ევროპა ხდება ძალა, რომელიც ყველას მიერ უნდა იყოს პატივცემული; ხდება მისი ერთიანობის ჩვენება. სწორედ ამ ევროპასთან გვინდა ვიყოთ ჩვენ ინტეგრირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის გამართულ წინასაახალწლო მიღებაზე განაცხადა
თუმცა, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, გამოწვევები ევროპაშიც არის.
„წლევანდელი წელი ასევე გახლავთ ევროპის წელი. ასევე ევროპაშიც არის გამოწვევები და არის იმედიც. გამოწვევა იმიტომ, რომ რაც იყო ევროპის შექმნის ბაზისი - რომ გავთავისუფლებულიყავით ომისგან სამუდამოდ, ომი ისევ დაბრუნდა ევროპის შუაგულში. ეს არის გამოწვევები, რაც ამარცხებს ევროპის მიზანს. თუმცა, აქ ყველაფერი არ მთავრდება და ამ გამოწვევის შედეგად ევროპა რეალურად გაიხსნა, გაფართოების პერსპექტივა გაჩნდა და ეს არის ევროპული პოლიტიკის წარმატების შედეგი. აქ ჩვენ გვაქვს ერთიანი ძალა, რომელიც არ ყოყმანობს მისი პარტნიორების მხარდასაჭერად და დასაცავად, აჩვენებს რას ნიშნავს იყო ახალი ძალა. ეს არ არის მარტივი პროცესი - გაერთიანდე იყო დამოუკიდებელი და გქონდეს ენერგოდამოუკიდებლობა. ყველამ იცის, რამდენად რთულია და მძიმე ეს მოსახლეობისთვის. ევროპა ხდება ძალა, რომელიც ყველას მიერ უნდა იყოს პატივცემული ყველა მხარის მიერ. ხდება მისი ერთიანობის ჩვენება. სწორედ ამ ევროპასთან გვინდა ვიყოთ ჩვენ ინტეგრირებული“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.