ნორა კვიციანი უბრალოდ პოლიტიკური პატიმარი არ იყო - ის იყო პოლიტიკური მძევალი, რომელიც მხოლოდ იმის გამო დააპატიმრეს, რომ სააკაშვილის რეჟიმი დევნიდა, - ამის შესახებ მოძრაობა “ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც სუბარმა აღნიშნა, ნორა კვიციანი სააკაშვილის რეჟიმის დროს უკანონოდ დაიჭირეს და ბრალი უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისთვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის და სხვისი ნივთების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისთვის წაუყენეს.
სუბარმა კვიციანის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოხატა და ოჯახსა და საქართველოს სამძიმარი გამოუცხადა.
“გუშინ სააკაშვილის რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი ნორა კვიციანი გარდაიცვალა. ეს ადამიანი პატრიოტიზმის, ქართველი ქალის ღირსების და გაუტეხელი სულის განსახიერება იყო.
მინდა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ არიან ნამდვილი გმირები. გმირი, რომელმაც 15 წლის განმავლობაში შეძლო კოდორის ხეობა შეენარჩუნებინა. რომ არა მისი პირადი, ძალიან მაღალი ავტორიტეტი, ვერავინ შეძლებდა იმის გაკეთებას, რომ ეს ხეობა ყოფილიყო შენარჩუნებული.
ნორა კვიციანის საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არსებობდა. მას ექვსი წელი სრულიად უკანონოდ მიუსაჯეს და ამ დაუმსახურებელ სასჯელს ძალიან ღირსეულად იხდიდა. ნორა კვიციანმა ღირსეულად იცხოვრა და ღირსეულად გარდაიცვალა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.