გია ცაგარეიშვილის შეფასებით, ივანიშვილთან დაკავშირებით წარმოებული პროცესი იმაზე მეტყველებს, რომ „კრედიტ სუისი" ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციებს იყენებს, სადაც სავარაუდო დასანქცირების თემაზეა საუბარი

„ქართული ოცნების" დეპუტატის გია ცაგარეიშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით წარმოებული პროცესი იმაზე მეტყველებს, რომ „კრედიტ სუისი" ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციებს იყენებს, სადაც ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო დასანქცირების თემაზეა საუბარი.

ცაგარეიშვილი იმასაც ამბობს, რომ რეზოლუციის ჩანაწერი არაფრის მომცემია, თითიდან გამოწოვილი და ყურით მოთრეული, რაც ევროპარლამენტშიც ყველამ კარგად იცის.

„არის დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც რეზოლუციაში ამ ჩანაწერის მოხვედრას ცდილობდა, რაც მშვენივრად გამოიყენა „კრედიტ სუისმა". ეს დაწესებულება აპელირებს იმაზე, რომ ამ ჩანაწერების გამო ბიძინა ივანიშვილისთვის აფერხებს თანხების ჩარიცხვას და ამ ჩანაწერებს იყენებს. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ზეწოლა თვალში საცემია. ყველა საშუალებით ცდილობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ისეთი გადაწყვეტილებები მიაღებინონ, რაც მათ აწყობთ, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ადამიანს კარგად არ იცნობენ. ამ ადამიანის მიმართ ზეწოლით არაფერი გამოვა - ადრე თუ გვიან, ივანიშვილი ამ თანხას ბოლო ცენტამდე უკან დაიბრუნებს", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები „კრედიტ სუისს“-თან მიმდინარე დავასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის მხრიდან მოლაპარაკების ილუზიის შექმნა პოლიტიკური ზეწოლის მიზანს ემსახურებოდა და არა რაიმე სხვას, თუნდაც, ბანკისთვის სარგებლის მიღებას.

„ჩვენ გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ აბსურდში ვართ დღეს: ერთი მხრივ, ბანკის მენეჯმენტი ერთ-ერთი ტრასტის მართული თანხებიდან (სადაც მსხვილი თანხაა) გადმორიცხვის განხორციელებაზე უარს ამბობს და სასამართლოში გვიშვებს ევროპარალამენტის იმ რეზოლუციის გამო, რომელიც იგნორირებულ იქნა, როგორც ევროპის საბჭოს, ისე ევროკომისიის მიერ, რითაც გაგვიფორმა გადმორიცხვის დაგვიანება სულ მცირე ერთი წლით (2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე, ისიც თუ სასამართლო მარტში შედგა გერნსიზე);

ხოლო მეორე ტრასტის მართული თანხები უპრობლემოდ გადმორიცხვა ევროპარლამენტის უფრო ძლიერი რეზოლუციის მიღებიდან მეორე დღესვე. ამით ბანკის მენეჯმენტმა თვითონ აჩვენა, თუ რამდენად საფუძვლიანია (უფრო ზუსტად კი - უსაფუძვლოა) მათი მხრიდან მითითება პირველ რეზოლუციაზე. ეს უკანასკნელი გადმორიცხვა ბანკის მენეჯმენტმა მხოლოდ და მხოლოდ სინგაპურის პრინციპული მოსამართლისთვის ანგარიშის გაწევით მოხდა, რადგან მოსამართლემ მკაფიოდ დასვა კითხვა უმიზეზოდ გაჭიანურებული გადახდების შესახებ, რის იგნორირებასაც ბანკი უბრალოდ ვერ მოახდენდა, თუნდაც ევროპარლამენტის რეზოლუციის უგულებელყოფის. ეს უკანასკნელი, ბანკის მენეჯმენტისთვის პრობლემა არ აღმოჩნდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო