ტრენდი, რომ წარსული უნდა დაივიწყო, ეს არის აბსოლუტურად ტყუილი ტრენდი, არასდროს არ უნდა დაივიწყო წარსული,
- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც დეპუტატ ხათუნა სამნიძეს უპასუხა, რომელმაც იუსტიციის მინისტრის მიერ წინა ხელისუფლების დროს ერთ-ერთი მსჯავრდებულის საქმიდან ამონარიდის წაკითხვა გააპროტესტა, რაც წამებასა და გაუპატიურებას ასახავს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, იუსტიციის მინისტრმა მსჯავრდებულის საქმიდან ამონარიდი პერსონალური მონაცემების დაცვისა და ეთიკის ფარგლებში წაიკითხა.
პაპუაშვილის თქმით, დღეს სიტყვა "წამების" დაკნინება ხდება და შოკი და ემოციები, რაც წინა ხელისუფლების დროს არსებული ისტორიებიდან მომდინარეობს, "ხელახლა უნდა შეიგრძნოს" ადამიანმა.
„ქალბატონო ხათუნა [სამნიძე], საუბრობთ წარსულის დავიწყებაზე და მგონი, მინიმუმ სკოლის ისტორიის წიგნებიდან გვახსოვს წანამძღვარი სიტყვები, რომელიც ლაიბნიციდან მოდის და ილიასაც გამეორებული ჰქონდა, რომ აწმყო წარსულისგანაა შობილი და მგონი, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ტრენდი, რომ წარსული უნდა დაივიწყო, არის აბსოლუტურად ტყუილი ტრენდი, არასდროს არ უნდა დაივიწყო წარსული. როდესაც საუბრობთ თქვენს ემოციებზე, ძალიან სწორი ემოცია გქონდათ ამ ყველაფერზე, შოკისმომგვრელი იყო და ესეც იყო, ალბათ, მომხსენებლის იდეა. ის შოკი, რომელიც, მაშინ ამ ინფორმაციას ჰქონდა, მგონი, ცოტა მობლაგვდება და მოდუნდა და რაღაც საკითხები ისეა, წამება ისეთ რაღაცებს ერქმევა, ჩვეულებრივი პოლემიკის სიტყვად იქცა, ხდება პირიქით ამ სიტყვის მნიშვნელობის დაკნინება და ეს არ უნდა დავუშვათ. თქვენ თუ მაშინ ეს ინფორმაცია გაიგეთ და ქუჩაში გამოხვედით, აქ არიან კოლეგები, რომლებიც ასეთი წამების მსხვერპლი იყვნენ, ციხეში იყვნენ, დევნიდნენ. სულ ახლახან მოვისმინეთ, რომ ბავშვები გაიზარდნენ ჩემს გარეშე იმიტომ, რომ გაქცეული ვიყავი ქვეყნიდანო, ხალხს ეს აქვს გამოვლილი. შესაძლოა ესეც იყო მიზანი, რომ როცა ხდება დაკნინება სიტყვა წამებისა, სწორედაც ეს შოკი ხელახლა უნდა შეიგრძნოს ადამიანმა ამ ისტორიების გახსენებით. რაც შეეხება ფორმას, იყო სრულად პერსონალური ინფორმაციის დაცვით, ასევე ეთიკის ფარგლებში და აქ მე ვერაფერს მიუღებელს ვერ ვხედავ, ამიტომაც არ გავაჩერე მომხსენებელი. პირიქით, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იყო, ეს ემოცია კიდევ ერთხელ თქვენც შეგეგრძნოთ, მათ შორის ჩვენთან ერთად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.