ხატია დეკანოიძე - ანა წითლიძემ შიმშილობა უნდა შეწყვიტოს - ასე იწყება ჩვენი საუბარი ყოველ დილით

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ანა წითლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შენარჩუნდეს. მან უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

დეკანოიძემ აღნიშნა, რომ ანა წითლიძის გადაწყვეტილება შიმშილობის დაწყების თაობაზე თავგანწირვის აქტია.

„რაც შეეხება შედეგებს, ეს არის პოლიტიკური თავგანწირვის აქტი და ანა [წითლიძეს] ნამდვილად არ ჰგონია, რომ ეს ვინმეს - ბიძინა ივანიშვილს ან „ქართული ოცნების“ უმრავლესობას გულს მოულბობს და რაღაც დაუყოვნებლივი შედეგი შეიძლება ჰქონდეს. გრძელვადიანად ასე უყურებს თვითონ, რაზეც თავადაც ისაუბრებს, რომ ეს არის მისი შინაგანი ემოციური მდგომარეობა, რადგან ჩვენთვის ყველასთვის და მისთვისაც ის, რაც ხდება დღეს და ხდება სააკაშვილის მიმართ, არის ძალიან მძიმე არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ემოციურად. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ანის გადაწყვეტილებაც იყო, რომ რაღაც მორიგი თავგანწირვის აქტი ყოფილიყო.

ჩემი მხრიდან იქნება არასერიოზულობა, რომ ახლა, როდესაც ადამიანი შიმშილობს, რაღაც შედეგზე ვისაუბრო. მე, როგორც ადამიანი და მისი მეგობარი, ვთვლი, რომ ის არის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა პოლიტიკოსი ქალი, მათ შორის პარლამენტშიც. ის არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული ლიდერი და მისი გულწრფელობა და იდეისთვის ბრძოლა ხშირად ჩემშიც კი აღფრთოვანებას იწვევს. ის ძალიან ბევრს შრომობს. ის არის შემდგარი, ძალიან ჭკვიანი და აქტიური ადამიანი და მას სრულად გათვითცნობიერებული აქვს რასაც აკეთებს, მაგრამ ჩემი, როგორც ადამიანის ვალია, რომ გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ მას ჯანმრთელობაზე არ შეექმნას პრობლემები. მან, რა თქმა უნდა, შიმშილობა უნდა შეწყვიტოს - ასე იწყება ჩვენი საუბარი ყოველ დილით“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მან ასევე ისაუბრა ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილისადმი დამოკიდებულების შესახებ. დეკანოიძემ აღნიშნა, რომ მმართველი ძალა მიზანმიმართულად ავრცელებს ზიზღის ენას.

„რთული მდგომარეობაა - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას გათვითცნობიერებული აქვს რამდენად მძიმე შედეგი შეიძლება დადგეს ამ ზიზღის პროპაგანდაში, რომელიც ქარბორბალასავით მოდის ამ წლების განმავლობაში და მათი გათვითცნობიერებული დამოკიდებულებისა სააკაშვილისადმი, ესენი აკეთებენ იმას, რომ ადამიანები პროპაგანდაში დააჯერონ. ვფიქრობ, რომ რაღაც კატეგორიაზე ეს წარმატებით გადის, მაგრამ არსებობს ადამიანების დიდი კატეგორია, რომელიც ფიქრობს იმას, რასაც ჩვენ - რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ტრავმა პირველ პრეზიდენტთან მიმართებით და მესამე პრეზიდენტი უკვე რა მდგომარეობაშიც არის, ეს აისახება საქართველოს ისტორიულ მომავალზე. ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ეს არის საფრთხე ევროინტეგრაციისთვის, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის, ასევე არის საზოგადოების დახლეჩის ყველაზე მძლავრი იარაღი. ხდება ასეთი ზიზღის ენის გავრცელება და პირდაპირი დეჰუმანიზაცია, რომელსაც ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის მიმართ აკეთებენ. ისინი მიზანმიმართულად ამ ზიზღზე დგანან და ბიძინა ივანიშვილის დოქტრინაც ეს არის, რომ ყველაფერი გააკეთოს მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მიდის, რომ საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს. ამ მდგომარეობაში ყველაზე ეფექტურ მექანიზმად განვიხილავ საზოგადოებრივ და საერთაშორისო წნეხს, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო