შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილთან დაკავშირებით ლობისტური ხელშეკრულება იანვრის ბოლომდეა გაწერილი - ამ კამპანიის შედეგად აღარავინ საუბრობს, რომ ის პოლიტპატიმარია, საკითხს წერტილი დაესვა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ლობისტების კამპანიის კარგი შედეგია ის, რომ სააკაშვილზე, როგორც პოლიტპატიმარზე აღარავინ საუბრობს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილის გარშემო ძალიან ბევრი სიყალბისა და ტყუილ - მართლის არევა ხდება ერთმანეთში.

„ჩვენ ამ დღეებში რასაც ვხედავთ, ეს არის სასამართლოსა და პრეზიდენტზე პირდაპირი ზეწოლის მცდელობა. „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი კამპანიაა, ხელშეკრულებებიც ნანახი გვაქვს. ეს არის ორთვიანი კამპანია. ვნახეთ ლობისტური ხელშეკრულება, იანვრის ბოლომდეა გაწერილი. ვირტუალური რეალობის შექმნის მცდელობის მომსწრეები ვართ, როცა ცდილობენ ამ ტალღით მოახდინონ ზეწოლა სასამართლოზე და მერე პრეზიდენტზე შეწყალებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება თვითონ საკითხს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ამ კამპანიამ ერთადერთი კარგი მოიტანა, აღარავინ არც კი საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური პატიმარია, ამ საკითხს დაესვა წერტილი. ყველა თანხმდება, რომ მას აქვს მისჯილი სასჯელი, იხდის ამ სასჯელს, ერთი წელი ამასობაში უკვე მოიხადა. ყველა ვთანხმდებით, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ჩადენილი დანაშაული. თუ ადამიანს აქვს დანაშაული ჩადენილი, მინიმალური სტანდარტია, რომ დანაშაულისთვის დგება პასუხისმგებლობა და ეს სასჯელი ადამიანმა უნდა მოიხადოს. სააკაშვილის სისტემას ჰყავს ათიათასობით მსხვერპლი, ამ მსხვერპლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ კანონიერი სასჯელი მოიხადოს დამნაშავემ.

ამასთან, სააკაშვილის გარშემო ძალიან ბევრი სიყალბისა და ტყუილ-მართლის არევა ხდება ერთმანეთში. ჩვენ ვნახეთ მისი უცხოელი ადვოკატი თუ ლობისტი, რომელიც პირდაპირ ტყუილს ავრცელებს, მათ შორის, მოწამვლასთან დაკავშირებით. მთელი მუხანათობა ამ დეზინფორმაციული კამპანიის არის ის, რომ გადაჭრით თითქოს არაფერს ამბობენ და დაბნეულობა შეაქვთ საზოგადოებაში. დილით იტყვიან, რომ მოწამლეს, საღამოს სააკაშვილი იტყვის რომ არა არ მომწამლესო. მეორე დღეს სააკაშვილი გაუგზავნის რუს ბლოგერს, რომ ის მოწამლეს, მეორე დღეს ადვოკატი უარყოფს, რომ არ მოწამლეს. ამით აბნევენ საზოგადოებას იმისთვის, რომ გახადონ ის მოწყვლადი დეზინფორმაციის მიმართ. ამას ჩვენ ვაკვირდებით 450 დღეა. არაფერი არ შეცვლილა, ერთადერთი შეიცვალა ის, რომ არავინ საუბრობს მის პოლიტპატიმრობაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო