ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2022

რა გავლენას მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები საქართველოსა და მსოფლიოზე

რას გულისხმობს უკრაინელთა ერთ-ერთი წარმატებული ტაქტიკა - “რუსებს იტყუებენ და დიდი რესურსის დახარჯვის შემდეგ ფიტავენ”

ზურაბიშვილმა სააკაშვილი ამჯერადაც არ შეიწყალა, თუმცა, ამბობს, რომ “მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა”

* * *

რა გავლენას მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები საქართველოსა და მსოფლიოზე

“უკრაინის ომი თავისი მნიშვნელობით რეგიონის ფარგლებს სცდება და შესაძლოა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში გარკვეული წყალგამყოფიც კი აღმოჩნდეს - ათი თვეზე მეტია, რაც უკრაინა რუსეთის დარტყმებს იგერიებს და აცხადებს, რომ “საქმის ბოლომდე მიყვანას” აპირებს. რუსეთი ომის პარალელურად სამხედრო რეფორმას და დანაკარგების შევსებას აანონსებს. ანალიტიკოსების პროგნოზით, რუსეთ-უკრაინის ომი მალე ვერ დასრულდება, თუმცა, შედეგს მსოფლიო წესრიგზე დიდი გავლენა ექნება. მათი თქმით, თუ რუსეთმა უკრაინას “რაღაც ტერიტორიები წაგლიჯა”, ის ამაზე არ დაკმაყოფილდება და შესაძლოა შემდგომი საქართველოც კი იყოს. უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში კი, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ საქმე უკვე უსაფრთხოების გარანტიებზე იქნება მიმდგარი და თუ ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან მყისიერი რეაგირება არ მოხდება, შესაძლოა რუსეთმა აგრესია გააგრძელოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა გავლენას მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები საქართველოსა და მსოფლიოზე.

“უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელების სიმართლე არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და ამ ბრძოლაში მათი ეფექტური და ძლიერი იარაღია გამბედაობა, მამაცობა და სათნოება. “ამ ბრძოლაში ჩვენ გვაქვს ერთი ძლიერი და ეფექტური იარაღი. ჩვენი სულისა და ცნობიერების ურო და ხმალი. გამბედაობა და მამაცობა. სათნოება, რომლებიც გვიბიძგებს კეთილი საქმეებისკენ და ბოროტების დასამარცხებლად. გამბედაობის მთავარი აქტი გამძლეობა და ყველაფრის მიუხედავად საქმის ბოლომდე მიყვანაა. ჭეშმარიტება ანათებს ჩვენს გზას. ჩვენ ეს ვიცით. ჩვენ ვიცავთ მას. ჩვენი სიმართლე არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. თავისუფლებას მაღალი ფასი აქვს. მაგრამ მონობა კიდევ უფრო ძვირი ღირს”, - წერს ზელენსკი “ტელეგრამზე”. როგორც თსუ-ს პროფესორი და “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” აცხადებს, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი რეგიონის საზღვრებს სცდება და შესაძლოა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში წყალგამყოფი აღმოჩნდეს. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი დარწმუნებულია, რომ “ეს ალიაქოთი” რუსეთის დამარცხებით დასრულდება, რაც საერთაშორისო არენაზე მისი გავლენების მნიშვნელოვნად შემცირებას გამოიწვევს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსეთ-უკრაინის ომი არ ვიცით როდის დასრულდება, მაგრამ ის რეგიონის საზღვრებს სცდება და შესაძლოა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში გარკვეული წყალგამყოფიც კი აღმოიჩნდეს. წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნება სასწორზე დგას, თუ ადგილი ექნება ძალისმიერი პოზიციებიდან სუვერენული ქვეყნების საზღვრების გარღვევას. რუსეთ-უკრაინის ომის შედეგს, ბუნებრივია, დიდი გავლენა ექნება უკვე საერთაშორისო ურთიერთობებსა და მსოფლიო პოლიტიკაზე. მათ შორის, გადამწყვეტი იქნება საქართველოსა და პოსტ საბჭოთა ქვეყნებისთვის, რადგან თუ რუსეთმა მოახერხა და უკრაინას რაღაც ტერიტორიები “წაგლიჯა”, ის ამაზე არ გაჩერდება და შემდეგი მსხვერპლი შესაძლოა იყოს საქართველო, ყაზახეთი, ან სხვა ქვეყნები. ყველაზე ცუდი ისაა, რომ თუ რუსეთს ეს გაუვიდა, იგივე შეიძლება გააკეთოს ჩინეთმა, ბევრმა სხვა სახელმწიფომ და ფაქტიურად საერთაშორისო სისტემა შესაძლოა კვლავ ანარქიის პირობებში აღოჩნდეს და დაახლოებით 19-ე საუკუნის ბოლოს, ან 20-ე საუკუნის დასაწყისს დაემსგავსოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში, აქ უკვე ძალიან ბევრი გადასაწყვეტი საკითხი დგება, მათ შორის მისი უსაფრთხოება ნატოში თუ ევროკავშირში გაწევრიანებით როგორ უნდა უზრუნველყონ, რადგან უკრაინა მარტო ასე ვერ იქნება და გამორიცხული არაა, რომ თუ გაურკვეველ სიტუაციაში დარჩა, რუსეთის ხელისუფლებაში ვინც არ უნდა იყოს, ყოველთვის იქნება იმის მცდელობა, რომ ახალი ომი წამოიწყოს. უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები აუცილებლად დასჭირდება, ამ მომენტში აუცილებელია, რომ მასთან ერთად საქართველოც მოიაზრებოდეს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ნატოსთან დაკავშირებით საქართველო უკვე დუეტში არ მოიაზრება. მართალია დღეს ეს საკითხი აქტუალური არაა, მაგრამ, არაა გამორიცხული, რომ ამ ომის დამთავრებისა და უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ისევ გამოჩნდეს შესაძლებლობების ფანჯარა, როგორც ევროკავშირთან მიმართებაში მოხდა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ საწუხაროდ დღეს გაფართოების კანდიდატად არ მოიაზრება, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო”, - დაასკვნის კაკაჩია.

“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ალიაქოთი რუსეთის სრული დამარცხებით დასრულდება. ეს კი რა თქმა უნდა, საერთაშორისო არენაზე მისი წონის, ავტორიტეტის, გავლენის მკვეთრ და სერიოზულ დაცემას გამოიწვევს, რაც პოსტ საბჭოთა სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს, რომ უფრო თავისუფლად და თავიანთი არჩევანის მიხედვით წარმართონ საგარეო პოლიტიკური საქმიანობა. რუსეთის გავლენის შემცირება, რა თქმა უნდა პროცესებს გააძლიერებს საერთაშორისო არენაზეც. საუბარია დასავლურ ინსტიტუტებზე და საერთაშორისო თანამეგობრობის ავტორიტეტის ამაღლებაზე. ამას შესაძლოა სურვილები ვუწოდოთ, რადგან ეს მხოლოდ იმ დინამიკის ნაწილია, რომელიც აღვწერე, მაგრამ, უკრაინის ტერიოტორიაზე ვაკვირდები მიმდინარე ომის გარშემო განვითარებულ პროცესებს და ღრმად მწამს, რომ საბოლოო შედეგი ზუსტად ასეთი იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტათ საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი და შეკითხვაზე - “რა შეიძლება მოხდეს თუ რუსეთმა შეძლო და უკრაინის ტერიტორიები კვლავ მიიტაცა”, - პასუხობს:

“ეს რომ მომხდარიყო, რა თქმა უნდა ეს კიდევ ერთხელ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წახალისება და მძიმე შედეგების მომტანი იქნება ყველა იმ მოთამაშის მიმართ, რომელიც ზემოთ აღვნიშნე. დასავლეთთან მიმართებაში ეს იქნებოდა უფრო თავხედური და აგრესიული პოლიტიკის გაძლიერება. ხოლო რაც შეეხება რუსეთის მეზობლებისთვის და მათ შორის საქართველოსთვის, ეს მათ დამოუკიდებლობაზე უმძიმესი დარტყმა იქნებოდა”.

რას გულისხმობს უკრაინელთა ერთ-ერთი წარმატებული ტაქტიკა - “რუსებს იტყუებენ და დიდი რესურსის დახარჯვის შემდეგ ფიტავენ”

“უკრაინის ომში მძიმე ბრძოლები გრძელდება - ქვეყნის თითქმის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. ხერსონის დეოკუპაციის შემდეგ ოლქის ტერიტორიაზე ყველაზე მასშტაბური იერიში განხორციელდა. აგრესორის მთავარი სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები, საბავშვო ბაღის შენობა და თბოსადგური იყო. მძიმე დაზიანება მიადგა სამოქალაქო ობიექტებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ხარკოვის ოლქშიც. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშე ქვეყანაში 9 მილიონი ადამიანია დარჩენილი. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, იმატა ოკუპანტების აქტივობამ დონეცკის მიმართულებით. აგრესორმა ღამის განმავლობაში რამდენიმე საავიაციო და საჰაერო იერიში წამოიწყო. პოზიციების დაცვა უკრაინელ სამხედროებს ძვირად დაუჯდათ. დიდი დანაკარგი განიცადა საოკუპაციო ძალამაც. საპასუხო კონტრიერიშის შედეგად დაიღუპა 100-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, მათ შორის სპეცსამსახურების 15 თანამშრომელი. დარტყმები განხორციელდა აგრესორის 4 სამეთაურო პუნქტზე და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 6 ლოკაციაზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას გულისხმობს უკრაინელთა ერთ-ერთი წარმატებული ტაქტიკა - “რუსებს იტყუებენ და დიდი რესურსის დახარჯვის შემდეგ ფიტავენ”.

“ოკუპანტების განდევნას ცდილობენ უკრაინელი სამხედროები კრემენაიას მისადგომებთან. ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, წარმატების შემთხვევაში აგრესორის თავდაცვა ოლქის მთელ ტერიტორიაზე დაირღვევა, ეს კი სერგეი გაიდაის თქმით, უკრაინელი სამხედროებს ლუგანსკის გათავისუფლების დიდი შანსს მისცემს. სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია გუმენიუკის თქმით, დღესასწაულებზე რუსები უკრაინაზე მასობრივ თავდასხმებს გეგმავენ. კერძოდ, მისი თქმით, შავ ზღვაში ოკუპანტების აქტიურობა და სტრატეგიული და ტაქტიკური ავიაციის მომზადება შეინიშნება. ასევე, შესაძლებელია, დარტყმები იყოს კომბინირებული - კამიკაძე დრონების გამოყენებით. “შავ ზღვაში. ამჟამად არის სამი რაკეტმზიდი, რომელთაგან ორი წყალქვეშა ნავია. შეგახსენებთ, რომ ეს გარკვეულწილად ართულებს რაკეტების გაშვების გამოვლენას, მაგრამ, მაინც არ არის შეუძლებელი საჰაერო თავდაცვაზე დარტყმა, ამიტომ მზად ვიქნებით და ვიმოქმედებთ”, - თქვა გუმენიუკმა. მან დასძინა, რომ უკრაინელი სამხედროები ასევე აღრიცხავენ მტრის სტრატეგიული და ტაქტიკური ავიაციის მომზადებას მასიური სარაკეტო დარტყმისთვის”, - განაგრძობს გამოცემა.

“პოლიტიკური მნიშვნელობით, ეს კვირა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი იქნება - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული მიმართვის დროს გააკეთა. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მიმდინარე კვირას ქვეყანამ საერთო გეგმა და მიზანი უნდა შეინარჩუნოს. ამასთან უკრაინის პირველმა პირმა თქვა, რომ უახლოეს პერიოდში ის უმაღლეს რადაში ყოველწლიური მიმართვით წარსდგება. “გადამწყვეტი წელი უნდა იყოს, გვესმის ის რისკები, რომელიც ზამთარში გველის, ვაცნობიერებთ, რა გავაკეთოთ გაზაფხულზე, ანუ გვესმის, რა შედეგები უნდა აჩვენოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მთელმა სექტორმა. მომავალ წელს უნდა შევინარჩუნოთ ეროვნული მიზნების საერთო გაგება. ამაში რათქმა უნდა მოიაზრება უკრინული მიწების გათავისუფლება, ქვეყნის აღდგენა, ჩვენი ხალხის სახლში დაბრუნება, მთავარ პარტნიორებთან კიდევ უფრო დაახლოება და ახალი შესაძლებლობების გახსნა. ეს არის უახლოესი მომავლის ამოცანები არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის”, - აცხადებს ზელენსკი. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ და მისი მოკავშირეები ყველაფერს გააკეთებენ უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად და შესაკეთებლად”, - დასძენს გამოცემა.

“ჩვენ ვიქნებით უკრაინასთან იქადე, ვიდრე საჭირო იქნება. უკრაინელებს წინ მძიმე ზამთარი ელით და ჩვენ დაუღალავად ვიმუშავებთ G7-თან და სხვა პარტნიორებთან უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთების, შეცვლისა და დაცვის მიზნით” - წერს ბლინკენი საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენშტაბის უფროსის ყოფილი მოდგილე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე “რეზონანსთან” მიიჩნევს, რომ ბახმუტის აღებას რუსები ვერ მოახერხებენ, რადგან მათ ამ ქალაქის შეტევისას ძალიან დიდი რესურსი უკვე გახარჯეს. მისი ხელახალი შევსება გაუჭირდებათ. პოლკოვნიკი ამბობს, რომ უკრაინელები იყენებენ ტაქტიკას, რითაც რუსებს ხაფანგში აბამენ. სწორედ ეს მოხდა ბახმუტშიც, რუსებს შეტევის გაგრძელება უჭირთ”, - წერს სტატიის ავტორი.

“უკრაინელების ტაქტიკა ასეთია, რუსებს იტყუებენ და დიდი რესურსის დახარჯვის შემდეგ მათ ფიტავენ. ხოლო უკრაინელები შემდეგ ნაკლები დანაკარგებით მათ აიძულებს, რომ პოზიციები დათმონ. ზუსტად ეს მოხდა ხერსონთან მიმართებაში. იგივე მოხდა იზიუმში და ხარკოვის ოლქში. ამ მეთოდის გამოყენებით უკრაინა ბევრ გამარჯვებას აღწევს. ახლა ბახმუტთან რუსები ბრძოლით უკვე დაიღალნენ, გამოიფიტნენ, ტყვია-წამალიც და ადამიანური რესურსიც ეწურებათ. უკრაინელები თავდაცვასაც კი დასახლებულ პუნქტებში აწყობენ. გაშლილ ადგილზე ჯარის გაყვანა და კოლონების სახით გადაადგილება უპირობო სიკვდილს ნიშნავს. ჯარის დაცვა გაშლის და კოლონურად გადაადგილების შემთხვევაში ვერ მოხერხდება. არაოფიციალურად ბახმუტის დაჯგუფება “ვაგნერის” პასუხისმგებლობა იყო. მათი ხელმძღვანელი პრიგოჟინი ცდილობს, რომ პუტინის კარზე პოზიციები გაიმყაროს. ბახმუტთან ზუსტად იგივე პრობლემაა, რაზეც არაერთხელ მითქვამს, რუსებს არა აქვთ იმ დონის ცოცხალი ძალა, რომ ქალაქზე შეტევა გააგრძელონ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

“ახლა რა პრობლემაც რუსეთს აქვს და ზედაპირზე არ ჩანს, ის ტექნოლოგიურ ომს აგებს. კონვენციური რადარები რაც აქვს, ისინი დრონების აღმოჩენას ვერ ახერხებენ. ამიტომაც არის, რომ ბოლო დროს უკრაინელები მათ სამხედრო ავიაბაზებს ადვილად ანადგურებენ. უკრაინას აქვს შესაძლებლობა, რომ რუსული ობიექტები სიღრმეში დაბომბოს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ ომის პირველივე დღეებში უმძიმესი სამრეწველო დარტყმა მიიღო, მთლიანად არ განადგურებულა. რუსებისთვის პასუხის გაცემა შეუძლიათ ეს უკვე ბოლო დღეებში ნათლად გამოჩნდა. ისეთი მაღალტექნოლოგიური დარტყმა მიაყენოს, როგორც ეს ენგელსის ბაზის დაბმომბვის დროს ვიხილეთ. ეს არის ძალინ რთულად შესასრულებელი მაღალტექნოლოგიური ოპერაცია, რომლის უნარიც უკრაინას აღმოაჩნდა. თუ რუსებს დრო მიეცათ, არის იმის რისკი და ალბათობა, რომ ისინი სარაკეტო წრმოებას, თუნდაც დაბალხარისხიანს შეძლებენ. ერთადერთი მიმართულება, რასაც რუსები ვერ შეძლებენ ეს მომზადებული ჯარისკაცები არიან, რაც დაკავებული ტერიტორიების შესანარჩუნებლად სჭირდებათ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ხშირად არის ხოლმე იმაზე საუბარი, რომ რუსებს სადღაცას 200 000 ჯარი ჰყავთ, ეს არასერიოზულია. 2 და 3 თვეში ჯარს ვერანაირიად ვერ მოამზადებენ. ეს არის ძალიან მასშტაბური ომი. ფრონტის ხაზი ისეა გაშლილი, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი მასშტაბები არ ყოფილა. რუსეთს რაც არ უნდა ბევრი რაკეტა ჰქონდეს, ტექნოლოგიურად წაგებულია, რადგან უკრაინას ამ მხრივ ძალიან ჩამორჩება. ცოცხალი ძალის ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ. ისეთი ხარჯი, როგორიც ახლა რუსებს ამ ომში აქვთ, ძალიან რთული იქნება დიდ ხანს გაუძლოს. აქ სხვადასხვა ხარჯია, შეტევას სხვა ფასი აქვს, თავდაცვას სხვა. შეტევა უფრო ძვირი ჯდება. შეტევაში 3 ჯერ მეტია საბრძოლა მასალის ხარჯი. რა თქმა უნდა, არც უკრაინას აქვს ამის რესურსი. ამიტომ ჩამოთვალა ზალუჟნიმ რა სჭირდება იმისთვის რომ სამხრეთ უკრაინის გათავისუფლება დაიწყოს”, - დაასკვნის ლაშა ბერიძე.

ზურაბიშვილმა სააკაშვილი ამჯერადაც არ შეიწყალა, თუმცა, ამბობს, რომ “მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა”

“პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჯერადაც არ შეიწყალა - საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ “მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა”. ამასთანავე, განმარტა, რომ გამოსვლა დაუგეგმავი იყო და რომ რეზიდენციასთან გამართულ აქციის მონაწილეებთან გავიდა იმის გამო, რომ ბევრ მათგანთან ბრძოლის საერთო წარსული აკავშირებდა. ხმაური იყო ბრიფინგის პარალელურად პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. აქციაზე ლოზუნგით - “არ შეიწყალო მიხეილ სააკაშვილი”. პროტესტის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ისინი შეურაცხყოფილები არიან იმ განცხადებით, რომელიც ზურაბიშვილმა საგანგებო გამოსვლამდე მათ წინაშე გააჟღერა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თუ სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალა, მისი იმპიჩმენტის საკითხს დააყენებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ზურაბიშვილმა სააკაშვილი ამჯერადაც არ შეიწყალა, თუმცა, ამბობს, რომ “მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა”.

“ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი ქალბატონო სალომე, ამ სიტყვის შემდეგ დღეები გაქვს დათვლილი, ამ სიტყვის შემდეგ შენი გაჩერება მაინც არ შეიძლება და ახლა ვიომებთ და რამდენიმე თვეში შენ თუ იქნები, მაგასაც ვნახავთ, ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არავის არ მოუყენებია, ისე არ ქნა, რომ საქართველოში ფეხი ვერ შემოდგა, ეს იყო შეურაცხყოფა, მოგივარდით არა ის!..., ფაქტიურად დასკვნა გააკეთა, რომ უკვე მიშას შეწყალებას აპირებს, ყველა ვარიანტში ეგ თუ მოხდა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დადგეს, ჩვენ აქ სულ ყველა მისი ამომრჩევლები ვართ, როგორც ავირჩიეთ, ისე გადავაყენებთ”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები. ზურაბიშვილმა კი საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ის სიტყვა გააგრძელა, რომელიც აქციის მონაწილეებთან მისვლისას უნდა ეთქვა და შეაწყვეტინეს. პრეზიდენტის განცხადებით, უკვე გამოიკვეთა და ძალიან ნათელია, რომ არის ერთობლივი თამაში ძალებს შორის, რომლებიც თითქოსდა ერთმანეთთან ძალიან დაპირისპირებულები არიან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ აქციას თან ახლდა სხვადასხვა მესიჯბოქსები, რომლებიც ვრცელდებოდა ამ დღეებში და ეს იყო მიზანმიმართული იმისთვის, რომ მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე, იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან, რომლის მეთაურებიც არსად არ იყვნენ 2007 წელს. 2007 წელს ვამბობ იმიტომ, რომ ეს არის პერიოდი როცა უკვე ყველაფერი მომხდარი იყო და ყველაფერი ნათელი იყო. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, კარიერით, თუ არ ვიცი რა ფორმით თვლიან, რომ შეიძლება დამემუქრონ, არსად არ იყვნენ მაშინ და ახლა მიკითხავენ მორალს და მასწავლიან, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია. მე მაინტერესებს 2007 წლის მერე ეს ადამიანები სად იყვნენ. მე გეტყვით - ერთი იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს, ვიღაცა იყო “ქართუ ბანკში” კარგად მოკალათებული, ვიღაცა კიდევ სხვა თანამდებობებზე და არ მინდა პერსონალური გავხადო ეს ყველაფერი”, - განაცხადა პრეზიდენტმა, რომლის თქმით, “არსად არ იყვნენ და რას მიკითხავენ მორალს და რას მასწავლიან მაინტერესებს?! თუნდაც ის ოთხეულები, რომლებიც დარბიან იქით-აქეთ”, - განაგრძობს გამოცემა.

“მე ისიც მინდა ვთქვა, რომ აქ ძალიან ნათელი არის, რომ არის ერთობლივი თამაში რაღაც ძალებს შორის, რომლებიც ვითომ ძალიან დაპირისპირებულები არიან, მაგრამ რეალურად ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე? მე? როდის? მე მგონი სწორედ იმ ძალამ, რომელიც დღეს ჭკუას მასწავლის. არათუ შეიწყალეს, არამედ განაწესეს ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მათ და საიდანაც ისინი ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას. ვის აწყობს? რატომ არ კითხულობთ ამას, სანამ ჩემთან მოვარდება აქცია. ორივე ძალას აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ რატომ. იმიტომ, რომ 1 წლის შემდეგ ჩვენ სრულად გაჩერებულები ვართ მიშას ირგვლივ კამათში, დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს. სხვა თემის აწევა შეუძლებელია. ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივეს აწყობს. ერთ მხარეს, ალბათ, იმიტომ, რომ დღეს ვერ ხედავენ თავიანთ სხვა გეგმებს და მეორეს, იმიტომ, რომ ამით პასუხი აღარ აქვთ გასაცემი, არც ერთ კითხვაზე, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას”, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა და თვლის, რომ ის რაც დღეს მის წინააღდეგ ხდება, “ზეწოლა და ბულინგია”, - დასძენს გამოცემა.

“მიუღებელია ინსტიტუტზე, აღარ ვამბობ ქალსა და პრეზიდენტზე, ის რაც დღეს ხდება, ზეწოლა და ბულინგი. სხვათა შორის, არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ. შანტაჟი, მუქარა, დამცირება, რუსული სოფელია, აგერ ჩემს კარებთან. არცერთ ქვეყანაში არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ, მით უმეტეს ასეთ დაძაბულ პერიოდში ასეთი სოფელი გამართული. სხვადასხვა აზრია და გემოვნება. მემუქრებიან კარიერით, თურმე, ამ კარიერას დავემშვიდობები, სხვა კარიერა მინდა. ავიწყდებათ, რამდენი წლის ვარ. თუ ვინმე მიცნობს ამ ქვეყანაში, ალბათ იცით, რომ კარიერა იქ დავტოვე. მე ეს ქვეყანა მაინტერესებს, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც რატომღაც ყველა ებრძვის”, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. ოთხშაბათს პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა სლოგანით “არ შეიწყალო მიხეილ სააკაშვილი”. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მათი მიზანია ზურაბიშვილს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, “მიხეილ სააკაშვილის დანაშაულები შეახსენონ”. ზურაბიშვილი რეზიდენციიდან აქციაზე გავიდა და მოქალაქეებს მიმართა. პრეზიდენტის ტონი აქციის მონაწილეებს არ მოეწონათ და მის გამოსვლას ხმაურით შეხვდნენ.

“მე ძალიან მაინტერესებს, მე მაქვს ჯერ კითხვები. აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩემ შესახებ ავრცელებენ თავიანთ შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები? სად იყვნენ, როცა ვიდექი ქუჩაში? მე გეტყვით სად იყვნენ. ისინი, ვინც მესიჯბოქსებს ავრცელებენ დღეს, იყვნენ ან მიშას შტაბში, ან კარგად მოკალათებულები იყვნენ სხვადასხვა თანამდებობაზე, ან იყვნენ “ქართუ ბანკში”. თურმე იციან მე რას გავაკეთებ. თურმე იციან როდის გავაკეთებ და თურმე იციან რატომ გავაკეთებ. მინდა კიდევ ერთი რამ გითხრათ. ვინ შეიწყალა? მე შევიწყალე მურუსიძე, ჩინჩალაძე? მე შევიწყალე? თუ მე განვაწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მას? ეს არ არის შეწყალება? სად ხართ. როდის გააპროტესტეთ? სად იყავით?” - განუცხადა პრეზიდენტმა პროტესტის მონაწილეებს. განცხადებას პროტესტის მონაწილეებისგან შეძახილები და ხმაური მოჰყვა, პრეზიდენტმა კი სიტყვა გაწყვიტა, რეზიდენციაში შევიდა და რამდენიმე წუთში საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა”, - წერს სტატიის ავტორი.

“აქციის ორგანიზატორები არიან ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, ლალი მოროშკინა, ჯამბულ გამცემლიძე. მათი მთავარი მოთხოვნაა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. პროტესტის მონაწილის ჯამბულ გამცემლიძის თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და მსგავსი შინაარსის გამოსვლა ქუჩაში ხშირი იქნება. “დღეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან შვილმოკლული მშობლები მოვედით, რათა ჩვენი ხმა კიდევ ერთხელ გავაგონოთ იმ ადამიანს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია, რომელიც იდგა ჩემ გვერდით, მონაწილეობდა ყველა იმ აქციაში, სადაც ჩვენ ვიყავით”, - ამის შესახებ გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “ამ ადამიანის შეწყალება არ შეიძლება, უბედურება დატრიალდება საქართველოში, სულ აქციები-აქციებზე დაიწყება რომ შეიწყალონ, იმიტომ ვატარებთ ამ აქციას. გამაფრთხილებელი აქციაა ეს, მეტი არაფერი. ძმა მომიკლეს და მეტი რაღა უნდა დავზარალებულიყავი”, - განაცხადა სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“სანამ აქციის მონაწილეებს ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავდა, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლალი მოროშკინამ პრეზიდენტს მოუწოდა, რომ სააკაშვილი არ შეიწყალოს. “სალომე ზურაბიშვილს აქვს დრო გამოვიდეს და გვითხრას, რომ არ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს”,- განაცხადა ლალი მოროშკინამ. პარალელურად, სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფები ხელმოწერებს აგროვებენ სალომე ზურაბიშვილის მისამართით, რომ შეიწყალოს მან პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი. ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადასცეს 2 000-მდე ქალის მიმართვა, რომელშიც სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. საქართველოს მოქალაქეების სახელით, ხელმომწერი ქალები პრეზიდენტს “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებასაც სთხოვენ”, - დასძენს სტატიის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო