ნინო წილოსანი - სააკაშვილი მისი მმართველობიდან მოყოლებული დღემდე, ყველა შესაძლო გზებით აზიანებს სახელმწიფოს - ის გამოიყენება ქვეყნის წინააღმდეგ კამპანიის ერთ-ერთ ფაქტორად

მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც მისი მმართველობიდან მოყოლებული დღემდე, ყველა შესაძლო გზებით აზიანებს სახელმწიფოს - სააკაშვილი გამოიყენება ქვეყნის წინააღმდეგ აგორებული ყველაზე ცუდი კამპანიის ერთ-ერთ ფაქტორად,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მან „საზიზღრობა“ უწოდა მიხეილ სააკაშვილის ქცევას, რომელიც წილოსანის განმარტებით, იმ კადრებში ჩანს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. როგორც წილოსანმა აღნიშნა, მაშინ, როდესაც სხვა პატიმრები გაცილებით ჩაკეტილ სივრცეში იხდიან სასჯელს, მიხეილ სააკაშვილს თავისი ქცევისთვის „სინდისი უნდა აწუხებდეს“.

„ვიკავებ ხოლმე თავს პატიმართან დაკავშირებით გავაკეთო განცხადება - მესმის, რომ ეს განსაკუთრებული რეჟიმია და ყველა ის ადამიანი, ვინც პენიტენციურ სისტემაშია, მიუხედავად იმ ბრალეულობისა, რომელიც მათ აქვთ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული წნეხის ქვეშ არიან, თუმცა ეს არის ადამიანი, რომელიც მისი მმართველობიდან მოყოლებული დღემდე, ყველა შესაძლო გზებით აზიანებს სახელმწიფოს. ამიტომ, ჩემი მხრიდან მის მიმართ გაკეთებული განცხადებები ან ჩემი მოსაზრებები არ მიეკუთვნება მას პირადად, არამედ მას, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედ ადამიანს. ალბათ, ძალიან თვალნათელია ის ხელოვნურად დადგმული სცენები ან ის ხელოვნური ლობისტური კამპანიები, რაც წარმოებს მის დასაცავად. მე არ მჯერა, რომ არსებობს ადამიანი, ვინც იხილა ის კადრები, რაც რამდენიმე დღის წინ გავიდა ეთერში და პირველი, რა მოსაზრებაც არ გაუჩნდა, ეს იყო, რომ ეს არის საზიზღრობა, როგორც ის ექცეოდა სამედიცინო პერსონალს, როგორც ზოგადად იქცეოდა“,- განაცხადა წილოსანმა.

მისი თქმით, ყველა ის რეზოლუცია, რომელშიც ხაზი იყო გასმული სააკაშვილის ფაქტორზე, ძალიან დამაზიანებელი იყო ქვეყნისთვის იმის მიუხედავადაც კი, რომ წილოსანის განმარტებით, ეს იყო პოლიტიკური შეფასებები და არა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები.

„რაიმე ლოგიკაში ან ახსნაში თუ ჯდება, რომ შენი სახელმწიფოს დისკრედიტაციას ახდენ. იმ საკვანძო მომენტში, როდესაც ევროკავშირში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი იხილებოდა, ამ დროს, რომც გჯეროდეს, რომ რაღაც საკითხები ცუდად ან არასწორად კეთდება, იმ საკითხების წინა პლანზე გამოტანა და ამით ქვეყნისთვის ხელის შეშლა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, არის პირდაპირ არასახელმწიფოებრივი“,- განაცხადა წილოსანმა.

კითხვაზე, მიულოცავს თუ არა სააკაშვილს დაბადების დღეს, მმართველი პარტიის წევრმა აღნიშნა, რომ მას ჯანმრთელობას უსურვებს, თუმცა პირადი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ვერ მიულოცავს.

„მე ყველა ადამიანს ვუსურვებ ჯანმრთელობას. მილოცვას რაც შეეხება, ჩემი დამოკიდებულება მაქვს მიხეილ სააკაშვილის მიმართ - ეს არ არის მხოლოდ ჩემი პოლიტიკური გუნდიდან გამომდინარე, არამედ, მათ შორის არის პირადი, რომელიც ძალიან ცუდ მოგონებებს უკავშირდება მისი მმართველობისა და მისი რეჟიმის დროს არსებულ იმ სასტიკ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, რომელიც როგორც ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე ბიზნესთან არსებობდა. ამიტომ მილოცვისგან თავს შევიკავებ“,- განაცხადა წილოსანმა.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა