კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი კიბოს მკურნალობის ინოვაციური მეთოდების დანერგვას განაგრძობს - რადიოთერაპიის დეპარტამენტი ამერიკული კომპანია Varian-ის ხელოვნური ინტელექტის მქონე ადაპტაციური სხივური ამაჩქარებლით აღიჭურვა.
Varian Ethos-ის ტექნოლოგია, რომელიც სიმსივნური დაავადებების მკურნალობაში რევოლუციურ მიღწევად მიიჩნევა, საქართველოში პირველად გახდა ხელმისაწვდომი და აქამდე არსებულ მიდგომებთან შედარებით უფრო მაღალი ეფექტიანობით ხასიათდება. მისი ადაპტაციური შესაძლებლობები უზრუნველყოფს სიზუსტეს ყოველ ნაბიჯზე, პერსონალიზაციასა და კომფორტს, რაც პაციენტის მკურნალობის უმაღლეს სტანდარტს წარმოადგენს. უწყვეტი ვიზუალიზაციის მეშვეობით Varian Ethos-ი ახორციელებს მკურნალობის დროის კორექტირებას, რათა მოერგოს პაციენტის პოზიციას ან სუნთქვისა და ანატომიის ცვლილებებს, რაც გვერდითი ეფექტების შემცირების შესაძლებლობას იძლევა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიო თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბესიკ სოკურაშვილის განმარტებით, აღნიშნული აპარატით თითქმის ყველა ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობაა შესაძლებელი - ცენტრალური ნერვული სისტემის, თავ–კისრის, ფილტვის, ძუძუს, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოების, შარდ-სასქესო სისტემის ონკოლოგიური დაავადებების, ლიმფომების და ჰემატოლოგიური სიმსივნეების, ძვლის და რბილი ქსოვილების, კანის, თავის ტვინისა და ძვლების მრავლობითი მეტასტაზების რადიოთერაპია.
„ამერიკული კომპანია Varian-ის აპარატმა Ethos-მა შესაძლებლობა მისცა ჩვენს განყოფილებას, უფრო ხარისხიანად ვუმკურნალოთ პაციენტებს. აღსანიშნავია, რომ აპარატი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ და მხოლოდ 40-მდე სამედიცინო ცენტრში დგას, ერთ-ერთი მათგანი კი საქართველოში, ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიაციული ონკოლოგიის განყოფილებაა“, - განმარტა ბესიკ სოკურაშვილმა.
ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა დანერგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინოვაციური ტექნოლოგიაც - რადიო ქირურგია (SRS, SBRT), რაც მაგალითად, თავის ტვინის სიმსივნური დაავადებების მკურნალობისას განსაკუთრებით ეფექტურია.
„მას არანაირი შეხება არ აქვს ქირურგიასთან, რადგან მკურნალობის არაინვაზიური მეთოდია, თუმცა ეფექტი ისეთივე აქვს, როგორიც ოპერაციული ჩარევის დროს მიიღება.რადიო ქირურგიის მეშვეობით შეგვიძლია გავაკეთოთ როგორც ინტრაკრანიალური დასხივებები თავის ტვინში არსებულ მეტასტაზებზე, ასევე ექსტრაკრანიალური - თავის ტვინის გარეთ, სხეულის ნებისმიერ ადგილზე“, - განმარტა ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიო თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბესიკ სოკურაშვილმა.
კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლალი ივანიშვილი განმარტავს, რომ კლინიკისთვის პრიორიტეტულია ტექნოლოგიური კუთხით განვითარება:
თანამედროვე მედიცინის მიღწევებზე საუბრისას თვალწინ წარმოგვიდგება უახლესი აპარატურა, თანამედროვე კლინიკები, უნიკალური ოპერაციები, რასაც თან ახლავს პროფესიონალთა დიდი ძალისხმევის ფონზე მიღებული შედეგებით მიღწეული წარმატების უდიდესი ემოცია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს ჩვენი კლინიკა. ცენტრის მენეჯმენტი მონაწილეობს ყველა მნიშვნელოვან ადგილობრივ თუ საერთაშორისო შეხვედრებში, სამეცნიერო თუ პრაქტიკულ კონფერენციებში, სემინარებში, გამოფენებში, სადაც თავს იყრის ის აუცილებელი ინფორმაცია და მონაცემები, რაც შეჯერების შემდგომ განვითარების გეგმის შემუშავების საშუალებას იძლევა“, - განაცხადა ლალი ივანიშვილმა.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრი კვლავაც გავაგრძელებს თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების შემოტანას ქვეყანაში, რათა მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
(R)