2022 წელი ისტორიული მნიშვნელობისაა საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობებში. ჩვენი წინაპრებისა და თაობების მიერ სისხლით მოპოვებულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას მომავლის ბეჭედი მტკიცედ დაასვა ევროკავშირის მიერ აღიარებულმა ევროპულმა პერსპექტივამ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2022“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, 2022 წელი საერთაშორისო მასშტაბით ძალიან რთული წელი იყო, რადგან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ ძირი გამოუთხარა უსაფრთხოების არსებულ არქიტექტურას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.
„შედეგად მივიღეთ არასტაბილურობის, რყევების და კრიზისების პერიოდი, რომელიც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. სწორედ ასეთ რთულ დროს მოუწია საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიღწევაზე ზრუნვა, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ევროპასთან, ამერიკასთან და სხვა სახელმწიფოებთან პარტნიორობის გაფართოება, სამეზობლო რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა. 2022 წელი ისტორიული მნიშვნელობისაა საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობებში, ჩვენი წინაპრებისა და თაობების მიერ სისხლით მოპოვებულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას მომავლის ბეჭედი მტკიცედ დაასვა ევროკავშირის მიერ აღიარებულმა ევროპულმა პერსპექტივამ. განხორციელებული რეფორმებით და წინგადადგმული ნაბიჯებით ჩვენი სახელმწიფო, ამ მომენტამდე, გეგმაზომიერად მიდიოდა, თუმცა რთულად წარმოსადგენი იყო, რომ ამ პროცესში უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ასე მალე შევიდოდით. ამის მიუხედავად, სახელმწიფო სრულად მომზადებული შეხვდა გამოწვევას. ევროკავშირის წევრობის აპლიკაციის გადმოცემის შემდეგ, მთელი ქვეყანა ჩაერთო ამ საქმეში. სახელმწიფო უწყებებმა და საჯარო მოხელეებმა უმაღლეს დონეზე იმუშავეს და დამოუკიდებლად შევძელით უმოკლეს ვადებში გაწევრიანების აპლიკაციის შევსება. მსგავსი პასუხისმგებლობით ვასრულებთ ევროკავშირის რეკომენდაციებსაც. მიღებული კანონების 30% ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას ემსახურება, ანუ 82 კანონი, ცვლილება მივიღეთ, იმისთვის, რომ რეკომენდაციები შესრულებულიყო. იმედი გვაქვს, ევროკავშირი ამ ძალისხმევას სათანადოდ დააფასებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, 2022 წელს მისთვის ემოციური იყო უკრაინაში ვიზიტი.
„რუსეთის მორიგი მასშტაბური აგრესიის მსხვერპლი ამჯერად უკრაინა გახდა. ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური იყო 2022 წლის აპრილში უკრაინაში ჩასვლა და კიევში, ბუჩასა და ირპენში ჩადენილი რუსული სისასტიკის ხილვა. ემოციური იყო იმიტომაც, რომ მსგავსი სისასტიკე გაიარა ჩვენმა ქვეყანამაც 2008 წელს და 90-იან წლებში. საქართველომ არსებითი პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ხშირად დაუმსახურებელი კრიტიკის მიუხედავად, საქართველო მომავალშიც იდგება თავისუფლების ნათელ მხარეს და ომსა და ნგრევას გამოქცეულ უკრაინელებს კვლავაც გაუწვდის ხელს ამ რთულ დროს.
უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიან ომთან ერთად არც უშუალოდ ჩვენს რეგიონში იყო მშვიდობა. გვსურს, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთობლივი საპარლამენტო ძალისხმევით, ჩვენი წვლილიც შევიტანოთ მშვიდობასა და სტაბილურობაში, რაც ჩვენი რეგიონის განვითარების საწინდარია”, - განაცხადა პაპუაშვილმა.