ქართული პრესის მიმოხილვა 09.01.2023

ლაშა ძებისაშვილი - “თუ რუსეთი დამარცხდა, მაგრამ პუტინმა შეინარჩუნა ძალაუფლება, ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხე ასჯერ გაიზრდება”

21 ტომი საქმის მასალები და 30-მდე მოწმე - რამდენ ხანს გაიწელება სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე გადაწყვეტილების მიღება

ვახტანგ კაპანაძე - "რუსები ისევ საბჭოთა სისტემას უბრუნდებიან, რომელიც მასობრივ არმიებზეა მორგებული"

გერმანიაში ანტიუკრაინული კამპანიის ლიდერები გაშიფრეს

ვახტანგ ძაბირაძე - “ხომ ხედავთ, რომ არ ამართლებს სააკაშვილის თემა”

* * *

ლაშა ძებისაშვილი - “თუ რუსეთი დამარცხდა, მაგრამ პუტინმა შეინარჩუნა ძალაუფლება, ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხე ასჯერ გაიზრდება”

“მოსკოვმა 2023 წელი თაღლითობით დაიწყო, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გამოცხადებული “საშობაო ზავი” მორიგი ტყუილი აღმოჩნდა, უკრაინა ისევ დაიბომბა. შეგახსენებთ, რომ შობის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე უკრაინაში საბრძოლო მოქმედების მთელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტა დაავალა. უკრაინის ხელისუფლებამ პუტინს უნდობლობა გამოუცხადა და საკუთარ ხალხს სიფრთხილისკენ მოუწოდა: “მივმართავ ჩვენს ხალხს, მკვლელი პუტინის გამოცხადებული “საშობაო ზავი” მორიგი ხაფანგია. გთხოვთ, ეკლესიებში, საშობაო წირვაზე დასწრებისგან თავი შეიკავოთ. რუსებმა შესაძლოა ტერაქტები დაგეგმონ”, - განაცხადა ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ. მართლაც, 6 იანვარს საჰაერო განგაში მთელს უკრაინაში გამოცხადდა...” - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით რუსეთი საბოლოო, დიდი შეტევისთვის ემზადება.

“ბავშვები ისევ ბომბების ცივ თავშესაფრებში არიან. ხერსონში სახანძრო სადგური დაიბომბა. ეს არის “რუსული ზავის” არსი: კლავს ზურგში, იმიტირებს. ეს ყოველთვის პრიმიტიული და ცინიკური ტყუილია~, - ამ განცხადებით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსების მორიგ დარღვეულ ზავს. “უკრაინელებს ქრისტიანული გულმოწყალების ხელი გაუწოდეს დიდ დღესასწაულზე, მათმა ლიდერებმა კი ის უარყვეს... ღორებს არ აქვთ რწმენა და თანდაყოლილი მადლიერების გრძნობა. მათ ესმით მხოლოდ უხეში ძალა და პატრონებისგან სათქვლეფს მოითხოვენ. წვრთნა ეფუძნება ამას და ამას განაგრძობენ დასავლელი მეღორეები... სპეცოპერაციაში მონაწილე რუსი სამხედროების უმეტესობამ მშვიდად ამოისუნთქა, როდესაც გაიგო მთავარი უკრაინელი ჯამბაზების უარი შობის დღეს ცეცხლის შეწყვეტაზე”, - ასე იმართლა თავი რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმა, “საშობაო ზავის” დარღვევის გამო. როგორ შეიძლება განვითარდეს რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება 2023 წელს, როგორ აისახება ახალი რეალობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაზე, ამ საკითხებზე პოლიტიკური მეცნიერების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ძებისაშვილი გვესაუბრება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საშობაო ზავის~ დარღვევა ტიპური რუსული ხასიათის გამოვლინებაა, რუსული პოლიტიკაც ხომ შეთანხმებების დარღვევაზე, საკუთარი მოსახლეობისა თუ დასავლური საზოგადოების, ასევე პოლიტიკური ელიტის მოტყუებაზეა დაფუძნებული. ქართველებს არაერთხელ გვაქვს ეს ნაწვნევი: 1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულება ერთადერთი არ არის, რომელიც რუსეთმა დაარღვია. 1992-1993 წლებში საქართველომ აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დასარეგულირებლად ორი სამშვიდობო ხელშეკრულება დადო: მოსკოვისა და სოჭის. ამ ორიდან ჩვენთვის საბედისწერო ბოლო, 1993 წლის 27 ივლისს გაფორმებული სოჭის ხელშეკრულება გამოდგა. შეთანხმებით დაიმედებული ქართველები შინ დაბრუნდნენ და მერე, რაც მოხდა, ყველამ იცის. ახლაც პუტინის განცხადებას ცეცხლის 36-საათიან შეწყვეტაზე მკვეთრად გამოხატული მიზანი ჰქონდა - დასავლელი საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის განწყობის შემოწმება. პუტინის ინიციატივა დადებითად რომ შეეფასებინათ, ის ოდნავ დასწევდა ტემპერატურას ფრონტის ხაზზე, ზავის გაგრძელების სიკეთეზე დაიწყებდა ლაპარაკს და ამასობაში აუცილებლად დაიწყებდა დამატებითი ძალების მობილიზებას, შემდეგ კი გაორმაგებული ძალით გააგრძელებდა შეტევას. როდესაც დაინახა, მის ანკესს არც დასავლეთი წამოეგო და არც უკრაინა, ჩვეულად გააგრძელა მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ძებისაშვილი.

“ფრონტის ხაზზე დღევანდელი რეალობა დიდ გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესზე არა მარტო უკრაინაში, არამედ მთლიან პოსტსაბჭოთა სივრცესა და ევროპაში. ახლა რუსეთი საბოლოო, დიდი შეტევისთვის ემზადება. პუტინს უკვე ფარულად აქვს დაწყებული და მალე გამოაცხადებს კიდეც მობილიზაციას. 300 000 ჯარისკაცი საკმარისი არ აღმოჩნდა ფრონტის ხაზზე სიტუაციის რუსეთის სასარგებლოდ შესაცვლელად. მეორე სამობილიზაციო ტალღის მოსამზადებლად ორი-სამი თვე მაინც არის საჭირო. პუტინის გათვლით, მეორე მობილიზაციის შედეგად უკრაინა უნდა დამარცხდეს თუნდაც დონბასსა და ლუგანსკში. ამიტომ უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთის სამხედრო დახმარება. ისევ გრძელდება უკრაინის შეიარაღება და ამ ტემპით გაგრძელება აისახება კიდეც ომის სურათზე, ეს კი, თავის მხრივ, სერიოზულ გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესზე, ასევე კრემლისა და პუტინის რეჟიმის შესუსტებაზე”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მცდარია მოსაზრება, რომ ახლა მოსკოვს საქართველოსთვის არ სცალია. რუსეთში ჩვენთვის ყოველთვის სცალიათ, იმიტომ, რომ იოლად გადასაყლაპი ლუკმა ვართ. შესაბამისად, რუსეთმა ყველა ფრონტზე, ყველა მიმართულებით რომ წააგოს, იოლად შეუძლია ჩვენზე იყაროს ჯავრი. თუ რუსეთი დამარცხდა უკრაინაში, მაგრამ პუტინმა შეინარჩუნა ძალაუფლება, ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხე ასჯერ გაიზრდება, პუტინს მარცხის კომპენსაცია დასჭირდება და გამოიხედება როგორც ცენტრალური აზიისკენ, ასევე სამხრეთით. სამხრეთით იმიტომ, რომ მისი პოზიცია საქართველოშიც და სომხეთშიც შერყეულია, გასათვალისწინებელია ყარაბაღში არსებული ვითარებაც. რუსეთი შეეცდება ირანის დახმარებით რეგიონში გავლენის დაბრუნებას, მაგრამ ამას საქართველოზე მყარი კონტროლის დამყარების გარეშე ვერ მოახერხებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ დასავლელ პარტნიორებთანაც გავირთულეთ ურთიერთობა და არც თავდაცვის გაძლიერებაზე ვიზრუნეთ, ადვილი წარმოსადგენია, რა სწრაფად მოახერხებს რუსეთი თავისი გავლენის გაძლიერებას საქართველოში”, - მიიჩნევს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

“ერთადერთ იმედს სწორედ ის მაძლევს, რომ საქართველოში რუსეთის გავლენის გაძლიერება არც თურქეთსა და არც აზერბაიჯანს არ აძლევს ხელს. სხვათა შორის, ბოლო დროს რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობა იმდენად გაუარესდა, რომ რუსეთში აზერბაიჯანზე თავდასხმის მოწოდებებიც კი გაისმის. იმედია, თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოში “რუსულ ჩექმას” არ შემოუშვებენ. დღევანდელი რუსეთი მაგონებს პირველი მსოფლიო ომისდროინდელ გერმანიას, როდესაც ის დასავლეთის ფრონტზე გაიჭედა და საბოლოოდ ბელგიაში დამარცხდა დასავლურ კოალიციასთან. ბერლინს მოუწია დამარცხების აღიარებამ, რეპარაციების გადახდამ, კაპიტულაციამ... მაშინდელი გერმანიის ხელისუფლებას ხალხი ომში მხარს უჭერდა, მაგრამ ქვეყანას აღარ ჰქონდა სამხედრო რესურსი. დაახლოებით ასეთი ვითარებაა ახლა რუსეთში. მოსკოვმა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გააჩაღა ომი, სამხედრო რესურსი ეწურება, მაგრამ მოსახლეობა მაინც მხარს უჭერს თავის ლიდერს, მხოლოდ მცირე ნაწილი გაურბის ომს. პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის მარცხს ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილება მოჰყვა - შეიცვალა კაიზერის რეჟიმი და მოვიდა ვაიმარის ხელისუფლება”, - განმარტავს ლაშა ძებისაშვილი.

“ანალოგიური ვითარება იყო პირველი მსოფლიო ომის შემდგომ რუსეთშიც - დასავლეთის ფრონტზე მარცხის შემდეგ ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოვიდნენ და დაიწყეს “დიადი რუსეთის” აღორძინება, ისევე როგორც კაიზერის მარცხის შემდეგ გერმანიაში მოვიდა რევანშისტული ძალა ფაშისტური, ნეონაცისტური იდეებით. იგივე ტენდენციაა რუსეთშიც. არა მგონია, პუტინი უფრო ლიბერალურმა, დემოკრატიულმა ძალამ შეცვალოს. დარწმუნებული ვარ, უფრო ფაშისტური, გასამხედროებული და რევანშისტული ძალა მოვა, რომელიც, ადრე თუ გვიან, დაიწყებს იმ მიზნის მისაღწევად ბრძოლას, რომელსაც პუტინმა ვერ მიაღწია”, - დაასკვნის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “თუ არსებობს სცენარი, რომელიც, ასე თუ ისე, ხელსაყრელია ჩვენთვის?” - პასუხობს:

“ჩვენთვის ხელსაყრელია რუსეთში შიდა კოლაფსი - რეჟიმმა უნდა დაიწყოს ბრძოლა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და ამას მოჰყვეს შიდა ძალების დაპირისპირება. აი, ასეთ დროს რუსეთი ვერ მოიცლის ჩვენთვის. ამ პერიოდში უნდა მოვახერხოთ ურთიერთობების გამყარება დასავლეთთან და თავდაცვის გაძლიერება”

21 ტომი საქმის მასალები და 30-მდე მოწმე - რამდენ ხანს გაიწელება სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე გადაწყვეტილების მიღება

“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 იანვარს, 12 საათზეა დანიშნული. საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული, რომელზეც განაჩენი ჯერ არ დამდგარა. 2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა “ვივამედშია”. როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ. “ვივამედის” გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე ამბობს, რომ არ გასცემენ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე ფიზიკურად დასწრების მიზნით გადაყვანის რეკომენდაციას. მისი თქმით, მათ არასდროს გაუციათ მსგავსი რეკომენდაცია კლინიკაში მოთავსებულ პაციენტებზე და არც ახლა აპირებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით 21 ტომი საქმის მასალები და 30-მდე მოწმე - რამდენ ხანს გაიწელება სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე გადაწყვეტილების მიღება.

“რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე და შესაძლოა თუ არა 9 იანვარს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას, უცნობია. ანალიტიკოსები “რეზონანსთან” საუბრისას გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მოსამართლე პროცესებს დროში გაწელავს, რადგან ხელისუფლებას ჯერჯერობით სააკაშვილის ციხიდან გაშვება გადაწყვეტილი არ აქვს. ამიტომ სასამართლო მათთვის ერთგვარი კოზირია, რომელსაც როგორც უნდათ ისე გამოიყენებს. რაც შეეხება საქმის მასალებს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით მის ადვოკატებს სასამართლოში 21 ტომი საქმის მასალა აქვთ წარდგენილი. როგორც სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, ყოფილი პრეზიდენტის საქმეზე ჩვენებას 30 მოწმე მისცემს, რასაც შესაძლოა, 5 სხდომაც კი დასჭირდეს. ასევე ამტკიცებს, რომ სასამართლო პროცესების გაწელვის მიზნით იუსტიციის სამინისტროს დასაკითხ მოწმეთა სიაში საავადმყოფოს დამლაგებლებიც კი შეჰყავს. ასევე აღსანიშნავია, რომ 2 პროცესი უკვე ჩატარდა, სადაც 3 მოწმის დაიკითხა. 9 იანვარს კი მოსამართლე “ვივამედის” ექიმებს დაკითხავს. ვინ არიან სხვა მოწმეები, ამას ადვოკატები არ ასაჯაროვებენ და ამბობენ, რომ საქმიდან გამომდინარე ასე სჯობს და საზოგადოება ამას ნელ-ნელა სასამართლო პროცესებიდან შეიტყობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თუმცა ხაჭაპურიძე მოსამართლეს მოუწოდებს, რომ სხდომები ყოველდღიურ რეჟიმში ჩაატაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა პროცესი თვეობით გაგრძელდეს, რადგან ერთ სხდომაზე მოსამართლე მხოლოდ 2 ან 3 მოწმის დაკითხვას ახერხებს. ანალიტიკოსი ვატანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროესები გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფება არ ჩათვლის, რომ მის სიცოცხლეს რეალურად საფრთხე ემუქრება. როგორც მან “რეზონანსს” განუცხადა, ხელისუფლებას ნამდვილად არ აწყობს სააკაშვილს ქართულ ციხეში რამე დაემართოს. ამიტომ, მისი ვარაუდით, ეს პროცესები დროში გაიწელება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მოსახლეობის დიდ ნაწილში ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება არსებობს, სააკაშვილის მიუღებლობა უფრო დიდია, ხოლო ფაქტობრივად შავ ზღვაში ელექტროსადენის კაბელის ჩადებამ სააკაშვილის პრობლემა უფრო გადაწონა. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ ხელისუფლებისთვის ახლა სასამართლო ყველაზე კარგი კოზირია, რომლის მეშვეობითაც სააკაშვილთან დაკავშირებით საქმის ისე გადაწყვეტა შეუძლია, როგორც მას აწყობს - ჯერ პროცესებს გაწელავს, დროში დააკვირდება ქვეყნის შიგნით ან მის გარეთ მოვლენები როგორ განვითარდება და ამის მიხედვით იმოქმედებს”, - დასძენს გამოცემა.

“მგონია, რომ ხელისუფლება სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანის გადაწყვეტილებას უკიდურეს შემთხვევაში მიიღებს და ეს იქნება მაშინ, თუკი ისინი ჩათვლიან, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჯერ როგორც ვხედავთ ასე არ ფიქრობენ. ყოველ შემთხვევაში მათი განცხადებებიდან ასე ჩანს. ახლა სასამართლო მათთვის ყველაზე კარგი საშუალებაა როგორც თავის დაზღვევისთვის, ასევე იმისთვის, რომ დრო გაწელონ. ამ დროში კი შეხედავენ მოვლენები ქვეყნის გარეთ და შიგნით როგორ განვითარდება. ამის მიხედვით გადაათამაშებენ სასამართლოს კოზირს. სამწუხაროდ, არ ველი, რომ მოსამართლე რამე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი და ამ დროს გამოიკვეთება რეალურად აპირებს თუ არა ხელისუფლება ქვეყნიდან მის გაყვანას. ბევრი რამ ისევ დასავლეღიდან ზეწოლაზე იქნება დამოკიდებული. ხელისუფლება რით და რაზე ივაჭრებს სააკაშვილით, ალბათ გაირკვევა. არ გამოვრიცხავ, რომ მას რაღაცისთვის ინახავდნენ და ფიქრობენ, რომ ეს რაღაც მათთვის პოლიტიკურად მომგებიანი უნდა იყოს. ამიტომ მოლოდინი არ მაქვს, რომ სასამართლოზე რამე გადაწყდება“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

ვახტანგ კაპანაძე - "რუსები ისევ საბჭოთა სისტემას უბრუნდებიან, რომელიც მასობრივ არმიებზეა მორგებული"

“რა შეიძლება 2023 წელს შეიცვალოს, ამაზე პასუხის გაცემა გაზაფხულზე უფრო გამიმარტივდება. ფრონტის ხაზზე გარდატეხა უნდა მოხდეს. იმედია, უკრაინის სასიკეთოდ. ჯერჯერობით, მსგავსი ნიშნები არ ჩანს, უკრაინამ ერთგვარი პაუზა აიღო და იმედია, ეს იმ დარტყმითი დაჯგუფების შექმნით არის განპირობებული, რომელმაც მძლავრი კონტრშეტევა ოპერატიულ დონეზე უნდა წამოიწყოს. მიმდინარე შეტევები მხოლოდ ლოკალურ და ეფექტურ დონეზეა გათვლილი. ახალი კონტრშეტევა უფრო ძლიერი რომ იქნება, ისიც ამტკიცებს, რომ ამერიკელებმა 50 საბრძოლო მანქანა Bradley-ს გადაცემაზე დაიწყეს საუბარი. ლაპარაკია იმაზეც, რომ განხილვის შემდეგ გერმანიაში დადებითად გადაწყდა ქვეითთა საბრძოლო Marder-ის გადაცემის საკითხი. საფრანგეთიც მიაწვდის უკრაინას AMX-10RC-ს, რომელიც უფრო 105 მმ-იანი ქვემეხით აღჭურვილი მსუბუქი ტანკია, ვიდრე ქვეითთა საბრძოლო მანქანა. ის განკუთვნილია ჯავშანსადაზვერვო ამოცანების გადაწყვეტისთვის. ყოველივე ეს იმის ნიშანია, რომ დასავლეთში უკრაინასთან ერთად დარტყმითი-შეტევით ნაბიჯებზეც ლაპარაკობენ”, - აცხადებს გენერალ-მაიორი, სამხედრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტრევიუში, სათაურით რა იქნება რუსეთის დამარცხების ფასი.

“ყველა ის სამხედრო ტექნიკა, რომელსაც ბოლო ხანს უკრაინა იღებს, დარტყმითი-შეტევითი საშუალებაა, რომელიც სატანკო დანაყოფებს უნდა გაჰყვეს შეტევაზე. უკვე ცნობილია, რომ გერმანელები “ლეოპარდის” ტანკების გადაცემასაც განიხილავენ. არადა, ადრე თავი შეიკავეს, შემდეგ კი ფინეთის პარლამენტში საინიციატივო ჯგუფმა განაცხადა, პატარა ქვეყნებმა უკრაინას თითო “ლეოპარდი” გადავცეთ, რათა გერმანიაში ამ გადაწყვეტილების მიღება გაუადვილდეთო. ეს მიმტკიცებს მოსაზრებას, რომ უკრაინელები სპეციალური დაჯგუფების შექმნას შეეცდებიან, თუ უკვე არ მუშაობენ ამაზე. უკრაინული დანაყოფები მომზადებას გადიან ამერიკაში, ბრიტანეთსა და პოლონეთში, ასევე, თავად უკრაინაშიც, რაც დიდი შეტევის დაწყებაზე მიანიშნებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მომზადების შედეგი გაზაფხულზე გამოჩნდება. ახლანდელი მონაცემებით კი ოპერატიული ინიციატივა რუსეთს აქვს, წარმატებული არის თუ არა, დონბასის მიმართულებას მაინც უტევენ. უკრაინელებს აქვთ მცირე წინსვლა კრემენნაიას მიმართულებით. ასე რომ, სტრატეგიული ინიციატივა მაინც უკრაინელების ხელშია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“ცოტა უცნაურია ბახმუტის გარშემო მიმდინარე პროცესები. მის გარშემო უკრაინელების ძალების ასეთი კონცენტრირება, ალბათ, იმას ემსახურება, რომ მოწინააღმდეგეს ძალა დაახარჯვინონ და გამოფიტონ, თორემ სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. ბახმუტი რუსებისთვის პოლიტიკური და მორალური მნიშვნელობის არის. ასევეა უკრაინისთვის, თორემ არც ერთი მხარისთვის მას სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულება არა აქვს. სტრატეგიული დანიშნულება იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ რუსეთი იქიდან სლავიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებაზე გააგრძელებდა შეტევას, მაგრამ ამის პოტენციალი არა აქვს. ამიტომ ახლა, ალბათ, მხოლოდ იდეფიქსი გახდა, საკრალური მნიშვნელობა შეიძინა - ახალი მითის შექმნა სურთ, პრიგოჟინის “ვაგნერმა” ბახმუტი აიღოო. კიდევ ერთი ვერსია, რომელსაც ამერიკა ახმოვანებს ასეთია - რუსეთის პრეზიდენტის თანამოაზრესა და “ვაგნერის” დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინს დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ახლოს, მარილისა და თაბაშირის მაღაროების ხელში ჩაგდება სურს. ცნობილია, რომ რუსი დაქირავებულები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალიში, სუდანსა და სხვა ქვეყნებში, ბუნებრივი რესურსებით იყვნენ დაინტერესებული”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული დრონების პერიოდულ შეტევებს უფრო მასირებული, ხშირი და მძლავრი სახე უნდა ჰქონდეს. ამის შემდეგ რუს მოსახლეობას ნამდვილად გაუჩნდება დაუცველობის განცდა. მაინც კარგია, რომ ეს დაიწყო, რადგან რუსები შეეცდებიან თავიანთი სამხედრო ძალები ინფრასტრუქტურის დასაცავად გამოყონ. ამით მოსახლეობასაც არ ექნება თავისი არმიის უძლეველობის განცდა. უკრაინის პასუხი, რუსეთის მასშტაბებთან შედარებით, რა თქმა უნდა, ძალიან სუსტია, მაგრამ დასაწყისისთვის კარგია. იმედია, თანდათან უფრო ადეკვატური გახდება... მობილიზაცია არის ის ერთადერთი, რაშიც რუსეთს უპირატესობა აქვს, რაოდენობრივ განსხვავებას ვგულისხმობ. შოიგუმ პუტინს რეფორმების კიდევ ერთი პროექტი წარუდგინა, რაც 2008 წლის შემდეგ უკვე მესამეა. უნდათ თუ არა, მობილიზაცია უნდა გამოაცხადონ, რადგან ახალი გეგმით რუსეთის შეიარაღებული ძალები 1,5 მილიონი უნდა გახდეს. ეს კი ნიშნავს, რომ მეორე კი არა, მესამე მობილიზაცია დასჭირდებათ, რომ ამ რაოდენობას მიაღწიონ. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ასეთი ნაბიჯებით, ფაქტობრივად, საბჭოთა სისტემას უბრუნდებიან”, - მიიჩნევს გენერალ-მაიორი.

“წლების წინ შოიგუს კონტრრეფორმის შემდეგ საბჭოთა პრინციპებს დაუახლოვდნენ, ახლა კი თითქმის სრულად დაუბრუნდნენ - ამ სისტემაზე გადადიან. ეს გულისხმობს თუნდაც ორი სამხედრო ოლქის, მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის ოლქების აღდგენას. იგეგმება საარმიო კორპუსის ჩამოყალიბება კარელიაშიც, რაც ფინეთის ნატოში გაწევრების გადაწყვეტილების გამოძახილია. პასუხად, რუსეთი თავის საარმიო კორპუსს ფინეთის საზღვარზე განათავსებს. აპირებენ ასევე ბრიგადების დივიზიებად გარდაქმნას, ყალიბდება ორი დამატებითი სადესანტო-საიერიშო დივიზია, საზღვაო ქვეითების ხუთი ბრიგადა ამდენივე დივიზიად გადაკეთდება და ასე შემდეგ... საინტერესოა, რომ სამხედრო გაწვევის ასაკი იცვლება - წვევამდელთა ასაკი 18-ის ნაცვლად, 21-დან 30-მდე გახდება - ანუ ვითომ პატარა ბიჭებს არ წაიყვანენ. ისეთ წინა პირობებს ქმნიან, რომ მობილიზაციას აუცილებლად გამოაცხადებენ, თუმცა სხვა საკითხია, კიდევ რის გაკეთებას შეძლებენ. რეფორმებისთვის მხოლოდ მობილიზაცია არ არის საკმარისი, სჭირდებათ ოფიცრებიც, საწვრთნელი ბაზები... ფაქტია, რუსეთი მიხვდა, რომ თავისი არმიის მომზადების დონითა და მენტალიტეტით, სამხედრო-ტექნიკური შესაძლებლობებით, ამერიკულ-დასავლურ, ნატოს სტანდარტებთან ომი ვერ შეძლეს”, - დაასკვნის ვახტან კაპანაძე.

“ამიტომაც ისევ საბჭოთა სისტემას უბრუნდებიან, რომელიც მასობრივ არმიებზეა მორგებული. მაგრამ ეტყობა, ის გამორჩათ, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირი აღარ არის. რაც შეეხება იმას, მობილიზაცია შეცვლის თუ არა ფრონტის ხაზზე მდგომარეობას, გააჩნია, რამდენად შედეგიანი იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, უკრაინამ დაასწროს ომში გარდატეხის შეტანა. პარალელურად, რუსეთი, რომელიც ომში ბელარუსის მასშტაბური მონაწილეობისგან თავს იკავებდა, ვფიქრობ, ამჯერად ამ რესურსსაც გამოიყენებს... არა მგონია, რუსებს კიევზე შეტევა ჰქონდეთ დაგეგმილი. ამის მიზანი უკრაინელების ძალისხმევის შუაზე გაყოფა იქნება. კიევის რეგიონი ძლიერადაა მომზადებული. კიევის გარშემო რამდენიმე ხაზია. დაახლოებით 1000 კილომეტრზე შეიქმნა ძლიერი თავდაცვითი სისტემა, რომელიც ეფუძნება საფორტიფიკაციო პოზიციებს, გრძელვადიან თავდაცვით სტრუქტურებს და მისი გავლა ადვილი არ იქნება. რუსებზე ვერასდროს იტყვი, ამას არასდროს გააკეთებენო, თუმცა იმ მარცხის შემდეგ კიევზე ხელახალი შეტევა გამორიცხული მგონია”, - თვლის საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი.

“რუსებს აღარ აქვთ ზუსტი დამიზნების შეიარაღება, თუმცა აქვთ დიდი რაოდენობით არაზუსტი დამიზნების საშუალებები, რაც საარტილერიო დარტყმებისთვის მნიშვნელოვანია. კარგ მდგომარეობაში ნამდვილად არ არიან, თუმცა საწყობებში აქვთ საბჭოთა დროინდელი იარაღიც, რომლის გამოყენებასაც გააგრძელებენ. არც გამოვრიცხავ, რომ ირანული დრონების წარმოება რუსეთში დაიწყონ, ან სულაც ირანში იყიდონ ბალისტიკური რაკეტები. დრონები შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისგანაც შეიძინონ. ამიტომაც უკრაინისთვის მოკავშირეების დროული დახმარება აუცილებელია. დასავლეთში გადაწყდა, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, მაგრამ რუსეთი როგორ უნდა დამარცხდეს, ჯერაც ვერ შეთანხმდნენ. პროცესი შეიარაღებისა და დახმარების ულუფებად მიწოდების გამოც გაჭიანურდა”, - დასძენს ვახტანგ კაპანაძე და შეკითხვაზე - “რამდენიმე დასავლურმა გამოცემამ 2023 წელს ნატოსა და რუსეთს შორის შეიარაღებულ კონფლიქტზე იმსჯელა...” - პასუხობს:

“რუსეთი ალიანსთან საბრძოლველად მზად არ არის. ეს თავადაც კარგად იციან. ვფიქრობ, ამერიკის პოზიცია, ომი რეგიონულიდან უფრო ფართომასშტაბიანში არ გადაიზარდოს, ნათელია. ამით აიხსნება მისი სიფრთხილე. ნატოს ასეთი ჩართულობაც ამაზე მიანიშნებს. მათ სურთ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზევე დამარცხდეს, ოღონდ ამის შემდეგ რა უნდა მოხდეს, ეს ქვეყანა როგორც სახელმწიფო ჩამოიშალოს თუ ერთი რუსეთის ნაცვლად 26 სახელმწიფო შეიქმნას, თავის საზღვრამდე დაახევინონ უკან თუ ხელისუფლება შეიცვალოს, ამაზე ჯერ ვერ შეთანხმებულან. ყველანაირ გამარჯვებას თავისი ფასი აქვს, მაგრამ დასავლეთში ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ, რა ფასის გადახდა მოუწევს რუსეთს დამარცხებაში”.

გერმანიაში ანტიუკრაინული კამპანიის ლიდერები გაშიფრეს

“გერმანიაში აგორებულ პრორუსულ კამპანიას ეთნიკური რუსები ხელმძღვანელობენ, რომელთაც ზოგ შემთხვევაში სახელი აქვთ შეცვლილი და რუსეთის ხელისუფლებასთან არიან კავშირში. ამის შესახებ საუბარია “როიტერსის” ჟურნალისტურ გამოძიებაში, სადაც იდენტიფიცირებული არიან ამ მოძრაობის ლიდერები და მოყვანილია კრემლთან მათი კავშირის დამადასტურებელი ფაქტები. “ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ამერიკის მონობა” - ამ და მსგავსი ლოზუნგებით პუტინის მომხრე აგენტები გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ანტიუკრაინულ და პრორუსულ კამპანიას აწარმოებენ. რუსული და გერმანული დროშების ფრიალით 2000-მდე ადამიანი გასული წლის სექტემბერში კიოლნის ტაძართან შეიკრიბა და გერმანიის ხელისუფლებას უკრაინის მხარდამჭერი დავასლური კოალიციიდან გამოსვლისკენ მოუწოდებდა. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვდნენ რუსეთთან მშვიდობის დამყარებას. ეს მიტინგი მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი შემთხვევიდან, როდესაც პრორუსები რუსული პროპაგანდისტული მესიჯებით ქუჩაში განცხადებებს აკეთებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გერმანიაში ანტიუკრაინული კამპანიის ლიდერები გაშიფრეს.

“გერმანია რუსეთ-უკრაინის ომში საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვინაიდან იგი ეკონომიკურად ევროპის ყველაზე ძლიერი ქვეყანაა და კიევის ხელისუფლებას ეხმარება როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო თვალსაზრისით. “როიტერსის” ჟურნალისტურმა გამოძიებამ ცხადჰყო, რომ რუსული კამპანია გერმანიაში ძირითადად ორ ფრონტზე მიმდინარეობს - ქუჩებსა და ონლაინ პლატფორმებზე. მოწოდებები კი უმეტესად ეხება რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებს, ძველ აღმოსავლურ კომუნისტურ კავშირებს, ათწლეულების განმავლობაში გერმანიის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას, უკრაინისთვის დახმარების შემცირებას და ა.შ. აღნიშნულ კამპანიას თავში ვინმე მაქს შლუნდი უდგას, რომელიც წარმოშობით რუსია და მისი ნამდვილი სახელი როსტისლავ ტესლიუკია. იგი რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი ოფიცერია, გერმანიაში კი სულ რაღაც 10 წლის წინ დასახლდა, რის შემდეგაც სახელი შეიცვალა. რამდენიმე თვის წინ იგი იმყოფებოდა რუსეთის მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ უკრაინაში. მისი თვითმფრინავის ბილეთის საფასური გადაიხადა რუსეთის სამთავრობო სააგენტომ, რომელიც ამჟამად ევროკავშირის სანქციების ქვეშაა. ვიზიტისას მაქს შლუნდი, იგივე ტესლიუკი დაესწრო კონფერენციას, სადაც მთავარი ონლაინ მომხსენებელი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო, რომელიც კონფერენციაში ონაინ რეჟიმში ჩაერთო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მაქს შლუნდის შესახებ ასევე ცნობილი ხდება ისიც, რომ 2022 წლის დასაწყისში მან მოსკოვში აპარტამენტი შეიძინა. სააგენტო “როსსოტრუდნიჩესტვო”, რომელმაც ავიაბილეთების საფასური გადაიხადა, კრემლის ნარატივების გავრცელების გამო იქნა დასანქცირებული ევროკავშირის მიერ. ასევე იდენტიფიცირებული იქნა გერმანიაში წარმოებული პრორუსული კამპანიის კიდევ ერთი ლიდერი ანდრეი ხარკოვსკი. “კიოლნის პროტესტში” ანდრეი ხარკოვსკისთან და მაქს შლუნდსთან ერთად ასევე მონაწილეობდა ელენა კოლბასნიკოვა, რომელიც მაქს შლუნდის მეგობარი ქალია. იგი წარმოშობით უკრაინელია, ამჟამად კი გერმანიაში ცხოვრობს. ფლაერების და სოციალური მედიის მეშვეობით დღემდე ახდენს პარტნიორთან ერთად პრორუსული დემონსტრაციების ორგანიზებას. პრორუს პროპაგანდისტებს ერთ-ერთ გერმანულენოვან სოციალურ მედიაპლატფორმაზე აქვთ არხი, სახელად “პუტინის ფანკლუბი”, საიდანაც გასული წლის დასაწყისში, ხალხს გერმანიის პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ისინი უკიდურეს მემარჯვენეებთან არიან კავშირში. პოლიცია კი 2022 წლის დეკემბერში ზემოთ მოყვანილ პირებს მთავრობის დამხობის შეთქმულებაში ადანაშაულებდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“გერმანიის მთავრობა ამ დრომდე თავს იკავებს ანდრეი ხარკოვსკისა და მაქს შლუნდის, იგივე როსტისლავ ტესლიუკის მოქმედების კომენტირებისაგან. მაგრამ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი აკვირდებიან სხვა ქვეყნების მცდელობებს, რომელთა მიზანიც გერმანიაზე გავლენის მოხდენაა. 2023 წლისთვის გერმანია უკრაინას 1 მილიარდ ევროზე მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას, სამხედრო აღჭურვილობას და მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაჰპირდა. გერმანიის მოსახლეობის უმეტესობა აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას, მაგრამ ქვეყანაში ფასების ზრდამ, რომელიც ენერგო ხარჯების მკვეთრი ზრდითაა გამოწვეული, საზოგადოების რაღაც ნაწილში უკმაყოფილება გააჩინა”, - დასძენს გამოცემა.

ვახტანგ ძაბირაძე - “ხომ ხედავთ, რომ არ ამართლებს სააკაშვილის თემა”

“მგონი, ეს წელი არა მარტო ქართული პოლიტიკური ელიტისთვის, მსოფლიოსთვისაც მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი იქნება. ვგულისხმობ უკრაინაში მიმდინარე ომს და ყოველივე იმას, რაც მის გარშემო ტრიალებს. ქართული პოლიტიკური სპექტრი ისეთივე არეულ-დარეულია, როგორიც იყო წინა წლებში, როდესაც არ ჰქონდა არც სერიოზული ორიენტირი, არც სტრატეგია, არც ტაქტიკა და ქაოსურად მოქმედებდა. დაშლილი, უფერულია და ვერ ახერხებს ოპოზიციური ამომრჩევლის, რომელიც მთელი ამომრჩევლის დაახლოებით 2/3-ია, გაერთიანებას და რაღაც მიმართულების მიცემას. ხელისუფლებას აქვს სახელისუფლებო ბერკეტები, ფინანსები, ჰყავს მხარდამჭერები. ამიტომ თუ ოპოზიცია წელს ვერ მოახერხებს სათანადო პოლიტიკური სახის მიღებას, რათა ამომრჩევლისთვის მისაღები გახდეს, მაშინ არანაირი შანსი იმისა, რომ 2024 წლისთვის ხელისუფლება შეიცვლება ან თუნდაც კოალიციური ხელისუფლება გვეყოლება, თითქმის არ არსებობს”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხომ ხედავთ, რომ არ ამართლებს სააკაშვილის თემა” / “ნაცმოძრაობაში”, არიან პირები, რომლებიც პოლიტიკისთვის გაჭრილი კარტები არიან. ამიტომ ისინი კულისებში უნდა გადავიდნენ”.

“ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა გააცნობიეროს ერთი რამ - სანამ არის დაპირისპირება, მანამდე “ქართული ოცნება” 5%-იან ბარიერს არ დასწევს. მას ხელს აძლევს გაკრეფილი შუა. ამ ვითარებაში კორექტივები, უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა შეიძლება შეიტანოს, მაგრამ ოპოზიცია ამის იმედზე ვერ იქნება. ჩვენ კიდევ არ ვიცით, რა მოხდება მას შემდეგ, რაც “ნაციონალურ მოძრაობაში” თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება, რადგან ამ პარტიამ ყველაფერს თავი დაანება და დღეს მხოლოდ სააკაშვილის თემა აქვს. მანაც უნდა გააცნობიეროს, რომ სააკაშვილი მოსახლეობის 2/3-ისთვის მიუღებელია და ასეთ ვითარებაში მხოლოდ სააკაშვილზე ორიენტირება ნიშნავს, რომ იმასაც დაკარგავს, რა თქმა უნდა, გარდა ორთოდოქსი სააკაშვილისტებისა. გარდა ამისა, ისიც საკითხავია, არჩევნების შემდეგ პარტია შეინარჩუნებს ერთიანობას თუ ორად გაიხლიჩება. პროცესი ისე მიდის - და ამაში, ალბათ, მონაწილეობს სხვადასხვა ძალა ქვეყნის გარეთაც და ქვეყანაშიც - რომ პარტია, დიდი ალბათობით, ორად გაიხლიჩება. კარგი იქნება, თუ შეძლებენ და ერთად იმუშავებენ, მაგრამ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ასე ჩანს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ამიტომ წვრილმა პარტიებმა გამოსავალი უნდა მოძებნონ, მათაც უნდა შეცვალონ დღის წესრიგი, უნდა მოძებნონ სააკაშვილის თემის ალტერნატივა და მხოლოდ ამაზე არ უნდა იყვნენ ორიენტირებული. უნდა იფიქრონ გამსხვილებაზეც. როგორც კი ოპოზიციურ ფლანგზე, “ნაციონალების” გარდა, გაჩნდება ერთი ან ორი პარტია, რომელთაც 5%-იანი ბარიერის დაძლევის რეალური შანსი ექნებათ, “ქართული ოცნება” დასწევს ბარიერს. თუ ამას ვერ შეძლებენ, მაშინ ივანიშვილი, როგორც ამბობდა, ნამდვილად იქნება 2030 წლამდე, თუ მანამდე კიდევ რამე დიდ უბედურებაში არ გავეხვიეთ...” - განაგრძობს რესპონდენტი.

“როგორ გაიყოფა ელექტორატი, არჩევნების შემდგომ გამოჩნდება. თუმცა მოიგებს უფრო ის ფრთა, რომელიც, გარდა იმისა, რომ სააკაშვილის თემა ექნება, სხვა ბერკეტებსაც მოძებნის ამომრჩევლის შესანარჩუნებლად. არ ვიცით, რას იზამს სააკაშვილიც, ბოლო მომენტში შესაძლოა მან რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ გააკეთოს განცხადება. თუ არაფერს იტყვის, მაშინ არჩევანი გაკეთდება ხაბეიშვილსა და მელიას შორის და აი, ეს გაყოფს ამ ელექტორატს. ძალიან კარგია, რომ ეს არჩევნები ახლა, იანვარში გაიმართება, რადგან დრო ექნებათ რაღაც სახის მისაღებად. ყველაზე კარგი იქნება, თუ ერთიანობას შეინარჩუნებენ. გასულ არჩევნებზე, როდესაც კანდიდატები მელია და ვარშალომიძე იყვნენ, არჩევანი კი გაკეთდა, მაგრამ ერთმანეთისა და ერთმანეთის მხარდამჭერების მიუღებლობა არ ჰქონიათ, ახლა კი არის”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“დღეს “ნაცმოძრაობას” აქვს მყარი ელექტორალური ბაზა, დაახლოებით ხუთასი ათასი კაცის ფარგლებში. გაყოფის შემდეგ ეს ელექტორატი ორად კი არ გაიყოფა, არამედ დაიშლება და შეიძლება “ნაცმოძრაობის” შვილობილ პარტიებზეც გადანაწილდეს. შესაბამისად, ჯამურად იმდენ ხმას ვეღარ აიღებენ, რასაც აქამდე იღებდნენ, ანუ ხმები დაიკარგება და “ნაცმოძრაობის” შვილობილმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი თუ ვერ გადალახეს, მანდატები “ოცნებაში” წავა. ამიტომ ჯობს, რომ ერთიანობა შეინარჩუნონ, რათა მათი ელექტორატის ხმები არ დაიქსაქსოს, ხოლო წვრილმა პარტიებმა იმუშაონ 5%-იანი ბარიერის გადალახვაზე... ჯერ ერთი, უნდა გამსხვილდნენ. უნდა შეძლონ ერთმანეთთან მოლაპარაკება, შეთანხმება და ორიენტირად აიღონ მოსახლეობისთვის საჭირბოროტო თემები. ხომ ხედავთ, რომ არ ამართლებს სააკაშვილის თემა. გასაგებია, რომ იმ კაცს ძალიან უჭირს, მაგრამ პოლიტიკა პოლიტიკაა. მოკლედ, მე ასე ვიტყოდი - “ნაცმოძრაობისგან” წარმოშობილი წვრილი პარტიები უნდა გაერთიანდნენ, ხოლო ცალკე გაერთიანდნენ სხვა პარტიები”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“როგორც ამ პატარ-პატარა პარტიებში, ისე "ნაცმოძრაობაში", არიან პირები, რომლებიც პოლიტიკისთვის გაჭრილი კარტები არიან. ამიტომ ისინი კულისებში უნდა გადავიდნენ. არჩევნებს ერთი უცნაურობა ახასიათებს - შესაძლოა ადამიანი იყოს ძალიან წესიერი, მაგრამ ელექტორატი მას ასე არ აღიქვამდეს. ამიტომ მთავარი ის კი არაა, ვინ როგორია, არამედ ის, თუ ელექტორატი როგორ უყურებს. ამიტომ ამომრჩევლის გადასახედიდან უნდა დაინახონ საკუთარი თავი და ამის მიხედვით იმოქმედონ. თუ ხედავ, რომ პროცესს ხელს უშლი, შენ კი ქვეყნისთვის მართლა რაღაცის გაკეთება გინდა, უნდა გაერიდო. სადღაც სექტემბრამდე კიდევ არის იმის დრო - რომ ამ პარტიებმა მოსინჯონ, რა შეუძლიათ. კი თუ ეს შემდგომისთვის ვერ მოახერხეს, ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება”, - განმარტავს ანალიტიკოსი.

“ჯერ არ ჩანს, რომ ვინმე რამეს აკეთებდეს. სამი პარტია: ჯაფარიძე, ვაშაძე და ხოშტარია, კოალიციაზე ლაპარაკობს და, ბოლოს და ბოლოს, გაერთიანდნენ. რად უნდა ამას ბევრი ფიქრი და ლაპარაკი?! მაგრამ თუ გაერთიანდებიან, კარგი იქნება, თუ ლიდერის ასარჩევად არჩევნებსაც ჩაატარებენ, რადგან პრეტენზია შეიძლება სამივეს ჰქონდეს. ჩემი აზრით, ელექტორალურად სამივე მთლად მისაღები არაა და ამას უნდა ანგარიშის გაწევა”, - ამბობს ძაბირაძე და შეკითხვაზე - “ამ პარტიების გარდა, პერსპექტიულად ვინ გეჩვენებათ... რა შანსი აქვს “ლელოს”? - პასუხობს:

“ლელომ” ის მოახერხა, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე მისი რეიტინგი მხოლოდ ეცემა... დანარჩენებიდან საინტერესოა ანა დოლიძე, ასევე მეორე `გირჩი~ და ალეკო ელისაშვილიც, მაგრამ მათაც სჭირდებათ მოლაპარაკება. იგივე ითქმის “ლელოზეც”. შეიძლება მოიძებნოს რაღაც კარგი, მაგრამ ვნახოთ, რას იზამენ”.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო