თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში ტურიზმის განსავითარებლად 60%-ით მეტი დაიხარჯება

2023 წელი აჭარისთვის ტურისტულად გამორჩეული იქნება - რეგიონში ტურიზმის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით 60%-ით მეტი დაიხარჯება,- ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტურიზმი კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.

„ტურიზმი რჩება პრიორიტეტად და გაზრდილი დაფინანსება საშუალებას მოგვცემს ყველა დაგეგმილ ღონისძიებას ჯეროვნად ვუმასპინძლოთ. აღვნიშნავ, რომ წელს ვმასპინძლობთ ტურიზმის ოსკარის დაჯილდოების გალა ღონისძიებას, ასევე ევროპის სოფლად ტურიზმის გენერალურ ასამბლეას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატი და ყველაფერი გაკეთდება რომ ქალაქმა ღირსეულად უმასპინძლოს ყველა ღონისძიებას. ასევე, მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარება რჩება მნიშვნელოვან პრიორიტეტად ჩვენს დღის წესრიგში, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა დაგეგმილი“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი 16 მილიონამდე გაიზარდა.

„წელს, რეგიონი ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებს უმასპინძლებს, როგორიცაა: World Travel Awards -ს დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონია; ევროპის სოფლად ტურიზმის გენერალური ასამბლეა; 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატი.

მიმდინარე წელს, აქტიურად მოხდება აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების რეკლამირება-პოპულარიზაცია, როგორც შიდა ისე საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე. სარეკლამო კამპანიებისას ძირითადი აქცენტი ონლაინ რეკლამის გაძლიერებასა და რეიტინგულ მედია საშუალებებში სატელევიზიო რეკლამაზე გაკეთდება. ასევე, ცნობილი ბლოგერებისა და ინფლუენსერების ჩართულობით მოხდება აჭარის პოპულარიზაცია. რეკლამის ბიუჯეტი წელს 83%-ითაა გაზრდილი.

მთიან აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა და განვითარება წელსაც პრიორიტეტული იქნება და ამ მიმართულებით 51%-ით მეტი დაიხარჯება, ხოლო სერვისისა და ტურისტული პროდუქტების განვითარების მიმართულებით 43%-ით მეტი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით განახორციელებს სერვისის ასამაღლებელ საგანმანათლებლო პროგრამებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
Webster University Georgia-ს რექტორი ჟან პოლ ვან მარისინგი - უნივერსიტეტს აქვს პოტენციალი, რეგიონის საგანმანათლებლო ჰაბი გახდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად