ის ხალხი, რომელიც ევროკავშირს აკრიტიკებს, არჩევანი რომ ჰქონდეს, საკუთარ შვილებს კემბრიჯში გაუშვებს სასწავლებლად თუ მოსკოვში ტვინის გამოსარეცხად? - ამის შესახებ რუსეთსა და უკრაინაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც ჩეჩელაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს თვალყურს ვადევნებთ, ევროკავშირში ინტეგრაციის მიზანს „ბოლომდე ეფექტურად ვერ ემსახურება“.
„ყველამ უნდა გადავწყვიტოთ, ჩვენ გვირჩევნია სორბონა და კემბრიჯი თუ სანკტ-პეტერბურგი და მოსკოვი. ის ხალხი, რომელიც ახლა ევროკავშირს აკრიტიკებს და ამბობს, რომ „ასეთი ევროკავშირი ჩვენ არ გვინდა“, არჩევანი რომ ჰქონდეს, საკუთარ შვილებს კემბრიჯში გაუშვებს სასწავლებლად თუ მოსკოვში ტვინის გამოსარეცხად? აქედან გამომდინარე, თუ ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი, რომელიც კონსტიტუციური ნორმით არის გამაგრებული, მთავრობისთვის რჩება ძალაში - ჩვენი გაწევრიანება ევროკავშირში და კანდიდატის სტატუსი მიღება, ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს თვალყურს ვადევნებთ, ამ მიზანს ბოლომდე ეფექტურად ვერ ემსახურება. ევროპარლამენტთან დამოკიდებულება არის ამ მუშაობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი.
როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ კანდიდატის სტატუსზე, ნათლად გამოიკვეთა ახალი კომპონენტი, რომელიც რეალურად ყოველთვის იყო, მაგრამ კანდიდატებთან მიმართებით არ ჟღერდებოდა. ეს არის ევროკავშირის მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია სასანქციო პოლიტიკის მიმართ რუსეთთან მიმართებით. ეს ბრძანა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე და ასევე პირდაპირ განაცხადა ბელგრადში ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ჩვენ, სამოქალაქო და საექსპერტო საზოგადოებას რაღაცის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ ვერ ჩავანაცვლებთ მთავრობას. ეს ახალი დამოკიდებულება სასანქციო პოლიტიკის მიმართ ძალიან ავიწროებს ისედაც არარსებულ მანევრების სივრცეს. გადაწყვეტილება არის მიღებული - ის პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც დღეს არიან სამთავრობო დერეფნებში და ფიქრობენ, რომ სჯობს იყვნენ რუსეთის ჩრდილში და უწოდონ ის ეპითეტები ევროპულ ინსტიტუტებს და პარლამენტს, უნდა დაფიქრდნენ, რომ ეს ჩრდილი მალე გაქრება, რადგან რუსეთის ძალის პროექცია ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში თვალსა და ხელს შუა იცლება. რუსეთის მარცხი გარდაუვალია. როდესაც რუსეთის ჩრდილი გაქრება, ისინი აღმოჩნდებიან შიშველ ველზე ძალიან ძლიერი სხივების ქვეშ, რამაც შეიძლება სრულად გაანადგუროს ისინი. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ „ქართული ოცნების“ წიაღში არის სერიოზული ჯგუფი, რომელიც დღეს შეიძლება აქტიური არ არის და არ ეწინააღმდეგება ამ რიტორიკას, რომელსაც „მოლაპარაკე თავებიდან“ ვისმენთ, მაგრამ ძალიან არის აღშფოთებული ამ ვითარებით“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.