სალომე ზურაბიშვილი - თუ დავამტკიცებთ, რომ ქართული ღირებულებები ევროპული ღირებულებებია, იმედგაცრუებასაც გადავლახავთ და 2023 წელი იქნება ნამდვილად ევროპის წელი

მინდა ყველას მოგილოცოთ 2023 წელი და ვისურვო, რომ ერთად, ერთიანობით, სოლიდარობით, შევხვდეთ ამ ახალ წელს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის საახალწლო მილოცვაში განაცხადა.

პრეზიდენტმა ისაუბრა იმ იმედებსა და ამავდროულად ნაწილობრივ იმედგაცრუებაზე, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას უკავშირდება.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ 2022 წელი, ყველაზე რთული საქართველოს მეგობარი ქვეყნისთვის - უკრაინისთვის იყო.

პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ გვიახლოვდება გარდამტეხი წელი, რომელიც ოკუპაციას დაასრულებს.

საქართველოს პრეზიდენტის მილოცვას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„2022 წელი სრულდება, რაც იყო იყო - არ მინდა ახლა, რომ ამას ჩავუღრმავდეთ. რაც მთავარია, ეს წელი ყველაზე მძიმე იყო ჩვენი მეგობარი უკრაინელებისთვის და მათ შეძლეს და აჩვენეს მსოფლიოს, თუ რას ნიშნავს შემართება, თუ რას ნიშნავს ბოლომდე ბრძოლა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ყველა ჩვენგანის თავისუფლებისთვის. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რას ნიშნავს ეს ბრძოლა და მას გავლილი აქვს ეს ძალიან მძიმე გზა, ამიტომაც ქართველმა ხალხმა გამოიჩინა უნახავი სოლიდარობა, ყველა შესაძლო ფორმით გამოუხატა თავის მეგობარ ქვეყანას, რომ მის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ბრძოლაში არ ვართ, მაგრამ ჩვენ ვიზიარებთ იმ მომავალს, იმ პერსპექტივას, რომელსაც გვიხსნის დღეს უკრაინის ბრძოლა. დღეს მსოფლიოში ადამიანების ორი კატეგორიაა, ვისაც სჯერა, რომ სრულდება ერთი ეპოქა, ვისაც სჯერა, რომ არაფერი არ არის მუდმივი მსოფლიოსა და გეოპოლიტიკაში, რომ დგება ახალი პერსპექტივა ყველასთვის, რომ რუსეთი ბოლოს დაუბრუნდება საკუთარ საზღვრებს და დასრულდება სხვა ქვეყნების ოკუპაცია. ეს არის ის პერსპექტივა, რაც გაგვიხსნა უკრაინის ბრძოლამ და რისთვისაც ჩვენ ვართ უზომოდ მადლიერი.

ეს წელი ასევე იყო დიდი ახალი, ევროპული იმედების და ნაწილობრივ იმედგაცრუების, მაგრამ ჩვენ მივიღეთ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ეს არის ევროპული პერსპექტივა, რამეთუ, ამან დაასრულა სამუდამოდ ის გეოგრაფიული კითხვის ნიშნები, რაც არსებობდა საქართველოს მიმართ: ვართ თუ არა ევროპაში?! პერსპექტივა იმას ნიშნავს, რომ ყველა აღიარებს ერთხმად, რომ ვართ! ჩვენ მხოლოდ ის უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ქართული ღირებულებები, რაც არის ამავდროულად ევროპული ღირებულებები, არის ის, რაც დღეს ჩვენ გვამოძრავებს. ამას თუ დავამტკიცებთ და ეს პრაქტიკულად ჩვენში არსებობს, ჩვენ იმედგაცრუებასაც გადავლახავთ და 2023 წელი იქნება ნამდვილად ევროპის წელი.

მოდის ეს 2023 წელი და მინდა ყველას მოგილოცოთ, გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა, წარმატება ამ წელს. მინდა ეს ვუსურვო ყველა ოჯახს საქართველოში. მინდა, რომ თქვენ იყოთ წარმატებული, რომ თქვენს ოჯახში შემოვიდეს მშვიდობა, დამკვიდრდეს ყველანაირი ფორმით ბედნიერება, ჯანმრთელობა. მინდა ვუსურვო ახალგაზრდებს, რომ იყოს მათი წელი, მათთვის არის ევროპული მომავალი. მე მინდა, რომ თქვენ ამ ქვეყანას არ ტოვებდეთ და პირიქით, ბრუნდებოდეთ იმიტომ, რომ დღეს ამ ქვეყანას თქვენ ყველაზე მეტად სჭირდებით.

მინდა მივმართო დიასპორას და ვუსურვო ასევე ძალიან ბედნიერი წელი. მათაც მინდა მივმართო და ვუთხრა: დღეს, ალბათ, დროა დაბრუნების, რამეთუ ახალი, ევროპული პერსპექტივა თქვენზეც არის დამოკიდებული. თქვენ ხართ ისინი, ვისაც შეუძლია ჩამოიტანოს აქ სწორედ ის წესები, სტანდარტები, რომლებიც ესოდენ გვჭირდება. თქვენ უნდა ჩამოხვიდეთ აქ იმიტომ, რომ არ უნდა დატოვოთ ამ ქვეყანაში სიცარიელე, რომელიც მერე სხვების მიერ იქნება შევსებული.

მინდა, 2023 წელი მივულოცო დღეს ძალიან მძიმე პირობებში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ძალიან მძიმე პირობებში მყოფებს, რამეთუ ომი მათთვის და მათზე ვრცელდება პირდაპირ თუ ირიბად. ჩვენ უნდა ვიდგეთ ჩვენს ადგილას და ჩვენ დღეს უნდა ვიყოთ თქვენს გვერდით, რათა ყველანაირად დავიცვათ თქვენი იდენტობა, თქვენი ენა და ჩვენი ერთად ყოფნა. მე არ ვიცი ეს მონაკო იქნება თუ სხვა რამე, მაგრამ მე ვიცი, რომ დღეს ჩვენ უნდა გიადვილებდეთ დღევანდელ ყოფას, თქვენზე უნდა ვრცელდებოდეს და უნდა გაძლევდეთ მოქალაქეობის საბუთებს ბევრად ადვილად, რათა თქვენ საქართველოდან შეძლოთ ევროპასთან დაახლოება.

მინდა, ეს წელი მივულოცო ჩვენს პატრიარქს. რამდენიმე დღეში ვიზეიმებთ მის დაბადების დღეს. მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის თქვენ ხართ ასევე იმედის მომცემი მომავალი წლისთვის და შემდეგ და შემდეგ. მინდა ყველას მოგილოცოთ 2023 წელი და ვისურვო, რომ ერთად, ერთიანობით, სოლიდარობით, შევხვდეთ ამ ახალ წელს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა