ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტზე - შოუებს დგამენ, საზოგადოება დაიღალა და ყურადღებას არ აქცევს

უკვე მერამდენედ დგამენ ასეთ შოუებს, საზოგადოება დაიღალა და არც აქცევს ყურადღებას, - ასე გამოეხმაურა ბათუმის საკრებულოში “ქართული ოცნების” წევრი თენგიზ აფხაზავა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, ბოიკოტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ოპოზიციამ მავნებლური და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღო.
„ეს არის უპასუხისმგებლო მავნებლური დამოკიდებულება ქალაქისადმი, რომელიც მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღებას ელოდება. უპრეცედენტოდ მაღალი, 285 მილიონიანია ქალაქის საწყისი ბიუჯეტი. მიზეზია ის, რომ ვერცერთ პროგრამაში შენიშვნა ვერ დაასახელეს, რომელიც ქალაქზე არ იქნებოდა მორგებული. მათი დესტრუქციული ქმედება გრძელდება, უკვე მერამდენედ დგამენ ასეთ შოუებს, საზოგადოება დაიღალა და არც აქცევს ყურადღებას”, - განაცხადა თენგიზ აფხაზავამ.
ბათუმის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ბოიკოტს აცხადებენ და სხდომებზე დასწრებას არ აპირებენ. როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ “ქართულ ოცნება” მიხეილ სააკაშვილს კლავს.
























