რუსთავის მერს დავიწყებული აქვს ის რეალური პრობლემები, რაც რუსთავის მოქალაქეებს აწუხებთ და დაკავებულია უკვე პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დევნით, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტში სხდომაზე განაცხადა.
ანა ბუჩუკურის თქმით, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პარტია "საქართველოსთვის" მხარდაჭერისა და გვარის გამო, ერთ-ერთ ა(ა)იპ-ში დასაქმებულ ელენე გახარიას იანვრიდან სამსახურიდან ათავისუფლებს.
„მორიგი სამარცხვინო ფაქტი ჩვენი გუნდის მხარდამჭერის მისამართით, ამჯერად რუსთავში - ელენე გახარიას, რომელსაც პარტია „საქართველოსთვის“ მხარდაჭერისა და ფაქტობრივად გვარის გამო სჯის რუსთავის მერი და მომავალი წლიდან სამსახურიდან აგდებს. კერძოდ, მერიის ერთ-ერთი ა(ა)იპ-დან, რომელშიც ელენე 4 წელია მუშაობს. ხაზს ვუსვამ - მხოლოდ და მხოლოდ გვარისა და ჩვენი პარტიის მხარდაჭერის გამო - ის არ არის ჩვენი პარტიის წევრი! სამსახურიდან გამოშვებას წინ უძღოდა ელენე გახარიას მისამართით არაერთი მუქარა მისი პოლიტიკური გემოვნების გამო. ზოგადად, არ შემიძლია არ ვთქვა რუსთავი მერის, ქალბატონი ლაცაბიძის წარმოუდგენელ ქმედებები და გადაწყვეტილებები, ჩემთვის პირადად ძალიან დიდი იმედგაცრუებაა. ეს ადამიანი არის ნათელი მაგალითი, როდესაც სუსტი ადამიანი ვერ უძლებს, თუნდაც მცირეოდენ ძალაუფლებასაც კი. ამ ადამიანმა დაადასტურა, რომ საერთოდ არ ესმის რა არის კონსტიტუცია, რა არის ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე”, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
მისივე თქმით, რუსთავის მერს დავიწყებული აქვს მოქალაქეების პრობლემები და გადასულია პერსონალურ პიარზე ბიუჯეტის ხარჯზე.
„ამ ადამიანმა, ჩემდა სამწუხაროდ, ამას ხაზს ვუსვამ და ამას ვამბობ სრული გულწრფელობით, აჩვენა როგორ შეიძლება ადამიანი სრულად დაცლილი იყოს ყოველგვარი პოლიტიკური, თუ ადამიანური კლასისგან. აღარ ჩამოვთვლი რით არის დაკავებული რუსთავის მერი, მაგრამ ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ დაკავებულია იმით, რომ საკუთარი პერსონალური პიარი აკეთოს მხოლოდ, ისიც ბიუჯეტის, ანუ მოქალაქეების ხარჯზე. მას დავიწყებული აქვს ის რეალური პრობლემები, რაც რუსთავის მოქალაქეებს აწუხებთ.
მაგალითად, შევახსენებ ტრიბუნიდან: უსაფრთხო ლიფტების პრობლემა, დროში გაწელილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ა(ა)-ში და მერიის სამსახურებში ხელოვნურად შექმნილი და დასაქმებული ადამიანები, სასმელი წყლის პრობლემები, აწ უკვე პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დევნა, ის ადამიანები რომლებიც დღეს შეიძლება მშვიდად საქმიანობენ მე მათ უბრალოდ გავაფრთხილებ, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს რადგან ხვალ შემდეგი შეიძლება იყოთ თქვენ. ამ ადამიანმა ასე გამაოცა არა მხოლოდ მე. ეს მისი პერსონალური პრობლემაა.
თანამდებობები დროებითია კოლეგებო და ჩვენ ახალგაზრდა ადამიანები ვართ და ვაგრძელებთ ამ ქვეყანაში ცხოვრებას. ახლა რუსთავს თავი რომ დავანებოთ, რუსთავი არის რეალურად ზღვაში წვეთი იმ სისტემური მავნებლობიდან, რასაც ჩვენი გუნდის წევრებისა და მხარდამჭერების მისამართით ახორციელებს „ქართული ოცნება“. ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სამეგრელოში ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, მალხაზ თორიას და მის 15 წლის ბავშვს, ბაბუის სასაფლაოზე მისულს თავს დაესხნენ. ერთი წელია გასული და ეს საქმე არის თაროზე შემოდებული. ამ დარბაზში „ოცნების“ მხარეს სხედან ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად იცნობენ ბატონ თორიას, ზოგიერთი მეგობრობდა კიდევაც მასთან. მე უბრალოდ კითხვა მექნება თქვენთან კოლეგებო - რად გიღირთ დუმილი ასეთ შემთხვევებზე, როდესაც თქვენი ყოფილი კოლეგის თუ ყოფილი მეგობრის 15 წლის ბავშვს მამის პოლიტიკური საქმიანობის გამო თავს ესხმიან? არავინ იცის, შემდეგი შეიძლება აღმოჩნდეთ თქვენ, გაურკვეველი მიზეზების გამო ვერ გაიგოთ რატომ და რისთვის. ეს სამწუხარო რეალობაა", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.