მიხეილ სარჯველაძე - სალომე ზურაბიშვილის არ დასწრება ელჩების კონფერენციაზე მგონია, რომ იყო დიპლომატიური ხერხი დემარშისთვის - როგორც ჩანს, ეს იყო პროტესტის დაფიქსირება

მგონია, რომ ეს იყო დიპლომატიური ხერხი დემარშისთვის, ოღონდ მიზეზი გაუგებარია - დღეს ყველაზე მეტად ბუნდოვანი რაც დარჩა, ეს იყო თავად პრეზიდენტის პოზიცია: პრეტენზიის მიზეზი, არ მოსვლაც, ახსნაც და ყველაფერი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

აღნიშნულით მან ის ფაქტი შეაფასა, რომ 2022 წლის ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა არ მიიღო.

„ მგონია, რომ ეს იყო დიპლომატიური ხერხი დემარშისთვის, ოღონდ მიზეზი გაუგებარია. როგორც ჩანს, ეს იყო ფორმალური მიზეზი, რომელიც მართებულად და სწორად არ იქნა შერჩეული. ჩემთვის გაუგებარია ნამდვილი მიზეზი. როგორც ჩანს, ეს იყო პროტესტის დაფიქსირება, გინდათ დემარში დავარქვათ, გინდაც სხვა რამ. ფაქტია, რომ სხვა პოზიცია იყო, რომლის თქმაც სურდა და პირდაპირ არ თქვა. მე ვფიქრობ, ვერც დასახელებული მიზეზი იყო სწორად შერჩეული და ვერც მის მიღმა ნამდვილი მიზეზია გასაგები“,- აღნიშნავს სარჯველაძე.

კითხვაზე, აქვთ თუ არა სურვილი, გაარკვიონ რა გახდა აღნიშნული ნაბიჯის მიზეზი, სარჯველაძე განმარტავს, რომ მიზეზი უცნობია, პრეზიდენტის ნაბიჯი კი არაფრის მთქმელია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და პოლიტიკისთვის.

„ არ მომეწონა ეს გადაწყვეტილება. ვერ ჩავთვლი, რომ კარგი ნაბიჯი იყო. რა არის ნამდვილი მიზეზი, არ ვიცი. რაც დასახელდა მიზეზად, დამაჯერებლად და არგუმენტირებულად არ მეჩვენება. არც ფორმალური თვალსაზრისით მეჩვენება გამართულად“,- აღნიშნავს სარჯველაძე და განმარტავს, რომ „დღეს ყველაზე მეტად ბუნდოვანი, რაც დარჩა ეს იყო თავად პრეზიდენტის პოზიცია. პრეტენზიის მიზეზი, არ მოსვლაც, ახსნაც და ყველაფერი“.

გარდა ამისა, მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის კიდევ ერთი განცხადება შეაფასა, სადაც აღნიშნულია, რომ ელჩების დანიშვნის შესახებ სარჩელის შეტანიდან 6 თვის თავზე, ადმინისტრაციას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია პროცესზე, ამასთან, განმარტავენ, რომ ბუნდოვანება, რომელიც საკონსტიტუციო სარჩელმა შექმნა, მოითხოვს დროულ აღმოფხვრას.

როგორც სარჯველაძე განმარტავს, „მისთვის გაუგებარია ბუნდოვანება საკონსტიტუციო მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით“.

„ სასამართლო ანგარიშვალდებული ვერ გახდება მხარეებთან იმასთან დაკავშირებით, როდის რის განხილვას აპირებს. როდესაც ზეპირი მოსმენა ჩაინიშნება დიახ, რა თქმა უნდა, უნდა აცნობონ მხარეებს. შეწყვეტის თაობაზე აუცილებლად შეიტყობდნენ. გაუგებარია რაში მდგომარეობს ბუნდოვანება. თუ პრეზიდენტს გეგმაში ის აქვს, რომ ამ ტიპის განცხადებებით დაუპირისპირდეს საკონსტიტუციო სასამართლოს... სავარაუდოდ, პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ მის მიერ არჩეული პოზიცია სამართლებრივად მყარი არ იყო და დიდი ალბათობით, საკონსტიტუციო სასამართლომ შესაძლოა, მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება არ გამოიტანოს“,- აღნიშნავს სარჯველაძე.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების გამიჯვნა მოხდეს ელჩების დანიშვნისგან, სარჯველაძე განმარტავს, რომ "ასე შორს არ უნდა წავიდეთ", რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ჩვენი ქვეყნის მოქმედი კონსტიტუციით ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით რა ტიპის კომპეტენციით არის აღჭურვილი პრეზიდენტი.

„ არა, ასე შორს არ წახვიდეთ. ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ჩვენი ქვეყნის მოქმედი კონსტიტუციით, ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით რა ტიპის კომპეტენციით არის აღჭურვილი პრეზიდენტი. მას უგზავნიან და უნდა გააფორმოს დოკუმენტი, თუ უნდა იმსჯელოს კარგი კანდიდატია, თუ ცუდი. წარმომადგენლობით ფუნქციას დავარქმევთ, თუ სიმბოლურს, ცერემონიულს, ასეთ რამ არსებობს და არ ჩათვალოთ რომ დამაკნინებელია.. ორი სახელმწიფო დაწესებულება კამათობს სამართლებრივ საკითხზე იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი კომპეტენციაა, თუ თქვენი, ამ შემთხვევაში ვინმემ ხომ უნდა გადაჭრას.

თავიდანვე დაიჩემა ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, რომ უჩივით, გინდა პრეზიდენტი დასაჯოთ. ეს ტყუილია. ჩვენ გვინდოდა აგვეხსნა, რომ საკითხის სამართლებრივი გადაჭრა, თუნდაც რომელიმე მხარის გამტყუნება არ ნიშნავს, გამტყუნებული მხარის დაჩაგვრას, ან რეპუტაციული ზიანის მიყენებას“,- აღნიშნავს სარჯველაძე.

გარდა ამისა, მან ის ფაქტიც შეაფასა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას აუქმებს.

როგორც სარჯველაძე განმარტავს, ნამდვილად არ უხარია, როდესაც დაგეგმილ ღონისძიებას აუქმებს. მისივე თქმით, ეს არავის უთხოვია და თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

კითხვაზე, არის თუ არა ეს გარკვეული პოლიტიკური შურისძიება, სარჯველაძე პასუხობს: „არ ვიცი, განა შურისსაძიებელი რა აქვს?! მე არ მგონია. თუ მოტივაცია შურისძიებაა, უბრალოდ ღია კარის მტვრევას ემსგავსება ეს ყველაფერი. ინსტალაციების დამონტაჟება იმ ქუჩაზეო. არ მგონია, სწორი იყო. შარშანაც იყო და არ გაბრაზებულა, წელს გაბრაზდაო, ვერ ვიტყვით“, - აღნიშნავს სარჯველაძე.

ამასთან, მან, საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა. როგორც სარჯველაძემ განმარტა, არ აქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი რამ მაინც მოხდა, მისი შეფასებით, „ეს არ იქნება მართებული გადაწყვეტილება“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა