რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს აბანოსხევი-დავათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტი 4.4 კმ-იან გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგებასა და სანიაღვრე არხების მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის განვითარების ფონდებიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ხორციელდება. მიმდინარეობს ასევე, სოფლების: ხოფცა-ზარიძეების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

უწყების განცხადებით, პროექტი ორ კილომეტრამდე მონაკვეთზე ორი ფენა ასფალტის დაგებას, არსებული ხიდ-ბოგირებისა და სანიაღვრე არხების მოწყობას ითვალისწინებს.

„ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, 2022 წელი ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ უხვი იყო. წელს სამინისტრომ, როგორც საკუთარი ბიუჯეტიდან, ასევე, მისი ეგიდის ქვეშ არსებული ფონდებიდან, დაახლოებით 6 000-მდე პროექტი დააფინანსა. მცხეთა-მთიანეთის პროექტებში კი დაახლოებით 28 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდა. წელს ამ რეგიონში 535-მდე პროექტის დაწყება-განხორციელება შევძელით“, - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ნოზაძის განცხადებით, მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროების გათვალისწინებით, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენს. ამიტომაც, სამუშაოები ყველა მიმართულებით მომავალ წელსაც აქტიურ ფაზაში გაგრძელდება.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს სხვადასხვა ფონდის დაფინანსებით ჩვენს რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა საგზაო სამშენებლო-სამუშაოები, სპორტული და კულტურის დაწესებულებების, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესება და სხვა. პროექტების მიმდინარეობას ეტაპობრივად ადგილზე ვეცნობით. წლის ბოლომდე დაბის 10 ქუჩაზე შიდა გზები კეთილმოეწყობა. აგრეთვე, ინტენსიურად გრძელდება აბანოსხევი-დავათის გზის მოასფალტების სამუშაოები. აღნიშნული პროექტების დასრულების შემდგომ, მოსახლეობას უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება შეეძლება, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დავით ნოზაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო