გიორგი კობერიძე - “ივანიშვილი ცდილობს ევროპელებმა საქართველოზე თვითონ თქვან უარი, რათა მათ შეაწმინდოს ხელი”
რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება და რატომ გამოცხადდა ძებნა მხოლოდ ცხინვალელ ე.წ. ჩინოვნიკებზე
თინა ხიდაშელი - “ჩვენს საქმეს ვერავინ გააკეთებს... ივანიშვილი სანქციების დაწესების შემდეგ უფრო ჩაებღაუჭება ძალაუფლებას”
იგორ კვესელავა - “საიდან ამტკიცებს, რომ ეს სიმულაციაა? იუსტიციის მინისტრმა დიდი შეცდომა დაუშვა”
ვახტანგ ძაბირაძე - “ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ სააკაშვილი ქართულ ციხეში არ უნდა მოკვდეს და ამას არ დაუშვებს”
* * *
გიორგი კობერიძე - “ივანიშვილი ცდილობს ევროპელებმა საქართველოზე თვითონ თქვან უარი, რათა მათ შეაწმინდოს ხელი”
“ამ უმნიშვნელოვანესი გამოძიების შედეგად საერთაშორისო სამართლით დადასტურდა რუსული ოკუპაცია, რომ საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ეს დღესაც გრძელდება და ნებისმიერ მოქმედებაზე, რომელიც ჩადენილი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დაეკისრება. ამასთანავე, ეს საქართველოს ხელისუფლებას აძლევს სრულ ლეგიტიმაციას იმის სათქმელად, რომ ოკუპაციის შესაჩერებლად, შესაკავებლად ან შესამსუბუქებლად საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნებისმიერი ზომა შეიძლება იყოს მიღებული. ვიმეორებ, ამაში იგულისხმება ყველაფერი, რაც საერთაშორისო სამართლით არის დაშვებული, მათ შორის თავდაცვის უფლებაც. დიახ, უმნიშვნელოვანესი საკითხია, როდესაც საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, როგორც მოვლენა, აღიარებულია ჰააგის სასამართლოს მიერ”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გამარჯვება ჰააგაში - როგორ უნდა გამოიყენოს ეს საქართველოს ხელისუფლებამ?!
“გამოძიებამ აჩვენა საქართველოს სახელმწიფოს პოზიციური სიმართლე. ის, რომ საქართველო არის რუსეთის ოკუპაციის მსხვერპლი და კითხვებს - რა მოხდა აგვისტოში, ვინ არის დამნაშავე? - პასუხი ერთმნიშვნელოვნად გაეცა. ამ განჩინებამ აჩვენა, რომ საქართველო ისეთივე დაჩაგრულია, როგორც უკრაინა, და საქართველოს ტერიტორიებიც ისეთივე ოკუპირებულია, როგორც უკრაინის. ეს შეიძლება გამოვიყენოთ ძალიან ეფექტიანად რიგი სამართლებრივი თუ პოლიტიკური საკითხების დღის წესრიგში დასაყენებლად. ჰააგის პროკურორმა ხაზგასმით აღნიშნა, თემა, რომ შეიძლებოდა საქართველოს ჩაედინა ომის დანაშაულები, სრულად დაიხურა და ეს მნიშვნელოვანია. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სამართალი ასე მარტივად აღსრულდება. ეჭვმიტანილთაგან ზოგი რუსეთს აფარებს თავს, ზოგი გარდაცვლილია, მაგალითად, გენერალი ბორისოვი. რუსეთი ჰააგას დამნაშავეებს არ გადასცემს, არც კრემლი ითანამშრომლებს გამოძიებასთან, მაგრამ მთავარი ის არის, რომ დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფოს როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი სიმართლე. თუ ჩვენი ხელისუფლება უფრო მეტად იაქტიურებს ამ საკითხის დღის წესრიგში დასაყენებლად, საერთაშორისო ფოკუსში მარტო უკრაინა კი არა, საქართველოც მოექცევა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.
“საქართველოს ხელისუფლებაში სულ “ქართული ოცნება” ვერ იქნება, ეს გამოძიება კი ჩვენი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია არა მარტო დღეს, არამედ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც დასჭირდება საქართველოს დეოკუპაციას. დადგება დრო და ეს გამოძიება საქართველოს რომელიმე ხელისუფლებას აუცილებლად მისცემს საშუალებას, რომ საკუთარი პოზიცია უფრო მყარად და ხისტად წარმოაჩინოს. რაც შეეხება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების დამოკიდებულებას რუსეთისადმი, ის რიგ შემთხვევაში არა მარტო ფრთხილი, არამედ ძალიან სუსტიც არის. შეიძლება ფრთხილობდე, არ ცდილობდე მტრის გამოწვევას, მაგრამ ხვალინდელი დღისთვის, მომავლისთვის ემზადებოდე. ეს არის სიფრთხილე, აი, სისუსტე კი ნიშნავს, რომ არა მარტო ფრთხილობ, არამედ არაფრისთვისაც არ ემზადები, თანაც საკუთარ მოკავშირეებთან ურთიერთობას ძაბავ, მეტიც, მიზანმიმართულად თუ დაუდევრობით აუარესებ, რის შედეგადაც შეიძლება მტერთან პირისპირ, სულ მარტო დარჩე. სისუსტე ზუსტად ის არის, როდესაც მოწინააღმდეგე სახელმწიფოს უგზავნი სიგნალს, საფრთხეს ჩემგან არ ელოდო, საქართველო არ წარმოადგენს ანგარიშგასაწევ ძალას და ამიტომ ნუ დამჩაგრავო”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ეს სიგნალი მოსკოვში ასე აღიქმება - საქართველო ძალიან სუსტია და როცა რა მოგვინდება, იმას გავაკეთებთ ამ ქვეყანაშიო. ეს არის ძალიან საშიში. აგრესორის ფსიქოლოგია სწორედ ასეთია - რაც მეტად დაუთმობ, მეტად დაუხრი თავს, მით მეტად გაქცევს საკუთარ მსხვერპლად. საერთაშორისო ურთიერთობის ისტორიული გამოცდილება გვეუბნება, რომ ჯობს აგრესორს გავუგზავნოთ სიგნალი, რომ თუნდაც მასზე სუსტ სახელმწიფოსთან ნებისმიერი დაპირისპირების შემთხვევაში მას ძალიან დიდი ფასის გადახდა მოუწევს”, - მიიჩნევს ჯიპას პროფესორი და შეკითხვაზე - “სრულიად გაუგებარია “ქართული ოცნების” მიერ დასავლეთის დადანაშაულება ქვეყნის ომში ჩართვის ცდაში... ახლახან ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, მოვისმინეთ უმძიმესი შეფასებები, მკაცრია რეზოლუციის შინაარსიც...”, - პასუხობს:
“საქართველოში მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებების დაცვისა და მედიათავისუფლების მხრივ პრობლემები ნამდვილად არის და ეს ჩვენზე უკეთესად არავინ იცის. კონკრეტულმა საქმეებმა, რაც კარგად გაშუქდა, მასშტაბურად წარმოაჩინა ქვეყანაში არსებული ზოგადი ვითარება. აი, ეს დაინახეს სწორედ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა.მედიათავისუფლება ავიღოთ: ხომ ფაქტია, ქვეყანაში დიდწილად პოლიტიკურად შეფარული, პოლიტიკური განზრახვით გამსჭვალული ინფორმაცია ვრცელდება. მხოლოდ სახელისუფლებო მედიაზე არ არის ლაპარაკი, მთელი მედიის მასშტაბურ პოლიტიზებაზეა საუბარი. ეს ყველაფერი ევროპისთვის არ არის ჯანსაღი მოვლენა და თანაც პასუხისმგებელი ამგვარ გარემოზე ხელისუფლებაა. აქედან გამომდინარე, სავსებით მოსალოდნელი იყო ევროპიდან ბოლოდროინდელი გზავნილები. მათ შორის ისიც, რომ უნდა შეჩერდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება არა მხოლოდ კონკრეტულ პერსონებზე, რაც ნახსენებია რეზოლუციაშიც, არამედ საზოგადოდ უნდა შეიცვალოს გარემო”.
“კონკრეტული პოლიტიკური საქმეები სხვაც გვახსოვს. მაგალითად, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების საქმე, რომელთა ნაწილი პრეზიდენტმა შეიწყალა. ამიტომაც ევროპის გზავნილები არ უნდა აღვიქვათ როგორც ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებული პოზიცია, როგორადაც ცდილობს “ქართული ოცნება” წარმოჩენას, არამედ ეს გულისხმობს იმას, რომ თვისებრივად უნდა შეიცვალოს ხელისუფლების მიდგომა სასამართლოსადმი, მედიისადმი, პოლიტიკური ანგარიშსწორებისადმი... ყველაზე მძიმე შედეგი ის არის, რომ საქართველოს აღარ მიიჩნევენ ახალგაზრდა, იმედისმომცემ და განვითარებად დემოკრატიად. ახლა ეს ჩანაცვლდა იმით, რომ საქართველომ უკან დახევა დაიწყო, მიეტმასნა თუ დაემსგავსა რუსეთს. ამ რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა, რომელიც თავის დროზე ძალიან კრიტიკულად იყო განწყობილი სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ და წარმოუდგენელია ვინმემ მას “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტობა დააბრალოს, განაცხადა, საქართველო დღეს ადგას გზას რუსეთისკენ და არა ევროპისკენო, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს განაპირობა საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ქცევით, დამოკიდებულებით მართლმსაჯულებისადმი, ოპონენტებისადმი, მოსახლეობისადმი, რომელსაც ხშირად აბუჩად იგდებენ, და ევროპისადმი, რომელსაც პირდაპირ აბრალებენ, რომ ცდილობდა საქართველოს ომში ჩართვას. ეს ყველაფერი აისახა რეზოლუციაშიც”, - დაასკვნის გიორგი კობერიძე.
“ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ივანიშვილი ცდილობს ევროპელებს გადაულოცოს ის მთავარი ნაბიჯი, რომლის მერეც ის საბოლოოდ დაადგება იგორ დოდონის პრორუსულ გზას. ივანიშვილი ცდილობს ევროპელებმა საქართველოზე თვითონ თქვან უარი, რათა მათ შეაწმინდოს ხელი, ამტკიცოს, ჩვენ კი ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ევროპელებს არ ვუნდივართ, რადგან მაიძულებდნენ ომში ჩართვას, რეფორმების გატარებას, კონკრეტული პირების ციხიდან გამოშვებას, რაზეც არ წავედიო; ცდილობს ბურთი ევროსტრუქტურების მოედანზე დატოვოს. დააკვირდით, სულ იმას ამტკიცებენ, თითქოს იმ 12 პუნქტიდან ყველაფერი შეასრულეს, არადა, მთელი ეს პროცესი დიდწილად ბუტაფორიულია. ისე წარმოაჩენენ ვითარებას, თითქოს საქართველო იმ მდგომარეობაშია, რომ ევროკავშირს გამოუცხადოს, თუ არ გინდივართ, კარგად იყავითო. ეს საქართველოს ინტერესების დამაზიანებელი პოზიციაა. ევროპა არის ჩვენი ქვეყნის ცივილიზებული არჩევანი, ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენისა და განვითარების გზაა”, - განმარტავს რესპონდენტი.
“თუ ევროპელებისგან ამ გზაზე მივიღებთ უარს, იმის ბრალი კი არ იქნება, რომ ეს ევროპელებს ან საქართველოს მოსახლეობას სურს, არა, იქნება იმის ბრალი, რომ ხელისუფლებამ საკუთარი პერსონალური სურვილებისა და პრეფერენციების დაკმაყოფილების გამო არ გაატარა საჭირო რეფორმები, არ თქვა უარი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე... როცა ადამიანს რომელიმე კლუბის წევრობა სურს, მის წესებს უნდა მოერგოს. ასეა სახელმწიფოს შემთხვევაშიც. თუკი ასეთი მნიშვნელოვანი ევროპული ორგანიზაციის წევრობა გვსურს, მის წესებს უნდა მოვერგოთ. არ შეიძლება ერთი პირის ინტერესებს, რომელიც ხელისუფლებაშიც კი არ არის და ჩრდილოვანი მმართველია, შევწიროთ სახელმწიფო ინტერესები”, - ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.
“მოკლედ, თუ ისევ ისე გაგრძელდა ყველაფერი, საქართველოც დაადგება დოდონის გზას, რომლის ევროპული სვლა შეჩერებული იყო, სანამ ხელისუფლებაში მიამა სანდუ არ მოვიდა. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არა მგონია, ჩვენი ევროპისგან დისტანცირების პროცესი სწრაფად წარიმართოს, რადგან საქართველო ევროპისთვის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი რეგიონია. აქ გადის ნავთობისა და გაზსადენის მაგისტრალები. შესაბამისად, ეს პროექტები ისეთი მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ შეიძლება არ იჩქაროს, მაგრამ ზაფხულის დადგომისთანავე საქართველოსადმი დამოკიდებულება შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს, უფრო გაუარესდეს. იმის იმედად ყოფნა, რომ ამ გეოპოლიტიკური ვითარების გამო ხელისუფლება რეფორმებზე უარს იტყვის და ეს შერჩება, არ გამოვა. ეს წინდაუხედავი და არასახელმწიფოებრივი პოზიციაა”, - განმარტავს გიორგი კობერიძე.
“სააკაშვილის კადრების გამოქვეყნება ამორალური საქციელია, ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი. თუკი ყოფილ პრეზიდენტზე ჩანაწერის გამოქვეყნება ასე უაპელაციოდ შეიძლება, გამოდის, ყველას, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გამოუქვეყნონ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თუ სხვა რამ მიზნით გადაღებული ვიდეოები. გამოდის, ყოველი ადამიანის ცხოვრების თუ ჯანმრთელობის ესა თუ ის ფაქტი, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ეს საზოგადოების ინტერესის საგანია, შეიძლება გასაჯაროვდეს. გამოდის, ამ ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანი დაუცველია. არ ვიცი, ხელისუფლება რის მიღწევას ცდილობდა, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, აქამდე ვისაც რა დამოკიდებულება ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ, იგივე დარჩა, თუმცა საზოგადოების დიდ ნაწილში, რომელიც ამ პროცესს პოლიტიკის მიღმა უყურებს, ჩანაწერმა აშკარად მხოლოდ თანაგრძნობა აღძრა. აშკარაა, რომ რთულია პატიმრის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ამის ისე შეფუთვა, რომ სიმულანტობს, მე მხოლოდ მაღიზიანებს, იმის მიუხედავად, რას ვფიქრობ მესამე პრეზიდენტზე... აქვე ვიტყვი, რომ დღევანდელ მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუ ეს ეს საქართველოს ხელისუფლებაში არ იციან, გამოდის, ხელისუფლების ბევრი წარმომადგენლის ფსიქოლოგიურ-ფსიქიკური მდგომარეობაც ვერ არის ჯანსაღი”, - დასძენს კობერიძე.
რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება და რატომ გამოცხადდა ძებნა მხოლოდ ცხინვალელ ე.წ. ჩინოვნიკებზე
“სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, ჰააგაში აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დასრულდა და არც ერთი ქართველის სამხედროს ბრალი არ გამოკვეთილა. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ეს ნიშნავს 2008 წელს საომარი მოქმედების დროს, რუსეთის მხრიდან ქართული მხარის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მაღალ დონეზე აღიარებას. “ქართული ოცნება” ჰააგის გადაწყვეტილების შემდეგაც, ენმ-ს მაშინდელ ხელისუფლებას სამშობლოს ღალატში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ევროპის საბჭოში იმ რეზოლუციაზე ხელის მოწერა, სადაც საკუთარ ჯარისკაცებს აბრალებდნენ საომარი მოქმედებების დაწყებას ანტისახელმწიფოებრივი იყო. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებიდან ოცი წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროკურორის ოფისმა გადაწყვიტა სასამართლოს წარმოებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დაესრულებინა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება და რატომ გამოცხადდა ძებნა მხოლოდ ცხინვალელ ე.წ. ჩინოვნიკებზე.
“პროკურორი კარიმ ხანი აცხადებს, რომ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა გრძელდება მუშაობა მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის სასამართლოს წინაშე წარსადგენად, რომელთა დაკავებაზეც ორდერები ჯერ კიდევ ზაფხულში გაიცა. მინძაევი დე ფაქტო ხელისუფლების ყოფილი შს მინისტრია, გუჩმაზოვი - ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორის ყოფილი ხელმძღვანელი, სანაკოევი კი - ყოფილი ე.წ. ომბუდსმენი. კარიმ ხანის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების დაწყებიდან, ოფისმა შეისწავლა მტკიცებულებები, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდებოდა. “ქართული ოცნების” ლიდერი და ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ჰააგის გადაწყვეტილების შემდეგაც, სამშობლოს ღალატში და “ომის დანაშაულებში”, რეზოლუციაზე ხელმოწერით, საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს. მდინარაძე ამ შედეგს იუსტიციის ყოფილ მინისტრის თეა წულუკიანისა და “ოცნების” ხელისუფლების დამსახურებად მიიჩნევს და მათ მადლობას უხდის”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რაც შეეხება ენმ-ს პოზიციას, პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, რომ “თავისუფალმა სამყარომ საქართველო სრულად გაამართლა იმ ომში, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში რუსული ოცნების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს აბრალებდნენ”. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, ჰააგის საერთაშორისო სასანმაღთლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 2008 წელს საომარი მოქმედების დროს, რუსეთის მხრიდან ქართული მხარის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, მაღალ დონეზე აღიარებას ნიშნავს”, - დასძენს გამოცემა.
“გადაწყვეტილების მნიშვნელობა დიდია. ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო ძალიან მაღალი ინსტანციის სასამართლოა გაეროს სისტემაში. შესაბამისად, ეს ნიშნავს საომარი მოქმედების დროს ქართული მხარის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მაღალ დონეზე აღიარებას. ამ გადაწყვეტილებას კი ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, როცა საკითხი დადგება ქართულ-რუსული ურთიერთობის პერსპექტივების შესახებ. რაც შეხება “ოცნების” ბრალდებას, ეს შინაური პოლიტიკური გარჩევები და ორ პოლიტიკურ ძალას შორის ურთიერთობის თემაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.
თინა ხიდაშელი - “ჩვენს საქმეს ვერავინ გააკეთებს... ივანიშვილი სანქციების დაწესების შემდეგ უფრო ჩაებღაუჭება ძალაუფლებას”
“ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთაც ყველამ კარგად იცოდა, რომ სხვაგვარი შედეგი არ იქნებოდა, რადგან ბოლო, სექტემბრის რეზოლუციის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ვითარების გასაუმჯობესებლად. ასე რომ, რაღაც მოულოდნელი და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ერთადერთი, რაც გავიგეთ, ის არის, რომ ამას ხელისუფლება სპეციალურად აკეთებს, რათა რაც შეიძლება მეტად დაგვაშოროს ევროპას, იმ კონტურებს, რომლებიც გამოჩნდა. პირიქით, ევროკავშირის სტრუქტურებს აკრიტიკებენ და მათ “უსამართლოს” უწოდებენ, აბა, თავიანთ თავს ხომ არ გამოუტანენ განაჩენს?!წინა რეზოლუციის ტექსტი ამისგან დიდად არ განსხვავდებოდა. მას შემდეგ ვითარება უფრო გართულდა, 12 პუნქტის შესრულებაში ბევრი არაფერი გაკეთებულა. ექვსი თვის განმავლობაში ხელისუფლებამ სახალხო დამცველიც კი ვერ აირჩია, რადგან კონსენსუსით უნდა არჩეულიყო - ოპოზიციის ხმებიც უნდა ჰქონოდა და საზოგადოებასაც უნდა დაეჭირა მხარი, მაგრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტების არსებობა არ აინტერესებს”, - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით როგორი პოლიტიკური გაზაფხული ელის საქართველოს?!
“საერთაშორისო საზოგადოებრიობისგან, ევროპარლამენტისა და ევროკომისიისგან განსაკუთრებულს არც არაფერს ველოდი. ისინი გვიყურებენ ისე, როგორც ველურობის ზღვარზე მისულ ქვეყანას, რომლის ხელისუფლებაც არაცივილიზებული გზით იბრძვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ხელისუფლების შეცდომებსა თუ მიზანმიმართულ მავნებლურ მოქმედებებთან ერთად, ძალიან მაშფოთებს ისტერიკული შეტევა ოპოზიციაზე. ოპოზიციაშიც არასწორი მოლოდინი აქვთ. იმ პერიოდს მაგონებს, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ რომ დაიწყო ისტერიკა, ვიღაცები აცხადებდნენ, შედეგები გაყალბდაო, და თან რაღაც ნაწილში ეთანხმებოდნენ. ჩამოუყალიბებელი დამოკიდებულება ჰქონდათ. ამიტომ სულაც არა მგონია, რომ რაღაც აპოკალიფსური ხდება. თუ ვამბობთ, ავტორიტარული ქვეყანა ვართო, ასეთ ქვეყნებში ძლიერი ოპოზიციური პარტიები არ არსებობენ. ამიტომ ჩვენი ოპოზიციური სპექტრიც ისეთია, რისი შესაძლებლობაც არსებობს იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც ვართ. ძლიერ ოპოზიციას ბევრი რამ სჭირდება, მათ შორის ფინანსები, და როდესაც ბიზნესი ნაწილობრივ მაინც ტერორიზებულია, ისევე როგორც საზოგადოება, ეს შეუძლებელია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა ხიდაშელი.
“არც ინდივიდუალურ გმირობებს უნდა ველოდოთ. მიუხედავად იმისა, ვინ როგორ იაქტიურებს, ხელისუფლებას მაინცდამაინც დიდი რეაქცია არა აქვს, მაგრამ მოსახლეობის ის კრიტიკული მასა, რომელიც ვითარებას მეტ-ნაკლებად ცვლის, მაინც არ უნდა შეჩერდეს, თორემ სულ ამ მდგომარეობაში ვიქნებით. არ მიმაჩნია, რომ ოპოზიციის ქმედებების გამო ქვეყანა იღუპება, მაგრამ თითქოს პრიორიტეტები აგვერია, ოპოზიციას უფრო აკრიტიკებენ, ვიდრე ხელისუფლებას. ის, რაც “ნაცმოძრაობაში” ხდება, არ არის ცუდი პროცესი, პირიქით. ამ პარტიის გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ეს დუღილი ქვეყანას აზიანებს. თუ პარტიაში წინააღმდეგობებია, უნდა დასძლიონ. ახლა ამისთვის კარგი დროა, რადგან არჩევნებამდე თითქმის ორი წელია დარჩენილი და ჯობია ახლა იყოს არეულობა, ვიდრე მერე, მიწურულს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ბოლო ხანებში მუდმივად მხსნელის ძებნა და ლოდინი დაგვჩემდა, რაც არა მგონია, ჯანსაღი პროცესი იყოს. ეს არის მთავარი მიზეზი იმ უბედურების, რაც გვჭირს - ის მხსნელი ჯერ მხსნელია და მერე გაგვიგიჟდება და ტირანად იქცევა. იქნებ დროა, საზოგადოებამ ისწავლოს პასუხისმგებლობის აღება იმ რეალობაში, რომელშიც არის, და იმ ფანტაზიით არ იცხოვროს, ერთ დღესაც ვიღაც თეთრ ცხენზე ამხედრებული შემოაბიჯებსო. ყველაფრის სხვისთვის გადაბრალება დაგვჩემდა და ეს როგორმე უნდა შევცვალოთ... ახლა ისეა დაძაბული ვითარება, შეიძლება ხელისუფლების ნებისმიერი შეცდომა გახდეს გარდამტეხი. ამის მაგალითია 2020 წლის 20 ივნისი, როდესაც სრულიად მოულოდნელად პროტესტი მასშტაბური გახდა. ასეთი შეცდომებისგან ეს ხელისუფლება დაზღვეული ნამდვილად არ არის. ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაზაფხული, რადგან ევროკომისია ანგარიშს სწორედ მაშინ გამოაქვეყნებს, მასში გაცემული რეკომენდაცია და ჩანაწერი კი შესაძლოა ხელისუფლებას ძვირად დაუჯდეს. იმედი არა მაქვს, რომ რაღაც შეიცვლება, რადგან ფუნდამენტურ ცვლილებებზეა საუბარი, ამ ხელისუფლებამ კი, სხვა პუნქტებზე რომ არაფერი ვთქვათ, სახალხო დამცველი ვერ აირჩია და ანტიკორუფციული სამსახური ვერ შექმნა”, - მიიჩნევს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
“თუ სახალხო დამცველად აირჩევენ “ქართული ოცნების” შემწირველს, ან პირს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი არასდროს ყოფილა, არ ჩაგვითვლიან. ამიტომ არა მაქვს იმედი, რომ გაზაფხულამდე ძირეული გარდატეხა მოხდება და კობახიძისგან ჯეფერსონს მივიღებთ. ბოსნია-ჰერცეგოვინა უკვე მიიწვიეს კანდიდატის სტატუსით და ამ ჯგუფში მხოლოდ ორი სახელმწიფო ჩავრჩით - საქართველო და კოსოვო. არადა, საქართველო ორივე ხელისუფლების დროს, სააკაშვილისა და ამ ხელისუფლებაში ჩვენი გუნდის ყოფნისას, ყველა მიმართულებით მოწინავე ქვეყანა იყო. სხვებს ვუზიარებდით გამოცდილებას, თუ როგორ მივაღწიეთ ასეთ შედეგებს, ახლა კი კოსოვოსთან ერთად ვართ. გაზაფხულის შემდეგ ერთი პატარა, ბოლო შანსი გვრჩება შემოდგომაზე. უკრაინასა და მოლდოვას უკვე აქვთ კანდიდატის სტატუსი, ერთი ნაბიჯით ჩვენზე წინ არიან, რაც ჯერ ტრაგედიად არ ითვლება. თუ გაზაფხულზე კარგი შედეგები გვექნება, იოლად დავეწევით, მაგრამ თუ სტატუსი ვერც ამ დროისთვის მივიღეთ, უკრაინა და მოლდოვა კი უკვე გაწევრების ეტაპზე გადავლენ, უკვე ორი ნაბიჯით დაგვშორდებიან. ჯერ კიდევ ლაპარაკია ტრიოზე, რომელშიც ჩვენც ვიგულისხმებით, მაგრამ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ეს თემაც დაიხურება და არავინ იცის, საქართველოსთვის ეს შესაძლებლობის ფანჯარა კიდევ როდის გაიხსნება”, - დაასკვნის თინა ხიდაშელი.
“უარყოფითი რეკომენდაცია მთელი მოსახლეობის, ქვეყნის პრობლემა გახდება და ამიტომ ვამბობ, რომ ეს შესაძლოა ხელისუფლებისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდეს. სანქციები იქნება თუ არა, ჩვენს საქმეს ვერავინ გააკეთებს. მეტიც, ივანიშვილი სანქციების დაწესების შემდეგ შეიძლება უფრო ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას. ამიტომ, თუ გაზაფხულზე საიმედო პასუხი ვერ მივიღეთ, ეს მოსახლეობის მობილიზაციის წინაპირობა უნდა გახდეს, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, არაფერი შეიცვლება. თავისი ამომრჩევლის გარდა, ხელისუფლება არც მედიას, არც ოპოზიციასა და არც ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას არ ელაპარაკება. ჩვენი აზრი არ აინტერესებს. ფოკუსირებულია მხოლოდ თავის ამომრჩეველსა და მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელსაც სააკაშვილი ეზიზღება. დანარჩენი კობახიძესა და მის თანაგუნდელებს სულ არ აინტერესებთ. მათი მომხრეების, დაქირავებული ტროლების პოსტები, კომენტარები, სხვების კედლებზე შემოვარდნები გვაჩვენებს ხელისუფლების უსუსურობას. როგორც ყოველთვის, ხელისუფლება თავად აიჭრა საკუთარ პროპაგანდაში. ამიტომ, თუ დღევანდელ ოპოზიციას რამე შეუძლია, ყველაზე სწორი სტრატეგია იქნება ხელისუფლებას “ოცნების” ამომრჩევლის წინაშე დააშვებინოს შეცდომა”, - დასძენს ხიდაშელი და შეკითხვაზე - “ხელისუფლებამ გაააქტიურა ანაკლიის პორტზე საუბარი. რას ელით ამისგან?” - პასუხობს:
“2023 წელს ანაკლიის პორტის აშენება ზღაპარია, რადგან წელი უკვე მიიწურა და ჯერ ინტერესთა განაცხადიც არ არის გამოქვეყნებული. პროექტი საქმედ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქცევა, თუ ვიღაცას აჩუქებენ. მაგალითად, ჩემს მოგვარეს, რომელსაც ჩემთან საერთო არაფერი აქვს, გარდა გვარისა. ამ შემთხვევაში ეს იქნება რუსეთის ინტერესების გამტარებელი პორტი, რაც საბოლოოდ ჩაგვაბეტონებს რუსულ ორბიტაზე. ასეთები კიდევ არიან. რუსეთში მცხოვრები სხვა ქართველი ბიზნესმენებიც რიგში დგანან. ამასთან, ჯაფარიძე-ხაზარაძის სასამართლო პროცესი დაიწყო და ამ პროექტზე საუბარი ამასაც ეხმიანება - მოსამართლეს შეახსენეს, რომ ხელისუფლება ამ საქმეს აკვირდება”.
იგორ კვესელავა - “საიდან ამტკიცებს, რომ ეს სიმულაციაა? იუსტიციის მინისტრმა დიდი შეცდომა დაუშვა”
“რატი ბრეგაძეს ეგონა, რომ ტაშს დაუკრავდნენ, მაგრამ ტაში არ დაუკრს, პირიქით მისმა განცხადებებმა უკურეაქცია გამოიწვია როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკურ წრეებში. სააკაშვილის თემა არ არის უბრალო საკითხი, ის გასცდა საქართველოს საზღვრებს და გადავიდა საერთაშორისო პოლიტიკის სივრცეში. თქვენ ხედავთ, რომ ევროპა და აშშ, რომელებსაც ჩვენ ვენდობით, მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილს. რაც შეეხება მინისტრის განცხადებას, ეს არ ყოფილა სამინისტროდ მომზადებული, მან დაუშვა დიდი შეცდომა, საიდან ამტკიცებს, რომ ეს სიმულაციაა? სხვა ქვეყანაში ასეთი შეცდომის გამო მინისტრი უკვე გადადგებოდა. სამართლებრივად მას არ ჰქონდა არანაირი უფლება პატიმრის ეს მოქმედებები გაესაჯაროვებინა. იუსტიციის მინისტრი თვითონ გამოვიდა მოსამართლის როლში და მსჯავრი დასდო სააკაშვილს. თავისი განცხადებებით იუსტიციის მინისტრმა ზეწოლა მოახდინა სასამართლოზე და საზოგადოებაზე”, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საიდან ამტკიცებს, რომ ეს სიმულაციაა?” - იგორ კვესელავას აზრით, იუსტიციის მინისტრმა დიდი შეცდომა დაუშვა.
“რა ნდობა აქვს სასამართლოს ჩვენში, კარგად ვიცით, მაგრამ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლო არ არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და ის ითვალისწინებს ხელისუფლების აზრს. რამდენი ხანია მიმდინარეობს სასამართლო, რა გაარკვია? ვერაფერი, რადგან უკავშირდება პოლიტიკურ მიზანდასახულობას. ვიდეოს გავრცელებამ და იუსტიციის მინისტრის არასწორმა განცხადებებმა გამოიწვია მღელვარება როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკურ წრეებში. რაც შეეხება შიმშილობას, გამსახურდიას შემდეგ საქართველოში სულ შიმშილობის აქცია იმართება და ბევრი პროფესიონალი მოშიმშილე გვიხილავს. იუსტიციის მინისტრს რომ არ გაეკეთებინა ასეთი განცხადებები, დარწმუნებული ვარ, არაფერი არ იქნებოდა. მაგრამ შიმშილობა ფართომასშტაბიანი ვერ გახდება, შეიძლება მიიღოს ლოკალური ხასიათი. ეს იქნება გაფრთხილება, რადგან შიმშილობა არის პოლიტიკური აქტი და მიზნის მიღწევის საშუალება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იგორ კვესელავა.
“პარლამენტი თუ ერთპარტიული გახდა, ეს მართლაც დიდი დარტყმა იქნება ხელისუფლებისთვის, რადგან დასავლეთისთვის მიუღებულია ერთპარტიული პარლამენტი. ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და პარლამენტში ბევრი ოპოზიციური პარტია უნდა იყოს წარმომდგენილი. პარლამენტის დატოვებაზე გაკეთებული განცხადებები ჯერ მოსაზრებაა და როგორც ჩანს, პარტიაშიც არ არიან ჩამოაყალიბებული. არის აზრთა სხვაობა, რადგან ბევრი რამ არის დამოკიდებული ხელფასებზე და სარგებელზე, პარლამენტარის პრესტიჟულ სახელზე”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ენმ”-ის თავმჯდომარეობის მსურველთა რიგებს კიდევ ერით კანდიდატი ნონა მამულაშვილი შეემატა...” - პასუხობს:
“ნაცმოძრაობაში” არის ორი ჯგუფი - მელიას და ხაბეიშვილის, დანარჩენი კანდიდატების შესვლ-გამოსვლას ერთი ფასი აქვს. ამ კანდიდატების მთავარი ამოცანა არის, დაფიქსირდნენ როგორც პოლიტიკური ფიგურები. ვინ იცოდა აქამდე მამულაშვილის გვარი? რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ მომავალს; ეს ძალა ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება, ასეთია საზოგადოების განწყობა. ვერც “ოცნება” მოვა პარლამენტში უმრავლესობით. საზოგადოებას არ უნდა არც “ოცნება” და არც “ნაცმოძრაობა”. ხალხს უნდა ახალი ძალა, ახალი პოლიტიკითა და ახალი კონცეფციით, ეროვნულ-სახელწიფოებრივი კონცეფციით. ასეთი ძალა არჩევნებამდე უნდა გამოჩნდეს.
ვახტანგ ძაბირაძე - “ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ სააკაშვილი ქართულ ციხეში არ უნდა მოკვდეს და ამას არ დაუშვებს”
“სააკაშვილის ფაქტორმა “ქართული ოცნება” გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა. ისეთი ვითარებაა ქვეყანაში, რომ ხელისუფლებას ძალიანაც რომ უნდოდეს, სააკაშვილს უცხოეთში ვერ გაუშვებს. რატომ? იმიტომ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სააკაშვილს უცხოეთში წასვლის საშუალებას მისცემს, მმართველი გუნდის მარცხად იქნება აღქმული. სააკაშვილის მშობლები და ნათესავები არა, მაგრამ მისი მხარდამჭერები, პარტია “ნაცმოძრაობა” იმას კი არ იტყვიან, რომ სააკაშვილი გადაარჩინეს, თავს გამარჯვებულად გამოაცხადებენ და უფრო გააქტიურდებიან ქუჩაში, გაუჩნდებათ განცდა, რომ ხელისუფლებას კიდევ მეტ დათმობაზე წამოიყვანენ”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ სააკაშვილი ქართულ ციხეში არ უნდა მოკვდეს და ამას არ დაუშვებს”.
“არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს სახით. თუმცა მათთვის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას არსებითი მნიშვნელობა არ ექნება. რაც უნდა განცხადებები გააკეთონ ევროპარლამენტარებმა და როგორი რეზოლუციებიც უნდა მიიღონ, ევროპის აღმასრულებელი ხელისუფლება ჩვეულებრივად განაგრძობს ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლებასთან და იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც საქართველოს ეკონომიკას, სოციალურ საკითხებსა და უსაფრთხოებას უკავშირდება. რაც შეეხება რეზოლუციას, სადაც საუბარია ივანიშვილისთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე. ლაპარაკია ასევე ივანიშვილის რუსეთთან შესაძლო კავშირის შესწავლა-გამოძიებაზე. დადასტურებულად არ არის საუბარი, ვიცით, რომ ივანიშვილს კრემლთან აქვს კავშირიო. ეს ძალიან კარგად იცის “ქართულმა ოცნებამ” და არავითარ შემთხვევაში არ გადადგამს ნაბიჯს, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა, განსაკუთრებით მისი ელექტორატი, ხელისუფლების მარცხად ან დათმობად მიიჩნევს. არის ერთი გამონაკლისი - თუ მართლა ისე გართულდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ ლეტალური შედეგის საფრთხე დადგება, მაშინ ხელისუფლება იძულებული გახდება გაუშვას, ვინაიდან არავითარ შემთხვევაში არ აწყობს სააკაშვილის სიკვდილი მის ხელში”, აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“როგორც “ემპათია” აცხადებს, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა შეუქცევადად გაუარესდება, ორ-სამ თვეში შეიძლება ლეტალური შედეგი მივიღოთო. ბოლოდროინდელი ვიდეოჩანაწერი არ იძლევა იმის თქმის საბაბს, რომ სააკაშვილს რაღაც სასიკვდილო სჭირს. არც ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ამგვარი ჩანაწერის გასაჯაროებამ საზოგადოება აღაშფოთოს. რაც შეეხება პირობებს, საკმაოდ კომფორტულ პალატაში თუ საკანში ცხოვრობს. სიმართლე ვთქვათ, სააკაშვილი მშვენიერ გარემოშია, სადაც ახლაა, მაგას ციხე არ ჰქვია! კომპიუტერი მაგას არ აკლია, ტელევიზორი და კარგი სასმელ-საჭმელი. ერთ წელიწადში 1500 მნახველიც ჰყოლია. გამოდის, დღეში ხუთი კაცი ნახულობს, თავისუფალი ვარ და მე ვერ ვხვდები ხუთ კაცს დღეში. სააკაშვილს თვალით არ უნახავს საკნის ვირთხები და სალაფავი არ უჭამია. ეგ რა პატიმრობაა? იცით, რა არის გაუკუჭავი თევზისგან მომზადებული წვნიანი? “ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ სააკაშვილი ქართულ ციხეში არ უნდა მოკვდეს და ამას არ დაუშვებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“შიმშილობა ქართულ პოლიტიკაში სიახლე არ არის, მაგრამ სხვა ყველაფერთან ერთად შიმშილობის თემაც გააუფასურეს, ყველაფერი თეატრალიზებული გახადეს. როგორც ადრე ვერ მოუტანა შიმშილობის გამოცხადებამ შედეგი “ნაციონალებს”, ახლაც ვერ მოუტანს. იშიმშილებენ რამდენიმე დღეს და გაჩერდებიან. ვერც ხელისუფლებაზე მოახდენენ გავლენას პროტესტის ამ ფორმით და ვერც საზოგადოებაზე. ვერც პარლამენტის დატოვება მოიტანს შედეგს. ოპოზიციის პრობლემა ის არის, რომ უმისამართოდ ისვრის ლოზუნგებს... ოპოზიციას გამოსავალი არ ექნება, სანამ აქცენტებს სწორად არ დასვამენ, მოსალოდნელ შედეგებს არ განსაზღვრავენ. სააკაშვილის მხოლოდ სასამართლო საქმე კი არა, ჯანმრთელობის საკითხიც პოლიტიკურ თემად იქცა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ “ნაცმოძრაობა” სააკაშვილის გადასარჩენად კი არა, მისი მემკვიდრეობისთვის იბრძვის”- მიიჩნევს ექსპერტი.
“ქართველი საზოგადოება არ არის ქუჩაში გასასვლელად მზად. ერთი საინტერესო ფაქტი მინდა შეგახსენოთ - 1990 წლის საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა ყველაზე მეტად დისკრედიტირებული ძალა - კომუნისტური პარტია. ეს ხომ უნდა გააანალიზოს ვინემ? “ნაცმოძრაობის” ელექტორატის დიდ ნაწილს წარმოადგენენ ყოფილი ჩინოვნიკები, იმ პერიოდში წელგამართული ბიზნესმენები და მათი ოჯახის წევრები. ამ ხალხს ისევ უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება, მაგრამ ერთიანი არ არიან. ამასთან, მათ ხალხის 2/3 უპირისპირდება”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “ეს გასაგებია, ახლა ის არის საინტერესო, ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ თემად სააკაშვილის საკითხის შენარჩუნება ხელისუფლების ინტერესებში შედის?” - პასუხობს:
“რა თქმა უნდა. ჯერ ერთი, “ქართული ოცნება” არ მიიჩნევს, რომ სააკაშვილის თემის გამო ქვეყანა დაპაუზებული ჰყავს. შეგახსენებთ შარშანდელ ამბავს, როდესაც მსოფლიო რუსეთ-უკრაინის ომის მოლოდინში იყო, ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი მთლიანად სააკაშვილზე იყო აწყობილი. დღეს ჩვენს რეგიონში მესამე მსოფლიო ომის ტოლფარდი კონფლიქტია, ჩვენ კი სერიოზულად განვიხილავთ, რა შეჭამა სააკაშვილმა... ახლა მე თქვენ გეკითხებით, რატომ გაუშვებს “ოცნება” სააკაშვილს. თუ დასავლეთიდან ძალიან სერიოზული ზეწოლა არ იქნება, ან უკრაინაში ომი მოკლე დროში არ დამთავრდება, გამორიცხულია ხელისუფლებამ სააკაშვილი 2024 წლის არჩევნებამდე გაუშვას”.