ილია დარჩიაშვილი - 2022 წელს ქვეყანამ დაამტკიცა, რომ მის სახელმწიფო ინსტიტუტებს შესწევთ უნარი ეფექტურად გაუმკლავდნენ გამოწვევებს, რაც მდგრადი და წარმატებული სახელმწიფოს ნიშანია

2022 წელს ქვეყანამ დაამტკიცა, რომ მის სახელმწიფო ინსტიტუტებს შესწევთ უნარი ეფექტურად გაუმკლავდნენ გამოწვევებს, რაც მდგრადი და წარმატებული სახელმწიფოს ნიშანია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წელს ქართულმა დიპლომატიამ წარმოუდგენლად მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინა.

"მიმდინარე წლის ელჩების კონფერენცია განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, გამომდინარე იქიდან თუ რა მასშტაბის მოვლენები ვითარდება გლობალურ სამყაროში, რომლის ნაწილი ჩვენც ვართ. მოგეხსენებათ, ჩვენ არასდროს გვაკლდა საგარეო პოლიტიკური საფრთხეები და გამოწვევები, თუმცა გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ განვლილი წელი ამ კუთხით ყველაზე რთული და დაძაბული აღმოჩნდა. 2022 წელს მსოფლიო დადგა ფუნდამენტურად ახალი რეალობის წინაშე. აღნიშნულიდან გამომდინარე ალბათ, მიზანშეწონილია დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა თუ რამდენად შევძელით ჩვენ განვლილი ერთი წლის გადმოსახედიდან რადიკალურად შეცვლილ გარემოსთან ადაპტირება ისე, რომ კიდევ უფრო გაგვეაქტიურებინა ჩვენი საგარეო პრიორიტეტებისკენ სწრაფვა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ასეთ პირობებშიც კი ქართულმა დიპლომატიამ გამოიჩინა წარმოუდგენლად მაღალი პროფესიონალიზმი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ წარმატებაში დიდი როლი შეასრულა ხელისუფლების სხვადასხვა შტოსა და სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებულმა ქმედებებმა ასევე, მმართველი გუნდის საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანმიმდევრულმა საგარეო პოლიტიკურმა ნაბიჯებმა. განსაკუთრებით გამოვყოფ პრემიერ-მინისტრის როლს, რომლის ლიდერობითაც ამ რთულ პირობებში სამთავრობო გუნდმა წარმატებით შეძლო ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გარე საფრთხეებთან გამკლავება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - 2022 წელს ქვეყანამ დაამტკიცა, რომ მის სახელმწიფო ინსტიტუტებს შესწევთ უნარი ეფექტურად გაუმკლავდნენ გამოწვევებს, რაც მდგრადი და წარმატებული სახელმწიფოს ნიშანია. პრემიერ-მინისტრის და მისი გუნდის როლი თვალსაჩინოა კიდევ ერთი მიმართულებით - ფაქტია, რომ დღეს როდესაც უაღრესად ნეგატიურმა განვითარებებმა ბევრი ქვეყანა, მათ შორის, ძლიერი, წარმატებული და განვითარებული ქვეყნები რთულ მდგომარეობაში ჩააყენა და ზოგიერთ მათგანს ახლა ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისთან ბრძოლა უწევს, საქართველომ არამხოლოდ შეინარჩუნა მდგრადობა, არამედ სწრაფი ტემპებით განაგრძობს განვითარებას. ამასთან, საქართველომ ოკუპაციის პირობებში შეინარჩუნა სტაბილურობა და რთული საგარეო პოლიტიკური კონტექსტის მიუხედავად მიაღწია ხელშესახებ შედეგებს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებში, სადაც აღსანიშნავია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ურყევი და ძლიერი მხარდაჭერა.

დარწმუნებული ვარ ყველა დამეთანხმებით, რომ გლობალური გარემოს გათვალისწინებით ამის გაკეთება ურთულეს ამოცანას წარმოადგენდა. ჩვენმა ხელისუფლებამ თანმიმდევრული პოლიტიკით, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით, რეფორმების განგრძობადობით შექმნა მნიშვნელოვანი ფუნდამენტი ქვეყნის ეროვნული მიზნების ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე წარმატების მისაღწევად. ამ კუთხით გამოწვევებით აღსავსე 2022 წელს მოხდა ისტორიული მნიშვნელობის უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა.

იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის გამთლიანება ჩვენს მთავარ პრიორიტეტად იქცა - ამ მიზნის მისაღწევად განვაგრძობთ თანმიმდევრულ სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებას, რაც გულისხმობს ერთის მხრივ, ძალისხმევას საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფოს მშვიდობიანი პოლიტიკით ქვეყნის დეოკუპაცია და ამავდროულად, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი საზოგადოების შერიგებისა და ჩართულობის აღდგენა.

რა თქმა უნდა, ყოველი ჩვენგანი მძიმედ განიცდის იმ ტრაგედიას, რომელიც ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს თავს დაატყდა. ომის დაწყების დღიდან ჩვენ ყველა საერთაშორისო ფორმატში ცალსახად ვუერთდებოდით უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებსა და რეზოლუციებს, განვაგრძობთ აქტიურ ჰუმანიტარულ დახმარებას. ასევე, მტკიცე და ურყევია ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო