იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ახალ წელს, ცხრა სოციალურად დაუცველი ოჯახი ახალ გარემოში შეხვდება.
მათივე ცნობით, ოჯახებს სახლის გასაღები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს და ახალმოსახლეობასთან ერთად დამდეგი 2023 წელი მიულოცეს.
„მეოთხე წელია თერჯოლაში „სახლდაზიანების“ პროგრამა მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ შევძელით 19 სახლი აგვეშენებია და ახალმოსახლეობა ჯამში, 19-მა ოჯახმა იზეიმა. ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა, რომელიც სხვა მუნიციპალიტეტებმა აუცილებლად უნდა გაიზიაროს. ჩვენ, მომავალ წელს კიდევ 9 სახლის მშენებლობას ვგეგმავთ. აღნიშნული პროგრამა, რა თქმა უნდა, მომდევნო წლებშიც გაგრძელდება“ - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობითვე, სოციალური მიმართულებით, ოჯახების გაძლიერების მიზნით, თერჯოლაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
„მოქმედი „სახლდაზიანების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს ცხრა ახალი სახლის მშენებლობა დასრულდა. პროგრამა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას ან/და შეძენას ითვალისწინებს, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანების მასშტაბის გამო, დემონტაჟს ექვემდებარება.
მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივ ბიუჯეტში „სახლდაზიანების" პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით სულ 19 სახლი არის აშენებული. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან მომავალ წელსაც დაფინანსდება.
მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხს შესაბამისი კომისია შეისწავლის და გადაწყვეტილებას დეტალური განხილვის შედეგად იღებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.