ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე - ყელში ამოვიდა ამდენი საუბარი - რაის მესამე პრეზიდენტი? პირველი მკვლელი და დიქტატორია

მართლა ყელში ამოვიდა ამდენი საუბარი მიხეილ სააკაშვილზე - სააკაშვილი მესამე პრეზიდენტი კი არ არის, ის არის პირველი ავანტიურისტი და მკვლელი სინამდვილეში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო იმ რეჟიმის ბელადი, რომელმაც საქართველოში რამდენიმე ასეული პატიმარი მოკლა.

„მართლა აღმაშფოთებელია და ყელში ამოვიდა ამდენი საუბარი მიხეილ სააკაშვილზე. გუშინ, მაგალითად, 15 კმ ავტობანი გაიხსნა - ეს აინტერესებს ხალხს. არავის არ აინტერესებს ეს ამბავი მედიაში და აინტერესებთ კრიმინალი სააკაშვილი სად იქნება და როგორ იქნება. ეს არ შეიძლება ასე გაგრძელდეს. გუშინ კიდევ ერთი ოპოზიციონერი ელენე ხოშტარია გამოდიოდა და ამბობდა ჩვენ არ ვართ ის საზოგადოება, სადაც პატიმრებს კლავენო, მე შეგახსენებთ, რომ მათმა ხელისუფლებამ რამდენიმე ასეულობით პატიმარი მოკლა და ამ რეჟიმის ბელადს ნუ გადაგვაყოლებთ რა, ამოვიდა ყელში ამაზე საუბარი. მიხეილ სააკაშვილი იყო იმ რეჟიმის ბელადი, რომელმაც საქართველოში რამდენიმე ასეული პატიმარი მოკლა, რაც პირდაპირ ციფრებით არის დადასტურებული და მკვლელების ბელადზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ მე-500 დღეა მე მგონი. რა უბედურებაა, სირცხვილი არ არის?!“ - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას მიხეილ სააკაშვილის მონახულების სურვილი იმაში დასარწმუნებლად, რომ ის მართლაც მძიმე მდგომარეობაშია, კობახიძე პასუხობს, რომ მას ეს საერთოდ არ აინტერესებს.

„ინტერესი არ მაქვს და რატომ გინდათ, დამაინტერესოთ მკვლელი სააკაშვილით? 9 200 პატიმარია საქართველოში და ერთ პატიმარზე გვალაპარაკებთ ამდენი ხანი, როდესაც ეს პატიმარი, მით უმეტეს, არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დამნაშავე, რომელიც დღეს სასჯელს ციხეში იხდის. ასეთ მძიმე კრიმინალზეც, უმძიმეს დამნაშავეზეც კი სახელმწიფო სათანადოდ ზრუნავს. დღეს ის წესით ციხეში უნდა იყოს, მაგრამ არის საავადმყოფოში. რატომ მე არ ვიცი, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული,“ - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, არამედ პირველი დიქტატორი და მკვლელია.

„რაის მესამე პრეზიდენტი? სააკაშვილი მესამე პრეზიდენტი კი არ არის, ის არის პირველი მკვლელი და დიქტატორი. 100 კაცს მარტო წელიწადში კლავდა ციხეებში, 500 კაცი მარტო აგვისტოს ომს შესწირა თავისი ავანტიურით და ღალატით და მერე ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც ჩაწერა, რომ ომი ქართულმა არმიამ დაიწყო და ამას უწოდებთ თქვენ მესამე პრეზიდენტს. მესამე პრეზიდენტი კი არა, პირველი ავანტიურისტი და მკვლელია სინამდვილეში. ამიტომ ღირსია, რომ 6 წლიანი სასჯელი მოიხადოს, რაც აქვს შეფარდებული. აცადეთ სასჯელის მოხდა,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, ერთ-ერთ ექსპერტს წამოსცდა, რომ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და მხარეებს სიმართლის თქმისკენ მოუწოდა.

„სხვათა შორის, ლომჯარიას ექსპერტმა ერთ-ერთი ოპოზიციური ტელევიზიის ეთერში თქვა, რომ სააკაშვილს ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე რეზექცია გაკეთებული, ანუ კუჭის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. ყველა საიტიდან და „ფეისბუქიდან“ არის გამქრალი ეს ვიდეო. რატომ? იმიტომ რომ წამოსცდათ და ამის ჩვენებაც არ გინდოდათ. საზოგადოებას უთხარით სიმართლე, თუ კაცს აქვთ კუჭის ოპერაცია გაკეთებული, რაც ავტომატურად იწვევს წონის სერიოზულ კლებას უთხარით ამაზე სიმართლე, თუ სხვა რაღაცაშია საქმე იქაც... თქვენ ათასი ტყუილით გინდათ, რომ მკვლელი და უბედური ადამიანი შეაცოდოთ საზოგადოებას. გაანებეთ თავი ამ ხალხსაც, სააკაშვილსაც და ყველაფერს გაანებეთ თავი, გააშუქეთ ის, რაც ქვეყანაში ხდება,“ - მიმართა კობახიძემ ჟურნალისტებს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს