რომან გოცირიძე - გიორგი კირთაძეზე თავდასხმა იყო ცინიკური - „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა განწყობა: თუ ხელისუფლების მხარეს ხარ, ყველაფერი გეპატიება

ქვეყანაში არსებულ კონფრონტაციაში ოპოზიციის როლი ხელისუფლებასთან შედარებით აბსოლუტურად შეუთავსებელი და არათანაზომადია - ხელისუფლების ოცნებაა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტი როგორმე დატოვოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, პოლარიზაციის წყარო ხელისუფლებაა და მას სიტუაციის განმუხტვა დღესვე შეუძლია, თუ 12-ვე ევრო რეკომენდაციას შეასრულებს.

რაც შეეხება უფრო კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის დატოვებას, გოცირიძის განცხადებით, პარტიაშიც იციან, რომ პარლამენტის დატოვება მარგინალიზაციას და ყველაფრის, მათ შორის, 12 რეკომენდაციის შეუსრულებლობის, ოპოზიციაზე გადაბრალებას გამოიწვევს.

„ასე დარწმუნებული რომ იყოს ოპოზიცია, დიდი ხანია, გასული იქნებოდა [პარლამენტიდან].სერიოზული ეჭვები არსებობს, თორემ რატომ არ გადიან? - იმიტომ კი არა, რომ მე ან ვინმეს არ უნდა. [ქართულ ოცნებაში] ერთი სული აქვთ, ჩვენი პარტნიორების წინაშე თავი იმართლონ და „ეს მარგინალური ჯგუფები“ პარლამენტიდან გავიდეთ, დარჩნენ მარტო და რეკომენდაციების ჩაფლავება, რაც რეალურად ხდება, ჩვენ გადაგვაბრალონ.

თუ ჩვენ პარლამენტში სუსტი ვართ, ამას ბევრი სხვადასხვა მიზეზი აქვს. 10-მდე კაცი გავიდა პარლამენტიდან, ისინი რომ ყოფილიყვნენ, უფრო ძლიერები ვიქნებოდით. ნიჰილიზმი დაინერგა ამ გაორებული მიდგომით - რატომ შევდიოდით, ან თუ შევედით, რატომ გამოვდივართ. შესვლა - გამოსვლა, არათანმიმდევრულობა. როდესაც საუბარია პარლამენტის დატოვებაზე, ეს უსუსურობის გამოხატულებაა. როდესაც სხვაგან არაფერი გამოგვდის, მაშინ ვამბობთ, რომ აი, პანაცეა - ეს არის გამოსავალი და პარლამენტს რომ დატოვებ, მერე რა ხდება? - როდესაც მხოლოდ ისინი რჩებიან, ერთდღიანი ნიუსები იქნება, მერე რა ხდება? ამას მოგიწონებს, ევროკავშირი, შენი ამომრჩეველი?

პარლამენტის დატოვება შეიძლება მაშინ, თუ ქუჩაში დიდი მუხტია და უკვე არის საზოგადოებრივი უკმაყოფილება. აღელვებისა და მღელვარების უფლება ყველას აქვს და უკიდურესი საპროტესტო ფორმა იქნება გამოყენებული, თუ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე რეალური რისკის ქვეშ დადგა - აქეთ მივდივართ. დღეების საკითხია ეს და მღელვარება კი არა, მას რომ რამე მოუვიდეს, ვინ გაასწრებს იმაზე იქნება საუბარი. ძალიან დიდი საპროტესტო აქციები იქნება, თუ უსულგულოდ და არაადამიანურად მოეპყრობიან მიხეილ სააკაშვილს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძე ასევე გამოეხმაურა ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერზე გიორგი კირთაძეზე თავდასხმას და განაცხადა, რომ მომხდარი ფაქტი წინასწარ დაგეგმილი იყო.

„ეს იყო ცინიკური თავდასხმა. [თავდამსხმელმა] იცოდა, რომ პირდაპირ ეთერში იყო და მთავარი კითხვაა, რატომ ბედავს ამას? ტელევიზია რომ არ ყოფილიყო, რას ჩაიდენდა? წინასწარ განზრახვით მივიდა, კვერცხებით შეიარაღებული. გაღიზიანებული რომ ყოფილიყო და ენახა ადამიანი, რომლის მიმართაც მტრული დამოკიდებულება ჰქონდა, ახსნა შეიძლება მისცე ამას, მაგრამ ეს იყო დაგეგმილი. ესაა განწყობა, რაც საზოგადოებაში „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა, რომლის მთავარი შინაარსი შემდეგია - თუ ხელისუფლების მხარეს ხარ, ყველაფერი გეპატიება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, როდესაც საქმე ოპოზიციას ეხება, არ ეშინიათ.

„არ ეშინიათ. ოპოზიციას რაც გინდა, ის უქენი, გინდა თავი გაუხეთქე, იმიტომ რომ ოპოზიციაა. გინდა დეპუტატი იყოს - დეპუტატებზე თავდასხმა არ გვინახავს? ვინც არ უნდა იყოს, ხელისუფლება ყოველთვის იქნება შენს მხარეზე ოპოზიციასთან დაკავშირებით. ესაა მთავარი. და არა ის, ვინ წაახალისა, სუს-მა შეაგზავნა თუ "ალტ-ინფოს" წარმომადგენელი იყო. პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და ვნახოთ, რა რეაგირება ექნებათ და რას იზამენ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გარდა ამისა, რომან გოცირიძემ ისაუბრა ე.წ. სააკაშვილის სიაზეც და აღნიშნა, რომ სიის იდეა ჯერ კიდევ ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესახებ კონსულტაციებზე გაჩნდა.

მისი განმარტებით, სიაში იქნებიან ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში პოლიტიკურ დევნას ეწევიან.

„ეს იდეა გაჩნდა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების კონსულტაციაზე, შალვა ნათელაშვილის ოფისში, რომელსაც ფანჩატური უწოდეს. იქ საუბარი იყო სიაზე იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ქვეყანაში პოლიტიკურ დევნას ეწევიან. იმ სიაში უნდა ყოფილიყვნენ მოსამართლეები, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები. უცებ, ამ სიას, შავი სია უწოდეს, დაგვაკომპლექსეს. ამის შემდეგ რატომღაც ეს საკითხი შეწყდა, შეგვაშინეს.

შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი როდესაც გლდანის ციხეში იყო, ვრცელი პოსტი დაწერა, არ მოერიდა და შავი სია უწოდა იმ ადამიანების სიას, ვინც საქართველოში პოლიტიკურ დევნას ეწევა. ამიტომ, დღეს ვინაიდან ხატიამ [დეკანოიძემ] „სააკაშვილის სია“ უწოდა, აქ უნდა იყვნენ ადამიანები, ვინც თავის დროზე უკანონოდ ეწეოდნენ ადამიანების დაპატიმრებას, დაშანტაჟებას. არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, არამედ ყველა წინა პროცესების თაობაზე, რომელიც ყველა წინა პოლიტიკურ დევნას და ივანიშვილის მიერ სასამართლო თუ სხვა სისტემის მართვას ემსახურებოდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო