აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, „ისრაელის სახლის“ მიერ ორგანიზებულ ბიზნესფორუმში მონაწილეობდა

აჭარის რეგიონი, თავისი, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობით, ისტორიით, მულტიკულტურული საზოგადოებით, ტრადიციებით და სტუმართმოყვარეობით გამორჩეული მხარეა საქართველოში, რომელიც ბოლო წლებში, ქვეყნის მთავარ სავიზიტო ბარათად იქცა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკის განვითარებაში, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ბიზნესფორუმზე განაცხადა, რომელიც „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით თბილისში გაიმართა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა, ბიზნესფორუმის მონაწილეებს, აჭარის შესახებ ვიდეორგოლი წარუდგინა და ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა რეგიონში განხორციელებული მასშტაბური პროექტების, ბიზნესგარემოს ხელმისაწვდომობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.
„ფორუმზე, საქართველოს პარლამენტის წევრებმა გივი მიქანაძემ და დავით სონღულაშვილმა, საქართველო-ისრაელს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, საინვესტიციო და ბიზნეს გარემოზე, ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე ისაუბრეს. ფორუმის მონაწილეებს, ისრაელიდან შემოსული ინვესტიციით განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ ინფორმაცია საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ გააცნო. სამომავლოდ, საქართველოს მიმართ ისრაელის ბიზნესწრეების დაინტერესების და ახალი კომპანიების მოზიდვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ქნესეთში ისრაელი-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელმა დევიდ ბიტანმა.
ბიზნესფორუმი მუსიკალური პროგრამით გაიხსნა და ებრაული დღესასწაულის „ხანუქის“ სანთლის ანთების ცერემონიალით დასრულდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
























