ვაჟა ბერიძე - ჩვენი პოლიტიკური სისტემის რეფორმირება მეჩვენება პირველი რიგის ამოცანად, რათა ქვეყნის სტაბილური და შეუქცევადი განვითარება იქნას უზრუნველყოფილი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ყველაზე განხილვადი თემა მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ გაშვების საკითხი და ასევე ამავე თემაზე ევროპარლამენტართა განცხადებებია, საუბარი ამ თემებით უნდა დავიწყოთ.

პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვაზე უარი უთხრა. ამას წინ უძღოდა იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგვაძის განცხადება „იძულებულები გავხდებით, გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები“.

ასეა, მიუხედავად ამ თემაზე ევროპარლამენტართა საკმაოდ კრიტიკული განცხადებებისა. გასაგებია, რომ მმართველი გუნდი იმის გამო არ უშვებს, რომ საკუთარი ელექტორატის დაკარგვის შიში აქვს. როგორც ჩანს, სააკაშვილის თემა 2024 წლის არჩევნებისთვის ელექტორატისთვის ბრძოლასაც ნიშნავს.

პრეზიდენტს შეეძლო სააკაშვილის შეწყალება, მაგრამ, ფაქტია, რომ მის მიერ ნათქვამი „არა და არასდროს“, კვლავ ძალაშია, რაც სხვა არაფერია, თუ არა მმართველი გუნდის პოზიციაზე ყოფნა. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ გაშვება-არგაშვებას ეხება?

- ბუნებრივია, დროდადრო პრიორიტეტული თემები იცვლება, თუმცა საქართველოში მოვლენათა განვითარების საერთაშორისო ასპექტის გათვალისწინებით, ეს ცვალებადობა ლამის მყისიერია.

გუშინ მთავარი თემა, შეიძლება ითქვას, ყველაზე განხილვადი და აჟიოტაჟური მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გაშვების საკითხი იყო, თუმცა დღის მეორე ნახევარში იგი დაჩრდილა ევროპარლამენტის რეზოლუციამ, სადაც ჩემი აზრით, ადეკვატურადაა შეფასებული ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული შედეგები და არსებულ, გადაუწყვეტელ პრობლემებზეც გამახვილებულია ყურადღება.

განსაკუთრებით მწვავე პოლიტიკური შეფასებების საგანი პოლიტიკურ ისტებლიშმენტში გახდა შესწორებები, რომელთაგან, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების თაობაზე რეკომენდაცია წამოვიდა წინა პლანზე.

კითხვასხვაობას იწვევდა დათქმები, რომელთაგან გამოვყოფდი ყოფილი პრემიერის და მისი ოჯახის წევრების, ახლო გარემოცვის მიმართ გასატარებელ ღონისძიებებს, თუმცა ცალსახად არ იყო გამოკვეთილი დათქმების რაობა.

სხვა ასპექტს წარმოადგენს საქართველოზე სავარაუდო ზემოქმედება, თუ დადასტურდება, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთს ეხმარება სანქციებისგან თავის არიდებაში, თუ დადასტურდება ივანიშვილის კავშირები რუსეთთან. ეს ორი და სხვა ასპექტები ერთობ ბუნდოვანია.

განსაკუთრებით გაურკვეველს ხდის სიტუაციას ის გარემოება, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია იმპლემენტაციას, ანუ შესრულების გაკონტროლებას არ გულისხმობს და თავისი არსით სარეკომენდაციო ხასიათისაა.

განსაკუთრებით გაურკვეველს ხდის სიტუაციას ის გარემოება, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია იმპლემენტაციას, ანუ შესრულების გაკონტროლებას არ გულისხმობს და თავისი არსით სარეკომენდაციო ხასიათისაა

დიდი ბუნდოვანების შემცველია რუსეთთან ივანიშვილის კავშირების განსაზღვრის მექანიზმი. საუბარია ადამიანზე, რომელმაც წლების განმავლობაში რუსეთში ბიზნესი აკეთა და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აქტიურად მონაწილეობდა (ის იყო ბანკირების იმ ალიანსის წევრი, რომელმაც დასავლეთისთვის მისაღები ელცინის ხელახალი არჩევა უზრუნველყო პრეზიდენტის პოსტზე, რასაც იმ ხანად კომუნისტმა ზიუგანოვმა სერიოზული საფრთხე შეუქმნა) და საბოლოო ჯამში იმ ქვეყანაში მილიარდები იშოვა.

ისიც აუცილებლად აღსანიშნავია, რომ მისი აქტივების უმეტესი ნაწილი დასავლეთში და დასავლური სპეცსამსახურების კონტროლირებად ოფშორულ ზონებშია განთავსებული.

ამ დოკუმენტში ბუნდოვანია ისიც, რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს ივანიშვილის საქმიანობა, რათა მას სანქციები დაუწესდეს ან არ დაუწესდეს. შესაბამისად, როცა ამ დოკუმენტს ეცნობი, გრჩება შთაბეჭდილება, რომ ამის გაკეთება, თუ ეს რეალობა დადგა, საკმაოდ ფრივოლურად მოხდება.

ივანიშვილის ჭარბი ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ზეგავლენისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას? მით უმეტეს, შედეგის მისაღწევად რა კრიტერიუმები უნდა იქნას გამოყენებული? ივანიშვილი ქვეყნიდან უნდა გავაძევოთ? მას ქვეყანაში კაპიტალდაბანდებები უნდა ავუკრძალოთ? მეცენატობა უნდა შევუზღუდოთ? მის მიერ დაფუძნებული პარტიის დამფუძნებლის სტატუსი უნდა ჩამოვართვათ? რანაირად, სამართლებრივი თვალსაზრისით? ეს ხომ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა არ დაზარალდეს? საერთოდ, ივანიშვილის დიდი ღვაწლიც არ უნდა დაიკარგოს და ნაბან წყალს ბავშვიც არ უნდა გადავაყოლოთ.

ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდიდან, მისი პრემიერის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში და დღემდე, მისი საქმიანობის თანმიმდევრულ კრიტიკოსად მიმაჩნია თავი, მაგრამ არასდროს დამიკნინებია ის დიდი სიკეთე, რაც მან ქვეყანას გაუკეთა და რისთვისაც უდაოდ კუთვნილ ადგილს დაიკავებს ქვეყნის ისტორიაში. თუ, რა თქმა უნდა, თავისი ფაქტობრივი მმართველობა ისე მიიყვანა ბოლომდე, რომ ქვეყნის მომავალს არ ავნო.

ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდიდან, მისი პრემიერის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში და დღემდე, მისი საქმიანობის თანმიმდევრულ კრიტიკოსად მიმაჩნია თავი, მაგრამ არასდროს დამიკნინებია ის დიდი სიკეთე, რაც მან ქვეყანას გაუკეთა და რისთვისაც უდავოდ კუთვნილ ადგილს დაიკავებს ქვეყნის ისტორიაში. თუ, რა თქმა უნდა, თავისი ფაქტობრივი მმართველობა ისე მიიყვანა ბოლომდე, რომ ქვეყნის მომავალს არ ავნო

ჩვენს ქვეყანას საბედნიეროდ ჰყოლია დიდი მეცენატები და მამულიშვილები, დავით სარაჯიშვილი, აკაკი ხოშტარია და სხვანი. მათ ფონზეც კი ივანიშვილი უპირველესი მეწინავეა. არ მახსენდება ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ამ მასშტაბის ქონება დაეხარჯოს ვინმეს საქვეყნო საქმეებზე.

თუ მეტისმეტად იმპრესიონისტულ მიდგომად არ ჩამითვლით, ერთი ასეთი ფარნავაზი იყო, რომელმაც ქართლის სანახებში, კლდეში და მღვიმეში დიდი განძი იპოვა, დასავლეთის გამგებელს, ქუჯის შეუთანხმდა და პირველი ქართული სახელმწიფოც შექმნა, მოახმარა რა ნაპოვნი განძი მტრების დამარცხებას და ქვეყნის დაფუძნებას. ასე აპირებს ივანიშვილიც და ეს მას არ უნდა დავუკარგოთ.

მაგრამ, ნათელი კვალი რომ დატოვოს, მას და მის პოლიტიკურ გუნდს სწორი ნაბიჯების გადადგმა მართებთ, რაც შექმნილი საშინაო და საგარეო ვითარებიდან გამომდინარე, იოლი არ იქნება.

და ახლა გადავალ დღევანდელი დღის, ჩემი აზრით, უფრო მწვავე და მნიშვნელოვან საკითხზე, - სააკაშვილის ბედი, სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულება ყოფილ პრეზიდენტთან მიმართებაში და მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, სტატუსი გამოვაქვეყნე, სადაც ვთქვი და ვფიქრობ, დავასაბუთე, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი უნდა გადაუვადდეს და სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ. მძაფრად გამაკრიტიკა, როგორც „ოცნების“ მომხრეებმა, ისე მოწინააღმდეგეებმა.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, სტატუსი გამოვაქვეყნე, სადაც ვთქვი და ვფიქრობ, დავასაბუთე, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი უნდა გადაუვადდეს და სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ. მძაფრად გამაკრიტიკა, როგორც „ოცნების“ მომხრეებმა, ისე მოწინააღმდეგეებმა

მთავარი რაც მათ და ბევრს რჩება მხედველობის არიდან ისაა, რომ პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა, ყველა ნაბიჯი პოლიტიკური მიზანშეწონილობის პრიზმაში უნდა იქნას დანახული, რაც ამ ეტაპზე როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან, იგნორირებულია. ბისმარკი ამბობდა, რომ ყველაზე საუკეთესო გზა პოლიტიკასა და დიპლომატიაში ხშირად მერყეობის დიპლომატიაა. ეს გონიერი მოღვაწე აქ, ბუნებრივია, უპრინციპობას არ გულისხმობდა.

ჩვენ კი წინა თვეების და 14 დეკემბრის ბატალიების ფონზე, რას ვხედავთ „ოცნებისა“ და ნაციონალების მიერ კონტროლირებად ტელევიზიებში. „ნაციონალების“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე მოუწოდებს იხსნან ყოფილი პრეზიდენტი სიკვდილისაგან და გაათავისუფლონ.

პარლამენტის თავმჯდომარე, მტკიცედ ამბობს, რომ მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს, რაც არ უნდა თქვას ევროპარლამენტმა და ერთი მუჭა ლობისტების ჯგუფმა ამ სიტუაციაზე, ანუ, თუნდაც რომი დაინგრეს მართლმსაჯულება უნდა აღსრულდესო. ჩემი მხრივ დავამატებ, რომ შეიძლება რომი დაინგრეს და მასთან ერთად მართლმსაჯულებაც დაიქცეს.

შესაბამისად, ერთი კვირის წინაც და სამი თვით ადრეც, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება დროული, პრაგმატული და ყველასთვის მისაღები, სასიკეთო გადაწყვეტილება იქნებოდა. ჩვენ უნდა ვიყოთ მართლები და პრინციპულები სიტუაციის ანალიზისას. ივანიშვილს სააკაშვილის დაჭერა, დაპატიმრება და ციხეში მოთავსება არ უნდოდა, იგი მიხეილ სააკაშვილმა აიძულა ასე მოქცეულიყო.

ერთი კვირის წინაც და სამი თვით ადრეც, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება დროული, პრაგმატული და ყველასთვის მისაღები, სასიკეთო გადაწყვეტილება იქნებოდა. ჩვენ უნდა ვიყოთ მართლები და პრინციპულები სიტუაციის ანალიზისას. ივანიშვილს სააკაშვილის დაჭერა, დაპატიმრება და ციხეში მოთავსება არ უნდოდა, იგი მიხეილ სააკაშვილმა აიძულა ასე მოქცეულიყო

ისიც უნდა ითქვას, რომ სააკაშვილის დღევანდელი მძიმე მდგომარეობა ციხიდან თავის დახსნის მიზნით მის მიერვე არჩეული ტაქტიკის შედეგია, როცა ის საკვებთან მიმართებით და თავისუფლების აღკვეთასთან მიმართებით, ფაქტობრივად თავის დაზიანების ტაქტიკას მიმართავდა.

პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას მიზანშეწონილობისა და ქვეყნის ინტერესებიდან უნდა ამოვიდეთ-მეთქი და ისიც ცხადია, რომ ივანიშვილის, რომელმაც თავისი მილიარდები რუსეთში იშოვა, ამ ქვეყანასთან და იქაურ „ძლიერთა ამა სოფლისათა“ კასტასთან სერიოზული არაფორმალური ვალდებულებები აქვს.

ვერავინ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი, ღმერთმა ქნას და გამოჯანსაღებული, ორი კვირის თუ ორი თვის შემდეგ, პუტინის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის თვალსაჩინო ფიგურა გახდება, ეს კი ივანიშვილს საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდებს. ესეც გასათვალისწინებელია მომენტის მეტაფიზიკის ასახსნელად.

ვერავინ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი, ღმერთმა ქნას და გამოჯანსაღებული, ორი კვირის თუ ორი თვის შემდეგ, პუტინის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის თვალსაჩინო ფიგურა გახდება, ეს კი ივანიშვილს საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდებს. ესეც გასათვალისწინებელია მომენტის მეტაფიზიკის ასახსნელად

სალომე ზურაბიშვილის მდგომარეობა გაცილებით იოლია ვიდრე ბიძინასი. მას მხოლოდ იმ შეურაცხყოფების დავიწყება მოუხდება, რაც მიხეილ სააკაშვილმა და ნიკა გვარამიამ მიაყენეს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით. თუმცა, მას შეუძლია ამ ბარიერს გადააბიჯოს და ყველასათვის მისაღები გადაწყვეტილება მიიღოს, ანუ, შეიწყალოს პრეზიდენტყოფილიც და ნიკა გვარამიაც.

- სააკაშვილის თემაზე კრიტიკული შეფასებების გარდა, ევროპარლამენტარების განცხადებებში იყო სხვა მომენტებიც, რომელსაც გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლით.

მხედველობაში მაქვს ევროპარლამენტარ სვენ მიქსერი განცხადება - საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ გადადგეს სერიოზული ნაბიჯები 12 რეკომენდაციის ნაწილის მოსაგვარებლად, თუმცა რეკომენდაციები, რომლებიც პოლიტიკური პოლარიზაციის კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანია, ისევ ილუზიური ჩანს“.

ამ მოვლენების ფონზე ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა ბოსნია-ჰერცეგოვინას. სხვათა შორის, ჩვენი საკითხიც უნდა განეხილათ, მაგრამ 2023 წლისთვის გადადეს.

ფაქტია, რომ ამ ეტაპზე საქართველო მხოლოდ „ევროპელი პერსპექტივის“ ქვეყნად რჩება. ხელისუფლების მტკიცებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს ევრორეკომენდაციების შესასრულებლად, მაგრამ ფაქტია, რომ ის, რაც „ყველაზე მნიშვნელოვანია, ისევ ილუზიად რჩება“.

ოპოზიციასთან შეთანხმებული სახალხო დამცველის არჩევაც კი ვერ შეძლო პარლამენტმა. მათი შესრულების მიმდინარეობაზე ევროპარლამენტის რეზოლუციაც საკმაოზე მეტად კრიტიკულია, ფაქტია.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ევროპული 12 რეკომენდაციის შესრულებას ეხება და ამავე თემაზე ევროპარლამენტის რეზოლუციას?

- პოლარიზების დაძლევა საქართველოში უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე. თუ პოლარიზების დაძლევაში ვინც ამოცანა დაგვიყენა, გულისხმობენ დაპირისპირებული ორი პოლისუდიან ერთ-ერთის პოზიციის დომინირებას და მეორის იგნორირებას, ასეთი გადაწყვეტა პოლარიზების, ძნელი მისაღწევი იქნება.

თუ გავხედავთ სხვა ქვეყნებში როგორ წყვეტენ ამ პრობლემას, მაინცა და მაინც სანუგეშოს ვერაფერს ვიპოვით. თვით შეერთებულ შტატებში პოლარიზება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

რაღაც ეტაპზე ამერიკულმა დემოკრატიამ საფრთხე გაანეიტრალა, პრეზიდენტი ტრამპი სახლში გაისტუმრა, კონგრესის შენობის მარბიელები მკაცრად დასაჯა, თუმცა ამით ტრამპის პრობლემა ვერ გადაიჭრა. ის და მისი მომხრეები კვლავ სერიოზულ ძალას წარმოადგენენ, თუმცა, სენატისა და კონგრესის ბოლო არჩევნებში, დემოკრატებმა ტრამპისტებს სერიოზული მარცხი აგემეს.

ფაქტობრივად, არანაკლებ დაძაბულია ვითარება ბრაზილიაში, სადაც პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლაში ყოფილი პრეზიდენტის და ყოფილი პატიმრის დი სილვას და პრეზიდენტ ბალსონარუს დაპირისპირება, შანსებით 50/50-ზე დი სილვას გამარჯვებით დამთავრდა და ქვეყანა მშვიდობიან ცხოვრებას აგრძელებს.

ასეა ბევრგან სხვაგან და აქედან გაკვეთილი ჩვენთვის: ეს ხდება, რადგან ამ ქვეყნებში კონსოლიდირებული დემოკრატიაა, ინსტიტუტები მყარია. ამიტომ, ჩვენც ამ გზით უნდა ვიაროთ.

ბოსნია-ჰერცოგოვინის საკითხი უფრო მარტივია, ბალკანეთის პრობლემატიკა ბოლოსდაბოლოს, ორი მსოფლიო ომის შემდეგ გადაწყვეტისკენ მიდის, თუ იქ რუსების მიერ შეგულიანებულმა სერბებმა და კოსოვარებმა არ აურიეს.

სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით კონსენსუსი გამორიცხულია. არც პერსპექტივა არსებობს, რომ თუ მმართველი ძალა დათმობს, ოპოზიციის მხარდაჭერილი სახალხო დამცველი ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერი არ გახდება. ასე იყო და ასე იქნება.

სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით კონსენსუსი გამორიცხულია. არც პერსპექტივა არსებობს, რომ თუ მმართველი ძალა დათმობს, ოპოზიციის მხარდაჭერილი სახალხო დამცველი ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერი არ გახდება

ერთადერთი გამოსავალი იაგო ხვიჩიას მხარდაჭერაა ამ პოსტზე. აქ კომპრომისის დაშვებაა საჭირო, რადგან იაგო ხვიჩია პარლამენტარია და თან კლასიკური გირჩულ-ლიბერალური პრინციპების დამცველი იქნება ამ პოსტზე.

ევროპული რეკომენდაციები უნდა შესრულდეს. ძნელი იქნება მათი იმგვარად შესრულება, რომ შედეგმა ევროსტრუქტურებიც დააკმაყოფილოს და ჩვენი ოპოზიციაც.

ევროპული რეკომენდაციები უნდა შესრულდეს. ძნელი იქნება მათი იმგვარად შესრულება, რომ შედეგმა ევროსტრუქტურებიც დააკმაყოფილოს და ჩვენი ოპოზიციაც

ისინი განსაკუთრებით გამოყოფენ დეპოლარიზაციასა და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებულ პუნქტებს. მე უპირატესობას იმ პუნქტის შესრულებას მივანიჭებდი, რომელიც საქართველოში სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფას ეხება. აქაც შედეგების აღქმის პრობლემა იქნება ადრე თუ გვიან.

- ევროპარლამენტში საქართველოზე მსჯელობებიდან ყველაზე მეტად ისევ სვენ მიქსერის შემდეგი განცხადება დამამახსოვრდა - ღრმად ვარ შეშფოთებული რიტორიკის გამო, რომ ევროკავშირს და ჩვენს პარტნიორებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ - ევროკავშირი არის სამშვიდობო პროექტი და სინამდვილეში, ევროპის არჩევა მშვიდობის არჩევას ნიშნავს“.

ეს განცხადება ბრიუსელში გაკეთდა იმის ფონზე, რაც მმართველი გუნდი კარგა ხანია ამტკიცებს, რომ კოლექტიურ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ასე აცხადებს, ადრესატი ჯერ არ დასახელებულა.

მესმის, რომ ქვეყნის უსაფრთხოების თემებზე ხელისუფლება გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ საშინაო პოლიტიკაში მისი რიტორიკა არ ტოვებს განცდას, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღება უნდა.

სახელისუფლებო გუნდმა ისე მოუხშირა იმაზე საუბარს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი „არაფრის მომცემია“, ეს ჯერ მმართველი გუნდის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, ახლა თბილისის მერმა კახა კალაძემ გაიმეორა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ჯერ ვერ ბედავს იმის თქმას, რომ ევროკავშირის ნაცვლად ევრაზიული კავშირი უნდა.

თქვენ თუ ასე არ ფიქრობთ, დაგვავალებთ, თუ საპირისპიროში დაგვარწმუნებთ...

- არ შევეცდები არაფერში არავის დარწმუნებას, რამეთუ ეს უმადური და შეუძლებელია ჩვენს საყვარელ სამშობლოში - საქართველოში. ქართველის გადარწმუნება, თუ ის რაღაცაში დარწმუნებულია, შეუძლებელია.

ამიტომ, ყველას თავისი მრწამსი უნდა დავუტოვოთ, ხოლო ქვეყანამ ჩვენი წინა თაობის გადაწყვეტილი და დღევანდელი საქართველოს უმრავლესობის ნაფიქრალ-ნააზრევი ავიღოთ სამოქმედო გეზად, ანუ, ევროკავშირისკენ თანმიმდევრული, შეძლებისდაგვარად სწრაფი ზრდა გავაგრძელოთ და შევეშვათ ლათაიებს, რომ ეს ჩვენს ეროვნულ, ტრადიციულ ღირებულებებს რაიმენაირად ემუქრება.

ქვეყანამ ჩვენი წინა თაობის გადაწყვეტილი და დღევანდელი საქართველოს უმრავლესობის ნაფიქრალ-ნააზრევი ავიღოთ სამოქმედო გეზად, ანუ, ევროკავშირისკენ თანმიმდევრული, შეძლებისდაგვარად სწრაფი ზრდა გავაგრძელოთ და შევეშვათ ლათაიებს, რომ ეს ჩვენს ეროვნულ, ტრადიციულ ღირებულებებს რაიმენაირად ემუქრება

ამას ჩვენ ვერ ვხედავთ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, უნგრეთში, საბერძნეთში, ესპანეთში, იტალიაში და ასე შემდეგ.

ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში, დღემდე, მთავრობის და ხელისუფლების ლიდერებს ასეთი განწყობა და ასეთი მისწრაფებები აქვთ. ახლა სხვაა, ბიძინა იქნება თუ მისი გუნდის წევრები, რას ფიქრობს, გულში რა უდევს, ძნელი სათქმელია და გამოჩნდება. როგორც ჩვენი წინაპარი ამბობდა ჩვენ ვიმეორებთ, ამირან გულში მღეროდა, ძმანო ბანი მითხარითო.

ერთადერთი კია გამორიცხული, დღეს ასე საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობა არ ფიქრობს და იგი ევროკავშირში გაწევრიანების იდეის თავდაჯერებული მომხრეა

ჩვენც, ვინც ქვეყნის არჩეულ სტრატეგიულ გზას მიყვება, „ბანსაც ვეუბნებით“ და მხარსაც ვუჭერთ, ოღონდ აკვიატებულ იდეად და მარადიულ განწყობად არაფრის დასახვა არ შეიძლება. არავინ იცის ჩვენი შთამომავლობა რას იფიქრებს, შესაძლოა ბრიტანელებივით გავიდეს ევროკავშირიდან, ეს ხომ საბჭოთა კავშირი არ არის, საიდანაც გასვლა კონსტიტუციურად შეიძლებოდა, მაგრამ დაუშვებელი იყო.

თუმცა, ბოლოს, საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ, მაინც ასე მოხდა. უფრო მეტიც, ჰიპოთეზურად შესაძლოა საკითხი დაისვას ევრაზიულ კავშირთან მიერთებაზე, ან სხვა რომელიმე ალიანსის წევრობაზე, თურქეთის, ირანის, ან ჩინეთის მონაწილეობით.

გამორიცხული არაფერი არ არის. ერთადერთი კია გამორიცხული, დღეს ასე საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობა არ ფიქრობს და იგი ევროკავშირში გაწევრიანების იდეის თავდაჯერებული მომხრეა.

- ვითარებაში, როცა უკრაინაში აგრესიის გამო სხვადასხვა ქვეყნები რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო კორიდორებს ლამის ყოველ დღე უხურავენ, რუსეთის მოქალაქეებს პრობლემებს უქმნიან ამა თუ იმ ქვეყანაში შესასვლელად, ვნახეთ თუ როგორი ხბოს აღტკინებით შეხვდა ინფორმაციას სახელისუფლებო გუნდი რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენისა და უვიზო მიმოსვლის შესახებ.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ „შიდა დაპირისპირებებს არ უნდა შეეწიროს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დაჩქარების ისტორიული შესაძლებლობა, რომლისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენ თავად ვიბრძოლეთ“.

მეორე ნაწილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში „პრაგმატიზმის ილუზიაში რჩება“, რაც იმას ნიშნავს, რომ „ხელისუფლებას პროდასავლურების ლიმიტი ამოწურული აქვს“.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ რაც უფრო მეტი პრობლემა ექნება რუსეთს უკრაინაში, მით მეტი რუსეთის მოქალაქე გვეყოლება საქართველოში.

რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ შიდადაპირისპირებას ეწირება ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა?

- არ მგონია, ასე სერიოზულად იდგეს საკითხი. არაერთხელ მითქვამს, რომ სტრატეგიული მიმართულების ვექტორი ავტობუსის გაჩერება არ არის „თავისუფლების მოედანზე“, სადაც დღეს გინდა გლდანის მიმართულებით წახვალ, ხვალ კი ვარკეთილისკენ გასწევ. ვერც დღევანდელი მმართველი ძალის პოლიტიკაში ვამჩნევ ამის ნიშნებს.

სტრატეგიული მიმართულების ვექტორი ავტობუსის გაჩერება არ არის „თავისუფლების მოედანზე“, სადაც დღეს გინდა გლდანის მიმართულებით წახვალ, ხვალ კი ვარკეთილისკენ გასწევ. ვერც დღევანდელი მმართველი ძალის პოლიტიკაში ვამჩნევ ამის ნიშნებს

ასეთი პერსპექტივა რეალობის ნიშნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ ევროკავშირი საქართველოს ზურგს შეაქცევს, შეერთებული შტატები ჩვენთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე ხელს აიღებს, ანდა ემნუილ მაკრონი თუ მისი მემკვიდრე „სხვა გეოგრაფიად“ საქართველოს და კავკასიის აღქმას რეალ-პოლიტიკის ქვაკუთხედად აქცევს. ან კიდევ, ყველანი ერთად დაიჩემებენ, რომ საქართველოში ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს ძალა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა არ დაუჭერს მხარს. სხვა შემთხვევაში, რატომ უნდა მოვინდომოთ „ევრაზიულ კავშირთან“ დაახლოება, სადაც რუსეთი დომინირებს?!.

აქ რუსეთის რაობა და მისი მომავალიც არ არის მთავარი - აქ, უბრალოდ, ყველა ქართველი დასვამს მარტივ კითხვას - რას მოგვცემს ევრაზიულ ორბიტაზე დამკვიდრება? - ცხოვრების უფრო მაღალ დონეს, ვიდრე ეს ევროპაშია? - ვერა.

უსაფრთხოების უფრო მაღალ სტანდარტებს? - ვერა. უკეთეს განათლებას და მეცნიერებას ? - ვერა. და ასე შემდეგ... ასე რომ, ეს საფრთხე არ მეჩვენება რეალურად.

თუ ევროკავშირი საქართველოს ზურგს შეაქცევს, აშშ ჩვენთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე ხელს აიღებს, ან კიდევ, ყველანი ერთად დაიჩემებენ, რომ საქართველოში ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს ძალა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა არ დაუჭერს მხარს. სხვა შემთხვევაში, რატომ უნდა მოვინდომოთ „ევრაზიულ კავშირთან“ დაახლოება, სადაც რუსეთი დომინირებს?!.

კაპიტალდაბანდებებიც და ეკონომიკური ექსპანსიაც, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური ზეგავლენის ზრდის ინსტრუმენტია. მაგრამ როგორც წინა, ისე ამ ხელისუფლებას აქვს თავისი გასამართლებელი არგუმენტები

ერთადერთი, არ ვარ მომხრე, რომ რუსეთიდან ფაქტობრივად გამოქცეულებს საზღვარი ჩავუკეტოთ. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ამ ნაკადს შემოჰყვეს აგენტურა და ეს იყოს საფრთხილო, როგორც რუსული გავლენის შემადგენელი, მაგრამ რუსეთშიც ბევრი მშვიდობისმოყვარე, მომავლის ქონით დაინტერესებული ადამიანია, რომლისთვისაც მიუღებელია დღევანდელი რუსეთის ხელმძღვანელობის აგრესიული საგარეო და არაეფექტური საშინაო პოლიტიკა.

ასეთ ადამიანებზე უარის თქმა სწორად არ მიმაჩნია, თუმცა, ჩვენმა ხელისუფლებამ კარგად უნდა აწონ-დაწონოს ამგვარი მიდგომიდან მომდინარე საფრთხეები და თუ ჩათვლის, მიიღოს შემზღუდავი ღონისძიებები.

- ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, როცა, ხელისუფლება ეკონომიკის ორნიშნა რიცხვით ზრდით ამაყობს. ამ თემაზე საუბრები ხდება იმის მტკიცების ფონზე, რომ საქართველოში მშვიდობაა, მშვიდობა კი „ხელისუფლების პრაგმატული და გააზრებული პოლიტიკის შედეგია“.

არადა, რეალურად ვხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდა, შედეგია ქვეყანაში რუსული კაპიტალის შემოდინების. კარგია, რომ დაანონსდა რუმინეთსა და საქართველოს შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ინფრასტრუქტურულ-ენერგეტიკული პროექტი, რომელიც 2, 3 მილიარდი ევრო დაჯდება.

მაგრამ დღეისათვის, მოცემულობა ასეთია - საქართველო სულ მეტად ებმება რუსულ ბაზარს, რუსული კაპიტალი მეტად შემოდის საქართველოში და ცდილობს ბიზნესში მონაწილეობას.

ერთნი ამტკიცებენ, რომ „რუსული კაპიტალის“ უკან რუსეთში ბოლო დრომდე მცხოვრები ქართველები დგანან, მეორენი ამტკიცებენ, რუსეთში დიდი კაპიტალის მფლობელების უკან კრემლთან დაახლოებული სტრუქტურები აკონტროლებენ. ამ თემაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, არადა, ეს ქვეყნისთვის რომ, როგორც მინიმუმ, ეკონომიკური საფრთხეა, ფაქტია.

რა საფრთხეებს შეიცავს რუსული კაპიტალის ქვეყანაში შემოდინება? და თუ ეს რეალურადაა საფრთხე, ამაზე ხელისუფლება რატომ არ რეაგირებს ადეკვატურად?

- სხვათა შორის, ეს პრობლემა საქართველოსთვის არახალია. ასეთი მოცემულობა, ჩამოყალიბდა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში, როცა სერიოზული ეკონომიკური ბერკეტები გადავიდა რუსული კაპიტალის და რუსული კომპანიების ხელში.

ძნელია ერთი ინტერვიუს ფორმატში ამ საკითხის ვრცელი ანალიზი, თუმცა ჩვენ გვახსოვს კახა ბენდუქიძის მიდგომა ამ საკითხისადმი, როცა რუსებზე უნდოდა გაზსადენის მიყიდვა. მისი აზრით, რადგან რუსული გაზი მიდიოდა სომხეთისკენ ამ გაზსადენით, მიზანშეწონილი და უფრო ეფექტიანი იქნებოდა საქართველოსთვის, თუ რუსებს ექნებოდათ საკუთრებაში იგი. მაშინ ამერიკელები წავიდნენ წინააღმდეგი და ეს გარიგება აღარ შედგა.

თუმცა, ისედაც ბევრი მნიშვნელოვანი ობიექტი გადავიდა რუსების ხელში, მაგალითად ისეთები როგორიცაა „თელასი“, სხვა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტები, საქართველოში ოქროს მომპოვებელი RMG Gold და ა.შ.

ასეთი მიდგომა „ოცნების“ ხელისუფლების პირობებშიც გაგრძელდა, თუმცა არავინ ეწინააღმდეგებოდა და ეწინააღმდეგება დასავლური კაპიტალის შემოსვლას, რომელიც რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, მაინცა და მაინც არ მოიწევს ჩვენკენ. ამ მიმართულებით გადასადგმელია ნაბიჯები და ეკონომიკის სამინისტრო აპირებს მნიშვნელოვნად გააქტიურებას.

რა თქმა უნდა, კაპიტალდაბანდებებიც და ეკონომიკური ექსპანსიაც, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური ზეგავლენის ზრდის ინსტრუმენტია. მაგრამ როგორც წინა, ისე ამ ხელისუფლებას აქვს თავისი გასამართლებელი არგუმენტები.

დასავლეთზე ცალსახად ორიენტირებული ძალების პროცენტული წილი, მთელს მოსახლეობაში მცირდება, რამაც არ მგონია, ასეთი აქციების პერმანენტული ხასიათის უზრუნველყოფა შეძლოს

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც ეწინააღმდეგებიან რეგიონში ჩინური კაპიტალის მნიშვნელოვან ზრდას. ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს ასევე გააქტიურდა ყაზახური კაპიტალი, აზერბაიჯანული კაპიტალი, რაც მისასალმებელია, თუმცა სჭირდება მთელ რიგ საკითხებს სერიოზული აწონ-დაწონვა ეკონომიკური უსაფრთხოების კონტექსტში.

- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ვითარების შესაცვლელად აქციებია დასაწყები, თან უვადო.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მმართველი გუნდი საგარეო პოლიტიკაში იმიტომ აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს, რომ დარწმუნებულია ქვეყანაში არავინ არაფერს გააპროტესტებს. თუ გააპროტესტებს, არა იმდენად კრიტიკულად ბევრი, რამაც შესაძლოა, ხელისუფლება, როგორც მინიმუმ, დააფიქროს.

რამდენად მართებულია ამგვარი მტკიცება?

- იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სხვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები უდგას, პოლიტიკური ტურბულენტობის ხელოვნური გამოწვევა გონივრული არ მგონია.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ქვეყნისთვის სახიფათო ხასიათი მიიღო დეპოპულაციამ და ქვეყნიდან შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინების პროცესმა. დემოგრაფიული სიტუაციაც არასახარბიელოა. მოსახლეობის სტრუქტურული შემადგენლობის ანალიზიც არ იძლევა დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთების საშუალებას.

დღევანდელი ელექტორატი, ვინც ხელისუფლების ვინაობა და რაობა უნდა განსაზღვროს, 40-50 წელს გადაცილებულია და ძირითადად კონსერვატიული ხედვების მხარდამჭერი. დასავლეთზე ცალსახად ორიენტირებული ძალების პროცენტული წილი, მთელს მოსახლეობაში მცირდება, რამაც არ მგონია, ასეთი აქციების პერმანენტული ხასიათის უზრუნველყოფა შეძლოს.

ამ ძალებს ფინანსური რესურსიც გარკვეულწილად შეზღუდული აქვთ. ეს ყველაფერი არის სწორედ ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის განმაპირობებელი და არა ამა თუ იმ პოლიტიკოსის პოპულარობის დონე.

აქციების დაწყებაზე მეტად, ვფიქრობ, საშურია ჩვენი პოლიტიკური სისტემის რეფორმირება, რომელიც არ იქნება დამოკიდებული რომელიმე მილიარდერის ფინანსურ რესურსზე ან აბსოლუტურად გაუგებარი გზებით ოლიგარქად ქცეული თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნება-სურვილზე.

მე უფრო მენიშნა, ამას წინათ, მეორე რიგის საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში ცხოვრებას აპირებს ყაზახეთში მოღვაწე მილიარდერი მიხეილ ლომთაძე, ბათუმში დაბადებული და გაზრდილი.

თუმცა, ამ ინფორმაციის წყარო არსად იყო ნახსენები, რაც ინფორმაციის სპეციფიკურობაზე მიუთითებს. ჩანს, სადღაც, ვიღაც ასეთ თემებზეც ფიქრობს. თუმცა, პერსონალებზე ფიქრზე მეტად ჩვენი პოლიტიკური სისტემის რეფორმირება მეჩვენება პირველი რიგის ამოცანად, რათა ქვეყნის სტაბილური და შეუქცევადი განვითარება იქნას უზრუნველყოფილი.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა