ქვემო ქართლში, გარდაბნის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
გარდაბნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება საზეიმოდ ფოლკლორულ ანსამბლ „ბეთანიას“ მიერ შესრულებული მრავალჟამიერით გაიხსნა.
ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ნაძვის ხის მიმდებარედ შეკრებილ საზოგადოებას, ბავშვებს სიტყვით მიმართეს და დამდეგი ახალი წელი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა-დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე-მიხეილ გედეხაურმა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა მიულოცეს.
„დღეს ჩვენ ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ტრადიციას ჩავუყარეთ საფუძველი.
მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, ჯანმრთელობის, ბედნიერების, სიკეთისა და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს ახალი 2023 წელი თითოეული ჩვენგანისთვის.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული საახალწლო ღონისძიებები, ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში, 24 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება. გამონაკლისი არც ჩვენი რეგიონია, გარდაბნის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება 2 იანვარს გაიმართება, სადაც ველოდებით ყველას რათა ერთად აღვნიშნოთ ახალი 2023 წელი“, - განაცხადა გარდაბნის მერმა, დავით კარგარეთელმა.
ამასთან, ღონისძიებაზე ბავშვებისთვის მოეწყო "უჯმა და ბავშვების" გასართობი პროგრამა, ზღაპრის გმირებისა და თოვლის ბაბუას მონაწილეობით. საღამო კი მუსიკალურად გააფორმეს ადგილობრივმა ანსამბლებმა.
გარდაბნის მერიის ცნობით, ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.