პრეზიდენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას - არ ვიცი აფხაზეთი მონაკო იქნება თუ სხვა რამე, მაგრამ ვიცი, რომ  უნდა გაძლევდეთ მოქალაქეობის საბუთებს ბევრად ადვილად, რათა ევროპასთან დაახლოება შეძლოთ

მე არ ვიცი, [აფხაზეთი] მონაკო იქნება თუ სხვა რამე, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენ უნდა გიადვილებდეთ დღევანდელ ყოფას, უნდა­ გაძლევდეთ მოქალაქეობის საბუთებს ბევრად ადვილად, რათა თქვენ საქართველოდან შეძლოთ ევროპასთან დაახლოება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვაში აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების მისამართით განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი მოქალაქეები ძალიან მძიმე პირობებში იმყოფებიან, „რამეთუ ომი მათზეც ვრცელდება პირდაპირ თუ ირიბად“.

„მინდა 2023 წელი მივულოცო დღეს ძალიან მძიმე პირობებში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ძალიან მძიმე პირობებში მყოფებს, რამეთუ ომი მათთვის და მათზე ვრცელდება პირდაპირ თუ ირიბად. ჩვენ უნდა ვიდგეთ ჩვენს ადგილას და ჩვენ დღეს უნდა ვიყოთ თქვენს გვერდით, რათა ყველანაირად დავიცვათ თქვენი იდენტობა, თქვენი ენა და ჩვენი ერთად ყოფნა. მე არ ვიცი ეს მონაკო იქნება თუ სხვა რამე, მაგრამ მე ვიცი, რომ დღეს ჩვენ უნდა გიადვილებდეთ დღევანდელ ყოფას, თქვენზე უნდა ვრცელდებოდეს და უნდა გაძლევდეთ მოქალაქეობის საბუთებს ბევრად ადვილად, რათა თქვენ საქართველოდან შეძლოთ ევროპასთან დაახლოება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, პრეზიდენტმა ოკუპაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ დგება ახალი პერსპექტივა ყველასთვის - რუსეთი ბოლოს დაუბრუნდება საკუთარ საზღვრებს და დასრულდება სხვა ქვეყნების ოკუპაცია.

„დღეს მსოფლიოში ადამიანების ორი კატეგორიაა, ვისაც სჯერა, რომ სრულდება ერთი ეპოქა, ვისაც სჯერა, რომ არაფერი არ არის მუდმივი მსოფლიოსა და გეოპოლიტიკაში, რომ დგება ახალი პერსპექტივა ყველასთვის, რომ რუსეთი ბოლოს დაუბრუნდება საკუთარ საზღვრებს და დასრულდება სხვა ქვეყნების ოკუპაცია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკა არ გადაიხედება და ქვეყნის მთავრობა შეეცდება მშვიდობიანი გზით ქვეყნის გაერთიანებას.

„მოგეხსენებათ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტი, თუ არ ვცდები, 200 მილიონ დოლარს შეადგენს, აქედან სრულად დოტაციაზეა მათი ეს ბიუჯეტი და მინდა ვთქვა, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმებისთვის ეს არის გაშვებული შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, პირველ სამ წელიწადში, დაახლოებით, 10 მილიარდის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთში და ასევე, სამაჩაბლოში. ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება, ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს, ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა. აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო და ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. აქვს უზარმაზარი პოტენციალი აფხაზეთს, რომ გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი - მეორე მონტე-კარლო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო