ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2022

“ოცნება” სააკაშვილს მხოლოდ მაშინ გაუშვებს, თუ მისი დაღუპვის საფრთხე ნამდვილად გაჩნდა” - რას აპირებს ენმ, თუ ხვალინდელ პროცესზე არასასურველი შედეგი დადგა?

ახალი “შეიარაღების რბოლა” და მხარეების დიდი მზადება ომის გადამწყვეტი ეტაპისთვის

* * *

“ოცნება” სააკაშვილს მხოლოდ მაშინ გაუშვებს, თუ მისი დაღუპვის საფრთხე ნამდვილად გაჩნდა” - რას აპირებს ენმ, თუ ხვალინდელ პროცესზე არასასურველი შედეგი დადგა?

“რას აპირებს “ნაციოანლური მოძრაობა” თუკი 22 დეკემბერს მოსამართლე გიორგი არევაძე სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას არ მიიღებს? როგორც ცნობილია, ჯერჯერობით გუნდში სამოქმედო გეგმაზე შეთანხმება არ მომხდარა და პარტიაში ჯერ კიდევ ზუსტად არ იციან, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ნიკა მელია წინადადებით გამოდის, რომ თუ სასამართლო მათთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაშინ პარტიამ პარლამენტი დატოვოს. თუმცა ამაზე ენმ-ში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. მეორეს მხრივ კი ლევან ხაბეიშვილის მომხრეები პარლამენტში შიმშილობას სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აგრძელებენ. უცნობია, გეგმავს თუ არა პარტია მასობრივი აქციების გამართვას. ამის პარალელურად კი მისი ჯანმრთელობის შესახებ ორივე მხრიდან სპეკულაციები გრძელდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” სააკაშვილს მხოლოდ მაშინ გაუშვებს, თუ მისი დაღუპვის საფრთხე ნამდვილად გაჩნდა” - რას აპირებს ენმ, თუ ხვალინდელ პროცესზე არასასურველი შედეგი დადგა?

“სააკაშვილის ადვოკატები და გარემოცვა ამტკიცებს, რომ ის მოწამლულია. ხოლო ხელისუფლება ამბობს, რომ ეს სიცრუეა და პარტია სააკაშვილის ჯანმრთელობას პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებს. ენმ-ში კი ამბობენ, რომ თუკი პროცესზე სააკაშვილს ონლაინ რეჟიმში ჩართავენ, ყველა ნახავს, რომ ის უმძიმეს მდგომარეობაშია. სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, სასამართლოს მიერ უწყებისთვის მოწოდებული ცენტრ “ემპათიის” დასკვნის ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი არ დასტურდება. მისივე თქმით, სააკაშვილის ორგანიზმში არც ერთი მაჩვენებელი არ სცდება ნორმას და არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ, მათ შორის მის თმაში ნანახი ვერცხლისწყალი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე დასაშვები ნორმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე კი აცხადებს, რომ ჩართავენ თუ არა ხუთშაბათს მიხეილ სააკაშვილს პროცესზე, მისი მოლოდინი ხელისუფლებასთან მიმართებით ლოგიკას არ ექვემდებარება. ლევან ხაბეიშვილის ცნობით, ძალიან ბევრი ექსპერტის შეფასება და დოკუმენტაცია არსებობს, რომელიც ადასყურებს, რო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. “ყველა დოკუმენტაცია არსებობს იმისათვის, რომ მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა. ვოლსკისა და მდინარაძის განცხადებები არ ნიშნავს პროფესიონალების გადაწყვეტილებას”, - აცხადებს ხაბეიშვილი. მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად შეუძლებელია ენდო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს. მმართველი გუნდის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე კი ეჭვობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველაფერი ისე ცუდად არ არის, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ, და მიდი დიდი კამპანია, რომ ის სასჯელს დაუძვრეს”, - განაგრძობს გამოცემა.

„სიმართლის დასადგენად ყველაზე კარგი საშუალება, ანალიზების აღებაა. კითხვას ბადებს, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველაფერი ისე ცუდად არ არის, როგორც ამის წარმოჩენას მისი პოლიტიკური მეგობრები და ადვოკატები ცდილობენ. ეს ყველაფერი არის ერთი დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ სააკაშვილი პასუხისმგებლობას დაუძვრეს და სასჯელი არ მოიხადოს”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ჯერჯერობით ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებული არა აქვს. ფიქრობს, რომ 22 დეკემბრის სასამართლოზე რაიმე გადაწყვეეტილება მიღეებული არ იქნება. ვარაუდობს, რომ პროცესი იქამდე გაიწელება, სანამ ხელისუფლება რამე კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს”, - დასძენს გამოცემა.

“ოცნება” სააკაშვილს გაათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ მისი ფიზიკურად განადგურების საფრთხე ნამდვილად გაჩნდა. ჯერ ეს გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ამ ეტაპზე ფიქრობენ, რომ თუ სააკაშვილს გაუშვებენ, ეს მმართველ გუნდს პოლიტიკურად დააზიანებს. მიუხედავად დასავლეთიდან ბოლო დროს დაწყებული აქტიურობისა, ის ჯერ რეალურ პრობლემას ვერ ხედავს. დიდი ალბათობით სააკაშვილს ამ ფორმაში ჯერ შეინარჩუნებენ ან შეეცდებიან რაღაც სხვაში გაცვალონ, თუმცა რაში, არ ვიცი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ხელისუფლება ორი მიმართულებით მუშაობას: ამზადებს საზოგადოებას იმისთვის, რომ სააკაშვილი ცუდად არის, ხვალ რომ დასჭირდეს სასწრაფოდ მისი ექსტრადირება, ამას დაეყრდნობიან. იტყვიან, როცა გახდა აუცილებელი, გადავიყვანეთო. მეორე ის, რომ მას ჰყავდეს სააკაშვილი და ათამაშოს არჩევნებამდე. ჯერჯერობით ხელისუფლება ვერ ხედავს იმის აუცილებლობას, რომ სააკაშვილი გაცვალოს. ამიტომ სასამართლო პროცესებს გაწელავს და ეს როგორც კოზირი ხელში, ისე ექნება. თუ დასჭირდება, მას გამოიყენებს. მე მაინც მგონია, რომ სააკაშვილი პოლიტიკურად ხელისუფლებისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს. ის ციხეში იქნება თუ ევროპის რომელიმე ქალაქში, მნიშვნელობა აღარ აქვს. ის, როგორც პოლიტიკური ფიგურა, იმ დოზით ვერაფერს ვეღარ შეძლებს, რასაც აქამდე ფიქრობდა ბევრი, რომ იზამდა”, - დაასკვნის ძაბირაძე.

ახალი “შეიარაღების რბოლა” და მხარეების დიდი მზადება ომის გადამწყვეტი ეტაპისთვის

“მხარეები ომში გადამწყვეტი ეტაპისთვის ემზადებიან - რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ათი თვის თავზე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში თავის ისტორიულ ვიზიტს იწყებს. ეს იმ პერიოდს ემთხვევა, როცა შეერთებული შტატები კიევისთვის ახალ, 1,8-მილიარდიან სამხედრო დახმარების პაკეტს აანონსებს. პაკეტი პირველად მოიცავს “პატრიოტის” საზენიტო სარაკეტო სისტემას, რომელიც უკრაინის ცას რუსეთის სარაკეტო იერიშებისგან საკმაოდ ეფექტურად დაიცავს. რუსეთის თავდაცვის უწყებამ კი პუტინის მონაწილეობით საგანგებო სხდომა გამართა, სადაც მნიშვნელოვანი რეფორმებისა და ნატოს გაფართოების საპასუხო ზომების გატარების შესახებ განაცხადეს. შეიძლება ითქვას, რომ ისტორია მეორდება, როდესაც ცივი ომის დროს ქვეყნებმა სამხედრო არსენალები თანდათან გაზარდეს. შეერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა მილიარდობით დოლარი დახარჯეს ბირთვული იარაღის უზარმაზარი მარაგების შესაქმნელად, რამაც საბოლოოდ ეკონომიკურად ჩამორჩენილი საბჭოეთის დასუსტება და მალევე სრული კოლაფსი გამოიწვია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი “შეიარაღების რბოლა” და მხარეების დიდი მზადება ომის გადამწყვეტი ეტაპისთვის.

“რაც შეეხება შუა ომში ზელენსკის აშშ-ში ჩასვლას, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ვიზიტი საბოლოოდ უსვამს წერტილს რუსეთის მცდელობებს დაამტკიცოს, თითქოს ორმხრივი ურთიერთობები ცივდება. შეხვედრა კი მას საშუალებას მისცემს, ახსნას უკრაინაში არსებული რეალური ვითარება, რა იარაღი სჭირდება კიევს მოსკოვთან საბრძოლველად და რატომ. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ერთი დღით ადრე, ფრონტზე ყველაზე ცხელი წერტილ ბახმუტში არსებული სიტუაცია საკუთარი თვალით ნახა. პაკეტი, რომელიც აშშ უკრაინას გადასცემს, მოიცავს დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის იარაღს პენტაგონის მარაგებიდან და კიდევ 800 მილიონი დოლარის ფინანსებს. უკრაინელი სამხედროების ახალ სისტემებზე წვრთნას შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს. “პატრიოტის” გარდა, კიევს ვაშინგტონი “ჰაიმარსის” რაკეტებს, ათასობით საარტილერიო ჭურვს, სატვირთო მანქანებს და “ჰარმის” კლასის ანტი-სარადარო მართვად რაკეტებს გადასცემს. ასევე უკრაინა მიიღებს მოწინავე ელექტრონულ აღჭურვილობას, რაც უმართავ საჰაერო საბრძოლო მასალებს “ჭკვიან ბომბებად” აქცევს, რომლებსაც რუსეთის სამხედრო პოზიციების დამიზნება მაღალი ხარისხის სიზუსტით შეუძლიათ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, ზელენსკი აშშ-ში ჯო ბაიდენმა მიიწვია, რადგან ომი “ახალ ფაზაში შედის”. მისივე თქმით, პრეზიდენტები, ასევე, განიხილავენ ომის დასრულების შესაძლო სცენარებს, რადგან “ეს სენსიტიური თემაა და დასავლელ ლიდერებს შორის გარკვეული კამათის საგანია”. “პრეზიდენტს ნამდვილად სჯერა, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, როდესაც ჩვენ შევდივართ პუტინის აგრესიის ახალ ფაზაში, ახლა არის შესაფერისი დრო, რომ ლიდერები პირისპირ დასხდნენ და ისაუბრონ. ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი ისაუბრებენ იმაზე, თუ რას ფიქრობს ზელენსკი სამართლიანი სამყაროს შესახებ, რა არის მისი კომპონენტები და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას მის მიღწევაში. ბატონი პუტინი აშკარად არ არის დაინტერესებული დიპლომატიაში ახლა”, - აღნიშნა კირბიმ, რომლის აზრით, “პირიქით, ის დაინტერესებულია მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის მოკვლით”, - განაგრძობს გამოცემა.

“ამის პარალელურად 21 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებული შეხვედრა ჩანიშნა, სადაც მინისტრმა სერეი შოიგუმ თავდაცვის სფეროში დიდი რეფორმების შესახებ განაცხადა, რომელიც უკრაინასთან ომში გამოწვეული დანაკარგების შევსებას ითვალისწინებს, როგორც ცოცხალი ძალის, ისე სამხედრო ტექნიკის სახით. ჯარის რეფორმირების ფარგლებში, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გასცა განკარგულება არმიის რაოდენობა 1,5 მილიონამდე, კონტრაქტორების კი 695 ათასამდე გაიზარდოს. “ნატოს სურვილის გათვალისწინებით, რუსეთის საზღვრებთან სამხედრო პოტენციალი განავითაროს, ასევე გააფართოვოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ფინეთისა და შვედეთის ხარჯზე, საჭიროა საპასუხო ზომები, რომ შეიქმნას ჯარების შესაბამისი დაჯგუფება ჩრდილო-დასავლეთ რუსეთში”, - თქვა შოიგუმ. მისი თქმით, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის ჰიპერბგერითი რაკეტის სერიული მიწოდება დაიწყო, “2023 წელს პრიორიტეტი იქნება სამხედრო ოპერაციის გაგრძელება დავალების სრულ შესრულებამდე”. გარდა ამისა, შოიგუს ინიციატივაა, რომ ორი სტრატეგიული ტერიტორიული გაერთიანება მოსკოვისა და ლენინგრადის სამხედრო ოლქები შეიქმნას”, - დასძენს გამოცემა.

“მან ვაშინგტონში ზელენსკის ვიზიტზეც ისაუბრა. “დანაკარგების ასანაზღაურებლად, აშშ-მ და ნატოს სხვა ქვეყნებმა კიევის რეჟიმისთვის სამხედრო დახმარება მნიშვნელოვნად გაზარდეს, უკრაინისთის იარაღის მიწოდებაზე 27-მა ქვეყანამ 97 მილიარდი დოლარი უკვე დახარჯა, ეს ბევრად მეტია, ვიდრე ამერიკელებმა ავღანეთში მიატოვეს”, - განაცხადა შოიგუმ და დასძინა, რომ „”იარაღის ნაწილი ტერორისტებს ხელში ჩაუვარდათ და კაცმა არ იცის ვის ხელში აღმოჩნდება უკრაინული იარაღი ხვალ”. პუტინი კვლავ ბირთული იარაღით იმუქრება და აცხადებს, რომ “რუსეთს ყველაფერი აქვს, მეზობლებს კი მალე არაფერი ექნებათ დახმარების გარდა”. მისი პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით კრემლს არანაირი „პოზიტიური მოლოდინი არ აქვს". დასავლეთის მხრიდან კიევისთვის იარაღის მიწოდება კონფლიქტის გაღრმავებას გამოიწვევს, რასაც კიევისთვის უკუშედეგი მოჰყვება. იარაღის მიწოდება გრძელდება და მიწოდებული იარაღის დიაპაზონი ფართოვდება. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, იწვევს კონფლიქტის გამწვავებას. ეს უკრაინას კარგს არაფერს უქადის”, - განაცხადა პესკოვმა”, - წერს სტატიის ავტორი.

“ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს საკითხები, რომლებზეც რუსებთან შეთანხმდება. დასავლელი ლიდერებიც აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები მოსალოდნელი არ არის. რუსეთის ნებისმიერი ცალმხრივი მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სრულიად უაზრო იქნება დღევანდელ ვითარებაში. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა. “რუსეთი მას იყენებს გადაჯგუფებისთვის, ჯარების გასაძლიერებლად და ვიდრე ისინი არ დატოვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს, შეუძლებელია და ვერ იქნება რეალური მოლაპარაკებები”, - თქვა სუნაკმა”, - განაგრძობს წერილის ავტორი.

“როგორც ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, “ჩვენი კოლექტიური გადაწყვეტილება ნათელია, ჩვენ მხარს ვუჭერდით და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ეს პირველ რიგში იმიტომ ხდება, რომ მათი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა”, - განმარტა სუნაკმა. მანვე პირობა დადო, რომ 2023 წელს შეინარჩუნებს ან გადააჭარბებს უკრაინის სამხედრო დახმარების მოცულობას. “ჯერჯერობით, ჩვენ ვთამაშობდით წამყვან როლს მათ მხარდაჭერაში და ვიცი, რომ ასე გავაგრძელებთ. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ სამი პრიორიტეტი. პირველი არის იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენ მივაწოდოთ მეტი სამხედრო დახმარება და ეს სამხედრო დახმარება განვითარდეს იმ სიტუაციის მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით. ეს ნიშნავს მეტ საჰაერო თავდაცვას, ეს ნიშნავს მეტ არტილერიას და ეს ნიშნავს მეტ ჯავშანტექნიკას”, - აღნიშნა მან”, - დასძენს სტატიის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო