ლევან ხაბეიშვილი უმრავლესობას - ევროკავშირმა კარები გაგვიხსნა, მაგრამ თქვენ და ბიძინა გაეჩხირეთ ქართველ ხალხს ამ კარებში - გვეჭიდავებით, რომ სტატუსი არ მოგვცენ

ეს წელიც, როგორც წინა 9 წელი, მოანდომეთ ხალხის ძარცვას, თქვენი ჯიბეების გასქელებას, გამდიდრებას, დაიწყეთ ღარიბაშვილის ტყის ჩუქებით, გააგრძელეთ ევტუშენკოვი-ხიდაშელისთვის რაჭის გადაცემით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, წელს ასევე დაიდო იმის მტკიცებულებები, რომ უსმენენ „მამაოებს, პედაგოგებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და ხელისუფლების ყოფილი ჩინოვნიკი ამ ყველაფერში ამხელს მმართველ პარტიას“.

„ეს წელიც, როგორც წინა 9 წელი, მოანდომეთ ხალხის ძარცვას, თქვენი ჯიბეების გასქელებას, გამდიდრებას, დაიწყეთ ღარიბაშვილის ტყის ჩუქებით, გააგრძელეთ ევტუშენკოვი-ხიდაშელისთვის რაჭის გადაცემით, ამასობაში ნარმანიაც წამოგეწიათ და მოითხოვა საბადურის ტყე დაესაკუთრებინა. რუსმა ოლიგარქმა საერთოდ რეკორდი მოხსნა და ტყე არათუ მიიერთა, ან გაიფორმა, არამედ გადახურა.

ამასობაში, დაიდო მტკიცებულებები, რომ უსმენთ მამაოებს, პედაგოგებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს. სხვათა შორის, თქვენივე ყოფილი ჩინოვნიკი გამხელთ ამ ყველაფერში. არამარტო პედაგოგებს, მამაოებს, ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს, ამასობაში ერთმანეთსაც უსმენთ. თქვენივე ჩინოვნიკმა გამხილათ მუხთარლის საქმეში და დაგადოთ ხელი კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულში. მან გამხილათ, რომ რუს გენერლებს საქართველოში ფარულად, ჩუმად მასპინძლობთ - ბორტნიკოვებს და საქართველოს სახელმწიფოს მტრებს.

ევროკავშირმა კარები გაგვიხსნა და თქვენ და ბიძინა გაეჩხირეთ ქართველ ხალხს კარებში და ფაქტობრივად გვეჭიდავებით, რომ ევროკავშირში არ მიგვიღონ, სტატუსი არ მოგვცენ. ამასობაში, არ დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირი პრეზიდენტის მკვლელ ხალხს არ ელოდება. ისინი ელოდებიან ცივილურ ადამიანებს, რომლებიც პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს ციხეში არ კლავენ. ამასობაში, პოლიტიკური ნიშნით, ცხადია, გამოიგონეთ ბოდვა და ნიკა გვარამია დააკავეთ უპრეცედენტო, არაამქვეყნიური ბრალდებით, ჯერ რომ არავინ დაუკავებიათ, რომ მის მეუღლეს თურმე ავტომობილი ათხოვა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთის ტერორისტული მოქმედებების პარალელურად საქართველოს ხელისუფლება ღალატობს სახელმწიფოს ინტერესებს, უკრაინელ ძმებს და „ამოქოქა რუსული პროპაგანდა“.

„სიძულვილის ენის ნიაღვარს აყენებთ, ყოფთ, ხლეჩთ საზოგადოებას. თქვენ არ შეგიძლიათ გაერთიანება, მხოლოდ აპირისპირებთ. ამასობაში, დიდ მასშტაბებზე გადახვედით - აგინებთ და ლანძღავთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, მეგობრებს და სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს პირდაპირ ლანძღავთ.

სანქციების „შავ ხვრელად“ აქციეთ საქართველო, გაავსეთ რუსული სანქცირებული ნავთობით ჩვენი ქვეყანა. ირანიდან უკრაინის საწინააღმდეგო ფრენას აუნთეთ მწვანე შუქი, ლანძღავთ და აგინებთ ომში მყოფ უკრაინის ხელისუფლებას, დასჯილებს და დამარცხებულებს ეძახით თავისუფლებისთვის მებრძოლ ერს, რუსეთისთვის ოკუპანტის და მტრის დაძახებას გეშინიათ. ვერ და არ დადიხართ ქართველი ჯარისკაცების სამძიმარზე, რომლებიც გმირულად დაეცნენ მტერთან ბრძოლაში თავისუფლებისთვის. მშვიდობის სახელით რუსულ ოკუპაციას აკანონებთ და რუსული მშვიდობა მთელმა მსოფლიომ ბუჩაში ნახა.

პარალელურად, თქვენი რუსი ოლიგარქები აღიარა ცივილიზებულმა სამყარომ და დასანქცირებულთა სიაში არიან უკვე - მათ შორის ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი.

ამის პარალელურად, ასიათასობით ჩვენი მოქალაქე გარბის ქვეყნიდან და თქვენ პირობებში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა და დარჩა სხვა ქვეყანაში ლუკმა-პურის საშოვნელად. ამის პარალელურად, საქართველო რუსი ოკუპანტებით გაივსო, მაგრამ თქვენ ამას მშვიდად უყურებთ. ვინც ვერ გაგექცათ ამ ქვეყნიდან, კომუნალური გადასახადები - დენი, გაზი გაუძვირეთ, ჯარიმები, საურავები, სერვისები გააძვირეთ. 2-3-ჯერ მეტ ხარჯს ახდევინებთ ხალხს. გაძვირდა პირველადი მოხმარების პროდუქტები. ასიათასობით ადამიანს აქვს გამოკვების პრობლემა. 1 მილიონამდე ადამიანი არის სოციალურად დაუცველთა ბაზაში. 500-600 ლარად უწევთ ადამიანებს მუშაობა, მაგრამ თქვენ არხეინად დაფრინავთ კომოს ტბაზე, მალდივებზე, მალიორკაზე, რომში.

ახალი წელი მოდის და ჩვენი მოქალაქეების უმეტეს ნაწილს შიში აქვს, რომ მის შვილს, დედას, საყვარელ ადამიანს ელემენტარულ სურვილს ვერ შეუსრულებს და ისევ ბანკის ვალზე ნერვიულობთ მოუწევს თქვენი ბედნიერი სახეების ყურება. ამ ყველაფრის ფონზე, ვისურვებდი, რომ 2023 წელი ყოფილიყოს უკრაინელი ხალხის გამარჯვების და ქართველი ხალხის გათავისუფლების წელი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო