ნიკა მელია - ბოლშევიკური სულისკვეთებით, თავს ესხმიან ოპონენტებს - ეს არის სახელმწიფოს მართვის რუსული მეთოდი, როდესაც ხალხისთვის სათქმელი აღარაფერი გაქვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიას განცხადებით, გიორგი კირთაძეზე თავდასხმა არის სახელმწიფოს მართვის რუსული მეთოდი, როდესაც ხალხისთვის სათქმელი აღარაფერი გაქვს გარდა აგრესიული ქცევისა.

როგორც მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში, სადაც მისწრაფება არის ევროპული, რუსული იდეოლოგია და მისი მთავარი ინსტრუმენტი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, აუცილებლად დამარცხდება.

„ოლიგარქის ხელისუფლება, ყალბ და ეფემერულ მშვიდობაზე საუბრობს საქართველოს დაუძინებელი მტრის რუსეთის იმპერიის მიმართ და ამის პარალელურად თესავს არეულობას, შუღლსა და მტრობას საქართველოში. საქართველოს მოქალაქეებს უპირისპირდება რუსული და ბოლშევიკური მეთოდებით, რუსეთის დავალებით ებრძვიან თავისუფლების და თავისუფალი აზრისა და ქმედების ნებისმიერ გამოვლინებას, რუსული ბოლშევიკური სულისკვეთებით, თავს ესხმიან პოლიტიკურ ოპონენტებს და ცდილობენ ფიზიკურად გაანადგურონ რეჟიმისადმი დაუმორჩილებელი ადამიანები.

ყოველდღიურად გვეუბნებიან, რომ მშვიდობა მათი გაგებით მონობაა და თუ არ ვიქნებით ჩუმად, მოგვექცევიან ისე, როგორც ოპონენტებს მხოლოდ რუსეთში ექცევიან: აწამებენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, გამოცხადებული აქვთ სიკვდილის ქრონიკა და ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში გვაყურებინებენ.

ამასვე ემსახურებოდა ასევე პირდაპირ ეთერში ბათუმში დღეს ნანახი, კადრები - „არ გაბედო წინააღმდეგობა! არ გაბედო ბრძოლა! და არც კი იფიქრო გამარჯვება!” სწორედ, ამ მიზნებს ემსახურებოდა დღეს გიორგი კირთაძეზე თავდასხმა. ადამიანზე, რომელიც არის ახალი თაობის პოლიტიკური ლიდერი კონკრეტული ხედვებით როგორი უნდა იყოს ბათუმი, აჭარა და საქართველო. ადამიანზე, რომლის მიმართაც ვერავის ექნება ვერანაირი წყენა ან შუღლი. ადამიანზე, რომელმაც „ქართული ოცნება“ მერის არჩევნებში უპრეცედენტო ზეწოლის, დევნის და გაყალბების პირობებში დაამარცხა.

ეს არის სახელმწიფოს მართვის რუსული მეთოდი, როდესაც ხალხისთვის სათქმელი აღარაფერი გაქვს, გარდა ასეთი აგრესიული ქცევისა. ყველას უნდა ახსოვდეს მსგავსი ქმედებები, ვერასდროს გახდება მისაღები ნორმა საქართველოს მოქალაქეებისათვის, იმიტომ რომ საუკუნეების სწრაფვა, ისევე როგორც ქვეყნის მომავალი არის ევროპული. ასეთი ქმედებისთვის ყველა აგებს პასუხს!

ასეთი საქართველო ვერ გახდება ევროპული ოჯახის ნაწილი, თუმცა საქართველო ვერც ისეთი გახდება, რასაც ოლიგარქი ცდილობს რომ შეგვაგუოს.

ქვეყანაში სადაც მისწრაფება არის ევროპული, რუსული იდეოლოგია და მისი მთავარი ინსტრუმენტი ოლიგარქი ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება!“,- განაცხადა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო