სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე სტუდენტების მიერ CERN-ის ATLAS-ექსპერიმენტისთვის მომზადებული აპლიკაციების პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის მიერ 2021-22 წლებში შესრულებული პროექტების პრეზენტაციას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე, CERN/IPPOG-ში საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე შარმაზანაშვილი, სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და სტუდენტები.

ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ. მან მიმოიხილა სტუ-ისა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციის (CERN) ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელებული პროექტები და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას შორის სამეცნიერო კოლაბორაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს და თვისობრივად ახალი მიმართულებებით შეივსოს, რაც ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ CERN-ი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანობას მაღალ შეფასებას აძლევს და თავის სრულფასოვან პარტნიორად მოიაზრებს.

„სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრში მომუშავე 11-მა ახალგაზრდამ, სტუ-ის ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) თანამშრომლობის ფარგლებში ATLAS-ექსპერიმენტისთვის აპლიკაციები შექმნეს. კოგნიტური პროგრამული აპლიკაციები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრში დამუშავდა, ხოლო მათ ბაზაზე შექმნილი პროგრამულ-მეთოდური რესურსი, სამომავლოდ, მსოფლიო მასშტაბით, CERN-თან დაკავშირებულ უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო ქსელებში გავრცელდება და დაინერგება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ საპასუხისმგებლო პროექტში, ჩვენს მკვლევრებთან ერთად, უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები, სწორედ მათი დაუღალავი შრომის შედეგი ვიხილეთ დღეს, წარმატებები მინდა ვუსურვო ახალგაზრდა თაობას“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

როგორც სტუ-ის პროფესორი ალექსანდრე შარმაზანაშვილი აცხადებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრი რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს CERN-ის IPPOG კოლაბორაციასთან და ATLAS-ექსპერიმენტისთვის სხვადასხვა სამუშაოებს ასრულებს.

„მოთხოვნები მოდის CERN-იდან, ჩვენი პარტნიორები არიან CERN-ის ექსპერტები, ჩვენ მათთან ერთად და მათთვის ვმუშაობთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის მიერ შექმნილი აპლიკაციები მხოლოდ CERN-ში რეალიზებადი აპლიკაციები იქნება. ეს არის ვიზუალიზაციის აპლიკაციები. სამუშაოები, რომელსაც ვაკეთებთ CERN-ისთვის, ფართო სპექტრს მოიცავს. ჩვენ გვაქვს ATLAS-ექსპერიმენტისთვის 4 სამუშაო პაკეტი და 5 სამუშაო პაკეტი IPPOG-ისთვის. ეს არის გეომეტრიული მოდელირება, რომელიც არა მხოლოდ CERN-ისთვისაა აქტუალური, არამედ ნებისმიერი დარგის სპეციალისტებისთვის, სადაც საინჟინრო კონსტრუქციების მოდელირებაზეა საუბარი“, - განაცხადა ალექსანდრე შარმაზანაშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, ბირთვული ინჟინერიის ცენტრის მიერ წარდგენილი პრეზენტაცია სტუდენტებში დიდ ინტერესს იწვევს.

„ძალიან სასიხარულოა, რომ ძირითადი მომხსენებლები ახალგაზრდები არიან. ისინი დღეს იწყებენ პროფესიაში შემოსვლას და მათი პროფესიონალად ჩამოყალიბება ხდება ისეთ მნიშვნელოვან ექსპერიმენტებზე მუშაობით, როგორიც ATLAS-ექსპერიმენტია. გარდა იმისა, რომ სტუდენტები თავის სფეროში პროფესიონალებად ყალიბდებიან, ამავდროულად ეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს და იმ ექსპერიმენტებში მონაწილეობენ, რომელიც CERN-ში ტარდება. CERN -ში ექსპერიმენტებთან წვდომა არ არის მარტივი. ჩვენს ახალგაზრდებს CERN-ში მოღვაწე სტუ-ის პროფესორების ალექსანდრე შარმაზანაშვილის, ზვიად წამალაიძის, არსენ ხვედელიძის საშუალებით აქვთ შესაძლებლობა ითანამშრომლონ მსოფლიოში წამყვან კვლევით ორგანიზაციებთან. ეს არის მათი წარმატების საწყისი ეტაპი“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს