დელიმიტაცია-დემარკაცია. ირაკლი მენაღარტიშვილი ამ განცხადებას ცინიკურს უწოდებს და მიიჩნევს, რომ “ამგვარ საკენკს არ უნდა წამოვეგოთ”. საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა 10 დეკემბერს გააკეთა. მან პოზიტიურად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების “პრაგმატული ხაზი” და არ გამორიცხა ახლო მომავალში ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსებმა შეგვაქეს და კიდევ ერთხელ დაგვპირდნენ ავიამიმოსვლის აღდგენას - “ამგვარ საკენკზე არ უნდა წამოვეგოთ”.

“რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის პირდაპირი ფრენების აღდგენასა და ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივას, თუ ამისთვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება - და თბილისში არსებული ვითარება ცნობილია - ჩვენ არ გამოვრიცხავთ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას”, - თქვა გონჩარმა სამთავრობო “ტასს”-თან საუბრისას. მისივე შეფასებით, “ძირითადად შემომავალი ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებისა და რუსეთთან ვაჭრობის შთამბეჭდავი შემოსავლების წყალობით” საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ამ წლისთვის ორნიშნა ციფრამდე გაიზარდა. გარდა ამისა, გონჩარი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ “კიევიდან და დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის პროვოკაციული მოწოდების მიუხედავად, რომ მეორე ფრონტი გახსნას, საქართველო იცავს პრაგმატულ ხაზს”. გონჩარი “ტასს”-თან კრემლის პრიორიტეტებზეც საუბრობს: “ამ ვითარებაში საქართველოს ურთიერთობაში პრიორიტეტი არის საქართველოს მიერ ძალის არგამოყენების შეთანხმების ხელმოწერა და ასევე საქრთულ აფხაზური და ქართულ-სამხრეთ ოსური საზღვრების დემილიტაცია-დემარკაცია”. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე კი აცხადებს, რომ ამჟამად საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა დღის წესრიგში არ დგას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვიცით, რომ მოსკოვი განიხილავს რიგი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხს. ამასთან დაკავშირებით, შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2011 წელს საქართველომ გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და ეს რეჟიმი დღემდე შენარჩუნებულია. ანუ რუსეთის მოქალაქეებს არ სჭირდებათ ვიზა საქართველოში მოსახვედრად. რაც შეეხება პირდაპირი ფრენების აღდგენას, ეს საკითხი ახლა ჩვენს დღის წესრიგში არ დგას”, - განაცხადა აბაშიძემ “ტასს”-თან გონჩარის განცხადებების კომენტირებისას. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ირონიულია, თან თითქოს “კეთლ ნებას” იჩენენ, რაზედაც საქართველოს მხრიდან დიდი სიფრთხილეა საჭირო. რაც შეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, მენაღარიშვილის აზრით, არაა გამორიცხული, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები განაახლონ”, - განაგრძობს გამოცემა.

“ცინიკური განცხადებაა. ამით არ მგონია რაიმე კონკრეტულ მიზანს მიაღწიონ, მაგრამ ირონიული მითითებაა იმაზე, რომ რუსეთს თავისი “კეთილი ნებით” შეუძლია პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მიმართ რაღაც ნაბიჯები გადადგას. რა თქმა უნდა, დიდი სიფრთხილეა საჭირო და ამგვარ საკენკზე არ უნდა წამოვეგოთ. შეიძლება რუსეთმა ასეთი ნაბიჯები გადადგას და პირდაპირი ავიამიმოსვლა განაახლონ. გულახდილად რომ გითხრათ, მიკვირს ამ ნაბიჯებს აქამდე რატომ არ დგამდა. ახლა რუსეთისათვის საქართველოსთან ამგვარი ურთიერთობა სრული ნონსენსია, ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მათ აზროვნებაში რაციონალური ნაკლებია, დასკვნებს ძირითადად ამბიციების საფუძველზე აკეთებენ. ეს ასევე იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთს უკრაინასთან ომში საქმე კარგად ვერ აქვს. რა თქმა უნდა, რუსეთის ყოველგვარი მობრუნება სასიკეთო მიმართულებით, როგორც წესი, იმის შედეგია, რომ მას რაღაც გაუჭირდა. ისტორიულად ასე იყო ხოლმე და რატომ არ უნდა იყოს ეს ახლაც?!” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.

რატი ამაღლობელი - “აუცილებლად აივსება მოთმინების ფიალა”

“საქართველოსთვის გასული წელი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო სახელმწიფოს პოზიციონირებით, მისი პერსპექტივებით, მისი ადგილით მსოფლიო თანამეგობრობაში. იმედის გაცრუების წელი იყო დემოკრატიის განვითარებაში, ევროინტეგრაციის გზაზე, იმიტომ, რომ ქართულმა სახელმწიფომ “ქართული ოცნების” თაოსნობით ვერ შეასრულა ის დაკვეთა, რომელიც ქართველ ხალხს აქვს, ისტორიული ნება, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ჩვენს არჩევანს. რომელი ერთი ამბავი გავიხსენო? მთავარი მაინც ეს არის - კანდიდატის სტატუსის ვერმიღება და გამოწერილი რეცეპტი, რომელიც გულისხმობს 12 პუნქტს. ეს 12 პუნქტი 12 იარაა ჩვენი სახელმწიფოებრიობის სხეულზე, რომლებიც ჩვენ მივაყენეთ ჩვენს თავს. ყველა ეს პრობლემა: დემოკრატია, თვითმმართველობა, მედია, სასამართლო და ყველაფერი ის, რაც თანამედროვე სახელმწიფოებს გადალახული აქვთ, ჩვენ არა გვაქვს”, - აცხადებს პოეტი რატი ამაღლობელი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “აუცილებლად აივსება მოთმინების ფიალა”.

“ეს წელი მძიმეა სხვა მიმართულებებითაც - დავიწროვდა ყველა სფერო, კულტურის იქნება, ლიტერატურის, განათლების თუ სხვა. კულტურის სამინისტროს აქვს საზარელი, ჯალათური პოლიტიკა, ვიწროპარტიული სიმპათია-ანტიპათიების დონეზე იმართება კულტურის სფერო. საბჭოთა პერიოდშიც იყო დათბობები, როცა ხელოვანების, განსხვავებული აზრის მიმართ შედარებით ლიბერალური დამოკიდებულება იყო ხოლმე. ახლა აქ კატასტროფული ვითარებაა. ადამიანების მოტივაცია მძიმეა, თუნდაც სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა.დღეს პოლიციელებიც კი უცხოეთში გარბიან, ქვეყანა იცლება და ეს მაშინ, როცა ჩრდილოეთიდან აქეთ უამრავი კოლონა მოემართება, რათა გამოექცნენ ომს, ნახონ თბილი სამყარო და დასახლდნენ აქ, იმ გარემოში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა გაღარიბებულია, უმოტივაციოა და ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობს. მოდის ადამიანი, რომელსაც მეტი მატერიალური შეძლება აქვს და ცდილობს აქ ააწყოს ცხოვრება. ყოველივე ეს ქმნის იმ დეპრესიულ გარემოს, რომელიც თვალსაჩინოა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რატი ამაღლობელი.

“ამ სასტიკმა ომმა გვაჩვენა უპირველესად უკრაინის, მისი თითოეული მოქალაქის, მებრძოლებისა და მათი სარდლობის უზომოდ დიდი თავგანწირვა და ღირსება. მართლაც გაუგონარი რამ არის, თვალწინ დაამსხვრიეს რუსეთის ძლევამოსილების მითი. მტერს თითქოს სამ დღეში უნდა აეღო მთელი უკრაინა, თუმცა მერამდენე თვეა უკრაინა გადასულია შეტევაზე, დაიბრუნა მიტაცებული ტერიტორიების დიდი ნაწილი, ახლახან გაათავისუფლა ხერსონი და იყურება საკუთარი ქვეყნის აღმოსავლეთითა და სამხრეთით. ეს პროცესი შეუქცევადია. რასაკვირველია, ძალიან მძიმე საყურებელია. რუსეთი აფეთქებს თბოელექტროსადგურებს, საავადმყოფოებს, საცხოვრებელ სახლებსა და გაცილებით მეტია მსხვერპლი მშვიდობიანი მოსახლეობისა, ვიდრე სამხედროების, იმიტომ, რომ ეს მათი მიზანია. თითოეული რაკეტა ვარდება არა ომის და სამხედრო მიზანშეწონილობით, არამედ ბოროტი პოლიტიკის, რათა ოკუპანტმა გატეხოს უკრაინა, რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გაუნადგუროს, რომ სულიერად გატეხოს უკრაინელი ხალხი. ეს ერისა და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი გენოციდია. ამის ყურება მძიმეა, მაგრამ ცალსახაა _ უკრაინა გაიმარჯვებს. არიან საქართველოში პირები, რომელთაც ამის დაჯერება არ სურთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩვენმა ხელისუფლებამ, საკუთარი პოლიტიკიდან გამომდინარე, ფსონი დადო. მას ოროსნის პოლიტიკა აქვს, არ აკმაყოფილებს ეკონომიკაში თანამედროვე სამყაროს სტანდარტებს, სამართალში - თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს სტანდარტებსა და მოთხოვნებს.ხელისუფლებაზე, ჭკუის მხრივ, დიდი წარმოდგენა არა მაქვს, მაგრამ ვირეშმაკა ხალხია და ხვდებიან, რომ უკრაინის გარდაუვალი გამარჯვება მათ კარგ დღეს არ მოუტანს რეგიონში: შეიცვლება რეგიონი, პოლიტიკა, აბსოლუტურად სხვა სახელმწიფოები გამოჩნდებიან როგორც ძლიერი მოთამაშეები და, პირველ ყოვლისა, არ არის რთული სავარაუდო, რომ ლიდერი უკრაინა იქნება. გვახსოვს საქართველოს მთავრობის წევრების, პრემიერის განცხადებები... როგორი თავისმომჭრელი იყო უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადება, სადაც ამბობს, გენერატორები მოვითხოვეთ და იმასაც არ გვაძლევენო. აქ ხომ სიმბოლურ და მორალურ მხარდაჭერაზეა საუბარი და ხომ ხედავთ, ხმა არ ამოუღიათ? მათი პოლიტიკა შიშზეა დაფუძნებული, არანაირი მიზანი ამათ არა აქვთ. გსმენიათ, რომელიმეს ეთქვას, აი, ჩემი მიზანი არის, ეს, ეს და ესო? ყველაფერი აგებულია მოსწრებაზე, შიშზე, ინსტინქტებზე, დაგროვებაზე, მოხვეჭასა და მოხმარებაზე...” - თვლის პოეტი.

“გზავნილი “თბილისი მშვიდობის ქალაქია” სამარცხვინოა! თბილისი რომელიმე პროვინციული ქალაქი კი არ არის, დედაქალაქია, კავკასიის გულისგულია. უამრავი ადამიანი უყურებს ამას და შეუძლებელია ასეთი საზარელი იყოს ქვეყნის დედაქალაქის პოლიტიკა, რომელიც ამოვარდნილია კონტექსტიდან და სამყაროში სწორი და დადებითი პროცესების სრულიად საპირისპიროა. საკუთარ ქვეყანაში ამდენი ლტოლვილი გყავდეს, უკრაინაში ომი მიდიოდეს, ამას შენი დამპყრობელი სახელმწიფო აწარმოებდეს, დღეში ხან 5 მოქალაქე გიკვდებოდეს და შენ თავს იწონებდე მშვიდობით, საზარელი და ამაზრზენია. ელემენტარულ ცნობიერებასა და განათლებაზე აღარ მაქვს საუბარი. შეუძლებელია იტრაბახო მშვიდობით, როცა ირგვლივ სრული უსამართლობაა, როდესაც ომია სამყაროში, შენ კი გაიძახი, მშვიდობა გვაქვსო. ეს იგივეა, მეორე მსოფლიო ომის დროს შვეიცარიას ეთქვა ასე.…ეს არის ძალიან უხერხული, ამაზრზენი და სრულიად უკონტექსტო ტექსტი, რომ არ ვთქვათ, სიტყვა `ბოროტი~. ძალიან ბევრი რამაა აღმაშფოთებელი, რასაც ყოველდღიურად ვუყურებთ ხელისუფლებისგან”, - დაასკვნის რატი ამაღლობელი.

“ჩვენი პოლიტიკური კლასი, როგორც ჩანს, მოძველდა, ამას ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე ვამბობ. ახლა მსოფლიო ჩემპიონატია და ვუყურებთ დიდ ფეხბურთელებს, რომლებიც ვეღარ თამაშობენ, დიდ გუნდებს, რომლებსაც აგდებენ და ასპარეზზე უცნობი გუნდები გამოდიან. შეიძლება ეს ცოტა ისეთი შეფასებაა, მაგრამ ყველაფერი მოითხოვს გადახალისებასა და ახალ ეტაპს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკოსები თავიანთი ალგორითმით, ცნობიერებით პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი აქტორები იყვნენ, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მოითხოვს დიდ გადახალისებას. ეს კი ჯერ არ ჩანს... სიახლეა საჭირო, ახალი მიდგომები, კომუნიკაციის ახალი უნარი, ახალი სამეტყველო ენა, გადაწყვეტილებების მიღების ახალი მეთოდი, აბსოლუტურად სხვა ტიპის პოლიტიკოსები არიან საჭირო”, - ამბობს პოეტი და შეკითხვაზე - “მუდმივად იმ ლიდერის მოლოდინში რატომ ვართ, რომელიც მოვა და ყველაფერს მოგვიგვარებს?” - პასუხობს:

“თუ შევადარებთ უკრაინულ საზოგადოებას, ჩვენი ნაკლებად თვითორგანიზებულია. როგორც ჩანს, არის პრობლემა და ამიტომ სჭირდება ახალი ტიპის პოლიტიკოსთა ჯგუფი (მესიას არ ვიტყვი), რომელიც მოაგვარებს ამ საორგანიზაციო საკითხებს, მოახდენს აქტუალიზაციას და, შესაბამისად, თემების ორგანიზებას. როგორც ჩანს, საზოგადოებას დამოუკიდებლად უჭირს, მიუხედავად იმისა, 20 ივნისს უამრავი ჩვენი მოქალაქე გამოვიდა თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე, გვიჭირს ამ სულისკვეთების, ამ პროტესტის თარგმნა რეალურ შედეგებად. უჭირს თვითონ ქართველ საზოგადოებასაც და პოლიტელიტასაც”

“შემგუებლები რომ გავხდით, საქართველოს გადარჩენის საიდუმლოც შეიძლება ამაში იყოს. საქართველო ბევრი თვისების დაკარგვის ხარჯზე გადარჩა. შეიძლება გადარჩე, მაგრამ ბევრი რამის ფასად. შეიძლება ითქვას ისიც, რომ ჩვენი ისტორიის განმავლობაში ამდენი ომისგან, ამდენი ტკივილისა და უბედურებისგან რაღაცნაირად ანესთეზირებული, გაყინული ვართ, შინაგანად გამოვიყინეთ თითქოს. შეუძლებელია ნორმალურმა და ჯანსაღმა საზოგადოებამ ეს ყველაფერი აიტანოს. ვიტყვით, - ეს როგორ გვაკადრესო, მაგრამ აი, თითქოს გვიწევს ამის ატანა და ამით სარგებლობს ხელისუფლება, აბა, ამას თუ გადაყლაპავენ, აბა, ამასაც თუ გადაყლაპავენო. ვიცი, რომ ყოველთვის არ და ვერ გადაყლაპავ, ამასაც აქვს ზღვარი. აუცილებლად აივსება მოთმინების ფიალა, სხვათა შორის, ხელისუფლებისთვის სრულიად მოულოდნელად, მაშინ, როცა აღარავინ აღარავის აღარაფერს აღარ გადაუყლაპავს”, - დასძენს რატი ამაღლობელი.

გაეხსნა თუ არა ხელ-ფეხი უკრაინას - გაუქმებული შეზღუდვა და სისხლისმღვრელი ბრძოლა ბახმუტისთვის

“უკრაინაში უმძიმესი ბრძოლები ზამთრის ყინვების დაწყების შემდეგაც გრძელდება. ამ დროისთვის თითქმის 800-კილომეტრიან ფრონტზე ყველაზე ცხელი წერტილი უკრაინელების კონტროლის ქვეშ მყოფი ქალაქი ბახმუტია, რომელსაც რუსები რამდენიმე კვირაა უტევენ და ალყაში მის მოქცევას ცდილობენ. არაოფიციალური ინფორმაციით, ამ მიმართულებაზე ორივე მხარეს საკმაოდ დიდი დანაკარგი აქვს, თავად ქალაქი კი პრაქტიკულად მიწასთანაა გასწორებული. რატომაა ბახმუტი ასე მნიშვნელოვანი როგორც რუსების, ისე უკრაინელებისათვის? როგორც სამხედრო ანალიტიკოსები “რეზონანსთან” ამბობენ, ბახმუტი რუსებისთვის მნიშვნელოვანი იმითაა, რომ ეს გზას ხსნის დონეცკის ოლქში უკრაინელების კონტროლის ქვეშ მყოფი სხვა ქალაქებისკენ და წარმატების შემთხვევაში, რუსებს დონეცკის ოლქის სრულად დაკავების შანსი გაუჩნდებათ. ასევე ამას აქვს პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რადგან რუსებს სურთ ახალ წელს რაიმე ხელშესახები სამხედრო წარმატებით შეხვდნენ და შიდა აუდიტორიისთვის სათქმელი ჰქონდეთ. ამის პარალელურად ბრიტანული მედია თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობებს, რომ დასავლური იარაღის გამოყენებაზე უკრაინული არმიისათვის დაწესებული არაოფოციალური შეზღუდვა მოხსნილია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გაეხსნა თუ არა ხელ-ფეხი უკრაინას - გაუქმებული შეზღუდვა და სისხლისმღვრელი ბრძოლა ბახმუტისთვის.

“აქამდე დასავლეთი უკრაინას შეტევით შეიარაღებას იმ პირობით აწვდიდა, რომ იგი არ იქნებოდა გამოყენებული უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებისათვის. ერთ ვერსიით, ეს შეზღუდვა ვრცელდებოდა ასევე ყირიმის ნახევარკუნძულზე. ძირითადად საუბარია, მაგალითად, ამერიკულ ზალპური ცეცხლის სისტემა “ჰაიმარსების” გამოყენებაზე. ახლა კი, როგორც ჩანს, ეს შეზღუდვა მოხსნილია... ბახმუტთან ბრძოლების ინტენსივობა ბოლო კვირებში მკვეთრად გაიზარდა. ბახმუტის მიმართულებით ორივე მხარეს დამატებითი დანაყოფები გადაჰყავს. რუსების ძირითად შემტევ ძალას ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” მებრძოლები წარმოადგენენ. ასევე ქალაქი მუდმივი სარაკეტო თავდასხმების ობიქტია. რუსები ქალაქს უკვე ალყაში აქცევენ და ისინი მის შემოგარენში იმყოფებიან. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ ეს არის სანგრების სასტიკი ომი, რომელშიც მრავალრიცხოვან იერიშებში უდიდესი რაოდენობის არტილერია მონაწილეობს. თუმცა ქალაქში არსებული სამრეწველო ობიექტები უკრაინელებს საშუალებას აძლევს, რომ რუსებს წინააღმდეგობა გაუწიონ. რუსებმა კი ბრძოლის ტაქტიკა შეცვალეს და პატარა ჯგუფებად გადაადგილდებიან. სიტუაცია მძიმეა და რუსები ორი მიმართულებიდან უახლოვდებიან ქალაქს”. - აღნიშნავს გამოცემა.

“ბრძოლების ინტენსივობას თავად ბახმუტის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა განაპირობებს. ამ ქალაქის აღება რუსეთის არმიას გზას გაუხსნის დონეცკის ოლქის ქალაქებზე - სლავიანსკზე, კრამატორსკზე, კონსტანტინოვკასა და სევერსკიზე სწრაფი შეტევისთვის. ასევე მას პოლიტიკური დატვირთვა ექნება, რადგანაც რუსები ცდილობენ ზამთარს პოზიტიურად შეხვდნენ, რაც ჯარზე დიდ ფსიქოლოგიურ გავლენას მოახდენს. ამას გარდა, ამ ქალაქს კიდევ ის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რომ ბახმუტის ჩრდილო ნაწილში წყალგამანაწილებელია, რომელიც სასმელი წყლით ამარაგებს დონეცკის რაიონს. თუ რუსებს უნდათ დონეცკი შეინარჩუნონ, ამ ეს ამ გამანაწილებლის გარეშე წარმოუდგენელი იქნება. სამწუხაროდ, რუსები უკვე ქალაქის შემოგარენში არიან შესული. ისინი ბახმუტს აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან უახლოვდებიან. თუმცა უკრაინელების მედგრად წინააღმდეგობის გაწევას ცდლობენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“უკრაინელებმა შეცდომა მაშინ დაუშვეს, როდესაც ხერსონიდან გამოსული 20 000 ჯარისკაცის განადგურება ვერ მოახერხეს. სწორედ ეს დანაყოფია, რომელიც ახლა ბახმუტის გარშემო “ვაგნერთან” ერთად არის განლაგებული და მოძლიერებულები უკრაინელებს უტევენ“, - ამბობს კაპანაძე. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე ლაშა ბერიძე კი აცხადებს, რომ ბახმუტი ნამდვილ ციხე-სიმაგრედაა ქცეული და მისი აღება არც ისე ადვილი იქნება. მისივე აზრით, ამ ქალაქისთვის ბრძოლამ იმიტომ მიიღო ასეთი ინტენსიური ხასიათი, რომ მისი აღება დაჯგუფება „ვაგნერისა“ და მისი ხელმძღვანელის ევგენი პროგოჟინის პრესტიჟის საკითხი გახდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ქალაქში უკრაინელები საკმაოდ კარგად არიან გამაგრებული. რუსებმა კი აქ მთელი თავისი რესურსის ძირითადი ნაწილის მობილიზება მოახდინეს. უკრაინელებისთვის ეს კარგია იქიდან გამომდინარე, რომ ამ ზამთარში ჯარის გამოფიტვას და დაღლას შეძლებენ. ქალაქი, იქ არსებული სამრეწველო ობეიქტებიდან გამომდინარე, კარგად არის გამაგრებული. ხოლო რაც უფრო მეტად ანგრევენ მას, ეს უკრაინელებისთვის კიდევ უფრო მეტად ციხე-სიმაგრის სახეს იღებს. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ რუსები ბახმუტის აღებას მალე შეძლებენ. აქ მთავარი მიზანი ის არის, რომ პუტინს უნდა შიდა აუდიტორიისთვის რაღაც ჰქონდეს სათქმელი. ამიტომ ნებისმიერ ფასად სურს ბახმუტის აღება. აქ ასევე შიდა დაპირისპირების ამბავიცაა, რადგან ბრძოლებში ძირითადად „ვაგნერის“ დანაყოფებია ჩართული, რომლებზეც რუსეთში ლეგენდები დადის და მათ ხელმძღვანელი პუტინთან ძალიან დაახლოებულია. ამიტომ ბახმუტი ძირითადად პოლიტიკურ კონტექტს ატარებს. თუმცა ვნახოთ, არ მოგნია, რომ მოვლენები რუსების სასარგებლოდ განვითარდეს“, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

“შაბათს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის არმიას დასავლური შეიარაღების გამოყენებაზე აქამდე არსებული არაფორმალური შეზღუდვა მოეხსნა. ამის შესახებ ბრიტანული “თაიმსი” წერს პენტაგონში თავის წყაროებზე დაყრდნობით. მისი ცნობით, ახლა აშშ-ს რუსეთთან ესკალაციის იმდენად აღარ ეშინია. ამიტომაც უკრაინელებს მისცემენ უფლებას, რომ შორსმროლელი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენონ. “სიტუაცია შეიცვალა. ჩვენ არ ვეუბნებით კიევს - ნუ დაარტყამთ რუსებს (რუსეთში ან ყირიმში). ახლა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე მოსკოვის დარტყმების შემდეგ, აშშ ნაკლებად აწუხებს, რომ კიევის თავდასხმებმა შორეულ ობიექტებზე შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს. ამიტომ, უკრაინას უფლება მიეცა დამოუკიდებლად გადაეწყვიტა როგორ გამოიყენოს იარაღი”, - აცხადებს პენტაგონის წარმომადგენელი. გენერალი კაპანაძე ამბობს, რომ დასავლეთი უკრაინას ძირითადად თავდაცვითი იარაღით ამარაგებს. ამიტომაც ასეთი შეზღუდვის არსებობას ან მის გაუქმებას გადამწყვეტი მნიშნელობა არ აქვს. ლაშა ბერიძე კი აცხადებს, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელება არც სჭირდება მოადგილე”, - წერს სტატიის ავტორი.

“არ ვიცი რაზეა საუბარი. ეს არ არის ოფიციალური ინფორმაცია და ამაზე მსჯელობა გამიჭირდება. რაც მესმის დასავლეთიდან იარაღის მიწოდებაზე, ეს არის ძირითადად ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, ეს აღჭურვილობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ აღჭურვილობით უკრაინა კონტრდარტყმას ვერ განახორციელებს. უკრაინას ახლა ყველაზე მეტად შეტევითი ჯავშანტექნიკა სჭირდება, რომელიც მას ღია ადგილზე ფართომასშტაბიანი შეტევისთვის გამოადგება. ეს აღჭურვილობა უკრაინას ჯერ არა აქვს. საქმე ისაა, რომ დასავლეთს მარაგები ეწურება. მაგალითად, ბრიტანეთს ომისთვის ერთი კვირის საკმარი მარაგი აქვს, გერმანიას კი - ორი კვირის. ამიტომ სასწრაფოდ წარმოების დაწყებაა საჭირო, რათა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დროულად მოხდეს. ეს ომი ჯერ არ დასრულდება. ზამთრის ამ სამ თვეს ორივე გადამზადებისთვის გამოიყენებს და გაზაფხულზე ინტენსიური ბრძოლები ისევ გაგრძელდება”, - დაასკვნის ვახტანგ კაპანაძე.

“რაც შეეხება “ჰაიმარსებს“, მათი მოქმედების რადიუსი 300 კმ-ია. თუმცა ეს არ არის რაკეტის ტიპის იარაღი. მას უკრაინა მხოლოდ კონკრეტული საბრძოლო მოქმედებების დროს იყენებს. რაც შეეხება ყირიმზე თავდასხმას, ჩვენ ეს ზაფხულში უკვე ვიხილეთ და იგივე კიდევ მოხდება. თუმცა ასეთ კონვენციურ ომში უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმას არ მოახდენს. არ ვიცი ბრიტანული მედია ვისზე დაყრდნობით წერს, მაგრამ მსგავსი რამ გამორიცხულია”, - ამტკიცებს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.

თენგიზ ფხალაძე - როგორია ქართულ-უკრაინული ურთიერთობის ძველ კალაპოტში დაბრუნების შანსი და პერსპექტივა

“ყველა განცხადებას ნუ გამოვედევნებით, შესაძლოა ორივე მხარეს აღმოვაჩინოთ სასაყვედურო. მთავარია სხვა რამ - 24-მა თებერვალმა სრულიად შეცვალა მოცემულობა არა მარტო უკრაინაში, არა მარტო უკრაინასა და საქართველოს შორის, არამედ მთელ მსოფლიოში. ამიტომ არა აქვს მნიშვნელობა, რა იყო მანამდე, რა გაკეთდა სწორად ან არასწორად. რაც მთავარია, უკრაინა დადგა სასტიკი სამხედრო აგრესიის წინაშე, მის სახელმწიფოებრიობას საფრთხე დაემუქრა სწორედ იმ ძალისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოსაც. ჩვენ საერთო მტერი გვყავს, რომლისთვისაც მიუღებელია როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა, ასევე დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველო და ამას არც მალავს. 24 თებერვლის შემდგომ წყალგამყოფი შეიქმნა და მთელი ცივილიზებული სამყარო უკრაინის გვერდით დადგა. ამიტომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც ადანაშაულებს უკრაინას რაიმეში, ან რომელიც რუსულ ნარატივში ჯდება, წამგებიანი და დამაზიანებელია”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით როგორია ქართულ-უკრაინული ურთიერთობის ძველ კალაპოტში დაბრუნების შანსი და პერსპექტივა.

“ნიშნის მოგება, აი, ომი ვერ აიცილეს თავიდანო, წამგებიანია. დღეს ნებისმიერი განცხადება, ქმედება უნდა იყოს მიმართული იქითკენ, თუ როგორ გავაერთიანოთ ძალები, რათა საერთო მტერი, რუსეთი, შეჩერდეს და საფრთხე აღმოიფხვრას. თავისთავად ცხადია, ეს არ ნიშნავს სამხედრო კონფრონტაციას. ლაპარაკია სწორ ქმედებებზე, აქტიურ დახმარებაზე იმ ქვეყნისთვის, რომელიც ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორია და რომელთანაც ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო. ჩვენ არ გვაერთიანებს მხოლოდ ის, რომ რუსეთს ორივეს ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს. არა, ამის გარდა ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, კერძოდ, ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაცია; ამ საერთაშორისო პროექტების განვითარებასაც ერთად ვაპირებთ და ეს ჩვენი საერთო გრძელვადიანი ინტერესია. აი, ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და სიკეთის მომტანი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე და შეკითხვაზე - “გასაგებია, უკრაინას რაც სწყინს საქართველოს ხელისუფლებისგან. საქართველო რაზეა ნაწყენი?” - პასუხობს:

“ამის გარკვევას აზრი არა აქვს, ძალიან შორს წავალთ. ამ ყველაფრის უმეტესი ნაწილი მაინც დაკავშირებულია ყოფილ პრეზიდენტთან, როდესაც ის უკრაინაში თანამდებობის პირი იყო, მის განცხადებებთან, რომელთა გამო ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენს ხელისუფლებას მართლაც აქვს პრეტენზია, მაგრამ კიდევ ვამბობ - 24 თებერვლის შემდეგ ამას აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. 24 თებერვლის შემდეგ მსოფლიო შეიცვალა. ამიტომ ასეთ წვრილმანებზე გამოკიდება არასწორია. იმის გარკვევა კი არ უნდა დავიწყოთ, თუ პირველმა ვინ რა გააკეთა რაღაც არასწორად, არამედ კონცენტრირებული უნდა ვიყოთ ჩვენს საერთო ინტერესებზე...მნიშვნელობა არა აქვს, ეს განცხადებები რა განწყობით კეთდება, შედეგი ერთია - საქართველო ზარალდება. საქართველოს არ უნდა სჭირდებოდეს ვინმესთან თავის მართლება”.

ურთიერთობის დარეგულირების შანსი ყოველთვის არსებობს, თუკი მოვინდომებთ. რა თქმა უნდა, მხოლოდ რიტორიკაზე არ არის ლაპარაკი. ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება, რომლითაც დავანახებთ მსოფლიოს და დავამტკიცებთ იმ პოზიციას, რა პოზიციაზეც უნდა ვიდგეთ. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც საქმეს ვაკეთებთ და მერე გაკეთებულს არასწორი განცხადებებით ვაუფასურებთ. ასე რომ, მთელი კომპლექსია, ერთი მიზეზის გამოყოფა, ალბათ, არასწორი... ილიონი მიზეზი შეიძლება მონახოს ერთმაც და მეორე მხარემაც, თუ ამოცანა ქიშპობის გაღვივებაა. კი, იყო განცხადებები, რომლებიც არ მოგვეწონა, მაგრამ უკრაინელებმაც შეიძლება გაიხსენონ. საერთაშორისო და პარტნიორების ურთიერთობები ასე არ იგება. მთავარი პრობლემა ის არის, რომ დღეს რა კალაპოტშიც მიდის ქართულ-უკრაინული ურთიერთობა, არასწორია. ეს არის მთავარი, ეს პარადიგმა უნდა შეიცვალოს და მერე ყველაფერს მოევლება”, - დასძენს ფხალაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა