შალვა პაპუაშვილი - სახელმწიფოს და ექიმების ინტერესშია, სააკაშვილი იყოს ჯანმრთელი, რადგან მას კიდევ 5 წელი აქვს მოსახდელი, ხოლო მისი ე.წ. მეგობრების ინტერესია, ის რაც შეიძლება დაუძლურდეს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ ითვალისწინებს ექიმების მოწოდებებსა და რეჟიმს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილისა და მისი მეგობრების ინტერესია, ის დაუძლურდეს, რომ სასჯელს თავი აარიდოს.

„ამ სასამართლოს ძირითადი მიზანი არის ის, რომ ექიმების გამოკითხვის საფუძველზე სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება სწორედ მისი ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ, ეს საკითხი სასამართლოს გადასაწყვეტია. ჩვენ ვიცით, მათ შორის კლინიკიდან, რომ ის არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ ემორჩილება ექიმების მიერ დადგენილ განრიგსა და რეჟიმს, აქედან გამომდინარე, შედეგი, როდესაც ის ექიმებს არ ემორჩილება და არ მიყვება იმ დანიშნულებას, რომელიც მათ აქვთ, გასაგებია, რომ შეიძლება ადამიანს ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები შეექმნას. რაში არის მთელი ეს ისტორია, ამას ჩვენ ერთ წელიწადზე მეტია ვუყურებთ-მიხეილ სააკაშვილს და მის მეგობრებს, რომლებიც საბოლოოდ, მისი ყველაზე დიდი მტრები არიან იმიტომ, რომ ასეთ მდგომარეობაში ამყოფებენ, არ უნდათ, რომ მოიხადოს სასჯელი იმისთვის, რომ გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა. არ უნდათ ამაზე პასუხი აგოს. მათ არ უნდათ პასუხი აგოს ვალერი გელაშვილის ცემაზე, უბრალოდ არ უნდათ, რომ ციხეში იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე ერთ წელიწადზე მეტია ვაკვირდებით, ის ყველაფერს ცდილობს, მოძებნოს რაიმე მიზეზი, რომ სასჯელს თავი დააღწიოს. დანაშაულისთვის სასჯელი არსებობს. მგონი, ეს მარტივი ჭეშმარიტება არის. მან დანაშაულები ჩაიდინა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ჩადენილი დანაშაულებისთვის არა მხოლოდ ქართულმა მართლმსაჯულებამ, არამედ სტრასბურგის სასამართლომაც მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა დააკისრა.

„საქართველოს სახელმწიფოს და ექიმების ინტერესშია, რომ ის იყოს ჯანმრთელი, რადგან მას კიდევ 5 წელი აქვს მოსახდელი, ხოლო მისი ე.წ. მეგობრების ინტერესია, ის რაც შეიძლება დაუძლურდეს, რომ იქნებ ამით რამენაირად ციხიდან გამოიყვანონ. მე მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლების მაგივრად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ არ მგონია, გირგვლიანის ოჯახის წევრებს ასეთი მოწოდება რამეს ეუბნებოდეს. ჩვენ კლინიკისგან ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი ექიმებთან არ თანამშრომლობს. ჩვენ ვნახეთ კიდეც ეს რას ნიშნავს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხზე მსოფლიო ლიდერების მოწოდებებს, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ ხელისუფლება კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებს.

„ამ დროის განმავლობაში ამბობდნენ წამებას, რაც ტყუილი იყო. თქვეს, რომ მოწამლეს, რაც ტყუილი იყო. ადვოკატმა დილით თქვა, რომ მოწამლეს და საღამოს თქვა, არ მოწამლესო. ამ საქმეში იმდენი ტყუილია, საჭიროა, რომ სასამართლომ ეს საკითხი განსაჯოს. ჩვენ რასაც ვხედავთ და გვესმის, ის არ ემორჩილება ექიმებს, რადგან მისი და ექიმების ინტერესი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ექიმებს და სახელმწიფოს უნდა, რომ ის იყოს ჯანმრთელი, რათა მან დარჩენილი 5 წელი მოიხადოს იმ დანაშაულებისთვის, რაც ჩადენილი აქვს, ხოლო მას უნდა, რაც შეიძლება დაუძლურდეს იმისთვის, რომ იქნებ რამენაირად თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა