შალვა პაპუაშვილი - საქართველო მომავალშიც იდგება თავისუფლების ნათელ მხარეს - გვსურს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მშვიდობასა და სტაბილურობაში, რაც ჩვენი რეგიონის განვითარების საწინდარია

ძვირფასო ელჩებო, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ გაწეული საქმიანობისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საქართველოს ღირსეულად წარდგენისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის. პარლამენტი იგულეთ თქვენს პარტნიორად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ელჩების კონფერენცია-2022“-ის გახსნაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა მსოფლიოში და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა.

მისი თქმით, 2022 წელი საერთაშორისო მასშტაბით რთული წელი იყო და საქართველოს სწორედ ამ რთულ ვითარებაში მოუწია ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე, პარტნიორობების გაფართოებასა და სამეზობლო რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაზე ზრუნვა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და სახელმწიფოს მიერ ამ გზაზე გაწეულ ძალისხმევაზე გაამახვილა ყურადღება.

ასევე, მან საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„2022 წელი ისტორიული მნიშვნელობისაა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. ჩვენი წინაპრების და თაობების მიერ სისხლით მოპოვებულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას მომავლის ბეჭედი მტკიცედ დაასვა ევროკავშირის მიერ აღიარებულმა ევროპულმა პერსპექტივამ. სახელმწიფო სრულად მომზადებული შეხვდა ამ გამოწვევას. ევროკავშირის წევრობის აპლიკაციის გადმოცემის შემდეგ, მთელი ქვეყანა ჩაერთო ამ საქმეში. სახელმწიფო უწყებებმა და საჯარო მოხელეებმა უმაღლეს დონეზე იმუშავეს და დამოუკიდებლად შევძელით უმოკლეს ვადებში გაწევრიანების აპლიკაციის შევსება. მსგავსი პასუხისმგებლობით ვასრულებთ ევროკავშირის რეკომენდაციებსაც. საქართველოს პარლამენტის კოორდინაციით და სახელმწიფო უწყებების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, უზარმაზარი ძალისხმევა გავწიეთ - გავაანალიზეთ საქართველოს და სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ჩარჩოები და პრაქტიკა, დავაინიცირეთ, განვიხილეთ და მივიღეთ შესაბამისი ცვლილებები. საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წელს მიღებული კანონების 30% ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას ემსახურებოდა. დარჩენილია რამდენიმე საკითხი, მათ შორის, ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში მოსაზრებისთვის გაგზავნილი კანონპროექტები, რასაც საგაზაფხულო სესიაზე დავასრულებთ. იმედი გვაქვს, ევროკავშირი ამ ძალისხმევას სათანადოდ დააფასებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო როლზე და ქვეყნის პოტენციალზე ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებაში.

ასევე აღნიშნა სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა და აქტიური საპარლამენტო დიპლომატიის მიღწევები.

შალვა პაპუაშვილი თავის გამოსვლაში უკრაინის პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის კუთხით საქართველოს მიერ გაწეულ დახმარებასაც შეეხო.

„საქართველომ არსებითი პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. ხშირად დაუმსახურებელი კრიტიკის მიუხედავად, საქართველო მომავალშიც იდგება თავისუფლების ნათელ მხარეს და ომს და ნგრევას გამოქცეულ უკრაინელებს კვლავაც ხელს გაუწვდის ამ რთულ დროს. უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიან ომთან ერთად, არც უშუალოდ ჩვენს რეგიონში იყო მშვიდობა. გვსურს, აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთობლივი საპარლამენტო ძალისხმევით, ჩვენი წვლილიც შევიტანოთ მშვიდობასა და სტაბილურობაში, რაც ჩვენი რეგიონის განვითარების საწინდარია“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ელჩების კონფერენცია ე.წ ამბასადორიალი ყოველწლიურად იმართება და მასში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო