ალექსანდრე თვალჭრელიძე - რა უშლის სასამართლოს ხელს, რომ სააკაშვილს სასჯელი შინაპატიმრობით შეუცვალოს? ზუსტად შინაპატიმრობაა ყოფილი „დამნაშავე“ პრეზიდენტების დასჯის ყველაზე უფრო გავრცელებული საერთაშორისო პრაქტიკა

ალექსანდრე თვალჭრელიძე - რა უშლის სასამართლოს ხელს, რომ სააკაშვილს სასჯელი შინაპატიმრობით შეუცვალოს? ზუსტად შინაპატიმრობაა ყოფილი „დამნაშავე“ პრეზიდენტების დასჯის ყველაზე უფრო გავრცელებული საერთაშორისო პრაქტიკა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, მმართველი გუნდის წარმომადგენლების ლამის აშკარად ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე მესამე პრეზიდენტის სასამართლოზე დისტანციურად ჩართვა-არჩართვის ამბავმა და შემდეგ საკანში მყოფ სააკაშვილზე კადრების გავრცელებამ ორი რამ დაგვანახა.

ქვეყანას პრობლემები აქვს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, იმ სივრცესთან, რომლისკენაც ოფიციალურად მივილტვით და ამის მიზეზი მესამე პრეზიდენტია. ხელისუფლებას ამ თემაზე საუბარი აღარ სურს, მაგრამ, მას უნდა თუ არა, ახლა სააკაშვილის თემა აქტიურად განიხილება და ჩვენც საუბარი ამ თემით უნდა დავიწყოთ.

გასაგებია, რომ კადრების ჩვენებით სახელისუფლებო გუნდს სააკაშვილის მაქსიმალურად დისკრედიტაცია სურდა, მაგრამ, გავრცელებულმა კადრებმა აჩვენა, რომ იგი ნამდვილად არაა კარგად და მკურნალობას საჭიროებს. შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ამ ისტორიაში სახიფათო ისაა, რომ ბევრმა ვერ დამალა სიხარული სააკაშვილის ცუდად ყოფნის გამო.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც, ერთი მხრივ, სააკაშვილს ავადმყოფობას უკავშირდება, ხოლო, მეორე მხრივ, იმას, თუ რა ნაბიჯებს დგამს სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება? ვგულისხმობ მათ შორის კადრების გავრცელებას...

- კი ვამბობთ, რომ ბატონი სააკაშვილი კარგად ვერ არის, მაგრამ მისი დიაგნოზი არ ვიცით. აქ ერთმანეთს ორი საწინააღმდეგო ტენდენცია ეჯახება: ერთი მხრივ, ძალიან დიდი საჯარო ინტერესი, რომელმაც, აგერ, ევროპარლამენტი და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მოიცვა, ხოლო, მეორე მხრივ, პირადი ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვის ვალდებულება.

პრინციპში, საკითხი მარტივია: ბატონ სააკაშვილს თავისუფლება სურს და ამაში მას „ნაცმოძრაობის“ წევრთა უმრავლესობა, ასევე, ბევრი მცირე ოპოზიციური პარტია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია მხარში უდგას, ხოლო, მეორე მხრივ, მმართველ გუნდს, თავი რომ გავანებოთ პოლიტიკურ პრაგმატიზმს, სურს სასამართლო განაჩენის ბოლომდე სისრულეში მოყვანა.

ამ ხისტ დაპირისპირებაში, რომელმაც პარადოქსულად მთელი ჩვენი პოლიტიკური სივრცე მოიცვა, არც ერთი მხარე დათმობაზე წასვლას არ აპირებს, რაც ქვეყნისთვის მეტად საზიანოა.

ამ ხისტ დაპირისპირებაში, რომელმაც პარადოქსულად მთელი ჩვენი პოლიტიკური სივრცე მოიცვა, არც ერთი მხარე დათმობაზე წასვლას არ აპირებს, რაც ქვეყნისთვის მეტად საზიანოა

მინდა გააცნობიეროთ, რომ საზოგადოებაშიც მოქმედებს ნიუტონის მესამე კანონი: უკუქმედება ზემოქმედების ტოლია. ამიტომ კომპრომისი ჯანსაღი საზოგადოების არსებობის ერთადერთი ფორმაა, ვინაიდან იგი ამცირებს პოლიტიკური ზემოქმედებისა და უკუქმედების ძალასა და ეფექტს.

რომ დავუბრუნდეთ თქვენს მიერ დასმულ კითხვას, აქაც ნამდვილად არსებობს კომპრომისისთვის აუცილებელი სივრცე, რომელსაც დაპირისპირებული მხარეები ან ტლუდ ვერ ხედავენ, ან კიდევ განგებ უვლიან გვერდს. ნახეთ, ოპოზიციური პარტიები მოუწოდებენ გაათავისუფლონ მესამე პრეზიდენტი, ან გადაუვადონ სასჯელი ან სამკურნალოდ საზღვარგარეთ გააგზავნონ.

ხელისუფლება ამბობს, რომ ამისთვის კონსტიტუციური ბერკეტები არ არსებობს. ორივე მხარე ხისტად თავის პოზიციაზე დგას და არავინ ფიქრობს, რომ კომპრომისის მრავალი შესაძლებლობაა. სხვათა შორის, ამ შესაძლებლობებს ვერც ჩვენი დასავლელი მხარდამჭერნი ხედავენ.

მაგალითად, რა უშლის სასამართლოს ხელს, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი შინაპატიმრობით შეუცვალოს? ეს ხომ კანონიერების ფარგლებს არ ცდება, მეტიც, ზუსტად შინაპატიმრობაა ყოფილი „დამნაშავე“ პრეზიდენტების დასჯის ყველაზე უფრო გავრცელებული საერთაშორისო პრაქტიკა. ასე ხომ არც მწვადი იწვება, არც შამფური.

რა უშლის სასამართლოს ხელს, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი შინაპატიმრობით შეუცვალოს? ეს ხომ კანონიერების ფარგლებს არ ცდება, მეტიც, ზუსტად შინაპატიმრობაა ყოფილი „დამნაშავე“ პრეზიდენტების დასჯის ყველაზე უფრო გავრცელებული საერთაშორისო პრაქტიკა. ასე ხომ არც მწვადი იწვება, არც შამფური

- მეორე საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ქვეყნის საგარეო კურსსა და ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას უკავშირდება.

ვითარებაში, როცა ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა და საქართველოს უარი ეთქვა, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც ხმა 430 მისცა და მხოლოდ 52 იყო წინააღმდეგი.

რეზოლუცია ოფიციალური თბილისისაგან ითხოვს ივანიშვილის სანქცირებას, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ნიკა გვარამიას შეწყალებას.

ბევრს აქვს მოლოდინი, რომ ევროპარლამენტის ამ რეზოლუციას ევროკავშირის მხრიდან ივანიშვილის სანქციები მოჰყვება.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის - ევროპარლამენტარებმა ვერ გაიგეს, რომ მათ რიტორიკას „ქართული ოცნება“ მხოლოდ არაადეკვატურად და უფრო მეტი ანტიდასავლური რიტორიკით პასუხობს და მასთან ამ მეთოდებით საუბარი აშკარად არ ჭრის.

ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებამ - „ასეთი ევროპა არ გვინდა“, გააჩინა განცდა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი საფრთხეშია. ბევრი ასე არ ფიქრობს, რადგან თვლის, რომ ევროპული არჩევანი ქვეყნის არჩევანია. ფაქტია, რომ პარლამენტს ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად ბევრი არც არაფერი გაუკეთებიათ, ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ უმრავლესობა და ოპოზიცია სახალხო დამცველის კანდიდატურაზეც კი ვერ შეთანხმებულან.

რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ შიდადაპირისპირებას ეწირება ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა?

- სავსებით საფუძვლიანია და ამ, ვიტყოდი, ჩვენი საზოგადოებისთვის მეტად ნეგატიურ პროცესში უკლებლივ ყველა საზოგადოებრივი სუბიექტი მონაწილეობს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ჩათვლით.

იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს პოლიტიკური პარტიები კი არ არსებობს ჩვენი სამოქალაქო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, არამედ პირიქით, ჩვენ ვარსებობთ მხოლოდ იმისთვის, რომ მათ თავიანთი პოლიტიკური ამბიციები დაიკმაყოფილონ.

სხვათა შორის, ბევრჯერ გამიჟღერებია, რომ ამ მსოფლმხედველურ დისბალანსში დიდია ჩვენი დასავლელი მრჩევლების ბრალი, რომლებმაც ჩათვალეს, რომ სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკური პლურალიზმით იწყება. სრულიად არა.

სამოქალაქო საზოგადოება შენდება ქვევიდან, საძირკველით, პასუხისმგებლობის აღებით სახლზე, ქუჩაზე, მიკრორაიონზე, სოფელზე, დაბაზე, ქალაქზე და მხოლოდ შემდგომ - მთლიანად საზოგადოებაზე. ესე შენდებოდა გინდ ევროპული, გინდ ანგლო-საქსური დემოკრატიები. ჩვენთან კი დემოკრატიული ინსტიტუციების აქსელერებულმა, დაჩქარებულმა ჩასახვამ შექმნა პოლიტიკური ბაბილონის გოდოლი მყიფე თიხის საძირკველით.

ამ მსოფლმხედველურ დისბალანსში დიდია ჩვენი დასავლელი მრჩევლების ბრალი, რომლებმაც ჩათვალეს, რომ სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკური პლურალიზმით იწყება. სრულიად არა... ჩვენთან დემოკრატიული ინსტიტუციების აქსელერებულმა, დაჩქარებულმა ჩასახვამ შექმნა პოლიტიკური ბაბილონის გოდოლი მყიფე თიხის საძირკველით

შედეგად, მივიღეთ ვითარება, როცა პოლიტიკური კონფორმიზმი ეროვნულ ინტერესებზე მაღლა დგას და ყველაფერი პოლიტიკურ ბრძოლას ეწირება.

გადახედეთ ახალ ამბებს: ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებას - თეატრალურ პრემიერებს, გამოფენებს, ვერნისაჟებს, საერთოდ კულტურულ, სამეცნიერო, საზოგადოებრივ თუ სპორტულ ცხოვრებას დროის 5% ეთმობა და 95% კი პოლიტიკოსების ხავსმოკიდებულ კინკლაობას ხმარდება.

თან მათ გამონათქვამებში არაფერი ახალი არ არის, პოლიტიკოსები ნამდვილად არ არიან ჩვენი ეპოქის ციცერონები. საკრალური აზრიც მიპყრობს ხოლმე - პოლიტიკაში წავიდნენ ადამიანები, რომლებმაც სოციალური ცხოვრების სხვა სფეროებში კრახი განიცადეს.ასეთ სოციალურ ფონზე გვიწევს ცხოვრება და ეს ვითარება ქმნის უზარმაზარ რღვევას საზოგადოებასა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, რომლებიც არსებობენ, როგორც ვთქვი, წარმოსახვით ფსევდოსამყაროში.

პოლიტიკაში წავიდნენ ადამიანები, რომლებმაც სოციალური ცხოვრების სხვა სფეროებში კრახი განიცადეს.ასეთ სოციალურ ფონზე გვიწევს ცხოვრება და ეს ვითარება ქმნის უზარმაზარ რღვევას საზოგადოებასა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, რომლებიც არსებობენ, როგორც ვთქვი, წარმოსახვით ფსევდოსამყაროში

ეხლა პირდაპირ შექმნილი ვითარება გავაანალიზოთ.

საერთოდ, შემთხვევითი არ არის, რომ აშშ-ში და რიგ საპრეზიდენტო დემოკრატიებში პრეზიდენტს მხოლოდ ორჯერ არჩევის შესაძლებლობა აქვს. ითვლება, რომ ორი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ იწყება ძალაუფლების მქონე ადამიანის პიროვნულობის დეგრადაცია.

აიღეთ, თუნდაც, ვლადიმერ პუტინის მაგალითი. ჩვენ დიქტატორული რეჟიმის გაბატონების შიშით საპრეზიდენტო მოდელი საპარლამენტო მოდელით შევცვალეთ და შედეგად ვაის გავეყარეთ და უის შევეყარეთ. საპარლამენტო რესპუბლიკაში ერთმა პარტიამ არჩევნებში მრავალჯერ შეიძლება გაიმარჯვოს.

გახსოვთ, ანგელა მერკელი რამდენი წელი მართავდა გერმანიას? ჩვენთან კი ამ რეფორმის გამო დიქტატორული მმართველობის შიში ოლიგარქიული მმართველობის შიშით ჩაინაცვლა. აქ კი საკანონმდებლო ბერკეტები მეტად შეზღუდულია.

ზეწოლა „ქართულ ოცნებასა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილზე იმითაა ნაკარნახევი, რომ არსებობს იმის არც თუ ისე მცირე ალბათობა, რომ 2024 წლის არჩევნები იგივე შედეგებით დასრულდეს, რაც 2020 წელს.

ზეწოლა „ქართულ ოცნებასა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილზე იმითაა ნაკარნახევი, რომ არსებობს იმის არც თუ ისე მცირე ალბათობა, რომ 2024 წლის არჩევნები იგივე შედეგებით დასრულდეს, რაც 2020 წელს

საინტერესოა, რომ ამ პროცესიდან საქართველოს მოსახლეობა მთლიანად გაუცხოებულია. მართალია, მას „ქართული ოცნების“ მმართველობა დიდად არ ეპრიანება, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ ძალაუფლებაში დაბრუნებას კიდევ უფრო დიდ პრობლემად მიაჩნევს. გამოსავალს კი ვერ ხედავს.

ასე რომ, საქართველოში არც საპრეზიდენტო და არც საპარლამენტო მოდელებმა არ გაამართლა. მოსაძებნია რაღაც შუალედური, მაგალითად, ფრანგული მოდელი, სადაც პრეზიდენტიც და პრემიერ მინისტრიც დიდი, მაგრამ ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნული ძალაუფლებით სარგებლობს.

ხდება ისედაც, რომ ეს ორი ერთმანეთისგან გამიჯნული ძალაუფლების შტო სხვადასხვა, ხშირად ერთმანეთის მოქიშპე პოლიტიკური ძალებით კომპლექტდება. სწორედ ასეთი პოლიტიკური ვითარებაა კოჰაბიტაცია და არა ის ერზაცი, რომელიც საქართველოში ვიგემეთ.

მაპატიეთ ასეთი სიტყვაუხვი კომენტარისთვის, მაგრამ მე მინდოდა მეჩვენებინა - ერთი პოლიტიკური ძალის მეორეთი ჩანაცვლება ჩიხიდან გამოსავალი არ არის. გამოსავალი ღრმა, გააზრებული, პროფესიული რეფორმებია.

ერთი პოლიტიკური ძალის მეორით ჩანაცვლება ჩიხიდან გამოსავალი არ არის. გამოსავალი ღრმა, გააზრებული, პროფესიული რეფორმებია

- შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ სრულიად გაუგებარია რუსეთთან მიმართებაში ბოლო თვეებში გადადგმული და კიდევ დაანონსებული ნაბიჯები.

ვითარებაში, როცა უკრაინაში აგრესიის გამო სხვადასხვა ქვეყნები რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო კორიდორებს ლამის ყოველ დღე უხურავენ, რუსეთის მოქალაქეებს პრობლემებს უქმნიან ამა თუ იმ ქვეყანაში შესასვლელად, ვნახეთ თუ როგორი შეხვდა ინფორმაციას სახელისუფლებო გუნდი რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენისა და უვიზო მიმოსვლის შესახებ.

ამ თემაზე ავადსახსენებელმა სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა - „თუ საქართველო არ გადაუხვევს არჩეულ კურსს, ფრენებს აღვადგენთ“.

რუსი მოქალაქეების საქართველოში სიმრავლის თემას და ეკონომიკაში მათ მონაწილეობის თემას ჩვენ კიდევ შევეხებით, მაგრამ რას ეტყოდით მათ, ვინც თვლის, „ხელისუფლებას პროდასავლურების ლიმიტი ამოწურული აქვს“?

- ერთია პოლიტიკური ნარატივი და მეორეა რეალური ქმედებანი. მე ჯერ ფრენების აღდგენის რეალურ შესაძლებლობას ვერ ვხედავ.

საუბედუროდ, ჩვენი მხრიდან რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივი აღდგენა ასეულობით ათას ეთნიკურ ქართველს - რუსეთის მოქალაქეს უმძიმეს ვითარებაში ჩააყენებს, ხოლო ისეთი რეჟიმი, როცა აეროპორტში 10 დოლარად ვიზას ყიდულობ, არაფრის მომტანია. ამ თვალსაზრისით ჩვენი ხელისუფლება და საერთოდ საზოგადოება ცუგცვანგის რეჟიმშია და მანევრის მცირე შესაძლებლობები აქვს.

ჩვენი ხელისუფლება და საერთოდ საზოგადოება ცუგცვანგის რეჟიმშია და მანევრის მცირე შესაძლებლობები აქვს

ახლა ორიოდ სიტყვით „პროდასავლურ“ კურსზე. კი იძახიან ვითომ პოლიტიკოსები, რომ ნახსენები რეზოლუციები ფუჭია და არაფრის მომტანი, კი აკრიტიკებენ ევროპარლამენტარებს, მაგრამ რეალურ ქმედებებში მაინც წითელ ხაზებს არ გადალახავენ.

ამ თვალსაზრისით საგულისხმოა ეროვნული ბანკის განცხადება ირანის შესახებ, როცა მან ნებისმიერი საბანკო ტრანსაქციები ამერიკული სანქციების გამო აკრძალა და შესაბამის კომპანიებს დაემუქრა. არც ერთი მაგალითი სანქციების დარღვევის შესახებ არ არსებობს, ხოლო პოლიტიკური განცხადებები ცარიელი სიტყვებია, რაც მათ გავლენას კიდევ უფრო აკნინებს.

კი იძახიან ვითომ პოლიტიკოსები, რომ ნახსენები რეზოლუციები ფუჭია და არაფრის მომტანი, კი აკრიტიკებენ ევროპარლამენტარებს, მაგრამ რეალურ ქმედებებში მაინც წითელ ხაზებს არ გადალახავენ

არც ევროპარლამენტი და ევროკომისიაა კარგ დღეში. საქართველოზე დებატების დროს დაკავებულ იქნა ევა კაილი, გახსოვთ ალბათ. კორუფციამ ევრომმართველების წიაღში დაიბუდა, რაც ჩვენ ხელისუფლებას კიდევ უფრო დიდ სითამამეს აძლევს.

საერთოდ, როგორ განვითარდება მოვლენები, ძნელი წარმოსადგენია. ახლა დრამატულად იცვლება საერთაშორისო წესრიგი და უსაფრთხოების სისტემები და როგორ წონასწორობას მივიღებთ ამ პროცესების შედეგად, ჯერ არ ვიცით. ვილაპარაკოთ გაისად აპრილში.

- თუ ისევ 12 ევროპული რეკომენდაციების შესრულებას, ქვეყნის საგარეო კურსს, ასევე სააკაშვილის გაშვება-არგაშვების თემას, ასევე რეკომენდაციებიდან ერთ-ერთს, დეპოლარიზაციას დავუბრუნდებით, ვნახავთ, რომ გვინდა - არ გვინდა, თუ ასე გააგრძელა ხელისუფლებამ, ქვეყანაში ამა თუ იმ ფორმით საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს.

თუ საქართველოს ევროინტეგრაცია ევროპარლამენტის რეზოლუციის გამო გაიჭედა, არაა გამორიცხული ამის გამო, ისევე როგორც ზაფხულში, რუსთაველზე ხალხი გამოვიდეს. ეს საქართველოში ის სცენარია, რომელიც არც ევროპას და არც აშშ-ს არანაირად არ აწყობს.

მტკიცება, რომ რუსეთი უკრაინაში ომს აწარმოებს და ჩვენთვის არ სცალია, დამაჯერებელი აშკარად არაა. თუ 2023 წელს ევროინტეგრაციის პერსპექტივა ჩავარდა, რამდენად დიდი შეიძლება აღმოჩნდეს სამოქალაქო დაპირისპირების ალბათობა?

- ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ წარმოიდგინეთ ასეთი სურათი - მთავრობამ 12 პუნქტის შესრულება ერთი ან ორი წლით გადადო, მაგრამ მინიმალური ხელფასები და პენსიები ორჯერ გაზარდა. იქნება სოციალური დაპირისპირება?

მე იმის თქმა მინდა, რომ ერის წიაღში არსებული უკმაყოფილება ცხოვრების მძიმე პირობებსა და შემოსავლების არამდგრადობას უფრო უნდა დავაბრალოთ, ვიდრე პოლიტიკურ კურსს. მოსახლეობას ევროინტეგრაციაც ზუსტად ამ ორი ნეგატიური მოვლენის გასანეიტრალებლად ჭირდება. ევროპული ინტეგრაცია შორეული პერსპექტივაა, ხოლო ჭამა ხალხს ახლა უნდა.

მიუხედავად პოლიტიკოსების კრიტიკისა, ქართული ეკონომიკის კარები სრულიად ღიაა და ნებისმიერ ინვესტიციას სამთავრობო მხარდაჭერა აქვს. ხალხიც სამუშაო ადგილებს ეძებს.

თბილისის ომი არ გამეორდება

რასაკვირველია, თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად პოლიტიკოსები ეცდებიან ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ. ამ თვალთახედვით მახსენდება ქალბატონი თაკო ჩარკვიანი, რომელიც თავის თავს პარლამენტის წინ აღმართულ ტრიბუნაზე ხედავს, სხვაზე ფანტაზია და გამჭრიახობა არ ყოფნის.

ასეთ გამოსვლებს, თუ ისინი შედგა, არ ეყოლება ხალხის კრიტიკული მასა და პროცესები უმართავი არ გახდება. თბილისის ომი არ გამეორდება.

- პარლამენტმა 2023 წლის ბიუჯეტი მიიღო. ცნობილია მისი ძირითადი პარამეტრები. საჯარო სივრცეში ხელისუფლების წარმომადგენლებს თავი ხშირად იმით მოაქვთ, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდა 5%-თაა დაგეგმილი.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძეს „იმედი აქვს, რომ მომავალი წლიდან ინფლაციის მაჩვენებელს დაღმავალი ტრენდი ექნება“. თქვენ როგორ შეაფასებდით 2023 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს?

- მშპ-ს ორნიშნა ზრდა კი დააანონსა ჩვენმა მთავრობამ, მაგრამ როგორია ინფლაცია? ისიც ხომ ორნიშნაა? ეკონომიკური ზრდა უნდა აისახოს ჩვენი მოსახლეობის რეალურ შემოსავლებში, მათ ყიდვაუნარიანობაში, რაც ისევ პრობლემად რჩება.

მე ასეთ ეკონომიკურ „განვითარებას“ ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებდი და ეხლაც ასე ვუყურებ. მოდით, შედეგები შევაჯამოთ 2023 წლის ზაფხულში, როცა მსოფლიო ბანკი თავის მონაცემებს გამოაქვეყნებს.

რეალური ეკონომიკური ზრდა კი ფინანსური სექტორის ძირეული რეფორმირების გარეშე შეუძლებლად მიმაჩნია. ახლა ამით შემოვიფარგლები, თორემ ვერ გამაჩერებთ...

- ფაქტია, რომ დღეისათვის ეკონომიკაში ასეთი სურათია - საქართველო სულ მეტად ებმება რუსულ ბაზარს, რუსული კაპიტალი მეტად შემოდის საქართველოში და ცდილობს ბიზნესში მონაწილეობას.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ საქართველოში რუსეთიდან ჩამოსულების დიდი კაპიტალის მფლობელების უკან კრემლთან დაახლოებული სტრუქტურები აკონტროლებენ.

ამ თემაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, არადა, ეს ქვეყნისთვის რომ, როგორც მინიმუმ, ეკონომიკური საფრთხეა, ფაქტია. რა საფრთხეებს შეიცავს რუსული კაპიტალის ქვეყანაში შემოდინება? და თუ ეს რეალურადაა საფრთხე, ამაზე ხელისუფლება რატომ არ რეაგირებს ადეკვატურად?

- მოდით, თავს ნუ ვიტყუებთ. ყველაზე დიდი რუსული კომპანიები საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს შემოვიდა - ენერგეტიკაში, სამთო საქმეში და ასე შემდეგ.

გაიხსენეთ, მიხეილ სააკაშვილი როგორ ამაყობდა, როცა ბოლნისის ლიცენზიაში რუს ოლიგარქებს 55 მილიონი დოლარი გადაახდევინა. ბოლო წლებში მსხვილი რუსული აქტივების ქართული კომპანიების მიერ ყიდვის ტენდენციები შეინიშნება: ჯორჯიან უოტერ ენდ პაუერ, ყაზტრანსგაზი (არ მოტყუვდეთ, რომ ეს ყაზახური კომპანია იყო) და ასე შემდეგ. წელს შემოდინებული რუსული კაპიტალი ამ აქტივებთან შედარებით ზღვაში წვეთია.

მაგრამ ერთ გარემოებას ცალსახად ხაზი მინდა გავუსვა. რომის იმპერატორმა ვესპასიანემ თქვა, რომ ფულს სუნი არა აქვსო. ოცდამეერთე საუკუნემ და, განსაკუთრებით, 2022 წელმა გვაჩვენა, რომ ეს ილუზიაა. ამ თვალსაზრისით, რუსული ინვესტიციები სამ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ.

რომის იმპერატორმა ვესპასიანემ თქვა, რომ ფულს სუნი არა აქვსო. ოცდამეერთე საუკუნემ და, განსაკუთრებით, 2022 წელმა გვაჩვენა, რომ ეს ილუზიაა. ამ თვალსაზრისით, რუსული ინვესტიციები სამ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ

არის „სისხლიანი ფული“, რომელსაც შოულობენ, მაგალითად, მილიარდერი პრიგოჟინი, მართავს რა „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფს, რომელმაც უკრაინაში სულ მცირე 7 ქართველი მეომრის სიცოცხლე შეიწირა, ან კიდევ რამაზან კადიროვი.

არის პუტინის მთავრობასთან დაახლოებულ ოლიგარქთა ფული, რომელიც, ძირითადად, ნავთობისა და გაზის ბიზნესშია დაბანდებული. და არსებობენ პოლიტიკურად ინერტული, ვაუჩერულ პრივატიზაციაზე გამდიდრებული ადამიანები, მაგალითად, ბატონი ჩუბაისი, რომლებმაც უკვე დიდი ხანია პუტინთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს და თავისი აქტივები ათწლეულების წინ საზღვარგარეთ გაიტანეს. ეს უკანასკნელი ჯგუფი მცირერიცხოვანია, მაგრამ ის აშკარად არსებობს.

ასე რომ, მცდარია იმის თქმა, რომ რუსული კაპიტალის საქართველოში შემოდინება კატასტროფაა. ხომ მუშაობს „თელასი“? ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფულის წარმომავლობა უნდა გავაანალიზოთ.

ისე კი, რასაკვირველია, ამერიკული კაპიტალი მირჩევნია, მაგრამ რომ არ მოდიან?

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი