როცა ვსაუბრობთ ეკონომიკის მიღწევებზე, არ გვაქვს ილუზია, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დღეს კეთილდღეობაში ცხოვრობს, თუმცა მხოლოდ ეკონომიკის კარგი შედეგებით შეიძლება დავძლიოთ ის გამოწვევები, რომელიც, წლების განმავლობაში ქვეყანაში დაგროვდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველადაა, როცა ქვეყანას მიყოლებით აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.
"ეს არ იყო მარტივიად მისაღწევი. განსაკუთრებით ომიდან გამომდინარე, გაურკვევლობის ფაქტორი ძალიან დიდი იყო, თუმცა რა შესაძლებლობებიც გაჩნდა, სახელმწიფომ იმ შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება მოახერხა. ჩვენი ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყო როგორც შიდა, ასევე გარე ძლიერი მოთხოვნით და ჩვენ მოვახდინეთ იმ ფაქტორების მაქსიმალურად გამოყენება, რომელიც ხელთ გვქონდა. პირველ რიგში, შუა დერეფნის მიმართ გაიზარდა ინტერესი, გეოპოლიტიკურმა ვითარებამ მოახდინა ტვირთის ნაკადების გადამისამართება. ეკონომიკურ ზრდასა და სხვადასხვა სექტორს როცა ვუყურებთ, ერთ-ერთი განმაპირობებელია სატრანსპორტო დასაწყობების მომსახურება, სადაც მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენს დერეფანში ტვირთნაკადი გაიზარდა. ასევე, ტურისტული ნაკადების სწრაფი აღდგენა მოვახერხეთ. ქვეყანამ 3.2. მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ჩვენ დავკარგეთ გარკვეული ტურისტული ბაზრები, მათ შორის ტრადიციული ბაზრები, ისეთი, როგორიცაა უახლოესი მეზობლები, რუსეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, თუმცა მოვახერხეთ, იგივე სპარსეთისა და ახლო აღმოსავლეთიდან დამატებითი ტურისტული ნაკადების შექმნა, რამაც თანხაში საშუალება მოგვცა, რომ 2019 წელთან მიმართებით ტურისტული სექტორი სრულად აღგვედგინა. ასევე, გაზრდილია ექსპორტი და ექსპორტის ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავია. 31%-ით გაიზარდა მიმდინარე წელს ექსპორტი და 5 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. შესაბამისად, ექსპორტის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც უნდა აღინიშნოს - პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, 1.7 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ფიქსირდება და ესეც რეკორდულად მაღალია, გაორმაგებულია წინა წელთან შედარებით“, - განაცხადა დავითაშვილმა.
რაც შეეხება იმას, რატომ ვერ გრძნობენ ამ ეკონომიკური ზრდის სიკეთეებს მოქალაქეები, დავითაშვილის თქმით, ეკონომიკაში წარსულში დაგროვებული სტრუქტურული პრობლემები, მათ შორის უმუშევრობა, დასაქმების გამოწვევა და ასევე, ძალიან ბევრი პრობლემა მოჰყვება ქვეყანას.
„სიღარიბე - ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. რა თქმა უნდა, არც ერთი და არც ორი წლის ეკონომიკური ზრდა სრულად ამ პრობლემებს ვერ აღმოფხვრის. როცა ვსაუბრობთ ეკონომიკის მიღწევებზე, არ გვაქვს ილუზია, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დღეს კეთილდღეობაში ცხოვრობს, თუმცა მხოლოდ ეკონომიკის კარგი შედეგებით შეიძლება დავძლიოთ ის გამოწვევები, რომელიც, წლების განმავლობაში ქვეყანაში დაგროვდა. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც მათ შორის გლობალურმა პრობლემებმა შექმნა, არის მაღალი ინფლაცია. ამასთან, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ჩვენ მოვახერხეთ მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილის დასაქმება, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, 15% -მდე დავიდა უმუშევრობის დონე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სასურველ შედეგს და მიზანს მივაღწიეთ. მიზნისთვის რომ მიგვეღწია, რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად იქნებოდა.
რაც შეეხება ემიგრაციას, რიცხვებით შევხედოთ - 20-წლიან პერიოდში მიგრაცია მუდმივად იზრდებოდა. ეს „საქსტატის“ მონაცემებია. მიგრაციის სალდოს თუ დავაკვირდებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ის სამწუხაროდ, სულ უარყოფითია. მიგრაციის სალდო დადებითი მხოლოდ 2020 წელს გვქონდა, რაც პანდემიამ განაპირობა,“- აღნიშნა დავითაშვილმა.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.