გია ნოდია ბიძინა ივანიშვილზე - ევროპასთან უნდა ურთიერთობა, მაგრამ ისე, რომ დემოკრატიაზე ზედმეტად არ „გაუჩმახონ“

ევროპასთან უნდა ურთიერთობა [ბიძინა ივანიშვილს], მაგრამ ისე, რომ დემოკრატიაზე ზედმეტად არ „გაუჩმახონ“, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ნოდიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, სადაც მიმდინარე წელი პოლიტიკური თვალსაზრისით შეაფასა.

ნოდიას თქმითვე, 1992-1993 წლების შემდეგ ეს წელი ყველაზე ცუდი იყო და „დინამიკის თვალსაზრისით ყველაზე უფრო მკვეთრი გაუარესებაა ქვეყნის ზოგადი მიმართულების თვალსაზრისით“.

„ივანიშვილისთვის წესით, იდეალურია აზერბაიჯანის მდგომარეობა ევროპასთან მიმართებით. ევროპას სჭირდება აზერბაიჯანი გაზისთვის, ნავთობისთვის და დემოკრატიაზე იმდენად ვეღარ ელაპარაკება. ევროპასთან უნდა ურთიერთობა, მაგრამ ისე, რომ დემოკრატიაზე არ „გაუჩმახონ“ ზედმეტად - სასამართლოს თავი დაანებონ და გაზსადენი, ელექტროსადენი, კი, ბატონო, სიამოვნებით, მაგრამ ეს დემოკრატია არ გვინდა, დაგვანებეთ თავი“,- განაცხადა ნოდიამ.

ამასთან, ნოდიას თქმით, ხელისუფლებას დასავლეთი არ უნდა, თუმცა საქართველოს თუ კანდიდატის სტატუსს მისცემენ, „შეიფერებენ“. ექსპერტი იმ სავარაუდო ვარიანტებსაც ასახელებს, რის გამოც წელს პირველად გახდა „ევროპის მიუღებლობა დისკურსის საგანი“.

„ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ კანდიდატის სტატუსი არ უნდათ, ეს არ არის პრობლემა. არ უნდათ დასავლეთი და ევროპა. ევროპამ რომ მაინც მისცეთ კანდიდატის სტატუსი, ალბათ, შეიფერებენ და იტყვიან, მაგრები ვართო. ევროპის მიუღებლობა პირველად გახდა ოფიციალურად დისკურსის საგანი. რატომ წელს, ეს, რა თქმა უნდა, საინტერესოა. ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, მაგრამ არსებობს შეთქმულების თეორიული ახსნა, რომ რაღაცნაირად პუტინმა დაურეკა და რუსეთის ზეწოლაა, რასაც ვერ გამოვრიცხავ. გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ის კავშირები და ბიოგრაფია, რაც აქვს, აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაა, რუსეთს ზეწოლის ბერკეტები ჰქონდეს. მაგრამ ეს ვერ ხსნის იმას, რატომ მოხდა ეს ცვლილება წელს. 2014 ან 2015 წელს არ იცოდნენ მოსკოვში ივანიშვილის ტელეფონი? გასაგებია, რომ ომის შეეშინდა და შოკი აქვს, რომ უკრაინას ეს დაემართა და ჩვენც არ დაგვემართოს, რუსეთი ჩვენკენაც არ შემობრუნდეს - ესეც ვარიანტია, თუმცა არ ვამბობ, რომ მეც ვიზიარებ ამას. შეიძლებოდა ეს გვეფიქრა 25 ან 27 თებერვალს, თუმცა იმის შემდეგ ომი სხვანაირად მიდის და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვინც აქამდე ვერ უბედავდა რუსეთს რაღაცებს, ახლა უბედავს. ყველა გაყოჩაღდა ჩვენ გარდა. შეიძლება ფსიქოპათოლოგიური ახსნა ჰქონდეს - როდესაც პოლიტიკას უცნაური ხასიათის ერთი ადამიანი განსაზღვრავს, შეიძლება მას რაღაც შემოუტრიალდა თავში. ჩემი პირადი შთაბეჭდილებაა, რომ შესაძლოა მას სჯეროდეს შეთქმულების თეორიებისა, შვეიცარიის ბანკთან დაკავშირებით, რომ ამერიკა უწყობს ამას და უნდათ, რომ ომში ჩაგვითრიონ. რაციონალურად მოაზროვნე ადამიანისთვის ეს სრული აბსურდია, მაგრამ შესაძლოა მას ეს სჯეროდეს.

კიდევ ერთი ვარაუდია, რასაც მე ვფიქრობ - ამ წელს ნახტომი მოხდა, თუმცა ტენდენცია წელს არ დაწყებულა. ბოლო წლებია, რაც „ოცნება“ აქეთ მიდის. ივანიშვილს, როგორც ჩანს, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეეშინდა, რომ შეიძლება, არჩევნები წააგოს. ოპოზიცია ახლა ისეთ დღეშია, შეიძლება გვითხრან, რომ აბა, ეს ოპოზიცია რას მოიგებს, მაგრამ საზოგადოებაში ის მხარდაჭერა ნამდვილად აღარ აქვს და შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ოპოზიციამ მოიგოს“,- განაცხადა გია ნოდიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს