არჩილ თალაკვაძე ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ზეწოლა და ხელის შეშლა ექიმებისთვის, რათა სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ

სასამართლო პროცესი არანაირად არ უშლის ხელს და არ აფერხებს სამედიცინო მომსახურების მიწოდებისა და ჯანმრთელობის დაცვის პროცესს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა ითანამშრომლოს ექიმებთან, შეასრულოს ის დანიშნულება და რეკომენდაციები, რომლებიც კვებასა და მკურნალობას უკავშირდება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მას შემდეგ რაც საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას იხილა, შეუძლია თუ არა თქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგად არის.

თალაკვაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, რომ შეწყვიტონ ზეწოლა და ხელის შეშლა ექიმებისთვის, რათა სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ.

„რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს და თითოეულ ადამიანს, ვინც პატიმრობაში იმყოფება, ვუსურვებ ჯანმრთელობას და მხნეობას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მის კოლეგებს ოპოზიციიდან, რომ შეწყვიტონ ზეწოლა, ხელის შეშლა ექიმებისთვის, რომ მას აღმოუჩინონ სათანადო სამედიცინო მომსახურება, რისთვისაც სახელმწიფო სრულ მზადყოფნას გამოხატავს.

ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტსა და ექიმებს შორის სრულფასოვანი თანამშრომლობა. სახელმწიფო სრულ მზადყოფნას გამოხატავს, რომ მიაწოდოს ნებისმიერი სამედიცინო მომსახურება, ჩამოიყვანოს ექიმები, ჩართოს დამატებითი რესურსები, რაზეც იუსტიციის მინისტრმა არაერთხელ გააკეთა საჯარო შეთავაზება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა უკრაინისა და მოლდოვის პირველი პირების მოწოდებას, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ და აღნიშნა, რომ სააკაშვილი უკვე გადაყვანილია სამოქალაქო კლინიკაში.

„მოვისმინეთ ეს მოწოდებები, მიმართვები, კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს მისი ჯანმრთელობის დასაცავად. ის გადაყვანილია სამოქალაქო სტანდარტის კლინიკაში, სადაც ჩვენი სხვა თანამოქალაქეები მკურნალობენ“,- განაცხადა თალაკვაძემ.

კითხვაზე, რას ელის ოპოზიციისგან და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისგან ნიკა მელიასგან, რომელიც ამბობს, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედებს, თუ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა არ მოხდება, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მათი გულწრფელობის სააკაშვილის ოჯახის წევრებსაც კი აღარ სჯერათ.

„არც მე და არც საზოგადოების დიდ ნაწილს არ სჯერა, რომ მელიას, ხაბეიშვილს თუ ნებისმიერ სხვას, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით თანამდებობისთვის, გავლენებისთვის და არალეგალური დაფინანსების განაწილებისთვის იბრძვის, რეალურად აინტერესებს, რომელიმე პატიმრის ან პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს არის მათი მხრიდან უბრალოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. ისინი ემუქრებოდნენ ქვეყანას რიგგარეშე არჩევნებით, მიიღეს რიგგარეშე არჩევნები პარტიის შიგნით და სწორედ ამ პროცესში არიან ახლა, როდესაც ერთმანეთს უმტკიცებენ, ვის უფრო მეტად აინტერესებს და ვინ უფრო მეტად თანაუგრძნობს მიხეილ სააკაშვილს. სააკაშვილის ოჯახსაც კი არ სჯერა მათი განცხადებებისა და მათი გულწრფელი თანადგომის, ამიტომ, ამით ყველაფერი ნათქვამია“,- განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო