აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები - არ ვაპირებთ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯის კაბინეტებიდან ყურებას, ვიბრძოლებთ რუსული ტყვეობიდან მის დასახსნელად

იმ ხელისუფლების გვერდით ჯდომა მიუღებელია, რომელიც ყოველდღიურად სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობით არის დაკავებული და ქვეყნის მესამე პრეზიდენტს სიკვდილით სჯის, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი თქმით, აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომას ბოიკოტს უცხადებენ.
დეპუტატების განცხადებით, პროტესტის გაგრძელებას ქუჩაში გეგმავენ.
"ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ სიკვდილით დასჯის ქრონიკას, როცა რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხელისუფლება წამებით კლავს მიხეილ სააკაშვილს.
მაშინ როცა ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს ევროინტეგრაციის მიზნების მისაღწევად კონკრეტული რეფორმების განხორციელებით, მიზანმიმართულად ახორციელებენ შურისძიებასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, რომ ევროპის კარი ჩვენთვის დაიხუროს.
უფრო მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ მათ ინტერესში არ შედის კანდიდატობის სტატუსის მიღება, ამავე დროს სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს ავტოკრატიული მმართველობის გამყარება და რუსეთისათვის კარის გახსნა.
სწორედ ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი ხელისუფლების გვერდით ჯდომა მიუღებელია, ხელისუფლებისა, რომელიც ყოველდღიურად დაკავებულია სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობითა და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიკვდილით დასჯით.
აუცილებელია, გადარჩეს მიხეილ სააკაშვილი და შეუნარჩუნდეს ჯანმრთელობა, სწორედ ამიტომ არ ვაპირებთ კაბინეტებიდან სიკვდილით დასჯის ყურებას და ვიბრძოლებთ რუსული ტყვეობიდან მის დასახსნელად”,- განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა
ცნობისთვის, დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ.
























